საქართველოს ისტორია არაერთი ქართველი სახელოვანი ქალის სახელს ინახავს. საბჭოთა საქართველოში მათ შესახებ ხმამაღლა არავინ საუბრობდა, ისინი თითქოს არც არსებობდნენ. უფრო მეტიც, იმ ქალების შესახებ, რომლებმაც უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულეს ჩვენი ქვეყნის განვითარების პროცესში, დღევანდელი ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოებში არაფერია ნათქვამი, ქალების, რომლებიც აქტიურად იბრძოდნენ ქალთა უფლებებისთვის, განათლებისთვის, წერდნენ, აპროტესტებდნენ და ეს ყველაფერი, სიცოცხლის ფასად უჯდებოდათ. ღირსეულთა შორის გამორჩეული და განსაკუთრებული ადგილი ეჭირათ პირველ პარლამენტარ ქალებს, რომლებსაც თანამედროვეობამ „26 მაისის ქალები“ უწოდა.
ვერც სიკვდილის შემდეგ დაამარცხა საბჭოთა რეჟიმმა ისინი. სტატიის მიზანია, რომ მათი სახელები, რაც შეიძლება, მეტ ადამიანამდე მივიტანოთ, რადგან იცოდეს მომავალმა თაობამ მათი დაუღალავი ბრძოლის შესახებ ქვეყნის განვითარებისთვის, სხვების განათლებისთვის, სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად და რაც მთავარია, ქალთა გაძლიერებისთვის, რომ საქართველოს ისტორიის დიდი ნაწილი სწორედ ქალების ხელით, მათი შრომითა და ბრძოლით დაიწერა.
1918 წლის 26 მაისს საქართველომ ეროვნული სახელმწიფოებრიობა აღიდგინა. დაკომპლექტდა კოალიციური მთავრობა, რომელშიც სხვადასხვა პარტია იყო წარმოდგენილი. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტი წარმომადგენლობითი იყო, მასში შედიოდნენ ეთნიკური, თუ რელიგიური უმცირესობები, ის მაინც ვერ ჩაითვლებოდა უმაღლესი ლეგიტიმაციის მქონე ორგანოდ, რადგან არ იყო მოსახლეობის მიერ არჩეული. ამიტომ საქართველოს პარლამენტმა, 1918 წლის 22 ნოემბერს, მიიღო დამფუძნებელი კრების არჩევნების დებულება, რის შედეგადაც გადაწყდა, რომ საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევნები 1919 წლის თებერვალში უნდა ჩატარებულიყო. არჩევნებში მონაწილეობის უფლება ქვეყნის ყველა სრულწლოვან (20 წლის) მოქალაქეს ჰქონდა – აქტიური და პასიური ხმის უფლებით, მიუხედავად სქესისა, სოციალური, რელიგიური ან ეთნიკური კუთვნილებისა. არჩევნებში ხმის მიცემის და კანდიდატად კენჭისყრის უფლება მიეცათ ქალებსაც.
105 წლის წინ, 1919 წლის 14 თებერვალს, საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევის მიზნით, საქართველოში პირველი დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა – საყოველთაო, თანასწორი, ფარული და პირდაპირი ხმის მიცემის პრინციპით. გაიმარჯვა საქართველოს სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ, ხმების 81,5%-ით. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოს დამფუძნებელთა კრებაში 130 დეპუტატი შედიოდა. სხვადასხვა პარტიის სახელით, 17 ქალი იყრიდა კენჭს, რომელთაგან ხუთი წევრად აირჩიეს. ყველა მათგანი სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი იყო: №36 ელეონორა ტერ-ფარსაგოვა-მახვილაძისა; №61 მინადორა ტოროშელიძე; №72 ქრისტინე შარაშიძე; №79 ელისაბედ ბოლქვაძე; №110 ანნა (ოლღა) სოლოღაშვილი.
ელეონორა ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძე
1902 წლიდან იყო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი. 1905 წლის 17 ოქტომბრის მანიფესტის შემდეგ, ორგანიზაციამ „რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ბათუმის კომიტეტის სოხუმის ჯგუფი“ (რომლის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო ელეონორა) რეალურად ხელში აიღო ქალაქ სოხუმის მმართველობა და ჩაანაცვლა მეფის ხელისუფლების თითქმის ყველა სტრუქტურა. ამის გამო, 1908 წელს, პირველად დააპატიმრეს. 1917 წლამდე კიდევ სამჯერ იყო დაპატიმრებული.
1918 წელს აირჩიეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად სოციალ-დემოკრატების სიით. 1921 წლიდან, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, ჩართული იყო არალეგალურ, ანტისაბჭოთა მოძრაობაში, 1924 წლის აჯანყების შემდეგ აქტიურობდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის არალეგალური ორგანიზაციების აღდგენის პროცესში. 1925 წელს აირჩიეს საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის არალეგალური ცეკას შემადგენლობაში.
საქართველოს სსრ-ს საგანგებო კომისიამ, 1926 წელს, დააპატიმრა და გადაასახლა. გადასახლებიდან 30-იან წლებში დაბრუნდა. ეწეოდა კერძო პედაგოგიურ საქმიანობას.
ელეონორა მახვილაძის საბრალდებო დასკვნაში ვკითხულობთ: „…დანაშაულებრივი საზოგადოების საქმიანობა სასწავლო დაწესებულებებში მეცადინეობების ნორმალურად წარმართვის პროცესზეც აისახა. 1905 წლის ნოემბრისა და დეკემბრის განმავლობაში სოხუმის ყველა სასწავლო დაწესებულება დაკეტილი იყო. ამ მხრივ ყველაზე თვალსაჩინო როლი ითამაშა კერძო სკოლის მასწავლებელმა, ექიმის ცოლმა, ელეონორა მიხეილის ასულმა მახვილაძემ. ის კრებდა საქალაქო და რეალური სკოლის მოსწავლეებს და ასწავლიდა მათ „მარსელიეზას“ სიმღერას“.
„ექიმის ცოლი“ ელეონორა რეალურად გაცილებით მეტი სტატუსის მატარებელი იყო, ვიდრე უბრალოდ ექიმის ცოლობაა. ის იყო განმანათლებელი, რევოლუციონერი ქალი, რომელიც ყველა რესურსს იყენებდა იმისათვის, რომ ქვეყნის ბედი სასიკეთოდ შეეცვალა. როგორც ჩანს, ის შესანიშნავად ხვდებოდა, რომ ცვლილებები იწყება იქ, სადაც ადამიანი სუფთა ფურცლიდან იწყებს ჩამოყალიბებასა და ღირებულებების გააზრებას. 1905 წელს, სოხუმში, ერთ-ერთ კერძო სკოლაში ასწავლიდა. და ასწავლიდა არა მხოლოდ საგანს, არამედ ქვეყნის სიყვარულს. მასწავლებელი, რომელიც სკოლის მოსწავლეებს დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებდა, ბუნებრივია, მმართველ პირებს თვალში არ მოსდიოდათ. 1905 წელს ელეონორა დაპატიმრებას მხოლოდ სოხუმის ციხის გადატვირთულობისა და იქ ქალთა განყოფილების არარსებობის გამო გადაურჩა. მისი მეამბოხე ბუნება არც ამის მერე შენელებულა და სამი წლის თავზე დაპატიმრებასა და გადასახლებას უკვე ორსულობის გამო გადაურჩა. 1917 წლამდე ელეონორა მახვილაძე კიდევ სამჯერ იყო დაპატიმრებული.
სისტემის მხრიდან სადამსჯელო ღონისძიებებმა ახალგაზრდა ქალში ბრძოლის სურვილი ვერაფრით ჩაახშო, კვლავ აქტიურად განაგრძობდა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში ერთ-ერთი მთავარი როლის შესრულებას. 1919 წელს ის ჯერ თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნად, შემდგომ კი თბილისის საპატიო მომრიგებელ მოსამართლედ აირჩიეს. დაახლოებით ერთ თვეში, 1919 წლის 12 მარტს, საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით, ელეონორა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად აირჩიეს – ასე გახდა ის ერთ-ერთი პირველი ქართველი პარლამენტარი ქალი, რომლისთვისაც ისტორიის სახელმძღვანელოებში ადგილი დღემდე ვერ მოიძებნა.
ელეონორა იყო შრომის, საპენსიო და ჯანმრთელობის კომისიების წევრი. 1921 წელს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საბჭოთა რუსეთის მიერ ოკუპირების შემდეგ, ის საქართველოში დარჩა და აქტიურად ჩაერთო წინააღმდეგობის მოძრაობაში. ელეონორას არსებობა საბჭოთა რეჟიმისთვის საფრთხის შემცველი იყო, ამიტომ მის ყოველ ნაბიჯს აკონტროლებდნენ. მიუხედავად ამისა, ის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ქალთა კომიტეტში აქტიურად მუშაობდა, პოლიტიკური პატიმრებისა და მათი ოჯახების დასახმარებლად. 1922 წლიდან კომიტეტი ბოლშევიკურ საოკუპაციო რეჟიმთან მებრძოლი პარტიების ერთიან ორგანიზაციად გარდაიქმნა და „საქართველოს პოლიტიკური წითელი ჯვარი“ ეწოდა.
1922 წლის 10 თებერვალს, საქართველოს ოკუპაციის წლისთავის აღნიშვნისას, დაგეგმილი ანტისაბჭოთა დემონსტრაციების აღსაკვეთად, საქართველოს საგანგებო კომისიამ ანტისაბჭოთა პარტიების ლიდერების და აქტიური წევრების დაპატიმრება დაიწყო. დაპატიმრებულთა შორის აღმოჩნდა ელეონორა მახვილაძეც. თუმცა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მალევე გაათავისუფლეს.
ანტისაბჭოთა აჯანყების შემდეგ სოციალ-დემოკრატიული პარტია, ფაქტობრივად, განადგურებული იყო. ელეონორა პარტიის არალეგალური ორგანიზაციების აღდგენის პროცესში ჩაერთო. 1925 წელს ის საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის არალეგალური ცენტრალური კომიტეტის შემადგენლობაში აირჩიეს, ხოლო თავმჯდომარის – სოლომონ თელიას დაპატიმრების შემდეგ, ცეკას ხელმძღვანელობდა. მონაწილეობდა პარტიის ახალი ტაქტიკის შემუშავებასა და საორგანიზაციო საქმიანობის გამოცოცხლებაში. ელეონორა სისტემასთან ბრძოლით არ იღლებოდა, სისტემა კი – ელეონორასთან. 1926 წელს კვლავ დააპატიმრეს და გადასახლება მიუსაჯეს. გადასახლებიდან დაბრუნებული კერძო პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა, თავის პირვანდელ საქმიანობას, რაც ცოდნის გადაცემასა და გაზიარებას გულისხმობდა. მან ყველაზე კარგად იცოდა, რომ ცვლილებებისთვის არაფერს აქვს ისეთი დიდი ძალა, როგორც განათლებას. ელეონორა ერთ-ერთი პირველი პარლამენტარი ქალი იყო, რომელმაც მთელი ცხოვრება სასტიკი საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში გაატარა. გადასახლებიდან დაბრუნებული მალე გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების თარიღი უცნობია.
მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძე
1918 წლიდან მონაწილეობდა საქართველოს ეროვნული საბჭოს მუშაობაში, ხელი მოაწერა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აქტს. 1918 წელს იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. 1919 წელს აირჩიეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად სოციალ-დემოკრატების სიით. იყო შრომის და სახალხო ჯანმრთელობის კომისიის წევრი. 1921 წლის თებერვალში, საბჭოთა რუსეთის არმიის თავდასხმისას, მუშაობდა საქართველოს წითელ ჯვარში. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ჩაბმული იყო ანტისაბჭოთა არალეგალურ მოძრაობაში. მომდევნო წლებში რეპრესიებს ემსხვერპლნენ მისი ქმარი და შვილები, თავად მინადორა კი მრავალგზის გადაასახლეს. მხოლოდ 1950 წელს მიეცა თბილისში დაბრუნების შესაძლებლობა. რეაბილიტირებულია 1956 წელს.
მინადორა ორჯონიკიძე 1879 წელს, სოფელ ღორეშაში დაიბადა. პოლიტიკისადმი ინტერესი ქუთაისის წმინდა ნინოს ქალთა გიმნაზიის დასრულებისთანავე გაუჩნდა და მალევე ჩაერთო მარქსისტული წრეების მუშაობაში. 1901 წელს სასწავლებლად ჟენევაში გაემგზავრა. ჟენევა რუსეთის იმპერიისგან გაქცეული ბევრი რევოლუციონერისთვის თავშესაფრის ფუნქციას ასრულებდა. მინადორა არც ჟენევაში ჩამოშორებია სამშობლოს და სამედიცინოზე სწავლის პარალელურად, აქტიურად მონაწილეობდა ქართველ რევოლუციონერთა დისკუსიებსა თუ შეკრებებში. ის ჩანდა ყველგან, სადაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ამბავი წყდებოდა, მისი ხმა ისმოდა ყველგან, სადაც რაღაც იცვლებოდა. ან, შესაძლოა, რაღაც იცვლებოდა იქ, სადაც ის იდგა.
„პოლიტიკამ დაიკავა პირველი ადგილი და გაცილებით მეტ დროს მართმევდა, ვიდრე მედიცინა. ეს ხანა გახდა ჩემს ცხოვრებაში გეზის შემმუშავებელი და ჩემი ბედ-იღბლის გადამწყვეტი,“ – წერს მინადორა თავის მოგონებებში. ჟენევაშივე გაიცნო მალაქია ტოროშელიძე, რომელზეც იქორწინა. 1905 წელს, მეუღლესთან ერთად, საქართველოში დაბრუნდა და რევოლუციურ მოძრაობაში ჩაერთო. ამავე პერიოდიდან იწყება პარტიული განხეთქილება სოციალ-დემოკრატებში. ისინი „მენშევიკებად“ და „ბოლშევიკებად“ იყოფიან. ცოლ-ქმარი სხვადასხვა ბანაკში აღმოჩნდა, თუმცა ამ ფაქტს მათ პირად ცხოვრებაზე გავლენა არ მოუხდენია.
მინადორა ყოველთვის პოლიტიკური პროცესების ეპიცენტრში იყო. დამფუძნებელი კრების წევრობამდე მან გრძელი და რთული გზა გაიარა. 1917 წლიდან ქალთა სოციალ-დემოკრატიულ ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა, ამავე წელს ის საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად აირჩიეს. 1918 წელს მინადორა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი გახდა, 26 მაისს კი ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს. 1919 წელს აირჩიეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად სოციალ-დემოკრატების სიით, სადაც ღირსეული ადგილი დაიკავა დანარჩენ ოთხ ქალთან ერთად. ის იყო შრომის და სახალხო ჯანმრთელობის კომისიის წევრი. აქტიურად იყო ჩართული ქალთა გაძლიერების პროცესებში – ხელმძღვანელობდა ქალთა პოლიტიკურ კლუბს და დედათა და ბავშვთა დამცველ საზოგადოებას.
მინადორა მაშინაც ქვეყნის სამსახურში იყო, როცა საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პერიოდი დადგა – 1921 წლის თებერვალი. წითელი არმიის შემოჭრის დროს ის იყო საქართველოს წითელი ჯვრის წევრი და ფრონტზე მუშაობდა. მას არც საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირების შემდეგ დაუტოვებია თბილისი. ჩართული იყო წინააღმდეგობათა მოძრაობაში. არალეგალურად ეხმარებოდა პოლიტიკურ პატიმრებსა და მათ ოჯახებს. მინადორას პოლიტიკური თუ სოციალური აქტივიზმი საბჭოთა სისტემას ყურადღების მიღმა არ დარჩენია.
1924 წელს ის დააპატიმრეს და მოსკოვში გადაასახლეს. საქართველოში დაბრუნების უფლება მხოლოდ მას შემდეგ მისცეს, რაც სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში მუშაობაზე უარი თქვა. თუმცა, როგორც ჩანს, სამშობლოში დაბრუნებულს კვლავ გაუგრძელებია საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ საქმიანობა. შედეგად, 1936 წელს, ჯერ მისი მეუღლე, მალაქია ტოროშელიძე დააპატიმრეს, შემდეგ მინადორა, ბოლოს კი მათი ვაჟი — გიორგი. მოგვიანებით დააპატიმრეს უმცროსი ვაჟიც — ლევან ტოროშელიძე. მინადორას, 5 წლით, ყაზახეთის სსრ-ში გადასახლება მიუსაჯეს, მისი ოჯახის წევრები კი სიკვდილით დასაჯეს (დახვრიტეს). გადასახლებიდან დაბრუნების უფლება მხოლოდ 1950 წელს მისცეს.
მინადორა ორჯონიკიძე, გარდა პოლიტიკური ცხოვრებისა, აქტიურად იყო ჩართული კულტურის სფეროშიც. ირიცხებოდა ქუთაისის ერთ-ერთ პირველ თეატრალურ დასში და აღნიშნავდა, რომ იმ დროს ქალის სცენაზე გამოსვლა ჯერ კიდევ მიუღებელი იყო საზოგადოებისთვის. თუმცა, მინადორა წინააღმდეგობებს არც სცენაზე უშინდებოდა და არც პოლიტიკურ ცხოვრებაში.
თეატრში საკუთარი ძალების მოსინჯვა მინადორას ცნობილმა მსახიობმა ლადო მესხიშვილმა სთხოვა: „დღევანდელი შემადგენლობა ქუთაისის თეატრისა, მეტადრე ქალებისა, დამაკმაყოფილებელი არ არის. ინტელიგენცია არ უშვებს სცენაზე თავიანთ ქალიშვილებს, ცოლებს ან დებს“. მას სურდა მინადორა, როგორც ძლიერი, განათლებული ქალი, მაგალითი გამხდარიყო სხვებისთვის და ერთხელ და სამუდამოდ დამსხვრეულიყო სტერეოტიპი რომ „განათლებული ქალისთვის მსახიობობა შეუფერებელი საქმეა“.
ასეც მოხდა. ერთ-ერთი სპექტაკლის დასრულების შემდეგ, ლადო მესხიშვილმა მინადორას უთხრა: „იცი, უკვე სამი განცხადება მივიღე სწავლა დამთავრებული ახალგაზრდა ქალიშვილებისგან, რომლებიც სურვილს აცხადებენ, რომ სცენაზე შემოვიდნენ. ხედავ, თუ როგორი ნაყოფი გამოიღო ერთმა მაგალითმა! გმადლობ“. თეატრის სცენა არ ყოფილა ერთადერთი ადგილი, სადაც მინადორა სხვების მაგალითად იქცა. ის იყო სიძლიერისა და სწორი ღირებულებებისთვის ბრძოლის მაგალითი პოლიტიკურ ასპარეზზეც.
მინადორა ტოროშელიძე-ორჯონიკიძე 1967 წლის 17 ოქტომბერს, თბილისში გარდაიცვალა.
მაკა ყიფიანი
სტატია მომზადებულია არასამთავრობო ორგანიზაცია „მირაბალდების“ მასალის მიხედვით