24 ნოემბერი, კვირა, 2024

33 წლის შემდეგ შევხვდი ჩემი სურვილის ობიექტს – აღიარებას

spot_img

ნანა მგალობლიშვილი – ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

✅ იმათ, ვისაც ბავშვობაში არ აღიარებდნენ, ყოველთვის თან დაჰყვებათ მოთხოვნილება შეამჩნიონ, დაინახონ… ფინალში ჩემი დასახელება არის შეხვედრა სურვილის ობიექტთან. მრავალგვარი ემოცია გამოიწვია: გაკვირვების, აღმაფრენის, მადლიერების. რწმენა გამიძლიერა არა მარტო მე, არამედ ბევრს ჩემ ირგვლივ, რომ საქართველოშიც შესაძლებელია მიუკერძოებელი კონკურსის ჩატარება.

✅ პოსტსაბჭოთა სივრცის ნაწილია ჩვენი ქვეყანა, სადაც დღემდე რთული, წინააღმდეგობით აღსავსე პროცესები მიმდინარეობს, რომლებიც აისახება სკოლის ცხოვრებაზეც. მასწავლებელს, ამ დროს, მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია. პირველ რიგში, თავად უნდა ვითარდებოდეს როგორც პროფესიული, ასევე პიროვნული თვალსაზრისით და ქმნიდეს სკოლის პოზიტიურ სოციოფსიქოლოგიურ გარემოს; არ იქცეს სისტემის იდეოლოგიზების იარაღად, საკუთარ თავში არ დაჩაგროს ღირებულებათა სისტემა.

✅ თანამედროვე მასწავლებელი ქვეყნის ინტერესების, ღირებულებების მიმართ პასუხისმგებლობას უნდა აცნობიერებდეს, „ხვალის უკეთესობა“ მიიღწევა აზროვნებითა და ქმედებით. საქმით მეტყველი სულის აღზრდა მას შეუძლია, ვინც ეს თავის სუბიექტურ პრინციპად აქცია, პროგრესის იდეას, „საზოგადო ცხოვრების დენას“ ნაბიჯი აუწყო.

✅ მეტი თავისუფლება – სკოლებს, ნდობა – მასწავლებლებს. პედაგოგების ტვირთი ხშირად ხელოვნურადაა დამძიმებული. მზა რეცეპტების მოლოდინი, რომელიც აბსოლუტურ ჭეშმარიტებად აღიქმება, კლავს მასში ინიციატივას, შემოქმედებითობას. ნაკლებად სტრუქტურირებული გარემოს შექმნა მოსწავლეებში პრობლემის კრიტიკული გზით გადაჭრის უნარს ავითარებს, ასეთი სწავლა-სწავლების პროცესის შემთავაზებელი მასწავლებელი თავად უნდა იყოს ხმა და არა ექო.

✅ 33 წლის შემდეგ შევხვდი ჩემი სურვილის ობიექტს – აღიარებას. დასრულდა აღმაფრენის მომენტი, გაიზარდა პროფესიული პასუხისმგებლობა. 22 წლის ვიყავი, როცა სიკვდილთან გულზე ახლოს მივედი, გადავრჩი. მას შემდეგ ჩემი ცხოვრების წესის და არსებობის ფორმის განმსაზღვრელად ვაქციე პრინციპი “მეტი ვიცხოვრო” და ეს სიცოცხლე იყოს ღირებული, მოძმეს გზის სიძნელეს თუ ვერ გავუადვილებ, მოძმე მაინც ვიქნები. როცა ქვას მესვრიან, დავინახავ, ხელები როგორ უკანკალებს. არასოდეს დავდგები ქვეყნის ბედს გარეთ, პირველ რიგში, მე დავინახავ იმ პრობლემებს, რომელთა მოგვარებაზე ქვეყნის ბედია დამოკიდებული. ჩემთვის მთავარია, ვიყო ღირებული ადამიანი მოსწავლეებისთვის და არა წარმატებული. ბედნიერებაა, როცა წარმატებას ღირსების ხარჯზე არ აღწევ. მადლობა ამისთვის ჟიურის თითოეულ წევრს.

🔸 🔸 🔸

ნანა მგალობლიშვილი, 33 წელია, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლაში ასწავლის, ამჟამად ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი და არაფორმალური განათლების კოორდინატორია. დაამთავრა პედაგოგიური უნივერსიტეტი და ისტორიის ინსტიტუტის ასპირანტურა. არის საქართველოს დამოუკიდებლობისათვის 1989 წლის 9 აპრილის მშვიდობიანი აქციის დარბევის დროს დაზარალებული.

მისი სასწავლო პრაქტიკა, მეთოდები მოსწავლეზეა ორიენტირებული და სწავლების „დიალოგური მეთოდის“ გამოყენებამ მოსწავლე განვითარების სუბიექტად აქცია. იყენებს პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდებს, სიმულაციებსა და როლურ თამაშებს. მის მიერ დაფუძნებული ახალგაზრდული გაზეთის რედაქტორები დღეს ჟურნალისტიკის სფეროში წარმატებით საქმიანობენ, სამი მათგანი ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტში დოქტორის ხარისხს იცავს.

ნანა მასწავლებლის მიერ გამოყენებულმა ეფექტურმა სასწავლო სტრატეგიებმა, ინტერაქტიულმა სტილმა, პროექტებმა, ფილმების, მხატვრული ლიტერატურის პოპულარიზებამ, სადაც მასწავლებლის როლია წარმოჩენილი, გაზარდა პედაგოგობის მსურველთა რიცხვი. ახალგაზრდები უბრუნდებიან მუნიციპალიტეტს და თანამშრომლობენ ყოფილ მასწავლებელთან, ერთად ქმნიან საგანმანათლებლო რესურსებს, ტრენინგებზე მიღებულ ცოდნას ერთმანეთს უზიარებენ, თანამშრომლობენ, ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა სკოლასთან. შემოქმედებითი სახელოსნოს აქტივობები, თავისუფალი გაკვეთილები, შეხვედრები მწერლებთან, რეჟისორებთან, კრიტიკოსებთან, კინოცენტრთან ერთად განხორციელებული პროექტი – კინო სკოლაში, წიგნის კვირეულები და ლიტერატურული პროექტები არასრული ჩამონათვალია იმ აქტივობების, რომლებითაც ცდილობს საგნის სწავლების აუცილებლობა გაათავისებინოს მოსწავლეებს.

სათემო და სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობის მიზნით, თანამშრომლობს ადგილობრივ ხელისუფლებასთან, სხვადასხვა ფონდთან და, მათი მხარდაჭერით, არაერთი პროექტი და სოციალური აქტივობა განახორციელა.

არის აქტიური მოქალაქე, ორგანიზება გაუწია პროდასავლურ, ანტისაოკუპაციო და უკრაინის მხარდასაჭერ აქციებს. როგორც საქველმოქმედო ფონდის დირექტორმა,  არაერთი საქველმოქმედო საღამო გამართა, შემოსული თანხით კი შშმ პირებსა და ხანდაზმულებს დაეხმარა.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები