მელანო კობახიძე
10 აპრილს წიგნის მოყვარულებისთვის ნამდვილი დღესასწაული – თბილისის წიგნის ბაზრობა – იწყება, რომელსაც, ტრადიციულად, ექსპო ჯორჯიას XI პავილიონი უმასპინძლებს.
13 აპრილის ჩათვლით, მკითხველებს საქართველოში არსებული თითქმის ყველა წამყვანი გამომცემლობა დიდი ფასდაკლებებით, ჩვეული სიახლეებითა და სხვა მრავალი სიურპრიზით ელოდება. მათ შორისაა გამომცემლობა „ინტელექტი“, რომელიც 31 წელია, მკითხველებს ანებივრებს მსოფლიო ბესტსელერებად ქცეული წიგნების ბრწყინვალე თარგმანებით, თანამედროვე ქართველი ავტორების პროზაული და პოეტური კრებულებით, ბავშვებისა და მოზარდებისთვის საყვარელი წიგნებით, მასწავლებლებს კი, მათი საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, განსაკუთრებით საჭირო გამოცემებს სთავაზობს.
10-13 აპრილს, თბილისის წიგნის ბაზრობაზე, „ინტელექტი“ განსაკუთრებულ შეთავაზებას სწორედ მასწავლებლებისთვის ამზადებს. გამომცემლობაში სჯერათ, რომ ყოველდღიურად სწორედ მასწავლებლები ზრუნავენ ახალი თაობის უკეთეს, წიგნიერ მომავალზე. მათთვის მადლიერების გამოსახატად, მასწავლებლებს საშუალება ექნებათ, წიგნის ბაზრობაზე „ინტელექტის“ აბსოლუტურად ყველა გამოცემა 50-იდან 80%-ამდე ფასდაკლებით შეიძინონ!
არჩევანის გასამარტივებლად, ამ სტატიაში გაგაცნობთ გამომცემლობა „ინტელექტის“ 5 წიგნს, რომლებიც მასწავლებლებს სწავლების პროცესში დიდ დახმარებას გაგიწევთ. მათი ნაწილი პირველად სწორედ თბილისის წიგნის ბაზრობაზე იქნება ხელმისაწვდომი – რა თქმა უნდა, თქვენთვის განსაკუთრებულ ფასად.
წიგნები – თავისუფლებისთვის! – ასეთია წლევანდელი წიგნის ბაზრობის მთავარი სათქმელი. ჩვენც სწორედ ისეთი წიგნები შეგირჩიეთ, რომელთა დახმარებით ამ გზას თქვენს მოსწავლეებს, გვჯერა, წარმატებით გაუკვალავთ.
თამაზ ჩხენკელი – „ვაჟა. მომავლის პოეტი“
1960-იანი წლებიდან თამაზ ჩხენკელი აქვეყნებდა წერილებს ვაჟა-ფშაველას შესახებ, რომლებიც ორნაწილიან კვლევად: „წერილები ვაჟაზე“ და „ტრაგიკული ნიღბები“ გამოიცა კრებულებში – „მშვენიერი მძლევარი“ (1989) და „ტრაგიკული ნიღბები“ (2009).
ამჯერად, გამოკვლევას განახლებული სათაურითა და სტრუქტურით წარმოგიდგენთ გამომცემლობა „ინტელექტი“, სერიით „ინტელექტი სკოლას“.
პოეტის, ესეისტის, მთარგმნელისა და მკვლევრის, თამაზ ჩხენკელის ეს წიგნი, რომელიც გამოსაცემად ნათია ჩხენკელმა მოამზადა, იხსნება წერილით „დროის შურისძიება“, რომელიც მრავალმხრივ საყურადღებო ტექსტია. ეს წერილი პასუხია იმაზე, თუ საიდან მოდიოდა 20-იანი წლების ქართველი ბოლშევიკების გააფთრებული სიძულვილი ვაჟასადმი და შემდეგდროინდელი ქართველი კომუნისტების მიერ ვაჟას შემოქმედების ერთგვარი უგულებელყოფა.
თამაზ ჩხენკელი აღნიშნავს, რომ ამხელა სიძულვილისა და დევნის მიუხედავად, ვაჟამ სძლია დროს! მან გაიმარჯვა იმ ეპოქაზე, რომელსაც რუსული ბოლშევიზმისაგან დანათლული სახელი ერქვა, სახელი იმ „ხვლიკისთავიანი“ კაცისა, ვისაც სახეზე გამუდმებით ეკერა ვაჟას სილაქი.
თამაზ ჩხენკელის წერილებში ასევე ახსნილია ვაჟას ენის საკითხი და მის პოეზიაში ფშაური კილოს „მოხმარების“ მიზეზი. ვაჟა, უნივერსალური გონების კაცი, როგორც ახასიათებს მას მკვლევარი, გამიზნულად იყენებდა ამ გზას, რათა დაჰკავშირებოდა ძველი ქართული ენის სამყაროს და ამით უდიდესი ძალმოსილება მიენიჭებინა თავისი პოეზიისათვის.
თამაზ ჩხენკელს ლუკა რაზიკაშვილის ფსევდონიმიც „ფშაველა“ სწორედ „ფშაური დიალექტის“, როგორც ქართული ენის საბაზისო დიალექტის, ე.ი. ქართლურის არქაული განატოტის მნიშვნელობისა და სიყვარულის, ვაჟას ლიტერატურულ-ენობრივი პოზიციის აღმნიშვნელად მიაჩნია.
გამოცემაში ასევე წაიკითხავთ წერილებს ვაჟას პირველი ლექსის შესახებ, ვაჟაზე, როგორც მთარგმნელზე და წერილს ალუდა ქეთელაურზე, რომელშიც სწორედ ისე რიტმულად მძაფრი, აჩქარებული და დინამიკური თხრობითაა გადმოცემული ალუდა ქეთელაურის შინაგან ბუნებაში მიმდინარე ფსიქიკური პროცესები, როგორიც თავად ამ პოემის დასაწყისია.
ვაჟას ალუდა ქეთელაური თამაზ ჩხენკელისთვის ზოგადი სახეა ადამიანისა, რომელიც, როცა კი მისწვდება მისთვის მანამდე დაფარულ ჭეშმარიტებას პიროვნული ძლიერებისა, მონოლითური ბუნების გამო, ბოლომდე ჩაჰყვება და გაიცნობიერებს მას, ხოლო შემდეგ შეუდრეკლად მოახდენს მის აქტივაციას. ვაჟამ შექმნა გმირი, რომელმაც სძლია მისთვის და მისი წინაპრებისთვის სისხლხორცეულად გაშინაგნებულ ჩვევებსა და რელიგიურ კანონებს. ასეთივე ფერისცვალების შესახებ გვიამბობს თამაზ ჩხენკელი „ტრაგიკული ნიღბების“ ერთ ქვეთავში „ფერისცვალება“, რომელიც ვაჟას კიდევ ერთ პოემას „გველისმჭამელს“ და მის პროტაგონისტს – მინდიას გარდასახვას ეძღვნება.
„ტრაგიკული ნიღბები“ ეძღვნება პიროვნების გარდაქმნის მითოსურ საფუძველს ვაჟას პოემებში, ხოლო ამ კვლევის ერთ-ერთი მთავარი ნაწილის „ალუდა ქეთელაურის ვნებანი“ გარეშე, შეუძლებელია, ამ პოემის სწორად წაკითხვა და გააზრება შევძლოთ.
ნინო ხარატიშვილი – „ლომგულები“
გერმანულიდან თარგმნა მაია ფანჯიკიძემ
თბილისის წიგნის ბაზრობაზე გამომცემლობა „ინტელექტის“ სტენდთან შესანიშნავი სიახლე – ნინო ხარატიშვილის ახალი წიგნი – დაგხვდებათ. „ლომგულები“ გერმანულენოვანი ქართველი მწერლის საბავშვო წიგნია, რომელსაც 2021 წელს მიულჰაიმის საბავშვო პიესების პრიზი მიენიჭა.021
„ლომგულები“ საინტერესოდ და გაბედულად ეჭიდება დიდ, გლობალურ თემებს, კრიტიკულად უდგება საზოგადოებრივ პრობლემებს და მომავლის პერსპექტივის შექმნის ბიძგს იძლევა. წიგნის თითოეული სცენა შეიცავს ცვლილების შანსს, მის თითოეულ ფიგურას აქვს განვითარების ძლიერი, ოპტიმისტური ნება – აღნიშნავს მიულჰაიმის საბავშვო პიესების კონკურსის ჟიური.
ბანგლადეში, გერმანია, სენეგალი, მალი, ესპანეთი, საფრანგეთი, ინდოეთი და ისევ ბანგლადეში… – ამ წრეს ნინო ხარატიშვილის პერსონაჟები კრავენ, ბავშვები, რომლებიც დედამიწის სხვადასხვა წერტილში ცხოვრობენ, მაგრამ იმაზე უფრო მჭიდროდ არიან ერთმანეთთან დაკავშირებული, ვიდრე ეს თავად წარმოუდგენიათ.
როგორია ბავშვებისთვის ცხოვრება ისეთ სამყაროში, სადაც მათ ადრეული წლებიდანვე იმეტებენ მძიმე შრომისა და სიღარიბისთვის, უუფლებობისა და გულში ჩამალული ტკივილებისთვის, უიმედობისა და სასოწარკვეთისთვის?
„ანანდ, გეყოს ოცნება, გაიღვიძე“ – ჩაესმის ყველაზე სანუკვარ ოცნებებში წასულ ბანგლადეშელ ბიჭს იმ ლომის ხმა, რომელსაც საკუთარი პაწია ხელებით კერავს, რათა ოჯახი გამოკვებოს.
სწორედ ეს ლომი იქცევა იმ ერთიანობის სიმბოლოდ, რომელიც დედამიწის სხვადასხვა წერტილში მცხოვრებ ბავშვებს ერთმანეთთან უხილავად დააკავშირებს და მათ გულებს სიხარულის ცეცხლით ააგიზგიზებს.
ლომზე დიდი გული არავის აქვს, ლომგულის პატიოსანი სიტყვა კი მხოლოდ მას შეუძლია მისცეს ვინმეს, ვინც ცხოველთა მეფესავით გულადია. ამ წიგნში ბავშვები არიან ის ლომგულები, რომლებიც თავიანთი თანაგანცდის უდიდესი უნარით, საკუთარი მომავლის გასაუმჯობესებლად თუ ოჯახის უკეთესი ახალი დღისთვის, მეგობრის სიხარულისა და დედამიწის უკეთეს ადგილად გადაქცევისთვის გულუხვად იღებენ ყველაზე ძვირფასს, რაც გააჩნიათ.
ამ წიგნით გრძნობ, რომ სიცოცხლე თავისთავად სასტიკი არასდროსაა, ხოლო დედამიწას ბავშვებისთვის ხშირად სრულიად შეუსაბამო ადგილად დიდები აქცევენ; ბავშვები კი, რომლებსაც პატარაობიდანვე, განათლების მიღების ნაცვლად, მძიმე შრომა და ცხოვრებისეულ სირთულეებთან გამკლავება უწევთ, ყველაზე მეტს ფიქრობენ, როგორ შეცვალონ ასეთი სამყარო; სამყაროსთან ერთად, როგორ შეცვალონ საკუთარი მომავალი, თუნდაც ამისთვის სახლიდან გაქცევა მოუწიოთ; ამასთანავე, შეცვალონ დედმამიშვილის მომავალიც, რომელიც ჯერ ისევ ბავშვია, რათა ის დიდმა კაცებმა დასაქორწინებლად აღარ წაიყვანონ, რათა თვალებზე ბრჭყვიალები აღარ წაუსვან, რათა მან შეძლოს და ცხოველების ექიმი გახდეს.
შეძლებენ ბავშვები ოცნებების ახდენას? შეძლებენ მძიმე, მოქუფრული ცხოვრება აამზიანონ? წაიღებს ანანდის ლომი პატარა ბიჭის წერილს ევროპაში? დიახ, სწორედ ევროპაში, რადგან ანანდი დარწმუნებულია, რომ ღმერთი ევროპაში ცხოვრობს.
შეიძლება ცხოვრებაში ყველაფერი ძალიან მძიმე ტვირთად დააწვეთ ბავშვებს, მაგრამ ვიდრე მათ ღმერთი ცასავით შორს კი არა, დედამიწის ერთ წერტილში – ევროპაში ეგულებათ, ვინ იცის, იქნებ ბედისწერის ჩარხი ერთხელაც სწორად დატრიალდეს და ბავშვების ცრემლები, მკაცრი ლანდშაფტები, უუფლებოდ დარჩენილი ქალები და სიღარიბე, ცოტა ხნით მაინც, ლომგულის პატიოსანი სიტყვით ჩანაცვლდეს. ასტრიდ ლინდგრენის პაწაწინა პერსონაჟმა, სკორპამაც, ხომ ასე ირწმუნა, რომ მის მკერდში ლომგულის ძლიერი გული ძგერდა და ამ რწმენამ მას ყველაფერი შეაძლებინა.
ვაიოლეტ ოკლანდერი – „დამალული განძი. გზამკვლევი ბავშვის შინაგან სამყაროში“
ინგლისურიდან თარგმნა ნინო ქაჯაიამ
ვაიოლეტ ოკლანდერი ამერიკელი ბავშვთა და მოზარდთა თერაპევტია, რომელიც ცნობილია გეშტალტთერაპიის თეორიისა და პრაქტიკის სათამაშო თერაპიასთან ინტეგრირების მეთოდით. ოკლანდერის წიგნები, სტატიები, ვიდეოები და ტრენინგები კლინიცისტებისთვის შთაგონების წყარო გახდა და მთელ მსოფლიოში მოიცვა ბავშვების ცხოვრება. რამდენიმე წლის წინ ქართულად ითარგმნა და გამოიცა მისი პირველი წიგნი „ფანჯრები ჩვენი ბავშვებისკენ“. სწორედ ვაიოლეტ ოკლანდერის მეორე წიგნის ქართული გამოცემა დაგხვდებათ წიგნების ბაზრობაზე გამომცემლობა „ინტელექტის“ სტენდთან.
„დაე, მისი წიგნი გავრცელდეს მშვენიერ საქართველოში მომავალი თაობის სასიკეთოდ“ – ვკითხულობთ წიგნის ერთ-ერთ ანოტაციაში, რომელიც ალევა ვავროვას, ჩეხ ბავშვთა და ოჯახის გეშტალტ-თერაპევტს ეკუთვნის.
ვაიოლეტ ოკლანდერი თავისი მეორე წიგნის წერას „ფანჯრები ჩვენი ბავშვებისკენ“ გამოცემიდან 28 წლის შემდეგ შეუდგა. როგორც წიგნის შესავალ წერილში აღნიშნავს, ამის მთავარი მიზეზი ერთადერთი რამ იყო: „რასაკვირველია, ტექნოლოგია წინ წავიდა („ფანჯრები ჩვენი ბავშვებისკენ“ „ჰერმესის“ პაწაწინა, ხელის საბეჭდ მანქანაზე დავბეჭდე, ახლა კი გაპრანჭული კომპიუტერი მაქვს), მსოფლიოშიც უამრავი რამ მოხდა 30 წლის განმავლობაში, მაგრამ ბავშვების საჭიროებებთან დაკავშირებით ბევრი არაფერი შეცვლილა. მათ დღესაც ტანჯავთ სასტიკი მოპყრობა და სექსუალური შევიწროება, განქორწინებები, დანაკარგი, განშორება და კიდევ ბევრი, ბევრი სხვა რამ. ჩვენ, იმ ადამიანებს, რომლებიც ბავშვებთან ვმუშაობთ, დღესაც ჰაერივით გვჭირდება სხვადასხვაგვარი მეთოდი, რათა დავეხმაროთ ბავშვებს გადარჩენაში, დავეხმაროთ, რომ პრობლემებს გაუმკლავდნენ და ისე გაჯანსაღდნენ, რომ შეძლონ ჩვენს სტრესულ საზოგადოებაში ცხოვრება. ამ წლებში მუშაობას განვაგრძობდი და მივხვდი, რომ ბავშვებსა და მოზარდებთან გეშტალტ-თერაპიული მიდგომა დღესაც ეფექტურია“.
