13 ივლისი, შაბათი, 2024

5-დღიანი ტრენინგი გურიის რეგიონის მასწავლებლებისათვის

spot_img

სოფელ საწირეში მდებარე სპმთპ-ის პედაგოგთა ბაზამ გურიის რეგიონის მასწავლებლებს უმასპინძლა. 5-დღიან ტრენინგ-კურსს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 15 სკოლის 19 მასწავლებელი და 3 დირექტორი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 7 სკოლის 9 მასწავლებელი და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტიდან სკოლის დირექტორი დაესწრო.

20-საათიანი ტრენინგი წარმართა სპმთპ-ის ,,პროფესიონალ მასწავლებელთა საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარემ“, ეროვნული სასწავლო გეგმების ექსპერტმა, როლანდ ხოჯანაშვილმა. ავტორიზაციის სტანდარტის, მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის, პროტფოლიოს შექმნის/ანალიზის თემებზე ტრენინგი მასწავლებელთა და დირექტორთა მხარდასაჭერი, სხვადასხვა სახის, საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით წარიმართა. სასწავლო-შემეცნებითი და ინტერაქციული სესიების ყოველი დღის ბოლოს, დაღამებამდე გრძელდებოდა ტრენერთან შეხვედრები კითხვა-პასუხის რეჟიმში.

ბატონი როლანდ ხოჯანაშვილის გადაწყვეტილებით, სამმა მსმენელმა წარადგინა პრეზენტაციები: ♦ ,,პედაგოგიური პრაქტიკის და სკოლის საჭიროებების კვლევა“ განიხილა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის წარმატებულმა დირექტორმა, მამუკა იმნაიშვილმა;

♦ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიანის საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელმა, ეკა წულაძემ პროტფოლიოს ანალიზი გააცნო ტრენინგის მონაწილეებს;

♦ ახალგაზრდა მათემატიკოსმა, 2022 წელს, პროფესიული უნარების გამოცდაზე მენტორის სტატუსისათვის დაწესებული ბარიერი გადალახა და საკუთარი წარმატებული გამოცდილება გაუზიარა კოლეგებს. დანიურ-ქართული პროექტის მონაწილემ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოჩხათის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, რუსუდან პაქსაძემ მსმენელებს შესთავაზა ,,განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტები დანიური სწავლების მოდელის მიხედვით”, რაც დანერგა საგაკვეთილო პროცესში 2018 წლიდან და მას შემდეგ უზიარებს კოლეგებს. სამივე პრეზენტატორმა მაღალი შეფასება დაიმსახურა როლანდ ხოჯანაშვილისგან.

სპმთპ-ის პრეზიდენტმა ორგანიზაციის საქმიანობასა და პროფკავშირის ფუნდამენტურ ღირებულებებზე ისაუბრა. მსმენელები დიდი ინტერესით ეცნობოდნენ მასწავლებელთა შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური, სამართლებრივი პირობების გაუმჯობესებისათვის გაწეული მუშაობის შედეგებს და სამომავლო გეგმებს. მათივე მოთხოვნით გაშუქდა დოკუმენტური ფილმი ,,სპმთპ-ის განვლილი გზა 2010-2014“.

ტრენინგის დასასრულს, მსმენელებს გადაეცათ ,,ავტორიზაციის სტანდარტის, მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის, პროტფოლიოს შექმნისა და ანალიზის“ 20-საათიანი ტრენინგის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები.

 

ნაყოფიერი მუშაობის დასასრულს მოეწყო დაუვიწყარი ექსკურსია რაჭაში. გურიის წარმომადგენლებმა მოინახულეს ცხრაჯვარი, მრავალძალი, ბარაკონი და ნიკორწმინდა.

საწირის პედაგოგთა ბაზაზე შეხვედრა შედგა სპმთპ-ის ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის ლელა ქურიძის და ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის, როზა გოგუაძის ორგანიზებით.

არდადეგები

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები