რამდენიმე დღის წინ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ცალკეულ საგნებში საუკეთესო პედაგოგები გამოავლინა. სპორტის საუკეთესო მასწავლებლად ქარელის №1 საჯარო სკოლის პედაგოგი ზურაბ ჯუშოშვილი დასახელდა, რომელიც საინტერესო მოსაუბრე აღმოჩნდა. მასთან ინტერვიუ დაგარწმუნებთ, რომ ეს წოდებაც შემთხვევით არ მიუღია – აღიარებას და დაფასებას სწორედ ასეთი შემოქმედი და მუდამ სიახლის მაძიებელი ადამიანები იმსახურებენ. დარწმუნებული ვარ, მის ნოვაციებს ბევრი კოლეგა გადაიღებს, ქვეყანაში კი, რაც უფრო მეტი სპორტის ასეთი პედაგოგი გვეყოლება, მით მეტი შანსია, „აქილევსის ქუსლად“ ქცეულ სპორტის გაკვეთილებს და კიდევ უფრო დიდ პრობლემას — ცხოვრების მივიწყებულ ჯანსაღ წესსაც ვუშველოთ. არადა, ქვეყანა უკვე დგას ამ გამოწვევის წინაშე, საშველი კი ჯერ არსაიდან ჩანს.
— თავდაპირველად, აღიარებას გილოცავთ. რამდენად ელოდით და როგორ ფიქრობთ, რის გამო გამოგარჩიეს?
— ჩემი მოტივაციაა, რომ ფიზიკური აღზრდა იყოს ერთ-ერთი პრიორიტეტული საგანი და არა — მეორეხარისხოვანი. დღეს ისეთი გამოწვევები და მოთხოვნებია, ადამიანმა ჯანმრთელი ცხოვრებით უნდა იცხოვროს, ამ მხრივ კი, ძალიან ჩამოვრჩებით განვითარებულ ქვეყნებს. მინდა, ეს რეალობა შეიცვალოს, პირადად მე კი, ყოველთვის მოვიგონო რაღაც სიახლეები, შევქმნა რაღაც ახალი და ერთგვარი რევოლუცია მოვახდინო ამ საგანში. საბედნიეროდ, დღეს არსებობს ინტერნეტი, ათასნაირი სოციალური ქსელები, ძალიან მაგარი სკოლები და თავისუფლად შეიძლება, პედაგოგმა ინტერნეტში მოიძიოს განსხვავებული ინოვაციური გაკვეთილები ან მოსწავლეებს ჰკითხოს რა სურთ, რისი გაკეთება შეიძლება — გააჩნია, რა მიზანი ამოძრავებს მასწავლებელს. აქედან გამომდინარე, შეიძლება, მოსწავლეებს დაავალოს, მოიძიონ რამე ახალი, რათა გაკვეთილი რაც შეიძლება უფრო სახალისო, ინოვაციური, მოტივაციური და პოზიტიური გამოვიდეს. მე აქედან გამომდინარე ვმუშაობ და ინტერნეტში ვიძიებ მასალას იმის მიხედვით, კალათბურთს ავირჩევთ, ფეხბურთს, ხელბურთს თუ სხვა სახეობას. ინტერნეტში არაჩვეულებრივი გაკვეთილები დევს და გადმოწერილიც მაქვს ძალიან კარგი გაკვეთილები, რომლებსაც პრაქტიკულად ვამუშავებ მოსწავლეებთან. თუმცა, ჩემი რესურსიც საკმაოდ მაქვს მოფიქრებული და შექმნილი, ატვირთულიც მქონდა შესაბამის საიტზე, სადაც ყველას შეეძლო, შესულიყო და ენახა ეს ყველაფერი. მაგალითად, წყლის მილებით გავაკეთე უამრავი რამ — გადასახტომი, თარჯმრბენის მოწყობილობა, სიმაღლეზე ხტომისა თუ გასაძრომი ინვენტარი და ა.შ. სხვათა შორის, მოწონებაც დაიმსახურა და ბევრმა სკოლამაც შემომთავაზა მათი დამზადება, თუმცა ჯერ ვერ ვიცლი. ბევრს ვათხოვე კიდეც, რათა საკუთარი რესურსებით ჩაეტარებინათ ეფექტური გაკვეთილები. მსგავსი მოწყობილობები განსაკუთრებით კარგია და საჭირო დაწყებით კლასებში.
— ინტერნეტში უფრო რომელი ქვეყნების გამოცდილებას იყენებთ — ევროპულ გაკვეთილებს, ამერიკულს თუ სხვას?
— ზოგადად საზღვარგარეთის გამოცდილებას ვიყენებ, სპორტული აკადემიებისას, რადგან იქ განსხვავებული სწავლებაა, ინოვაციური. მოსწავლეებს სიახლეს პრაქტიკულადაც ვუხსნი და პროექტორითაც ვაჩვენებ ეკრანზე. საორიენტაციოდ ერთი რომელიმე მოდელი არ მაქვს — რომელიც უკეთესია, იმას ვიყენებ. მაგალითად, კალათბურთზე, ძირითადად, ამერიკული კოლეჯების მაგალითით ვხელმძღვანელობ, რადგან ძალიან მაგარი გაკვეთილები და სპორტული წრეები აქვთ. ფრენბურთზე და ხელბურთზე ევროპული სკოლებითაც შეიძლება სარგებლობა. თუმცა არის რაღაცები, რაც ყველასათვის საერთოა. მაგალითად, პირველადი მომზადება — ბავშვმა უნდა იცოდეს მარჯვენა და მარცხენა, ადგილზე თუ დარბაზის გარშემო სიარული და ა.შ. პირველადი მომზადება ხომ ძირითადისთვის მზადებას ითვალისწინებს, იქ კი უფრო პრაქტიკული მაგალითები სრულდება. აი, სწორედ იქ არის საჭირო უფრო მეტად ეს ახალი გაკვეთილები.
თუმცა, უცხოეთს ვერ შევედრებით, არაჩვეულებრივი დარბაზები და ინვენტარი აქვთ. შეძლებისდაგვარად ვცდილობ, იმ დონეს მივაღწიო, რომ თითოეულ ბავშვს საკუთარი ინვენტარი ჰქონდეს და, ვთქვათ, 20 ბავშვი ერთ ბურთს არ შესცქეროდეს. ამას მეტ-ნაკლებად მივაღწიე, პროექტების დახმარებით. მაგალითად, შარშან 1000-ლარიანი პროექტი მოვიგე — „კალათბურთის განვითარება სკოლებში“ და იმ თანხით 15 ბურთი ვიყიდე. სკოლაც მეხმარება, რაიონის გამგეობაც და ამის პრობლემა უკვე აღარ მაქვს. სხვათა შორის, გაკვეთილიც ძალიან ეფექტური გამოდის, როცა სკოლაში ინვენტარის კარგი მარაგია და ყველა თავისი ინვენტარით ვარჯიშობს. ჩემი სკოლა უკვე კარგადაა აღჭურვილი — პატარა ბურთები იქნება, კონუსები თუ სხვა მოწყობილობა, ყველაფერი გვაქვს და თან ვცდილობ, კიდევ და კიდევ დავამატო. როცა საკმარისი ინვენტარი გაქვს, გაცილებით მეტი სიახლის მოგონება შეიძლება, შედეგად კი გაკვეთილი გაცილებით სახალისო, ეფექტური და განსხვავებული გამოდის.
— რომელია უფრო მნიშვნელოვანი — თეორიული განათლება თუ პრაქტიკული გამოცდილება?
— თავის დროზე, მე ფიზიკური კულტურის ტექნიკუმი დავამთავრე, რომელშიც სწავლების მაღალი დონე იყო — ინსტიტუტს არ ჩამოუვარდებოდა, ყველა საგანი მაქვს გავლილი, რადგან პრაქტიკულადაც მზად უნდა იყო ყველაფრისთვის. ახლა ტრენინგებზეც ბევრი რამ გვასწავლეს. ყველანაირ მოძრაობას უნდა აკეთებდე, ფაქტობრივად, მოდელი ხარ ბავშვისთვის — როგორ აკეთებ ამა თუ იმ მოძრაობას, ხელი როგორ მოძრაობს ბურთის წამოღებისას და ა.შ. ამიტომ, თეორიაც აუცილებელია და პრაქტიკაც — თეორიულადაც უნდა იცოდე ყველაფერი და პრაქტიკულადაც ზუსტად აკეთებდე, რათა ბავშვმა უკეთ აითვისოს. როცა ეს ორივე კომპონენტი კარგად იკვრება, საქმეც მაღალ დონეზე გამოდის. ისე კი, არ დაგიმალავთ, რომ ადრე პრაქტიკა მეგონა უფრო მთავარი, მაგრამ ტრენინგებზე სიარულის შემდეგ ბევრად შევიცვალე — თეორიულმა ცოდნამ ბევრი რამ მომცა.
— რატომ დაგჭირდათ სპორტული ინვენტარის კუსტარულად დამზადება, საკმარისი არ გქონდათ?
— ინვენტარი გვაქვს, მაგრამ სრულად რომ დავიკმაყოფილოთ მოთხოვნილებები, ამდენი ფული სადაა. ამიტომ გადავწყვიტე, ჩემით შემექმნა ის ბაზა, რომელსაც კარგად ვიყენებ. კი, ქარხნული ბევრად უკეთესია, მაგრამ როცა შეძენის საშუალება არაა, ამ გზით ვცადე მარაგის შევსება. მით უფრო, მარტივი დასამზადებელიცაა, იაფია და კარგადაც მადგება. თუ მასწავლებელს თავისი საგანი უყვარს და პროფესიონალია, აუცილებლად დაამზადებს თავისი ხელით, მით უფრო ამ დროში, როცა ჩვენი შრომა, ანაზღაურების მხრივ, ასე დაფასდა.
— დღეს მართლაც ბევრი კეთდება ამ სფეროს გასაუმჯობესებლად, სკოლებში სპორტის გაკვეთილების როლის გასაზრდელად და ცხოვრების ჯანსაღი წესის დასამკვიდრებლად. თქვენი აზრით, რამდენად სწორად მიდის რეფორმა და რაიმეს შეცვლას ხომ არ ისურვებდით არსებულ მოდელში?
— ყოველთვის მიმაჩნდა, რომ საგანი უნდა ასწავლოს სპეციალისტმა — ფიზიკური აღზრდის მასწავლებელმა. შეიძლება არ იყოს ფიზიკური აღზრდის მასწავლებელი და იყოს მწვრთნელი, მაგრამ საგანი უნდა იცოდეს იმ დონეზე, რომ ასწავლოს. ახლა დირექტორს მიეცა უფლება, რომ დაწყებითებში შეუშვას სპეციალისტი. როცა ბავშვს დაწყებითში ათვისებული აქვს ყველანაირი მოძრაობა და მეხუთე კლასიდან გადადის საბაზოზე, ანუ სპორტზე, სადაც სპორტული თამაშები უნდა ისწავლოს, ამ პროცესს მომზადებული უნდა შეხვდეს. სკოლას თუ არა ჰყავს კვალიფიციური კადრი, მაშინ უნდა მოიწვიოს ან პედაგოგები უნდა გადამზადდნენ, როგორ ჩაატარონ გაკვეთილი. მაგალითად, სკოლას პატარა ოთახიც რომ ჰქონდეს თავისუფალი, არაჩვეულებრივად შეიძლება იქ გაკვეთილის ჩატარება, მოძრავი თამაშების გამოყენებით, რაც ბევრი მაქვს ჩემს პრაქტიკაში. აქვე ისიც უნდა ვთქვა, რომ ჩემს სკოლაში ძალიან კარგი დაწყებითების მასწავლებლები გვყავს, მათ მიაქვთ ხოლმე ბურთები, ასეთ მოძრავ თამაშებს ათამაშებენ პატარებს, რითაც ძალიან ახალისებენ. ამ დროს ბავშვი მოძრაობაშია, რაც ჯანმრთელობის რეკომენდაციაშიც გვიწერია, რომ ყოველ 45 წუთში ბავშვი, 5 წუთით მაინც, უნდა დგებოდეს და მოძრაობდეს. მიხარია, რომ ჩვენს სკოლაში, დაწყებითებში, ასეთი ინტერესიანი პედაგოგები გვყავს. მასწავლებელს თავისი საგანი თუ უყვარს, სხვასაც შეაყვარებს. არადა, დასამალი არაა, რომ ხშირად დაწყებითებში ბავშვებს, სპორტის ნაცვლად, სხვა საგნებში ამეცადინებენ — შეიძლება ქართული აწერინონ ან მათემატიკა და ა.შ. არადა, ბავშვიც ხომ უნდა დაიღალოს, დაცალოს თავისი ენერგია.
— ეს დირექტორის, ანუ ცალკეული ინდივიდის სურვილსა თუ კეთილ ნებაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული, კანონმა უნდა დავაალოს…
— მეც სულ ამას ვამბობ — ამ საგანს პრიორიტეტი უნდა მიეცეს, არ უნდა იყოს მეორეხარისხოვანი. აქედან იწყება ბავშვის სიხალისე და მომზადება — ჩემთან რომ გადმოდის, მეხუთე-მეექვსე კლასებში, მაშინ არ უნდა შევასწავლო საწყისი ანბანი: მარჯვენა-მარცხენა, ბრუნი თუ სხვ. მე უკვე სპორტის რომელიმე სახეობა უნდა დავიწყო — კალათბურთის, ხელბურთისა და სხვათა ელემენტების შესწავლა.
— ამ მხრივ მართლაც კარგი საქმე იქნება, სპორტის სასწავლო უნივერსიტეტთან არსებულ კოლეჯში, სექტემბრიდან, თუ მართლაც ამოქმედდება ფაკულტეტი ან ჯგუფი სპორტის მასწავლებელთა მოსამზადებლად, რაზეც აქტიურად მიმდინარეობს საუბარი.
— ეს აუცილებლად სჭირდება ჩვენს ქვეყანას. ვისურვებდი, რომ სპორტულ ღონისძიებებზე, ძირითადად, მოჭიდავეებით არ ვიყოთ წარმოდგენილი. ჭიდაობა კარგია, არაფერს ვერჩი და წარმატებებსაც ვუსურვებ, მაგრამ გუნდური სათამაშო სახეობებიც აუცილებლად უნდა განვითარდეს. გაკვეთილებზეც ბავშვები გუნდურად უნდა ათამაშონ. მინახავს გაკვეთილი, როცა მოსწავლეები ფრენბურთს თამაშობენ, ერთი ბურთია და 15 ბავშვი თავის რიგს უცდის. წესით, გუნდებად უნდა დაშალონ და ერთმანეთთან ათამაშონ. გუნდური თამაში განსხვავებულია და კარგი ეფექტი აქვს.
— სპორტი — მასობრიობა თუ მაღალი მიღწევების სფერო, თქვენი აზრით, უფრო მეტად რომელია მისი ფუნქცია?
— ერთ ადრინდელ თეზისს გავიმეორებ: ერთი ოლიმპიელის გაზრდას მირჩევნია, 400 და 500 პირველთანრიგოსანი მყავდეს. ჯანმრთელი თაობა უპირველესია, იმათგან კი, რომელიმე ოლიმპიელიც გამოვა და წარმატებული სპორტსმენიც. სკოლებსა და სასწავლო დაწესებულებებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვა აუცილებელია. როცა მასა ძლიერია, იქ ბევრი რამაა მოგვარებული და ქვეყანაც ბევრად წინაა. მასობრიობა პირველივე კლასიდან უნდა დაიწყოს, მერე კი, როცა საბაზოზე გადავა, ბავშვი თავად აირჩევს მისთვის სასურველ სპორტის სახეობას და იმ განხრით წავა.
ესაუბრა ირაკლი თავაძე