იმის გამო, რომ მეორე წიგნის დასაწერად ვერ იცლიდა, ასეთი რამ მოიფიქრა: სათითაოდ ამზადებდა აუდიოჩანაწერებს, აღწერდა თავის მიღწევებს და ახალ იდეებს, რომლებსაც მუშაობისას იყენებდა. დროდადრო წერდა სტატიებს, ფრაგმენტებს სხვა ავტორების კრებულებისთვის. უამრავ სემინარზე ატარებდა საუბრებს და პრეზენტაციებს. ბოლოს დაასკვნა, რომ საჭირო იყო ამ ახალი იდეების, მოსაზრებების, აღმოჩენებისა და მოვლენების ერთ წიგნში თავმოყრა. ასე დაიბადა „დამალული განძი“.
როგორც წიგნის ერთ-ერთ ანოტაციაში ვკითხულობთ, დოქტორი ოკლანდერი „დამალულ განძს“ თავის „თემატურ“ წიგნს უწოდებს. იგი დეტალურად აღწერს თავის თერაპიულ მოდელს, განვითარების თეორიას და იმას, თუ როგორ უნდა ვიმუშაოთ ბრაზზე, როგორ უნდა ვიმუშაოთ მოზარდებთან, პატარებთან, ჯგუფებთან, ADHD ბავშვებთან, დარდზე, თვითზრუნვასა და მუსიკაზეც კი.
ლევან ბერძენიშვილი – „საუბრები ვეფხისტყაოსანზე“
„დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ქართველობა არის ფუნქცია, ხოლო ამ ფუნქციას, ანუ ქართველობას აქვს არგუმენტი და ეს არგუმენტი შოთა რუსთაველია! რუსთაველი ჩვენი არსებობის ჭეშმარიტი თეორიული და პრაქტიკული დადასტურებაა, დასტური იმისა, რომ ჩვენ ნამდვილად ვარსებობთ და ეს ვიცით სწორედ იმით, რომ „ვეფხისტყაოსანი“ გვაქვს!“ – ვკითხულობთ ლევან ბერძენიშვილის წიგნში, რომელიც ერთგვარი გზამკვლევია მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის, რათა „ვეფხისტყაოსნის“ სწავლება იქცეს სრულიად შთამბეჭდავ, ემოციებით დატვირთულ, ახალი ცოდნის მიღებისა და ძველთან დაკავშირების დაუვიწყარ ეტაპად. გამოცემაში თავმოყრილია დიდი ხნის განმავლობაში ნაკვლევი, შესწავლილი, გადამუშავებული, გააზრებული და გულისგულში გატარებული ცოდნა ჩვენს მთავარ წიგნზე. მასში საუბარია ავტორზე და პასუხია მარადიულ შეკითხვაზე, რატომ არ ვიცით თითქმის არაფერი მასზე; აღწერილია თამარის ეპოქა, იმდროინდელი სამეფო კარის თამაშები და ამ თამაშების ფარული, სრულიად გენიალური აღწერა პოემაში, სადაც არაბეთის სამეფო კარის ჰარმონიულობას ბრწყინვალედ ანაცვლებს ინდოეთის კარზე მომხდარი სასტიკი ამბები, რომელთა კვალი ჩვენს ისტორიაში უნდა ვეძებოთ.
ეს წიგნი, პირველ ყოვლისა, დაფიქრების წიგნია, რომელიც გვიწვევს ახალ-ახალი აღმოჩენებისა და ძიების გზაზე დასადგომად; იმის გასააზრებლად, რომ ის, რაც ახალმა თაობამ შოთასა და „ვეფხისტყაოსანზე“ იცის, განძის მხოლოდ ზედაპირია, მის სიღრმეში კი კიდევ უფრო დიდი საგანძური იმალება.
რა კავშირია ჰომეროსს, ნიზამი განჯელსა და შოთას შორის? რას ნიშნავს და საიდან იღებს სათავეს პოემის სათაური? სად ვპოულობთ საქართველოს სამეფო კარის ამბებს პოემაში, ვინ იყო შოთა და თუ გაიქცა, რატომ, ვინ და რისთვის გააქცია? როგორია სიყვარული (მიჯნურობა) პოემის მიხედვით, რამდენად დიდი შეიძლება იყოს მოყვასისთვის თავგანწირვა, რა შეიძლება შეგვაძლებინოს მეგობრობის ძალამ და რა არის ადამიანის მთავარი დანიშნულება ან როგორ შეიძლება თავი დავაღწიოთ ცხოვრების ყველაზე დიდ განსაცდელებს?
ლევან ბერძენიშვილი აღნიშნავს, დავით აღმაშენებელმა შექმნა არსი ამ ქვეყნის, რუსთაველმა კი ეს ქვეყანა დაასახლა იმ ხალხით, რომელსაც შეიძლება ახლა არ ვგავართ, მაგრამ იდეალებად ვისახავთო! ხოლო რადგან „ვეფხისტყაოსანი“ ჩვენი სიცოცხლის სიმბოლოა და ჩვენ ცოცხლები ვიქნებით მანამ, ვიდრე ეს წიგნი გვაქვს, აუცილებელია, ყველაფერი ვიცოდეთ მასზე, რაც კი უკვლევიათ, რისთვისაც კი მიუგნიათ.
და თუ მოსწავლეების თვალებში მოწყენას ამოიკითხავთ, თუ რა შეასწავლით ამხელა პოემას, შეგიძლიათ მათ თვალებში ეს მოწყენა აღტაცების შუქით შეცვალოთ, გადაშალოთ ამ წიგნის 47-ე გვერდი და წაუკითხოთ, რომ „ჩვენს ენასთან ერთად, „ვეფხისტყაოსანი“ მთავარი არგუმენტია იმისა, რომ ჩვენ ცივილიზებული ერი ვართ, ევროპელები, რომელთაც „ვეფხისტყაოსნის“ სახით მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი განძი აჩუქეს, თანაც ყველაზე რთულ, პოეზიის დარგში!“
ლევან ბერძენიშვილი – „ლიტერატურული წახნაგები“ სამ ტომად
ლევან ბერძენიშვილის „ლიტერატურული წახნაგების“ პირველ ტომში ძველი მსოფლიოს ლიტერატურა მოხვდა. ყველაფერი იწყება გილგამეშის ეპოსით და გრძელდება ჰომეროსით. წიგნში საუბარია აქილევსის, ჰექტორის, აიასის, ოდისევსისა და აგამემნონის სახეებზე, ტროას ომზე, მის რეალობასა და ქრონოლოგიაზე, მასში ქართველების მონაწილეობაზე და ა.შ.
ჰომეროსთან ერთად წიგნში საუბარია ანტიკურ თეატრზე, ესქილეზე, სოფოკლეზე, ევრიპიდეზე, არისტოფანეზე, მათ ტრაგედიებსა და კომედიებზე, მათ ურთიერთობებზე, პერსონაჟებზე, დრამის წარმოშობაზე, თეატრის განვითარებაზე, ცალკეულ გრანდიოზულ პერსონაჟებზე: ოიდიპოსზე, ანტიგონეზე, მედეაზე, ორესტეზე… ტრაგედიასთან ერთად საუბარია ძველ ანტიკურ კომედიაზე, კომედიის მამაზე, არისტოფანეზე, და მის გამორჩეულ პიესებზე: „მხედრებზე“, „ლისისტრატესა“ და „ბაყაყებზე“.
ძველი ბერძნული პროზა წიგნში წარმოდგენილია პლატონის უკვდავი დიალოგებით – „სოკრატეს აპოლოგიითა“ და „ნადიმით“.
ყველაფერ ამას მოსდევს საუბარი პუბლიუს ვერგილიუს მაროს „ენეიდაზე“, რომაულ „ილიადაზე“. წიგნს ასრულებს ბოლო შტრიხი – ვერგილიუსის მიერ აღწერილი ენეასის, კეთილშობილი და ღვთისმოსავი გმირის, სახე…
„ლიტერატურული წახნაგების“ მეორე ტომი მოიცავს მსოფლიო ლიტერატურას რუსთაველიდან ნიცშემდე. ანტიკურობის უკანასკნელი გრანდიოზული შედევრის, ვერგილიუსის „ენეიდას“ შემდეგ საუკუნეების განმავლობაში მსოფლიო ლიტერატურამ ვერაფერი ვერ შექმნა. ქრისტიანობა ებრძოდა წარმართობას, მაგრამ ქრისტიანობამ ეს ბრძოლა ვერ მოიგო, ბრძოლას მაინც ჰომეროსი და მისი მეგობრები იგებდნენ. ბოლოს და ბოლოს, მოიძებნა კომპრომისი: ქრისტიანობამ კარი გაუღო ანტიკურობას და მსოფლიო ლიტერატურა ხელახლა იშვა. ეს მოვლენა, უპირველეს ყოვლისა, ჩვენთან დაიბადა. ამიტომ გახსნის ამ ტომს სტატია „რუსთაველი და ჰომეროსი“.
ეს საუბარი მოიცავს: რუსთაველს, დანტეს, რაბლეს, სერვანტესს, შექსპირს, გაივლის ფრანგულ კლასიციზმს – ჟან-ბატისტ მოლიერს, ჟან რასინსა და პიერ კორნელს და მივა გუსტავ ფლობერამდე, ედგარ პომდე, ჩარლზ დიკენსამდე, ემილი ბრონტემდე და ფრიდრიხ ნიცშემდე, ანუ მეცხრამეტე საუკუნის თითქმის დასასრულამდე…
„ლიტერატურული წახნაგების“ მესამე ტომი მოიცავს მსოფლიო ლიტერატურას ერთ-ერთი ყველაზე უხვსიტყვიანი მწერლიდან, ფიოდორ დოსტოევსკიდან ლიტერატურის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე უფრო სიტყვაძუნწ მწერლამდე, ხორხე ლუის ბორხესამდე.
დაიწყო მოდერნიზმი, ლიტერატურა შეიცვალა. ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმპულსი, რომელიც ლიტერატურამ მიიღო მეოცე საუკუნეში, იყო მარსელ პრუსტის შემოქმედება, განსაკუთრებით მისი უზარმაზარი ნაშრომი „დაკარგული დროის ძიებაში“. „წახნაგების“ მესამე ტომში თომას მანის მხოლოდ ერთი ნოველაა განხილული, მაგრამ „სიკვდილი ვენეციაში“ ბევრი მწერლის დიდ რომანს გაუტოლდებოდა. უდიდესი მწერალი, ჰერმან ჰესე კი სწორედ თომას მანთან მიმოწერითაა წარმოდგენილი.
წიგნში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ლიტერატურულ სკანდალს, რომელმაც შემდეგ კინოშიც გადაინაცვლა: იგულისხმება გენიალური ბერძენი მწერლის, ნიკოს კაზანძაკისის მრავალ ქვეყანაში აკრძალული შედევრი „ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება“. ავტორმა არც მეოცე საუკუნის ლიტერატურის პირმშოს, დისტოპიას, ანტიუტოპიას, აუარა გვერდი, რომელიც წიგნში ამ ჟანრის მთავარმა დიდოსტატმა, საუკუნის უდიდესმა ინტელექტუალმა, ოლდოს ჰაქსლიმ წარმოადგინა.
მესამე ტომში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საუკუნის ლიტერატურულ კერპებს, ნობელიანტებს: უილიამ ფოლკნერს, იასუნარი კავაბატასა და ალბერ კამიუს. ხოლო მეოცე საუკუნის ლიტერატურაზე საუბარი სრულდება ხორხე ლუის ბორხესით, რომელსაც ლევან ბერძენიშვილი ნობელის პრემიის ყველაზე უსამართლო გამოტოვებას უწოდებს.