„ავტოგრაფებმა შემოგვინახა გალაკტიონის ანტისაბჭოთა განწყობის გამომხატველი არაერთი სტროფი“ – ინტერვიუ ნათია სიხარულიძესთან
ესაუბრა მელანო კობახიძე
გალაკტიონოლოგი ნათია სიხარულიძე არაერთი წელია მუშაობს გალაკტიონ ტაბიძის არქივზე, იკვლევს გენიალური პოეტის შემოქმედებას, ხელნაწერებსა და დღიურებს.
2019 წელს გამომცემლობა „არტანუჯმა“, სერიაში „თან საკითხავი“, მკვლევრის მიერ შედგენილი „გალაკტიონი. 200 ამბავი“ გამოსცა, რასაც მალევე მოჰყვა „გალაკტიონი უცენზუროდ“. თეიმურაზ დოიაშვილთან თანაავტორობით დაწერილი ეს წიგნი 2023 წელს პრემია „საბას“ გამარჯვებული გახდა ნომინაციაში „ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა“.
ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის „გალაკტიონის კვლევის ცენტრის“ უფროსი მეცნიერი თანამშრომელი „უცნაურ ვარსკვლავზე დაბადებულ“ უცნობზე გვესაუბრა.
1. ნათია, თქვენ უკვე დიდი ხანია იკვლევთ გალაკტიონის შემოქმედებას, მრავალი ასპექტით ცდილობთ მისი პოეზიის შესწავლას, მუშაობთ პოეტის მრავალრიცხოვან ხელნაწერებზე, გამოვლენილი გაქვთ უცნობი ფაქტები, არაერთი ლექსის გენეზისი და მკითხველს მათ ნოვატორულ ინტერპრეტაციებს სთავაზობთ. საიდან იწყება თქვენი განსაკუთრებული ინტერესი გალაკტიონისადმი?
⇒ ნებისმიერ გზას თავისი დასაწყისი აქვს. მიუხედავად იმისა, თუ როგორ განვითარდება შემდეგ ამბავი, პირველი ნაბიჯები ყოველთვის გვახსოვს. ჩემს შემთხვევაში ასე მოხდა: მეათე კლასში ვიყავი, როდესაც ვახტანგ ჯავახაძის „უცნობი“ წავიკითხე. ამ უნიკალურმა წიგნმა კლასიკოსი გალაკტიონი, რომლის შედევრებსაც ასე თუ ისე ვიცნობდი, თითქოს გააცოცხლა, რეალურ პიროვნებად აქცია… დღემდე მახსოვს „უცნობის“ საოცრად შთამბეჭდავი ფინალი: „გალაკტიონ ტაბიძემ ბევრი საიდუმლო ამოგვიხსნა. კითხვის ნიშნებიც ბლომად დაგვიტოვა. მისი მკითხველები ჯერ არ დაბადებულან!“… ბოლო ფრაზა გამოწვევასავით ჟღერდა, თითქოს მოგიწოდებდა დაგემტკიცებინა, რომ გალაკტიონის პოეზიის წაკითხვა, აღქმა, გაგება შეგიძლია… ახლა რომ ვუფიქრდები, დიდწილად სწორედ „უცნობმა“ – გალაკტიონის უფრო ახლოს გაცნობის სურვილმა – განსაზღვრა ჩემი მომავალი პროფესია. შემდეგი მნიშვნელოვანი ნაბიჯი სტუდენტობას უკავშირდება: მესამე კურსიდან, ბედნიერი შემთხვევის შედეგად, ლიტერატურის ინსტიტუტში აღმოვჩნდი – „გალაკტიონის კვლევის ცენტრში“ გავიარე სტაჟირება. ამ ცენტრის დამფუძნებელთან და ხელმძღვანელთან – თეიმურაზ დოიაშვილთან ურთიერთობა, ჩემთვის, გალაკტიონზე შეყვარებული სტუდენტისთვის, უდიდესი ფუფუნება იყო. სწორედ ამ პერიოდში ჩაეყარა საფუძველი იმ ყოველივეს, რამაც წლების შემდეგ თქვენ მიერ ნახსენებ შედეგებამდე – გენიალური პოეტის შემოქმედების კვლევამდე მიმიყვანა.
2. გალაკტიონი სიცოცხლეშივე იქცა ლეგენდად, შესაბამისად, მისი ბიოგრაფია სავსეა გამონაგონი ამბებით, რომლებიც, ხშირად, რეალური გვგონია ხოლმე. თქვენ რომელ ასეთ ამბავს გამოარჩევდით?
⇒ გალაკტიონის შესახებ, მართლაც, არაერთი ლეგენდა არსებობს. ზოგი მათგანი თაყვანისმცემელთა გულუბრყვილო აღფრთოვანებასა თუ დიდ სიყვარულზე მიგვანიშნებს – ამგვარი ლეგენდების მიზანი პოეტის ბიოგრაფიის შევსება-შელამაზებაა. ერთგული მკითხველი ხომ დღემდე მონდომებით ხატავს მის მიერ წარმოსახული, ზეციური პოეტის თვალშეუდგამ პორტრეტს… მაგრამ, პარალელურად, ისეთი ლეგენდებიც ითხზვება, რომელთა მიზანი გალაკტიონის ბიოგრაფიასთან დაკავშირებული ფაქტების გამარტივება-გაუბრალოებაა. რადგან ამ ტიპის გამონაგონი ბევრად სწრაფად ვრცელდება და უფრო მტკივნეულადაც აღიქმება საზოგადოების მხრივ, აჯობებს, ერთ ამგვარ მაგალითზე შევაჩეროთ ყურადღება. პოეტის სიცოცხლეშივე გავრცელებულა ლეგენდა, გალაკტიონი თუ არ დათვრა, ლექსს ვერ წერსო. ეს აბსურდი დღესაც ბევრს მიაჩნია რეალობად. გამონაგონმა, როგორც ჩანს, პოეტამდეც მიაღწია. ამ საკითხზე ფიქრისას, შეუძლებელია, არ გაგვახსენდეს ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული ფოტო და ამ ფოტოზე მინაწერი:
„გალაკტიონი მინერალურ წყალთან „ვარძია“. როდესაც სურათს უღებდნენ, უთხოვია, არ დაებეჭდათ, რადგან სხვებს ღვინო ეგონებათო“.
რამდენი სევდაა ამ ერთ წინადადებაში! არ ვიცი, ვის ინტერესს ემსახურება შედევრების შექმნის, შემოქმედებითი პროცესის ასე გაუბრალოებულად წარმოსახვა. იმას კი გეტყვით, გალაკტიონის არქივი, პოეტის ხელნაწერები ცხადყოფს: ქართული პოეზიის საუნჯე ღვთიური ზეშთაგონებისა და სიტყვისძიების ხანგრძლივი პროცესის შედეგია. გალაკტიონის ლექსების უმრავლესობას რამდენიმე ვარიანტი აქვს – ეს არის პოეტური სრულყოფილებისკენ უსასრულო სწრაფვა. მისივე სტრიქონები გავიხსენოთ, ახსნა-განმარტებასავით რომ ჟღერს: „მთვრალია ყოფნით, მთვრალია ცეცხლით /და მაინც ღვინით ჰგონიათ მთვრალი…“.
3. ვახტანგ ჯავახაძე წერს: „გალაკტიონი იმდენად მარტოსული გახლდათ, იმდენად თავისებური და განსხვავებული, – მასთან დაახლოება და გაშინაურება, მისი გაცნობა და შეცნობა შეუძლებელი იყო“. როგორია თქვენი თვალით დანახული გალაკტიონი? გალაკტიონი, როგორც პიროვნება, გენიალური შემოქმედის მიღმა.
⇒ ვფიქრობ, გალაკტიონის – ამ საოცრად იდუმალი პოეტის შეცნობის ერთ-ერთი საიმედო გზა მისი დღიურების დეტალურად შესწავლაა. თითქმის თხუთმეტი წელია გალაკტიონის ჩანაწერებს ვკითხულობ, ვაკვირდები, ვიკვლევ და ყოველ ჯერზე ხელახლა ვრწმუნდები: პოეტის არქივი გალაკტიონოლოგებისთვის (და არამხოლოდ გალაკტიონოლოგებისთვის) უძვირფასესი განძია. საარქივო მასალის დახმარებით გალაკტიონის ბიოგრაფიასა და შემოქმედებასთან დაკავშირებული არაერთი საიდუმლო ამოიხსნა, არაერთი ბუნდოვანი საკითხი გაირკვა.
როგორი იყო გალაკტიონი, როგორც პიროვნება? სწორედ ჩანაწერებმა და მოგონებებმა შემოგვინახეს მიწიერი, ადამიანური ტკივილებით დამძიმებული პოეტის პორტრეტი, სახე იმ პიროვნებისა, ვინც „დღიურ პროზას“ დიდი სიჯიუტით ებრძვის, მოთმინებით აგვარებს ყოფით პრობლემებს, არის ენამწარე, ირონიული, ეჭვიანი, საოცრად ცნობისმოყვარე და უკიდურესად მგრძნობიარე, საშინლად სწყინს გარშემომყოფთა თითოეული არასწორი სიტყვა თუ ქმედება.
4. გალაკტიონმა ბევრი დიდი ტრაგედია გამოიარა. ნაწილი მისმა მარტოსულობამ განაპირობა, ნაწილი – ეპოქამ, ქვეყნის ბედმა. როგორი იყო პოეტის ყოფა, მისი შემოქმედება იმ დროში, რომელმაც, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, „უხვად მოიტანა სისხლი და ცხედრები“.
⇒ გალაკტიონმა ცხოვრების უდიდესი ნაწილი საბჭოთა სახელმწიფოში გაატარა ტოტალიტარული რეჟიმის პირობებში. საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე, საქართველოს დამოუკიდებლობის წლებში, ახალგაზრდა პოეტი მთავრობის თავმჯდომარის – ნოე ჟორდანიას პირადი მდივანი იყო, პარალელურად, ეროვნული გვარდიის პერიოდული ორგანოს – ჟურნალ „სახალხო გვარდიელის“ ფაქტობრივი რედაქტორის მოვალეობას ასრულებდა. დღეისათვის უკვე დადგენილია, რომ გალაკტიონი 1921 წლის თებერვალში, სამშობლოსათვის საბედისწერო ჟამს, თანამემამულეთა გვერდით იდგა და ქვეყნის დამოუკიდებლობის დასაცავად მოუწოდებდა მათ… საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, მისი თანამედროვე პოეტებისგან განსხვავებით, გალაკტიონი ოკუპანტთან აქტიური თანამშრომლობის გზას არ დასდგომია, პირიქით: ანტისაბჭოური, ბოლშევიკთა მამხილებელი პოემა დაწერა – „მოგონებები იმ დღეების, როცა იელვა“, რომელშიც აშკარად მიანიშნებდა, თუ როგორ არაადამიანურად ჩაახშეს 1924 წლის აჯანყება, რომლის მიზანიც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა იყო. პოემის გამოქვეყნების შემდეგ გალაკტიონი დააპატიმრეს და სასწაულებრივად გადაურჩა დაღუპვას, ხოლო ჟურნალის ტირაჟი თითქმის მთლიანად გაანადგურეს. რაც შეეხება 1930-იან წლებს: საყოველთაო აღიარების მიუხედავად, გალაკტიონისთვის ურთულესი პერიოდი იყო, როგორც შემოქმედებითი, ისე ბიოგრაფიული თვალსაზრისით. სწორედ 30-იან წლებში კიდევ ერთხელ გადაასახლეს მისი მეუღლე, ტროცკისტობაში ბრალდებული ოლია ოკუჯავა.
5. საუბრისას გალაკტიონის არქივი ახსენეთ. რეპრესიების ხანაში, როცა პოეტი ვეღარ ახერხებდა თავისი რეალური სათქმელი მკითხველამდე სრულყოფილად მიეტანა, საკუთარ ჩანაფიქრსა თუ სულიერ ტკივილს, ალბათ, მხოლოდ დღიურს ანდობდა. რას იტყოდით გალაკტიონის აღნიშნული პერიოდის ჩანაწერებზე?
⇒ გეთანხმებით, გალაკტიონის ხელნაწერები იმ გაუმხელელ ტკივილებსა და ფიქრებს გვიმხელენ, რაც ნაბეჭდ, გამოქვეყნებულ ტექსტში თითქმის არ იკითხება. განსაკუთრებით ემოციური, ცხადია, სწორედ 30-იანი წლების ავტოგრაფებია. მათი შესწავლისას ბევრი რამ ხდება ცხადი. თქვენი კითხვის პასუხად ორიოდე შემთხვევას გავიხსენებ: ერთი ნაკლებადცნობილი ლექსის ხელნაწერში გალაკტიონისთვის უძვირფასესი ადამიანის – ტიციან ტაბიძის ტრაგიკული აღსასრულით გამოწვეული უმძიმესი განცდებია არეკლილი… ოლია ოკუჯავასთან დრამატული ურთიერთობის გამომხატველი გრძნობებიც ხელნაწერს გაანდო პოეტმა. ავტოგრაფებმა შემოგვინახა გალაკტიონის ანტისაბჭოთა განწყობის გამომხატველი არაერთი სტროფი. ზოგადად, არქივზე მუშაობა აღმოჩენების განუწყვეტელ პროცესს გულისხმობს, თითოეული დიდი თუ მცირე მიგნება გენიალურ პოეტთან ახალ „შეხვედრას“ გვპირდება, მის ხელახლა გაცნობას.
6. ჩვენამდე ხელნაწერების სახით მოღწეულმა ლექსებმა, როგორც ვიცით, პოეტის გარდაცვალების შემდეგ იხილა მზის სინათლე. ცენზურისა თუ თვითცენზურის შედეგია ისიც, საბჭოთა პერიოდში გამოქვეყნებული პოეტის კრებულები მისი შემოქმედების სრულ სურათს რომ ვერ ასახავს. რას იტყოდით, ამ თვალსაზრისით, გალაკტიონის თხზულებათა თანამედროვე გამოცემებზე?
⇒ გალაკტიონ ტაბიძის პოეტური მემკვიდრეობა შთამბეჭდავია არა მხოლოდ მისი უდიდესი მნიშვნელობის გამო, არამედ – მოცულობის მხრივაც. გალაკტიონის თხზულებათა ნებისმიერ სახით გამოქვეყნება განსაკუთრებულ სიფრთხილეს, ცოდნას და პასუხისმგებლობას მოითხოვს.
რაც შეეხება უშუალოდ თქვენს შეკითხვას: რამდენიმე წლის წინ „გალაკტიონის კვლევის ცენტრში“ დავიწყეთ პოეტის აკადემიური თხუთმეტტომეულის მომზადება, რომლის პირველი ხუთი ტომიც უკვე გამოქვეყნდა. შეიძლება, თამამად ითქვას, გალაკტიონის აკადემიური გამოცემა უპრეცედენტოა ქართულ ლიტერატურათმცოდნეობით პრაქტიკაში, რამდენადაც პირველად მოხდა საბჭოურ-ტოტალიტარულ ეპოქაში მოღვაწე შემოქმედის ტექსტების გათავისუფლება იდეოლოგიური ძალმომრეობისაგან, მათი რეაბილიტაცია და ავტორის შემოქმედებითი ნების აღდგენა. თუმცა ეს თხუთმეტტომეული მაინც ფილოლოგებისთვის, მკვლევართათვის არის განკუთვნილი. ტირაჟიც დიდი არაა და, შესაბამისად, ყველა მსურველამდე ვერ აღწევს. რაც შეეხება პოპულარულ, მკითხველთა ფართო წრისთვის განკუთვნილ და, ამავე დროს, სანდო გამოცემას – აუცილებლად უნდა გავიხსენოთ გამომცემლობა „არტანუჯის“ პროექტი – „შოთა, ილია, აკაკი, ვაჟა და გალაკტიონი“. ამ შესანიშნავი ხუთტომეულის ბოლო, მეხუთე წიგნი – გალაკტიონის შვიდასგვერდიანი „რჩეული“ გახლავთ, ჩემ მიერ შედგენილი, უკვე ნახსენებ აკადემიურ გამოცემაზე დაყრდნობით. წიგნში შეტანილი ლექსების ერთი ნაწილი საზოგადოებისთვის ნაკლებადაა ცნობილი და, ვფიქრობ, მკითხველს ახლებურ, სრულიად განსხვავებულ შთაბეჭდილებას შეუქმნის გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედებით თუ პოლიტიკურ პოზიციაზე, მის რეალურ ეროვნულ მრწამსზე და, რაღა თქმა უნდა, ზოგადად, გალაკტიონის პოეზიაზე.
7. თქვენ მიერ შედგენილი წიგნის „გალაკტიონი. 200 ამბავი“ ანოტაციაში წერთ, პრაგმატიზმით სნეულ საუკუნეში გალაკტიონმა დაამტკიცა, რომ შეიძლებოდა იდეალებით და იდეალისთვის არსებობაო. რა იყო მისთვის მთავარი იდეალი, რომლისთვისაც არასდროს უღალატია.
⇒ გალაკტიონის მთავარი იდეალი პოეზია იყო… საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ პოეტი მოდერნისტულ წარსულს არ გამიჯვნია და სანამ შესაძლებელი იყო, მაღალი პოეზიისა და შემოქმედებითი თავისუფლების იდეალებს იცავდა. ამას ადასტურებს მისი პოეტური მანიფესტები, 1925 წელს დაბეჭდილი „100 ლექსი“, 1927 წლის „რჩეული“ და, რაც მთავარია, არაერთი ანტისაბჭოთა ლექსი.
რადგან „გალაკტიონი. 200 ამბავი“ ახსენეთ, არ შემიძლია, არ აღვნიშნო – გალაკტიონის შესახებ არსებული სხვადასხვა ტიპის დოკუმენტურ მასალაზე დაყრდნობით მომზადებულმა ამ წიგნმა დიდი ინტერესი გამოიწვია. ორასი ამბის ერთობლიობა „ფაზლის“ ეფექტს ქმნის და მკითხველის თვალწინ იხატება, ერთი მხრივ, გენიალური შემოქმედი, ხოლო მეორე მხრივ, ყოფითი პროზის წინაშე მდგომი უმწეო, დაუცველი ადამიანი, რომლის თავდაცვის იარაღი ირონია იყო, ხოლო თავშესაფარი – პოეტური ოცნება.
8. მინდა ვისაუბროთ თქვენი და თეიმურაზ დოიაშვილის ერთობლივ ნაშრომზე – „გალაკტიონი უცენზუროდ“, რომელიც 2023 წელს პრემია „საბას“ დოკუმენტური პროზის გამარჯვებული გახდა. ვინ ან რა არის პოეტის ეპიგრამების მთავარი სამიზნე?
⇒ პოეტის ეპიგრამების მთავარი სამიზნე სულიერების დეფიციტი, კოლეგა-მწერლების არცთუ ღირსეული საქციელი, მათი დაუსრულებელი ინტრიგები იყო. სწორედ ამ ეპიგრამებსა და დოკუმენტურ მასალაზე დაყრდნობით დაიწერა „გალაკტიონი უცენზუროდ“. გალაკტიონის ბიოგრაფიისა და შემოქმედების შესახებ რამდენიმე ათეული წიგნი არსებობს. „გალაკტიონი უცენზუროდ“ მათგან მკვეთრად გამოირჩევა, რადგან ჩვენი მიზანი იყო საზოგადოებისთვის გაგვეცნო არა პარნასზე მდგომი გენიოსი, არამედ – გვეჩვენებინა გენიალური პოეტის, ზეციური, მიუწვდომელი გალაკტიონის ადამიანური მხარე. გვინდოდა მკითხველს სცოდნოდა, როგორია პოეტების მეფის ღვთაებრივი ირონია, ან როგორ მოხდა, რომ ახალგაზრდობიდანვე „სევდის მგოსნად“ მიჩნეული გალაკტიონის უბის წიგნაკში ვკითხულობთ ასეთ ფრაზას: „ცხოვრება არ ღირს, თუ არ იცინე“… გალაკტიონის შესახებ დაწერილი ეს უჩვეულო წიგნი ბესტსელერად იქცა, იყო პრეზენტაციები, ფესტივალები, კრიტიკოსთა თუ მკითხველთა ემოციური გამოხმაურებები. შთამბეჭდავი თავგადასავალი ლიტერატურულმა პრემია „საბამ“ დააგვირგვინა.
9. საინტერესოა, ამჟამად თუ მუშაობთ კიდევ ერთ პროექტზე, რომელიც გალაკტიონს უკავშირდება.
⇒ გალაკტიონის შემოქმედების სხვადასხვა ასპექტით კვლევა ჩემი ყოველდღიურობის ნაწილია. „გალაკტიონის კვლევის ცენტრში“ ამჟამად რამდენიმე პროექტზე ვმუშაობთ. უპირველესად, უნდა დავასახელო გალაკტიონ ტაბიძის აკადემიური გამოცემა თხუთმეტ ტომად, რომლის პირველი ხუთი ტომი, როგორც ვთქვით, უკვე გამოქვეყნდა, ხოლო მომდევნო ტომებს, ვფიქრობ, მალე მიიღებს საზოგადოება. გარდა ამისა, ვაგროვებთ მასალებს გალაკტიონ ტაბიძის მეცნიერული ბიოგრაფიის შესაქმნელად. დეტალურად აღვნუსხავთ და ვიკვლევთ პოეტის შესახებ სხვადასხვა დროს დაწერილ, გამოქვეყნებულ თუ გამოუქვეყნებელ მოგონებებს. ამ ტექსტების რიცხვი რამდენიმე ასეულს აღწევს. პროექტის დასასრულს, ვფიქრობ, სრულიად განსხვავებულ გალაკტიონს წარვუდგენთ საზოგადოებას. ეს, რაც შეეხება „გალაკტიონის კვლევის ცენტრის“ საქმიანობას. პარალელურად, აქტიურად ვთანამშრომლობთ გამომცემლობა „არტანუჯთან“. მალე თეიმურაზ დოიაშვილთან თანაავტორობით დაწერილ კიდევ ერთ წიგნს წარვუდგენთ მკითხველს. სათაურს ჯერჯერობით არ დავაკონკრეტებ, თუმცა, რაღა თქმა უნდა, მთავარი პერსონაჟი კვლავ გალაკტიონი იქნება. თუ ყველაფერი ისე წარიმართა, როგორც ჩავიფიქრეთ, პოეზიის მოყვარული საზოგადოებისთვის ეს წიგნი ნამდვილად მნიშვნელოვანი სიახლე იქნება.