როგორც იქნა, 33-წლიანი მოლოდინის შემდეგ, სკოლის ახალი შენობა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთსაც ეღირსა – უკვე დასრულდა მისი მშენებლობა და მალე ოფიციალურადაც გაიხსნება, მოსწავლეებს კი ახალი სასწავლო წლიდან მიიღებს.
ახალი სკოლა 90 მოსწავლეზეა გათვლილი, თუმცა სადღეისოდ მათი რეალური რაოდენობა გაცილებით მცირეა – სკოლა მცირეკონტინგენტიანია. არადა, ერკეთი, რომელიც ჩემი სოფლიდან – ზემოხეთიდან არც ისე შორსაა, ბავშვობიდან ერთ-ერთი ხალხმრავალი სოფელი, მისი სკოლა კი მრავალრიცხოვანი და რაიონის სკოლებს შორის წამყვანი მახსოვს. სამწუხაროდ, ის დრო წარსულ წლებს წაუღია და ცოტა გაკვირვებულიც კი დავრჩი, როცა გავიგე, რომ თურმე წელს ამ სკოლას მხოლოდ 1 მოსწავლე ამთავრებს!
ესეც ცხადი დასტურია, მიგრაცია რაოდენ დიდ მასშტაბებს აღწევს, ამ მდგომარეობამდე კი სოფელი სკოლის პრობლემამ მიიყვანა – ყოფილი კოლმეურნეობის არასტანდარტულ შენობაში რაკი სწავლისთვის სათანადო პირობები არ იყო, მოსწავლეთა დიდი ნაწილი ახლომდებარე სოფლებში და დაბა ჩოხატაურში გადავიდა, მოსწავლეები კი ოჯახების გარეშე ვერსად წავიდოდნენ… სკოლა რომ თავის დროზე ეღირსებინათ სოფლისთვის ან ის ძველი არ შელახულიყო, დღეს ამ ისტორიულ სოფელში, რომელიც უძველესი ეკლესიით სავსებით დამსახურებულად იწონებს თავს და ჩოხატაურის ტურისტულ პოტენციალში დიდი ადგილიც უჭირავს, ასეთი სავალალო ვითარება არ იქნებოდა. ამ კონტექსტში შეუძლებელია არ გაგვახსენდეს ჩოხატაურის მაშინდელი განათლების განყოფილების გამგის, ამ სფეროს დიდი მოამაგის, ლიანა თოდუას ფრაზა, ადგილობრივი პრესის ერთი პუბლიკაციიდან, სადაც სოფლისთვის სკოლის მნიშვნელობაზე ამახვილებდა ყურადღებას: სოფელო, მოხედე სკოლას! მართლაც, სკოლა ხომ სოფლის საყრდენი ერთ-ერთი ძირითადი დედაბოძია. სკოლის დახურვიდან სოფლის დაცლამდე ერთი ნაბიჯია, რასაც ერკეთის და არა მხოლოდ მისი მაგალითი ადასტურებს (თუმცა, მიგრაციის მიზეზი მხოლოდ ესა არაა, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი კი ნამდვილადაა).
ცოტა გასაკვირია, მაინცდამაინც „ქრისტეს ასაკს“ ელოდნენ თუ რატომ დასჭირდა სკოლის მშენებლობას 33 წელიწადი იმ ქვეყანაში, სადაც რესტორნები და საცხოვრებელი კორპუსები სოკოებივით შენდება, ხშირად – სრულიად შეუსაბამო და ისტორიულ ადგილებშიც კი, აქ კი ათწლეულია, სოფელი და ბავშვები ამაოდ ელოდნენ ნორმალურ სასწავლო პირობებს. და როცა ეს ხდება რაიონული ცენტრიდან ერთი ხელის გაწვდენაზე, ორიოდ კილომეტრში, ვინ იცის, კიდევ რამდენ სოფელში ელიან ასე „ცის მანანასავით“ ახალ სკოლას და სასწავლო პირობებს, კიდევ რამდენი სკოლა არსებობს ასე „გზას ვამბობ, თორემ რა გზაას“ პრინციპით… ბუნებრივია, ხელისუფლებაც თავს მოიწონებს ამ სკოლის აშენებით — რაც გააკეთეს, მართლაც დასაფასებელია, თუმცა 21-ე საუკუნეში მსგავსი მარტივი რამ რამდენადაა თავის მოსაწონებელი, ეს საკამათოა… როცა ასეთი ისტორიის, ასეთი ბუნების მქონე სოფელი შენს თვალწინ იცლება, ეს დანაშაული უფრო გვგონია.
✔️?ახალი სკოლის შესახებ, სოფლის ცხოვრებაში მის მნიშვნელობასა და ზოგადად, ამ ისტორიული სოფლის შესახებ გვესაუბრებიან სკოლის ახლანდელი და ყოფილი დირექტორები – თენგიზ ოსეფაიშვილი და ციალა ჭიხვარია.
➡➡ თენგიზ ოსეფაიშვილი, ერკეთის საჯარო სკოლის დირექტორი: „სოფლიდან ბევრი ბავშვია წასული რაიონის სხვადასხვა სკოლაში. მოგეხსენებათ, სკოლა ალტერნატიულ შენობაში იყო შეხიზნული, მშობელსაც და მოსწავლესაც კი იქ ურჩევნიათ, სადაც უკეთესი პირობებია. როცა მოუწესრიგებელი გარემოა, ვერც გაამტყუნებ უკეთეს ადგილას წასვლის გამო, ახლა კი, რაკი აშენდა ახალი სკოლა, ვფიქრობ, აღარ გაუჩნდებათ სურვილი, დატოვონ მშობლიური სკოლა, მშობლიური სოფელი და სხვაგან გადავიდნენ. ჩემი აზრით, ეს მნიშვნელოვანი სიახლეა ამ სოფლის ცხოვრებაში, რაც შეაჩერებს მიგრაციას, ბავშვთა გადინებას სოფლიდან. სკოლის ძველი შენობა, სადაც ჯერ ისევ ვართ, არასტანდარტულია, გატიხრული ოთახებია, ფართიც პატარაა და საკლასო ოთახებიც, თუმცა ამაზე უარესი პირობებიც არსებობს, როცა ალტერნატიულ შენობაში შედიან ან ქირაობენ. ჩვენ ნაქირავებიც არ გვქონდა, მერიამ უზურფრუქტით გადმოგვცა სარგებლობაში, უკეთესი პირობების შექმნა კი იქ არ შეიძლებოდა. კარგია, ახალი სკოლა რომ აშენდა, სადაც მოწესრიგებული იქნება ყველაფერი, მოსწავლეებიც უკეთეს პირობებში გააგრძელებენ სწავლას და მასწავლებლები — მუშაობას. ორივეს უკეთესი პირობები ექნება. დღესდღეობით, ერკეთის საკრებულოში შემავალი ყველა სოფლიდან გვყავს მოსწავლეები — შუბანი, კოხი, ზემო და ქვემო ონჭიქედი, ზემო და ქვემო ერკეთი… მეზობელი იანეულიდანაც კი არიან ბავშვები, რომლებიც წლეულს გადმოვიდნენ ჩვენთან, რაკი ახალი სკოლა შენდებოდა.
ვინაიდან სკოლა მცირეკონტინგენტიანია, ახალი შენობა 90 მოსწავლეზეა გათვლილი, თუმცა, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისია. ნაგებობაც საიმედოა და მდგრადი, მყარადაა ნაშენები, ყველაფერია გათვალისწინებული, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს თანამედროვე შენობა: ნათელი საკლასო ოთახები, კეთილმოწყობილი სველი წერტილები, ბიბლიოთეკა, ლაბორატორია, კომპიუტერების, მანდატურის, ექიმის, დამლაგებლის ოთახები, ფართი ბუფეტისთვის… ერთი სიტყვით, კარგი პროექტიცაა და ხარისხიანადაცაა ნაშენები. ძალიან კარგი ღია მოედანია ხელოვნური საფრით, კალათბურთის ფარები, საფეხბურთო კარები, განათება… ფეხბურთის თამაშიც შეიძლება, კალათბურთისაც და ფრენბურთისაც, ძველ სკოლაში კი ბავშვები დერეფანში დარბოდნენ — იქვე გზაც გადის და მოსწავლეებს გარეთ ვერ ვუშვებდით. არც ეზო გვქონდა, ახლა კი ეს პრობლემაც მოიხსნება. ახალ სკოლას დახურული სპორტული დარბაზი არ აქვს, ალბათ, მცირე კონტინგენტის გამო არ შეიტანეს პროექტში.
მთელი შენობა, სველი წერტილების ჩათვლით, ადაპტირებულია სპეციალური საჭიროებების მოსწავლეებისთვის, თუმცა ამჟამად სკოლაში შეზღუდული შესაძლებობების მქონე ბავშვები არ გვყავს, ორი კია ისეთი, ვისაც ინდივიდუალური სასწავლო გეგმით მუშაობა სჭირდება.
ბუნებრივია, ამ პანდემიისას ჩვენც გვიჭირდა, როგორც ყველას, მთელ ქვეყანაში, თუმცა რეგულაციებს ბოლომდე ვიცავდით. დისტანციურ სწავლებაზე ჩვენც მოგვიხდა გადასვლა და თავიდან ცოტა კი გაგვიჭირდა, მაგრამ მერე მასწავლებლებმა იყოჩაღეს. მათ მართლაც დიდი შრომა ჩადეს ონლაინ გაკვეთილებში. თავიდან გაგვიჭირდა, რადგან ამის არც გამოცდილება გვქონდა და არც პირობები, მერე და მერე ტექნიკური საშუალებებიც მოაგვარეს და მშობლებიც დაგვიდგნენ გვერდში. თუმცა, ერთეულები მაინც დაგვრჩნენ, რომლებიც ინტერნეტის პრობლემების გამო ონლაინ გაკვეთილებში ვერ მონაწილეობდნენ. ერკეთის საკრებულოში ისეთი სოფლებიც შემოდის, სადაც ინტერნეტი საერთოდ არ იჭერს, მაგალითად, კოხში, ზემო ონჭიქედში… ასეთ მოსწავლეებს პედაგოგები ხან ტელეფონით უკავშირდებოდნენ, ხან მესენჯერით, სკაიპით და სოციალური ქსელებით, ხან მატერიალურად აწვდიდნენ მასალას. გვქონდა შემთხვევები, როცა მასწავლებელი სახლში აკითხავდა მოსწავლეს და რადგან ოჯახში შესვლა არ შეიძლებოდა, ჭიშკართან დაუკიდებდა სამუშაო მასალას… ერთი სიტყვით, ვინმე საერთოდ რომ დარჩენილიყო სასწავლო პროცესის გარეშე, ასეთი არავინ ყოფილა, ხოლო ვინ როგორ ახერხებდა აქტიურობას და ჩართულობას, ეს მეორე საკითხია. პედაგოგები ყველაფერს აკეთებდნენ საიმისოდ, რომ არც ერთი მოსწავლე არ დარჩენილიყო სასწავლო პროცესის მიღმა. მოგვიანებით ჩვენმა სამინისტრომ სპეციალური პლატფორმები შექმნა და ყველას ვიყენებდით. იმ სამუშაოებისთვის დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი სკოლის პედაგოგებს და მშობლებს, რომლებიც გვერდში დაგვიდგნენ.“
➡➡ ციალა ჭიხვარია, ერკეთის საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორი: „ჩვენს სოფელში პირველი სკოლა 1898 წელს გაიხსნა – ორკლასიანი სასწავლებელი, რომელიც დააარსა ვაჭართა „პირველი გილდიის“ წარმომადგენელმა, ვასილ სიხარულიძემ. მან მასწავლებლები მოიწვია ლანჩხუთიდან, ასევე იყო ქართულის მასწავლებელი ფოცია კალანდაძე ხიდისთავიდან, გრიგოლ როგავა – სკოლის მმართველი. მოგვიანებით, 7-წლიან სკოლად გადაკეთდა – შრომის სკოლა თუ რაღაც მსგავსი ერქვა, 1943 წელს კი საშუალო სკოლად გადაკეთდა და იმავე წელს, პირველი თაობა გამოუშვა. ყოველ შემთხვევაში, ზეპირგადმოცემით, ასეთი ინფორმაცია გვაქვს, წერილობითი საბუთი კი არ გაგვაჩნია იმის მიუხედავად, რომ არქივშიც კი მოვიკითხეთ მონაცემები. ეს ცნობებიც იმ პირველი გამოშვების ერთ-ერთმა წევრმა, ამბროსი კობიძემ მოგვაწოდა, რომელმაც გადმოგვცა თანაკლასელების სია, ვინც კი გაიხსენა.
სადაც ახლა ახალი სკოლა აშენდა, ადრე იქ ხის პატარა შენობა იდგა. მერე ერკეთის თემში შემავალ სოფლებში – ონჭიქედსა და შუბანში – მაშინდელი კოლმეურნეობები გაუქმდა და ამ ადმინისტრაციული შენობებით, ანუ როგორც მაშინ უწოდებდნენ – კანტორით ააშენეს უფრო დიდი მოცულობის ხის სკოლა. 1968 წელს ის დაშალეს და აგურის დიდი შენობა ააგეს, მაშინდელი სტანდარტების შესაბამისად, ლაზარეთის ტიპის, რათა რაიმე ეპიდემიის საშიშროებისას ლაზარეთადაც გამოეყენებინათ. ვერ გეტყვით, რატომ შიშობდნენ ასე, მაგრამ სკოლას ჰქონდა დიდი დერეფნები, დიდი ოთახები, ანუ ისეთი პროექტი იყო, რომ საჭიროებისას საავადმყოფოდ გადაკეთებულიყო. ყოველ შემთხვევაში, ძალიან ლამაზიც იყო და სკოლისთვისაც მოსახერხებელი, მაგრამ 1988 წელს იმ შენობიდან გამოსვლა მოგვიწია – ჯერ კიდევ წინა წლებში შენობას ბზარები გაუჩნდა. მოიყვანეს გეოლოგები და მათ დაასკვნეს, რომ შენობის ქვეშ, 23 მეტრის სიღრმეზე, წყალი გადიოდა. იქაურობას ხევები ნამდვილად ესაზღვრება და პატარა ნაკადული მართლაც გადის, ჭაობიანი ადგილიცაა, თუმცა მერე ისიც დამტკიცდა, რომ შენობას არ ჰქონდა სარტყელი, ამასთან, იყო მძიმე გადახურვა – ორსართულიან შენობას როგორც პირველ, ასევე მეორე სართულზე მძიმე „სინკარები“ ეწყო და კედლებიც დაიბზარა. ამიტომ, 1988 წელს, გამოვედით იქიდან და კოლმეურნეობის შენობაში შევედით. მას მერე, 31 წელიწადია, ველოდებით ახალ სკოლას. ხან რომელი ხელისუფლება დაგვპირდა, ხან რომელი, შარშან კი, საბედნიეროდ, ეს საქმე ადგილიდან დაიძრა და საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოვჩნდით.
არ ვიცი, ვის სჭირდებოდა კოლმეურნეობის იმ ყოფილი ადგილის დაუფლება, სადაც სკოლა გვქონდა, მაგრამ გამგეობამ ახლანდელი სკოლის ცოტა ქვევით, ჭაობიან ადგილას გამოგვიყო სკოლისთვის ფართი და პროექტიც გაკეთდა, თუმცა მერე დაგვეხმარა ჩვენი მაშინდელი მაჟორიტარი ნინო წილოსანი, რომ იმავე ტერიტორიაზე, სადაც ახლა ვართ, აშენებულიყო ახალი სკოლა. მშენებლობა ძალიან სწრაფი ტემპით წარიმართა – შარშან იანვარში დაიწყო და პანდემია რომ არა, ალბათ, 2 თვით ადრე შევიდოდით. ძალიან კარგი შენობაა – ერთსართულიანი, მოსახერხებელი, გათვლილია 90 ბავშვზე, 9 საკლასო ოთახი და 3 კაბინეტ-ლაბორატორიაა, რომლებსაც, ალბათ, საკლასო ოთახებად გამოვიყენებთ. როცა ამ სკოლის მშენებლობა დაიწყო, 54 მოსწავლე იყო, თუმცა ისიც დაგვათვლევინეს, რამდენი ბავშვი იყო წასული ჩვენგან ჩოხატაურში – პირველ სკოლაში, ასევე, სამრევლოსა და გუთურში. სამწუხაროდ, ჩვენი ბავშვები სხვა სკოლებში გადავიდნენ, რადგან კოლმეურნეობის კანტორაში გადასვლის შემდეგ დასაჯდომი ადგილიც არ გვქონდა, ზოგიერთ ოთახში მხოლოდ 3-4 ბავშვი ეტეოდა… ახალი სკოლის პროექტის შედგენისას ეს ყველაფერი გათვალეს და ისიც გაითვალისწინეს, რომ საბავშვო ბაღშიც ბევრი ბავშვია. მაგალითად, შარშან პირველ კლასში 7 მოსწავლე შემოვიდა, წელს – 4, გაისად კი 9 მოსწავლე გვეყოლება. საწყისი კლასებიდან იზრდება მოსწავლეთა რაოდენობა, თორემ მე-12 კლასს წელს ერთი ბავშვი ამთავრებს. სამწუხაროდ, სოფელი მიგრაციულია, რაც არჩევნებზეც გამოჩნდა, ძირითადად, ასაკოვანი ხალხია. თუმცა სოფელში შიდა სასოფლო გზებიც კეთდება, რაიონულ ცენტრთან დამაკავშირებელი გზაც კარგია, სოფელიც გაზიფიცირებულია და აქ არსებული დედათა მონასტერიც კარგი სტიმულია, მაგრამ სამუშაო ადგილები რომ არაა და სოფელში არაფერი იქმნება, „შემოდგომის აზნაურებივით“ ვართ – რასაც მოვიწევთ, წლიდან წლამდე თუ მიგვყვა, მაგარი ვაჟკაცობაა.
ახალი სკოლა მიგრაციას ცოტათი მაინც შეაჩერებს, რადგან ეს დიდი სტიმულია: ჩვენგან სხვაგან გადასული რამდენიმე ბავშვი უკვე მობრუნდა; მეზობელ სოფელ იანეულშიც რომ გაიგეს, სკოლა შენდებოდა, სექტემბრიდან ისინიც ჩვენთან მოვიდნენ, ბუკისციხეში აღარ წასულან. გაკვეთილები ჩვეულებრივ ტარდება საკლასო ოთახებში, 45-წუთიანი, ცხადია, რეგულაციების სრული დაცვით. მთელი ეს წლები ისე ვიყავით, სკოლაში ეზოც არ გვქონდა, მაგრამ ამას გავუძელით და გადავიტანეთ. მთელი ბედნიერება ისაა, რომ ახალ სკოლაში ეზო გვექნება, მშვენიერი სპორტული კომპლექსი გაკეთდა, სველი წერტილები ბიოსტანდარტისაა და ზოგადად, ახალი ტიპის პროექტია — ასეთი სკოლა ჩოხატაურის რაიონში არსად არ მინახავს, რისთვისაც დიდი მადლობა სამშენებლო კომპანიას.
ამ სკოლის ბევრი კურსდამთავრებული იმთავითვე იყო საზოგადოების გამოჩენილი წევრი. ჯერ კიდევ კომუნისტების დროს, ბევრი მუშაობდა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე, მაგალითად, გრიგოლ მგალობლიშვილი. აქედან იყვნენ ძველი ბოლშევიკები – კალანდაძეები, რამიშვილები; ამ სოფელში, ახალგაზრდობაში, სტალინიცაა ნამყოფი, ჯერ კიდევ იმ დროს, როცა კობა ერქვა. სევერიან კალანდაძემ მოიყვანა და აქაურ ეკლესიაში იმალებოდა. ეს სკოლა დაამთავრეს ანტონ შაქარიშვილმა, დიმიტრი მდივანმა, მიხეილ რამიშვილმა – დიდებული ადამიანები, თამადობიდან დაწყებული, ყველგან რომ გამოდგებოდნენ და სოფელი რომ აფასებდა, ისეთი პიროვნებები. ჩვენი სკოლის აღზრდილია საქართველოს პარლამენტის ორი მოწვევის დეპუტატი დავით ჟღენტი და კიდევ უამრავი ადამიანი.
ძველად ჩვენს სოფელში ბაზრობაც იმართებოდა, ისეთი მდებარეობა აქვს, აქედან სურების ხეობა ჩანს, იქით – ჩოხატაური და მთელი ხეობა ოზურგეთამდე. სოფელში იმართებოდა სახალხო დღესასწაული ალეგრო. ჩვენი სოფელი უძველესი დროიდან მოიხსენიება. პროფესორი იური სიხარულიძე წერს, რომ მისი სახელი მომდინარეობს ერკინა, ანუ რკინადან – აქ რკინის მოპოვება-დამუშავება ხდებოდაო, თუმცა სად, ეს არ ვიცით, რადგან დღეს სოფელში მსგავსი არაფერია. სამაგიეროდ, ეკლესიაში სამკურნალო წყალია, რომელსაც უშვილობის წამლად მიიჩნევენ და იქ დღესაც დადიან უშვილო წყვილები.
დედათა მონასტერი დიდ როლს ასრულებს სოფლის სულიერ ცხოვრებაში. იქ პატრიარქიც ორჯერაა ნამყოფი. ძალიან მშრომელი დედაოები ჰყავთ, რომლებმაც იქაურობა ბაღნარად აქციეს — მოაშენეს ფუტკრები, პირუტყვი, საკუთარი წარმოებაც აქვთ, ნამცხვრებს აცხობენ და რაიონულ ცენტრში ჰყიდიან. მართლაც მისაბაძნი არიან, რწმენაც გააძლიერეს და მრევლიც ბევრი ჰყავთ. ჩვენ გვასწავლიდნენ, რომ ეკლესია აშენებული უნდა იყოს მე-15 საუკუნის მეორე ნახევარში, თუმცა იქაურები აშენების თარიღად მე-9 საუკუნეს ასახელებენ. სამშენებლო ქვები გუბაზოულის ნაპირიდან მოუზიდავთ. ამბობენ, ხელიდან ხელში გადადიოდა ქვები და ისე ამოიტანეს, მთელი სოფლები გამოსულა მშენებლობაზეო. თავდაპირველი ნაგებობა ბაზილიკის ტიპის ყოფილა, დღეს კი ოთხსართულიანი შენობაა.
ეკლესია ზარზმიდან გადმოსულ ძმებ ბალაძეებს აუშენებიათ – მოსეს, ენუქის და ელიას. „ჩვენ სამთა ძმათა ბალაძეთ,/მოსე, ექნუ, ელია,/ ზარზმის ტაძარი დავაგდეთ,/შევიქენთ ერკეთელია“ – ასეთი ლექსი არსებობს ამ ტაძრის შესახებ. ამ ძმათაგან ერთი დარჩენილა მგალობლად და მისი შთამომავლები არიან მგალობლიშვილები, ის ორნი კი სხვაგან განაწილებულან. უკანასკნელი მღვდელიც მგალობლიშვილი იყო – ნიკოლოზი, იქვეა დასაფლავებული, ეკლესიის ეზოში. ჩვენი სკოლაც ისევე გვინდა გავალამაზოთ, როგორც ეს ეკლესია მორთეს დედებმა, უკვე ყვავილებიც დავრგეთ, სხვა მცენარეებიც, გურიის გუბერნატორიც გვესტუმრა და ბავშვებთან ერთად თავისი ხელით დარგო ნარგავები.
ირაკლი თავაძე