მესამე ნაწილი
ანა (ოლღა) სოლოღაშვილი
1903 წლიდან იყო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი. 1918 წლიდან მონაწილეობდა საქართველოს ეროვნული საბჭოს მუშაობაში, ხელი მოაწერა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აქტს.
1918 წელს იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი.
1919 წელს აირჩიეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად სოციალ-დემოკრატების სიით. იყო საბიბლიოთეკო და სარედაქციო კომისიის წევრი. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ჩაბმული იყო ანტისაბჭოთა არალეგალურ მოძრაობაში.
1925 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას.
ანა სოლოღაშვილი1882 წელს გორის რაიონის სოფელ მეჯვრისხევში დაიბადა. დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტი და 1917 წლამდე აქტიურად ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას. პარალელურად სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი იყო. მისი პოლიტიკური საქმიანობა კარიერის დასაწყისშივე იქცევდა ყურადღებას – 1912 წელს არსებული რეჟიმის საწინააღმდეგო აგიტაცია-პროპაგანდის ბრალდებით დააკავეს, თუმცა სასამართლომ დანაშაული ვერ დაადგინა და გაათავისუფლეს.
1917 წლიდან ანა სოლოღაშვილი კიდევ უფრო მეტად ერთვება პოლიტიკურ პროცესებში და მთელ თავის დროსა და ენერგიას სწორედ აქეთკენ მიმართავს. ამავე პერიოდში, მას საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად ირჩევენ, მალევე ხდება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი, ერთი წლის შემდეგ კი თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნად ირჩევენ. ასე მიუახლოვდა ანა სოლოღაშვილი 1919 წლის 12 მარტის მოვლენას, რომელმაც სამუდამოდ განსაზღვრა მისი ადგილი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში – ის ხდება იმ ხუთ ქალთაგან ერთ-ერთი, რომლებიც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრებად აირჩიეს. უფრო მეტიც, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე მხოლოდ ორი ქალის ხელმოწერა გვხვდება და ერთ-ერთი სწორედ ანა სოლოღაშვილს ეკუთვნის.
სარედაქციო და საპენსიო ცენტრალური საარჩევნო კომისიების გარდა, ანა საბიბლიოთეკო კომისიის მდივანიც იყო. როგორც ჩანს, პედაგოგის ხასიათი მას ცხოვრების ბოლომდე დაჰყვებოდა და ამიტომ, განათლების გავრცელების შესაძლებლობაზე უარს არასდროს ამბობდა. 1925 წელს ის ოფიციალურად დაუბრუნდა თავის პირვანდელ პროფესიას და სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში მასწავლებლად დაიწყო მუშაობა.
რამდენიმე წლით ადრე, 1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ, ანა არ ტოვებს სამშობლოს. პირიქით, ის კვლავაც აქტიურად აგრძელებს ქვეყნის გადარჩენისთვის ბრძოლას და წინააღმდეგობის მოძრაობაში ებმება. საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ქალთა კომიტეტის სხვა წევრებთან ერთად არალეგალურად მუშაობს პოლიტიკური პატიმრებისა და მათი ოჯახების დასახმარებლად.
1925 წლიდან 1937 წლამდე პერიოდში ანა სოლოღაშვილის ცხოვრების დეტალებზე ინფორმაცია არ გვაქვს. თუმცა, რადგან 1937 წელს მას ანტისაბჭოთა და ანტისაკოლმეურნეო პროპაგანდისა და შოვინისტური განწყობების ბრალდებით დახვრეტა მიუსაჯეს, უნდა ვივარაუდოთ, რომ პოლიტიკურ პროცესებში კვლავ აქტიურად იყო ჩართული, იმდენად, რომ რეჟიმმა გამოსავალი მხოლოდ მისი სიკვდილით დასჯაში დაინახა.
ანამ არა მხოლოდ თავისი ცხოვრებით, არამედ სიკვდილითაც დაამტკიცა, თუ რამხელა ძალა შეიძლება ჰქონდეს ერთ ქალს, თუკი ის მთელ თავის ენერგიას სწორი ღირებულებების გავრცელებისკენ მიმართავს. სამწუხაროდ, თავისუფლებისთვის ბრძოლა ანა სოლოღაშვილს სიცოცხლის ფასად დაუჯდა, თუმცა სწორედ ამ ბრძოლამ ის სამუდამოდ უკვდავყო – ისტორიას ძლიერი, მებრძოლი და განმანათლებელი ქალის კიდევ ერთი მკვეთრი სახე შეემატა. ის ამაყად იკავებს ადგილს იმ ქალების რიგში, რომლებიც იდგნენ იქ, სადაც რაღაც იცვლებოდა.
1937 წელს საბჭოთა რეჟიმმა სიკვდილით დასაჯა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის 37-ე ხელმომწერი, ანა სოლოღაშვილი. რიცხვი 37 ანასთვის საბედისწერო აღმოჩნდა: ერთი მხრივ, ეს ციფრი მისი ცხოვრების ყველაზე ღირებულ ამბავს, ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტის ხელმოწერასა და პარლამენტის წევრობას უკავშირდება, მეორე მხრივ კი — სიცოცხლის დასრულებას. თუმცა, ანა სოლოღაშვილის დახვრეტა არა მისი, არამედ საბჭოთა რეჟიმის კიდევ ერთი მარცხი იყო. ამ განაჩენით მათ დაადასტურეს, რომ ერთი ახალგაზრდა ქალი გაცილებით ძლიერი იყო, ვიდრე მთელი სისტემა. ანას არსებობა საფრთხეს უქმნიდა საბჭოთა კავშირს, რადგან მისი ყოველი ქმედება ქვეყნის განვითარებისკენ, დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრებისა და განათლების გავრცელებისკენ იყო მიმართული. განათლება კი ის ძლიერი იარაღია, რომელიც ყველა ტიპის ხელისუფლებას განსაკუთრებულად აფრთხობს.
1937 წელს შინსახკომის სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის რაიონულმა განყოფილებამ დააპატიმრა და ამავე წლის 27 ნოემბერს, საქართველოს სსრ-ს შინსახკომთან არსებულმა სამეულმა (ე.წ. „ტროიკა“), ანტისაბჭოთა და ანტისაკოლმეურნეო პროპაგანდის და შოვინისტური განწყობების, ასევე მენშევიკთა ლიდერ რამიშვილთან კავშირის ბრალდებით, ოლღა სოლოღაშვილს დახვრეტა მიუსაჯა.
ფარი-ხანუმ (ფარიხან) სოფიევა
პირველი მუსლიმი ქალი დეპუტატი მსოფლიოში
ამ ხუთი ღირსეული ქალის გვერდით არ შეიძლება არ აღინიშნოს პირველი მუსლიმი ქალი დეპუტატის, ფარი-ხანუმ სოფიევას ღვაწლი და მისი მრავალი თვალსაზრისით გამორჩეული პოლიტიკური მოღვაწეობა. ქართული პრესა 1918 წელს წერდა: „აღსანიშნავია ერთი ფრიად სამხიარულო მოვლენა; ხმოსანთა რიცხვში შედის ყარაიაზის ოლქიდან წამოყენებული მუსულმანელი ქალი, ფარი-ხანუმ სოფიევი. პირველი საერობო ყრილობა დაინიშნა 2 დეკემბერს…“
მრავალი წლის შემდეგაც ფარი-ხანუმ სოფიევა რჩება საამაყო წინაპრად, რომელიც არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ მსოფლიო ისტორიის გამორჩეული ფიგურაა – დემოკრატიული გზით არჩეული პირველი მუსლიმი ქალი დეპუტატი, რომელიც იბრძოდა სხვების განათლებისთვის, ქვეყნის განვითარებისთვის და აქტიურად მონაწილეობდა პოლიტიკურ პროცესებში.
ფარი-ხანუმ სოფიევა გარდაბნის რაიონის სოფელ ყარაჯალაში დაიბადა. მისი ცხოვრების შესახებ, ის მწირი ინფორმაცია, რაც ჩვენამდეა მოღწეული, ისტორიკოს ირაკლი ხვადაგიანის დამსახურებაა. ფარი-ხანუმ სოფიევამ 1918 წელს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების შემდეგ გამართულ საპარლამენტო არჩევნებში საქართველოს სოციალ-ფედერალისტთა პარტიის კანდიდატი დაამარცხა და ეროვნული კრების დამოუკიდებელი წევრი გახდა.
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის წყაროს თანახმად, ტფილისის მაზრაში ბოლო არჩევნები ყარაიაზის ოლქში ჩატარდა, სადაც ამომრჩეველთა უმრავლესობა აზერბაიჯანული მოსახლეობა იყო. მოულოდნელად, წამყვანი პარტიების – სოციალ-დემოკრატებისა და ფედერალისტების, „ჰუმმეთის“, ეროვნულ-დემოკრატებისა და ესერების კანდიდატების ჭიდილში უპარტიო კანდიდატმა, აზერბაიჯანელი ეროვნების მუსლიმმა ქალმა, ფარი-ხანუმ სოფიევამ პროპორციულ სიებს აჯობა და თბილისის სამაზრო ერობის მეხუთე ხმოსანი გახდა ყარაიაზის ოლქიდან, რასაც მაშინდელი პრესა დიდი სიხარულით შეხვდა.
„მისი გამარჯვება გვიჩვენებს, თუ რა ავტორიტეტი და გავლენა უნდა ჰქონოდა თავის სოფელში, რომ მთელ სოფელს ხმა მიეცა მისთვის – ქალისთვის. ეს არის დემოკრატიული საარჩევნო კულტურის უმაღლესი დონე,“ – წერს ისტორიკოსი ირაკლი ხვადაგიანი.
სოფიევას პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა და მისი გამარჯვება არჩევნებში არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანი პრეცედენტია. მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში, როცა ქალის ასეთი პოლიტიკური აქტივიზმი უიშვიათესი შემთხვევა იყო, ფარი-ხანუმს განიხილავდნენ, როგორც ქალს კაცის თვისებებით და ასეც ეძახდნენ – „ჩი-ფარი“, ანუ კაცი ფარი. ფარი ხანუმი იყო ღირსეული ქალი, რომელსაც ჰქონდა უნარი, შესაძლებლობა და რაც მთავარია, უფლება, ყოფილიყო ჩართული ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესებში. მან დიდი ძალისხმევის შედეგად შეძლო, დაერწმუნებინა მეფის რუსეთის ხელისუფლება, რომ სოფელ ყარაჯალაში აეშენებინათ რკინიგზა, რაც თავისთავად ყოველთვის ნიშნავდა იმ ადგილის პოლიტიკურ თუ სოციალურ განვითარებას. გარდა ამისა, ცნობილია, რომ ფარი-ხანუმმა პირადად აიღო ბანკის სესხი იმისათვის, რომ ობოლ ბავშვთა თავშესაფარი გაეხსნა და რაც მთავარია, ის სიცოცხლის ბოლომდე არ წყვეტდა სხვებისთვის განათლების მიცემას. მან შეძლო და პატრიარქალურ სისტემაში დაიმკვიდრა ადგილი. არ შეუშინდა გამოწვევებს, გაბატონებულ წესებს და სიცოცხლის ბოლომდე ერთგულად ემსახურა ქვეყანას, თავის ხალხს და სოფელს.
1921 წელს, საბჭოთა ჯარების მიერ საქართველოს ოკუპაციის შედეგად, ეროვნული კრების წევრების ქონება დაყადაღდა. 1937 წლის საბჭოთა რეპრესიებს ვერც ფარი-ხანუმის ოჯახი გადაურჩა. მას რვა ძმა ჰყავდა, აქედან ხუთი დახვრიტეს, დაობლებული ძმისშვილების აღზრდაზე პასუხისმგებლობა ფარი-ხანუმმა აიღო.
ფარი-ხანუმ სოფიევა 1953 წელს გულის შეტევით გარდაიცვალა.
♦♦♦
„26 მაისის ქალებმა“ ჯერ კიდევ 1918 წელს შეძლეს სტერეოტიპების დამსხვრევა და პოლიტიკურ პროცესებში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა, რაც იმედს გვისახავს, რომ თანამედროვე ქართველი ქალები გაცილებით მეტს შეძლებენ ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისთვის.
მაკა ყიფიანი
სტატია მომზადებულია არასამთავრობო ორგანიზაცია „მირაბალდების“ მასალების მიხედვით
ილუსტრატორი: ნინი მარიხაშვილი