20 მაისი, ორშაბათი, 2024

5 რჩევა ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის ონლაინ სივრცეში

spot_img

⇓⇑ როგორ ვიზრუნოთ საკუთარ თავზე და სხვებზე

ინტერნეტი უამრავ შესანიშნავ შესაძლებლობას გვთავაზობს – გვაკავშირებს ადამიანებთან, გვაძლევს წვდომას ახალ ცოდნაზე და პლატფორმებს ჩვენი მოსაზრებების გასაზიარებლად, თუმცა ონლაინ ყოფნას გამოწვევებიც ახლავს თან. თუ სოციალურმა მედიამ ან ინტერნეტში ყოფნამ მოგიმატათ სტრესი, გაგრძნობინათ შური ან მარტოობა, განგაცდევინათ დაბალი თვითშეფასება ან სოციალური შფოთვა, იცოდეთ, თქვენ მარტო არ ხართ. გთავაზობთ ხუთ რჩევას, როგორ იზრუნოთ თქვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ონლაინ.

1. მოერიდეთ უმიზნო სქროლვას

დაუკვირდით როგორ მოქმედებს სოციალური მედია და ონლაინ კონტენტი თქვენს ემოციებზე, აზრებსა თუ ქმედებებზე. როგორ გაგრძნობინებთ ის თავს? ახალი ამბების წაკითხვის შემდეგ თავს ინფორმირებულად გრძნობთ თუ დათრგუნულად? თქვენი მეგობრების წვეულების ფოტოების თვალიერება გსიამოვნებთ თუ გასევდიანებთ? დილით ტელეფონს რომ იღებთ ხელში, სიახლეების გაგება გინდათ, თუ ეს უბრალო ჩვევაა?

დაფიქრება, თუ რისთვის ხართ ონლაინ და როგორ გრძნობთ თავს ამ დროს, დაგეხმარებათ განსაზღვროთ თქვენი ინდივიდუალური ლიმიტები, თუ რამდენი დრო გინდათ გაატაროთ სოციალურ მედიასა თუ სხვა აპლიკაციებში. ყოველთვის რეალისტური არ არის ყველა იმ ექაუნთის დარეპორტება ან დაბლოკვა, რომელიც განზრახ თუ უნებლიედ უარყოფითად მოქმედებს თქვენს ემოციებზე, მაგრამ შეგიძლიათ სცადოთ ასეთი ექაუნთების „დამუთება“ ან მათი გაზიარებული კონტენტის შეზღუდვა. გახსოვდეთ – ყველაფერი, რასაც ონლაინ ხედავთ, არ არის რეალობა, თუნდაც ის, რასაც თქვენი მეგობრები აზიარებენ. ხოლო ეფექტი, რაც ამ კონტენტს აქვს თქვენზე – ნამდვილად რეალურია.

2. იყავით ყურადღებიანი

ონლაინ მოიპოვება უამრავი აპი და კონტენტი, რომელიც დაგეხმარებათ ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ემოციური კეთილდღეობის გაუმჯობესებაში. მედიტაციის აპლიკაციებით შეგიძლიათ დაისვენოთ და ფოკუსირდეთ. არის ვებგვერდები, რომელიც დაგეხმარებათ განავითაროთ თქვენი პიროვნება, დაუკავშირდეთ თქვენთვის საინტერესო ადამიანებს და თემის ნაწილად იგრძნოთ თავი. არსებობს ონლაინ სწავლის უამრავი შესანიშნავი შესაძლებლობა, შეგიძლიათ შეიძინოთ რაიმე ახალი შემეცნებითი და შემოქმედებითი უნარი, მაგალითად, ისწავლოთ ხატვა ან იოგა.

ეცადეთ იპოვოთ პოზიტიური და სამოტივაციო კონტენტი და ავტორები, რომლებსაც თვალყურს ადევნებთ, მაგალითად ათლეტები, მომღერლები, შეფ მზარეულები, მწერლები, ან თქვენი თანატოლი ახალგაზრდები, რომლებიც საჯაროდ საუბრობენ მათთვის საინტერესო თემებზე. გახსოვდეთ, ინტერნეტი და სოციალური მედია შეგიძლიათ გამოიყენოთ პროფესიონალური დახმარებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის მოსაძიებლად, თუ ეს დაგჭირდათ.

4. დაიცავით თავი და იზრუნეთ სხვებზეც

გადაამოწმეთ კონფიდენციალურობის პარამეტრები თქვენი სოციალური მედიის ყველა პროფილზე. დაფარეთ ვებკამერები, როდესაც არ იყენებთ მათ. სიფრთხილე გამოიჩინეთ აპებსა და მომსახურებებზე ონლაინ დარეგისტრირებისას – განსაკუთრებით მაშინ, როცა უთითებთ თქვენს სრულ სახელს, მისამართს ან ტვირთავთ ფოტოს. თუ შეგაწუხათ იმან, რაც ნახეთ ან განიცადეთ ინტერნეტში, უთხარით ამის შესახებ სანდო ზრდასრულ ადამიანს, მაგალითად მშობელს ან მასწავლებელს, დაარეპორტეთ ინციდენტი მოცემულ პლატფორმაზე (გახსოვდეთ, გადაიღეთ სკრინშოტი, როგორც მტკიცებულება), მოიძიეთ დახმარების ცხელი ხაზი და ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისები მეტი მხარდაჭერისთვის.

იზრუნეთ სხვებზეც – იფიქრეთ მათ ონლაინ გამოცდილებაზე. იქნებ თქვენი თანაკლასელი, მეგობარი ან თუნდაც უცხო ადამიანი არ გრძნობს თავს კარგად ან ზედმეტად ითრგუნება ონლაინ? დაეხმარეთ მათ მიიღონ საჭირო მხარდაჭერა.

სიტყვებს დიდი მნიშვნელობა აქვს. დაფიქრდი იმაზე, რას წერ ონლაინ.

4. აირჩიეთ სიკეთე

გამოიყენეთ სოციალური მედია სასიკეთოდ, გააზიარეთ პოზიტიური, სასარგებლო კონტენტი და მესიჯები მეგობრებთან, ოჯახთან და თანაკლასელებთან. მაგალითად, შეგიძლიათ მიწეროთ ახლობელს, რომ მათზე ფიქრობთ, დატოვოთ დადებითი კომენტარი ნაცნობის გაზიარებულ პოსტზე. თუ აღმოაჩენთ, რომ პასუხობთ შეტყობინებას ან პოსტს ნეგატიური მესიჯით, შეჩერდით და დაფიქრდით, იქნებ სხვანაირად შეიძლება სათქმელის ფორმულირება, ან მესიჯის გაგზავნას პირადად გასაუბრება ხომ არ აჯობებს. თუ ხედავთ ან იღებთ შეტყობინებას, რომელსაც თვლით დაშინებად ან შეურაცხყოფად, დაბლოკეთ და დაარეპორტეთ. სიტყვებს დიდი ძალა აქვს და მნიშვნელოვანია კარგად დავფიქრდეთ იმაზე, რას ვაზიარებთ. ჩვენ ყველას შეგვიძლია ვიყოთ კეთილები და გავხადოთ ვინმეს დღე უკეთესი – ასე რომ, მოდი, გავავრცელოთ სიყვარული და არა სიძულვილი!

5. იცხოვრეთ რეალური ცხოვრებით

საზღვარი ონლაინ და ოფლაინ სამყაროებს შორის სულ უფრო ბუნდოვანი ხდება, რაც ართულებს აწმყოში ცხოვრებას და ამცირებს ადამიანურ კონტაქტს. გქონიათ შემთხვევა, რომ რაღაცის კეთება მხოლოდ იმისთვის შეწყვიტეთ, რომ ამის შესახებ სოციალურ მედიაში დაგეპოსტათ? ან იმის ნაცვლად, რომ მეგობარს დაურეკოთ და შეხვდეთ, მის გამოქვეყნებულ სოც-მედია ისტორიებს ათვალიერებთ? მნიშვნელოვანია, დროდადრო დაისვენოთ სოციალური მედიისგან და გაატაროთ დრო მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან რეალურ ცხოვრებაში.

დაუსახეთ თავს რეალისტური და ინდივიდუალური მიზნები, მაგალითად, არ აიღოთ ტელეფონი და არ შეხვიდეთ ონლაინ გაღვიძებიდან 1 საათის განმავლობაში (ეს ფლანგავს თქვენს ენერგიას და ხელს უწყობს ტვინში ინფორმაციის უფილტროდ შემოდინებას) ან ძილის წინ. ისეთი აქტივობები, როგორიცაა მედიტაცია, გასეირნება ან მეგობართან დარეკვა, იგივენაირად გესიამოვნებათ, და ამასთან, უფრო ფოკუსირებულად და დასვენებულად იგრძნობთ თავს.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები