19 სექტემბერი, პარასკევი, 2025

გაიცანით ფინალისტი

ელენე ბეთლემიშვილი, გორის №3 და №8 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი

 

ყველა ინტერვიუში ვამბობ და კვლავ გავიმეორებ – ძალიან დიდ მადლიერებას ვგრძნობ სამყაროს მიმართ, რომ რასაც გულით ვაკეთებ, შრომას, ძალისხმევას და სიყვარულს არ ვიშურებ – ასეთი ფორმით დამიბრუნდა. მადლიერი ვარ იმ ადამიანების, ვინც გამაბედინა და ამ კონკურსში მონაწილეობაზე დამითანხმა. მადლიერი ვარ, რომ ცხოვრების გზაზე ბევრ კარგ მასწავლებელს შევხვდი, ვისგანაც ბევრი ვისწავლე და ბევრიც გავაზიარე.

თითქოს, ცხოვრების იმ ეტაპზე ვარ, როცა ჩემ მიერ არჩეული და გავლილი გზის რეფლექსიას ვაკეთებ.

ჩემი პროფესია უდიდეს სიყვარულს მაძლევს. მოსწავლეებთან მუშაობა დიდ ენერგიას მოითხოვს, მუდმივ განახლებას – უნარებისა და მიდგომების, მაგრამ ამ ყველაფერს აბალანსებს ბავშვებისგან წამოსული ენერგია, სიყვარული და ის კომუნიკაცია, რომელიც სიცოცხლის მანძილზე არ წყდება.

ჩემი გამარჯვებაა ახალი მეგობრები და ახალი ურთიერთობები. მიხარია, რომ საუკეთესო ადამიანები და თანამოაზრეები გავიცანი. ზუსტად ვიცი, რომ ბედნიერი დღე გვექნება. ძალიან სასიამოვნოა ჩვენი ახალი გუნდის ყველა შეხვედრა, ერთად ყოფნა, ერთად სიცილი და სიყვარულის გაზიარება. ეს არის დიდი გეგმების დასაწყისი – ერთად კეთების ათასი იდეის საფუძველი.

მინდა, ეს გამარჯვება ჩემს მოსწავლეებზეც აისახოს – უფრო მეტი შესაძლებლობა ჰქონდეთ სწავლაში, შემოქმედებითობასა და საკუთარი უნარების რეალიზებაში. ეს მავსებს უკვე შთაგონებით და ახალ ინიციატივებს ვგეგმავ.

აუცილებლად მინდა, მიღებული ჯილდო სკოლაში გავაზიარო. ბავშვებისთვის ისეთი გარემოს შექმნაზე ვიზრუნებ, სადაც მეტი შემოქმედებითი პროექტის განხორციელება იქნება შესაძლებელი. ისეთი ინიციატივები, რომლებიც მათ ყოველდღიურ ცხოვრებას უფრო საინტერესოს, მოტივირებულს და ბედნიერს გახდის.

ახლა სწავლა დაიწყო და ახალი გამოწვევებია ჩემს პროფესიულ ცხოვრებაში. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ მთავარი თვისება არის მოთმინება. უნდა ვაცადოთ მოსწავლეებს ადაპტირება, როცა სკოლაში მოდიან და სიახლეებს ხვდებიან პატარა ადამიანები.

მე ხომ დაწყებითი კლასების მასწავლებელი ვარ და პირველი, რაც მინდა, რომ ჩემს მოსწავლეებში გავაძლიერო, ეს არის სწავლის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება. შეუყვარდეთ აღმოჩენები, გათამამდნენ კითხვების დასმაში, ბედნიერება იგრძნონ იდეების გაზიარებაში და სხვების მოსმენა ისწავლონ.

ეს ყველაფერი არც მარტივია და არც ერთჯერადი. არის ეტაპი, როცა გაკვირდებიან, სანამ ნდობას მოიპოვებ მათში და სანამ მორალურ უსაფრთხოებას იგრძნობენ. სწორედ ემპათიითა და მოთმინებით შეგიძლია სასიამოვნო გარემო შექმნა, მათი მოსმენითა და დაკვირვებით კი – საინტერესო პროცესების მონაწილე გახდე.

უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არა მხოლოდ ჩვენი პროფესიაა, არამედ ცხოვრების ნაწილია, რომელიც ბავშვების ცხოვრებას ეხება. ამიტომ, ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ ეს ცხოვრება სავსე იყოს ბედნიერებით, სიხარულით, ნდობით და მათი რეალიზების შესაძლებლობებით.

მსგავსი სიახლეები

გაიცანით ფინალისტი

გაიცანით ფინალისტი

გაიცანით ფინალისტი

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება