27 ივლისი, შაბათი, 2024

მინისტრის განცხადება მასწავლებლების პროტესტთან დაკავშირებით

spot_img

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგი გამართა. მან მასწავლებლების პროტესტთან დაკავშირებით ისაუბრა, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარეობს.

გიორგი ამილახვარი: „შევხვდი ამ ადამიანებს, ჩემს მოადგილეებთან ერთად. მოვუსმინე მათ არგუმენტებს და პირადად გავაცანი სახელფასო პოლიტიკისა და დირექტორების არჩევნების შესახებ ჩემი მოსაზრებები. ჩვენ ყველას ვხვდებით. კონკრეტულად ამ ადამიანებს ადრეც არაერთხელ შევხვდი. თითოეულის გულისწუხილი ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ვთვლი, რომ ადამიანი, რომელსაც აქვს რაიმე პრობლემა, მოსმენას აუცილებლად იმსახურებს.

ჩვენ არ მივეკუთვნებით იმ კატეგორიას, რომელიც არ ითვალისწინებს საზოგადოების აზრს. ვიცით როგორია უმრავლესობის განწყობა, ვიცით, რომ ყველაფერი კარგად მიდის, თუმცა ერთი ადამიანიც თუ აპროტესტებს რაღაცას მას აუცილებლად შევხვდებით და მოვუსმენთ.

მინდა აღვნიშნო, რომ თავად სასკოლო საზოგადოება – მასწავლებლები და მშობლები – სცემს პასუხს დირექტორობის მსურველთა კონკურსის ირგვლივ დასმულ კითხვებს, რომ არსად არ გამოკვეთილა არანაირი სამართალდარღვევა და ამ პროცესს უკმაყოფილება არ გამოუწვევია. თუ კონკრეტული პირები თვლიან, რომ დაირღვა მათი უფლებები, ამისთვის არსებობს სასამართლო, ასე ხდება ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში. პირველები ვართ, ვინც დავიწყეთ სკოლების ავტონომიის ზრდაზე მუშაობა, ასე რომ მათი არგუმენტები ამ კუთხით მიუღებელია.“

გიორგი ამილახვარმა მასწავლებლის ანაზღაურების მატებაზეც ისაუბრა: „2024 წლის პირველი ივლისიდან მასწავლებლის ანაზღაურება, სრული დატვირთვის შემთხვევაში, საშუალოდ, 500 ლარით გაიზრდება. შედეგად, ბოლო წლებთან შედარებით, ისინი აიღებენ 4-ჯერ, 5-ჯერ მეტ ხელფასს.

ჩვენთვის ერთ-ერთი და უმნიშვნელოვანესი მიმართულება არის ზოგადი განათლების განვითარება. ამ კუთხით ყველაზე მთავარია მასწავლებლების სახელფასო პოლიტიკის გაუმჯობესება. ჩვენი ხელისუფლების დროს პედაგოგთა ანაზღაურების დაახლოებით 200%-იანი მატება იყო და ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება. მიმდინარეობს ახალ სახელფასო ფორმულაზე მუშაობა.

პროცესში ჩართულია ყველა დაინტერესებული მხარე. 2024 წლის პირველი ივლისიდან მასწავლებლის ანაზღაურება სრული დატვირთვის შემთხვევაში საშუალოდ 500 ლარით გაიზრდება“.

რატომ პირველი ივლისიდან? მინისტრმა ეს გადაწყვეტილება ასე განმარტა: „იმიტომ, რომ აუცილებელია სისტემა გადაერთოს ახალ სახელფასო პოლიტიკაზე და ამის გაკეთება შეუძლებელია სასწავლო წლის მიმდინარეობისას. შესაბამისად, სასწავლო წელი როგორც კი დასრულდება – პირველი ივლისიდან ამოქმედდება ახალი სახელფასო სისტემა. ჩვენი გმირი მასწავლებლები იმსახურებენ ღირსეულ ანაზღაურებას. საბოლოოდ, ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს სკოლებში კიდევ უფრო ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფას, რაც ჩვენი ნათელი მომავლის საწინდარია“.

გიორგი ამილახვარმა, ბრიფინგზე, დირექტორობის მსურველთა კონკურსის შესახებ დასმულ შეკითხვებს უპასუხა. მისი განცხადებით, ხელისუფლების ოპონენტები მიზანმიმართულად ცდილობენ, როგორმე დააზიანონ რეფორმები, რომლებიც წარმატებით ხორციელდება და ავრცელებენ დეზინფორმაციას სხვადასხვა საკითხზე – იქნება ეს მასწავლებელთა ხელფასების მატება, თუ დირექტორობის მსურველთა კონკურსი.

გიორგი ამილახვარი: „აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არაერთი განცხადება გავაკეთე და კიდევ ერთხელ განვმარტავ. დღეს ჩვენი ოპონენტები ხედავენ, რეფორმები წარმატებით მიმდინარეობს, პრობლემებს ვუმკლავდებით და პოზიტივი მოდის სისტემიდან – ბუნებრივია ახლა მათ სხვა ამოცანა არ ამოძრავებთ, გარდა იმისა, რომ როგორმე დააზიანონ ეს პროცესი. ისინი ავრცელებენ დეზინფორმაციას სხვადასხვა საკითხზე. იქნება ეს ხელფასების მატება, თუ დირექტორობის მსურველთა კონკურსი.

აღსანიშნავია, რომ სკოლების 92%-ში, სადაც კონკურსები ჩატარდა და აპლიკანტებმა შემოიტანეს განცხადებები, სკოლების სამეურვეო საბჭოებმა თავად აირჩიეს კანდიდატები. მხოლოდ 8% დარჩა ისეთი, სადაც არ აურჩევიათ. მე გამიზნულად არცერთი დისკრეცია არ გამომიყენებია, თუმცა ამის სრული, კანონიერი უფლება მაქვს. და ახლა ზოგიერთი ადამიანი აცხადებს, რომ უნდა გამოვიყენოთ დისკრეცია. რისთვის უნდა გამოვიყენოთ? კვალიფიციურმა კომისიამ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო. შესაბამისად, ჩვენ მხოლოდ წარდგენის უფლება გამოვიყენეთ. იყო ადგილები, სადაც აირჩიეს კანდიდატი, მაგრამ იყო ადგილები, სადაც არ აურჩევიათ. თუ ვინმე არ იქნა წარდგენილი ეს აუცილებლად დასაბუთებულია შესაბამის ოქმებში. ნებისმიერ ადამიანს უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს თუ ფიქრობს, რომ მათი უფლება შეილახა. სიმართლე ერთია – დაახლოებით 900 სკოლაა, სადაც ახალი დირექტორი დაინიშნა და ერთ შემთხვევასაც ვერ ასახელებენ, რომ ვინმე არაკვალიფიციური ან გარკვეული სუბიექტური მიზნებით განწესებული, ხელისუფლებასთან დაკავშირებული ადამიანი შეირჩა.

ბრძენია ხალხი, ბრძენი არიან ჩვენი პედაგოგები და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებიც დღეს ქმნიან განათლების სისტემას. შესაბამისად, ბუნებრივია, ისინი არასდროს აჰყვებიან ვიწრო ინტერესებზე დაფუძნებულ ცრუ აჟიოტაჟს, რომლის უკანაც შესაძლოა, იყოს გულისწყრომა. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, თუ ვინმე თვლის, რომ მისი უფლებები დაირღვა, ამისთვის არ არის გარკვეული პროტესტები საჭირო, ამისთვის საჭიროა სამართლებრივად მოქმედება. იმ შემთხვევაში, თუ ამ პროტესტის უკან დგას დიდი პოლიტიკური ამოცანები, მაშინ გასაგებია რატომაც – მათ უნდათ, დააზიანონ ის მასშტაბური რეფორმები, რომლებიც ჩვენ განათლების სისტემაში დავიწყეთ“.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები