24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

EUA-CDE წლიური შეხვედრა – დოქტორანტურის საფეხურზე სწავლების ყველაზე მასშტაბური და ყოვლისმომცველი ევროპული შეკრება

spot_img

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციისა (EUA) და ქართული უნივერსიტეტების წარმომადგენელთა ორდღიან შეხვედრას უმასპინძლა. ევროპული უნივერსიტეტების ასოციაციის (EUA) ისტორიაში პირველად ასოციაციის წარმომადგენლების შეხვედრა ევროკავშირის არაწევრ ქვეყანაში გაიმართა.

ასოციაციის (EUA) წარმომადგენლებმა 20 ქართული უნივერსიტეტის რექტორებსა და ხარისხის სამსახურის ხელმძღვანელებს ევროპულ უნივერსიტეტებში სადოქტორო განათლების კვლევების შედეგები და სამომავლო გეგმები გააცნეს. სადოქტორო განათლების შესახებ გამართულ სემინარებსა და ვორქშოფებში 120-ზე მეტი ევროპული უნივერსიტეტის წარმომადგენელი მონაწილეობდა. EUA-CDE წლიური შეხვედრა დოქტორანტურის საფეხურზე სწავლების ყველაზე მასშტაბური და ყოვლისმომცველი ევროპული შეკრებაა, რომელიც დოქტორანტურაში მიმდინარე ტენდენციებსა და მოსალოდნელ პროცესებთან დაკავშირებულ პრაქტიკულ თანამშრომლობას ითვალისწინებს.

ასოციაციის შეხვედრას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძე დაესწრნენ.

„ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების რექტორები, ვიცე-რექტორები, სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელები მონაწილეობენ სამდღიან ღონისძიებაში, რომლის მთავარი თემა აკადემიური საქმიანობაა – როგორ გააგრძელონ სამეცნიერო საქმიანობა, როგორ განვითარდეს მათი კარიერა, როგორი მხარდაჭერა უნდა ჰქონდეთ საერთაშორისო სივრცეში. საქართველო ამ სივრცის სრულუფლებიანი წევრია. ეს თანამშრომლობა გაგრძელდება. მათ შორის, ვიმედოვნებ, საქართველოში ბევრი უმაღლესი სკოლისთვის მისაღები იქნება სადოქტორო სტრუქტურირებული სკოლის შექმნა,“ – განაცხადა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის, ასოციაციის სადოქტორო სწავლების საბჭოს თავმჯდომარის, მარტინ რაიეს თქმით, „ვორქშოპი ძალიან მნიშვნელოვანია მომავალი თაობისთვის. სამუშაო შეხვედრა შეეხება როგორც დოქტორანტურის სტუდენტებს, ასევე, ზოგადად, უმაღლესი განათლების ამ საფეხურის განვითარებას. ამდენად, მნიშვნელოვანია როგორც აკადემიური საზოგადოებისთვის, ასევე შრომის ბაზრისთვის.“

„დღევანდელი შეხვედრის მიზანს არ წარმოადგენენ მხოლოდ დოქტორანტურის სტუდენტები, ჩვენ ვსაუბრობთ, ასევე, სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელებზე, მათ როლზე დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებსა და მათ განვითარებაში. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი შეხვედრები იქნება ნაყოფიერი როგორც ქართველი, ისე ევროპელი სტუდენტებისთვის,“ – განაცხადა აღმოსავლეთ პიემონტის (იტალია) უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების სამსახურის წარმომადგენელმა ლუიჯი პანზამ.

EUA-CDE წლიური შეხვედრა ახალი პარტნიორობისა და ევროპული გამოცდილების გაზიარების კიდევ ერთ შესაძლებლობად იქცა.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები