17 აგვისტო, კვირა, 2025

5 გაკვეთილი, რაც პირველმა სასწავლო წელმა მასწავლა

spot_imgspot_img

მალე ახალი სასწავლო წელი დაიწყება. მინდა გაგიზიარო რამდენიმე რამ, რაც სკოლაში მუშაობის პირველ წელს ვისწავლე.

1. იყავი რეალისტი

გადაჭარბებულმა მოლოდინებმა როგორც საკუთარი თავის, ასევე მოსწავლეების მიმართ, შესაძლოა, იმედგაცრუება გამოიწვიოს და სასწავლო პროცესიც უფრო სტრესული გახადოს ორივე მხარისთვის. ასე რომ, მოიხსენი ვარდისფერი სათვალე, ისიამოვნე პროცესით და შეიყვარე მოცემულობა.

2. არავინაა ვალდებული, იდეალური იყოს

ეს, გარკვეულწილად, პირველი პუნქტის გაგრძელებაა. მასწავლებლები, ხშირად, პერფექციონიზმისკენ ვართ მიდრეკილები. გვინდა ყველაფერი იდეალურად იყოს: საკლასო ოთახი, რესურსები… ხშირად ზედმეტად ვტვირთავთ საკუთარ თავს. რაც იწვევს შფოთვას, გაღიზიანებას, საკუთარი თავით უკმაყოფილებას. ეს სტრესი ბავშვებზეც გადადის და დიდ ხელის შემშლელ ფაქტორად იქცევა ხოლმე. ამისთვის ერთი ხრიკი მაქვს. ორი წუთით ჩამოჯექი და ჰკითხე საკუთარ თავს: როგორი გინდა დაგიმახსოვრონ შენმა მოსწავლეებმა? დამიჯერე, წლების შემდეგ მათ შეიძლება აღარ ახსოვდეთ ყველაფერი შენი საგნიდან, მაგრამ დეტალურად ემახსოვრებათ, როგორ აგრძნობინებდი თავს გაკვეთილებზე. თუ ხანდახან ოთახი ყირაზე დგას, რესურსები გაფანტულია, აუცილებლად იმას არ ნიშნავს, რომ შენ ცუდი მასწავლებელი ხარ. არ ღირს ეს ყველაფერი შენი და შენი მოსწავლეების ნერვების ფასად.  ხანდახან გჭირდება თვალი დახუჭო წვრილმანებზე, რათა მენტალური ჯანმრთელობა (მინიმუმ) შეინარჩუნო. ეს ჩემმა პატარებმა მასწავლეს, როცა პირველად მითხრეს: „მას, არ გინდათ ზევით ახვიდეთ და ყავა დალიოთ?“

3. სიტყვებზე მეტად ქმედებები ფასობს

აქ ახალი რამის თქმას არ ვაპირებ. ბევრჯერ მოსმენილ-წაკითხული უნდა გაგახსენო. ბავშვები ჩვენგან არა მხოლოდ საგნობრივ ცოდნას იღებენ, ცხოვრებას სწავლობენ. ამიტომ ჩვენი სიტყვები თანხვედრაში უნდა მოდიოდეს ჩვენს საქციელთან.

მაგალითად, მე თუ ერთმანეთის პატივისცემას ვასწავლი მოსწავლეებს და თავად უხეშად ვექცევი რომელიმეს, ცხადია, ბავშვები დაიბნევიან. შედაგად კი იმას მივიღებ, რომ უხეშობას ნორმად აღიქვამენ, რაც არ უნდა ვუქადაგო ასე არაა-მეთქი. კითხვას ვერ შეაყვარებ, შენს ხელში თუ წიგნი ვერ დაინახა. ამ მხრივ განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს სკოლაშიც და სკოლის გარეთაც.

4. მოემზადე ყოველი გაკვეთილისთვის

თითქოს მარტივი და ცოტა სულელური რჩევაა. შეიძლება გაგეღიმოს, რაღა მომზადება მინდა, ტყუილად ვისწავლე ამდენ წელიო?! თუ დამიჯერებ, ყოველი გაკვეთილისთვის მასწავლებელიც მოსწავლესავით უნდა ემზადებოდეს. იქნება ეს გაკვეთილის გეგმა, რესურსები თუ მასალის გადახედვა. ეს უფრო მეტ თავდაჯერებას გძენს და მოსწავლეებიც გრძნობენ ამას. ისინიც უფრო მშვიდად არიან, როცა დღის გეგმა იციან. თუმცა, ისიც არ დაივიწყო, სწავლა-სწავლება რომ შემოქმედებითი პროცესია და ბევრჯერ მოგიწევს გეგმიდან გადახვევა.

5. ზედმეტი ზრუნვაც მავნებელია

ეს პუნქტი უფრო მეტად დაწყებითი კლასების მასწავლებლებს გვეხება. პირადად მე, ცოტა არ იყოს, მიჭირდა ზღვრის დაცვა ამ საკითხში. მინდოდა, ჩემი მოსწავლეებისთვის მაქსიმუმი გამეკეთებინა და არ ვაძლევდი საკმარის თავისუფლებას და ბევრ რამეს, რისი გაკეთებაც თავად შეეძლოთ, მათ ნაცვლად, მე ვაკეთებდი.  შემდეგ მივხვდი, რომ ამით დათვურ სამსახურს ვუწევდი მათ. თავადაც ზედმეტად ვიტვირთავდი თავს.

პირველი წელი განსაკუთრებით რთულია, მაგრამ ამ შეცდომებში იბადება მასწავლებელი. გაუღიმე საკუთარ შეცდომებს და ისწავლე მათგან.

spot_imgspot_img
მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება