„რა უცხოა და რა მშვენიერი, რომ პირველად, ჩვენ, 5 ქალი ვართ საკანონმდებლო ორგანოში… რომ ჩვენც შეგვიძლია კანონების მიღება, წესრიგის დამყარება, მნიშვნელოვანი ამბების გადაწყვეტა. იქნებ გამიხსენოს კიდეც ვინმემ, თუნდაც, გაკვრით, ჩემი სიკვდილის შემდეგ და გვერდიგვერდ ჩამოამწკრივოს ჩვენი სახელები, ვინ იცის?!“
ეს სიტყვები ქრისტინე შარაშიძეს ეკუთვნის, პროექტ „26 მაისის ქალების“ ერთ-ერთ ღირსეულ წარმომადგენელს.
ქრისტინე (ჩიტო) შარაშიძე
ქრისტინე 1887 წელს, სოფელ ბახვში დაიბადა, სადაც დაწყებითი განათლება მიღო. 1899 წელს ქუთაისის წმინდა ნინოს ქალთა გიმნაზიაში ჩააბარა, თუმცა, რევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობის გამო, გიმნაზიიდან გარიცხეს. მეამბოხე ხასიათის ახალგაზრდა მალევე აქტიურად ჩაერთო თბილისის რევოლუციურ გამოსვლებში, ამზადებდა საგაზეთო ინფორმაციებს. გარდა იმისა, რომ იგი ერთ-ერთი პირველი პარლამენტარი ქალი იყო, მას პირველ ქალ ლექტორადაც ასახელებენ – ქუთაისის სახალხო უნივერსიტეტში საჯარო ლექციებს კითხულობდა.
28 წლის ქრისტინე შარაშიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისა და თბილისის უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოების წევრი იყო. 1919 წელს ის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად აირჩიეს. მისთვის განათლება ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული საკითხი იყო, ამიტომ ყველა მისი ქმედება, პირდაპირ თუ ირიბად, სწორედ განათლების გავრცელებას, ცოდნის გაზიარებას ემსახურებოდა. არ არის გასაკვირი, რომ ის საბიბლიოთეკო, სარედაქციო და სახალხო განათლების კომისიების აქტიური წევრი იყო. კარგად აცნობიერებდა, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობასა და განვითარებას საფრთხეს უქმნიდა საბჭოთა რეჟიმი, ამიტომ ამ სასტიკი წყობილების შეურიგებელ მტრად იქცა. ჩართული იყო წინააღმდეგობის მოძრაობაში, გაწევრიანდა სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიის ქალთა კომიტეტში, არალეგალურად მუშაობდა პოლიტიკური პატიმრებისა და მათი ოჯახების დასახმარებლად. საბჭოთა რეჟიმისადმი მისი შეურიგებელი დამოკიდებულება აშკარა იყო, რასაც, ბუნებრივია, არავინ აპატიებდა. პირველად იგი, 1921 წელს, რამდენიმე დღით დააპატიმრეს, ხოლო მეორედ – 1922 წელს, რამდენიმე თვით.
მეამბოხე ხასიათის მქონე ახალგაზრდა ქალის მიღმა თავმდაბალი და ღირსეული ადამიანი იდგა. ის არასდროს იყო კმაყოფილი საკუთარი თავით, საკუთარი მიღწევებით. ყოველთვის იდგა იქ, სადაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ამბები წყდებოდა; ამსხვრევდა წარმოდგენებს იმის შესახებ, რომ „ქალის ადგილი პოლიტიკაში არ არის“. იბრძოდა საკუთარი და სხვისი განათლებისთვის. ქრისტინე შარაშიძე იყო გამორჩეული ადამიანი, რომელიც ხვდებოდა, რომ მისი ხმა, მისი მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში, ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი იყო. მიუხედავად აქტიური პოლიტიკური ცხოვრებისა, ის პოულობდა დროს მეცნიერებისთვის.
ქრისტინე, 1958-64 წლებში, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ხელნაწერთა ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი იყო. მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ქართული ნაბეჭდი წიგნისა და ქართული შრიფტის განვითარების მეცნიერულ კვლევა-ძიებაში. ასევე ჩართული იყო საქართველოს ეკონომიკური და სოციალ-პოლიტიკური განვითარების ისტორიის კვლევებში. რომ არა ტრაგიკული ამბავი, იქნებ, ქრისტინეს დრო პირადი ცხოვრებისთვისაც გამოეყო. 1924 წელს ბოლშევიკებმა დახვრიტეს გაბო ცისკარიშვილი – კაცი, რომელიც მას მთელი ცხოვრება უყვარდა. ქრისტინეს ოჯახი აღარ შეუქმნია. ის ნათელი მაგალითია ძლიერი, ემანსიპირებული ქალისა, რომელიც არ უშინდებოდა გაბატონებულ წესებს, არღვევდა პატრიარქალურ საზოგადოებაში ფეხმოკიდებულ წარმოდგენებს. ის ხედავდა საკუთარ თავს ქვეყნის განვითარების პროცესში და შესაბამისად, ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ამ პროცესში გამორჩეული ადგილი დაეკავებინა.
ქრისტინე შარაშიძე თბილისში, 1973 წლის 10 ნოემბერს გარდაიცვალა.
ელისაბედ (ლიზა) ნაკაშიძე-ბოლქვაძე
„ფრთხილად იყავით, დაკითხვისას არაფერი წამოგცდეთ მეგობრებზე, როგორც ერთმა, ყველამ განაცხადეთ, რომ უარს ამბობთ ჩვენების მიცემაზე, რაც უნდათ, ის უქნიათ, მედგრად დაიცავით ჩვენი იდეები და სანამ ცოცხლები ხართ, ბოლომდე იბრძოლეთ დამოუკიდებელი საქართველოსთვის.“
მხოლოდ ეს სიტყვებიც საკმარისია მისი ავტორის, ერთ-ერთი პირველი ქართველი პარლამენტარი ქალის, ელისაბედ ნაკაშიძე-ბოლქვაძის ცხოვრებისა და ღირებულებების შესაფასებლად.
ელისაბედი, 1885 წლის აგვისტოში, ოზურგეთის მაზრის სოფელ სამხვთოში დაიბადა. პოლიტიკურ პროცესებში პატარა ასაკიდანვე ჩაერთო. 1904 წლიდან უკვე საქართველოს სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიაში გაწევრიანდა. ჯერ გურიის ქალთა სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციის ხელმძღვანელი გახდა, შემდეგ კი ამავე პარტიის გურიის კომიტეტის წევრად აირჩიეს. ელისაბედის პოლიტიკური აქტიურობა, როგორც ჩანს, მმართველ წრეებს არ გამორჩენიათ და 1907 წელს, გურიის კომიტეტის დაპატიმრების შემდეგ, ამიერკავკასიიდან გააძევეს. საქართველოში 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა და კვლავ განაგრძო პოლიტიკური საქმიანობა.
1917 წლის 20 მარტს ლიზა ნაკაშიძე გურიის ქალთა საზოგადოების თავმჯდომარედ აირჩიეს; 1918 წლის მარტში საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრობის კანდიდატი გახდა, ხოლო ერთი წლის შემდეგ, 1919 წლის 12 მარტს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად აირჩიეს. ელისაბედ ნაკაშიძე-ბოლქვაძე ოფიციალურად ჩაიწერა საქართველოს ისტორიაში, როგორც ერთ-ერთი პირველი ქართველი პარლამენტარი ქალი.
ელისაბედს არ დაუტოვებია ქვეყანა 1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ. ის დარჩა, რომ ებრძოლა ამ რეჟიმის წინააღმდეგ და სიცოცხლის ბოლომდე ერთგულად მიჰყვებოდა დასახულ მიზანს. 1923 წლიდან ელისაბედ ნაკაშიძის ცხოვრებაში დაპატიმრებებისა და გადასახლებების დაუსრულებელი პერიოდი იწყება. თავდაპირველად, ის ურალის მხარეში გადაასახლეს, საიდანაც ორი წლის შემდეგ დაბრუნდა. მიუხედავად იმისა, რომ ელისაბედი კარგად აცნობიერებდა, თუ როგორი მძიმე სასჯელი ელოდა, თუკი კვლავ აღმოჩნდებოდა წინააღმდეგობის მოძრაობაში, დაწყებულ ბრძოლას ყველა შესაძლო გზით აგრძელებდა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კოოპტაციით შეიყვანეს საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის არალეგალური ცენტრალური კომიტეტის შემადგენლობაში. მოგვიანებით, ელეონორა ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძის დაპატიმრების შემდეგ, ელისაბედ ნაკაშიძე-ბოლქვაძე ცეკას და თბილისის კომიტეტის ხელმძღვანელი გახდა. იგი აქტიურად იყო ჩართული პოლიტპატიმართა ოჯახების დახმარების პროცესში. საბჭოთა რეჟიმი დაუღალავად ებრძოდა ქალს, რომლის შესაჩერებლად სისტემას საკმარისი ძალა არ აღმოაჩნდა, გარდა ძალადობრივი ქმედებებისა. 1926 წლის 29 ივნისს ელისაბედი კვლავ დააპატიმრეს. ის დაკითხვაზე უარს ამბობდა პარტიული კავშირებისა და პარტიის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გაცემაზე. მის შეუპოვარ ხასიათზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ არალეგალურ ანტისაბჭოთა საქმიანობაში მონაწილეობის აღიარების მიუხედავად, ის თავს დამნაშავედ არ ცნობდა. მართალიც იყო. სამშობლოს დასაცავად ბრძოლა არსად და არასდროს ყოფილა დანაშაული. 1926 წლის 20 აგვისტოს მას სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს და კრასნოიარსკის მხარეში გააგზავნეს. 1927 წელს შრომა-გამოსწორების კოლონიაში სამწლიანი პატიმრობა გადასახლებით შეუცვალეს, გადასახლების ვადა კი სამი წლით გაუგრძელეს. საბოლოოდ, 1933 წელს გაათავისუფლეს, მხოლოდ ურალის მხარეში ცხოვრების უფლებით. საბჭოთა რეჟიმი ვერ ბედავდა მისთვის სრული თავისუფლების მიცემას, რითაც ელისაბედის მნიშვნელობას კიდევ უფრო გამოკვეთდა.
ცხადია, მან იქაც იპოვა ბრძოლის გზა – გადასახლებულთა შორის „პოლიტიკური წითელი ჯვრის“ ხაზით მუშაობდა. ბუნებრივია, გაფაციცებულ მმართველ წრეებს არც ეს ამბავი გამოეპარებოდათ. 1936 წელს, შინსახკომის კამენის რაიონულმა განყოფილებამ, პოლიტიკური საბაბით, გადასახლებული ქართველი სოციალ-დემოკრატების დიდი ჯგუფი დააკავა, მათ შორის იყო ელისაბედიც, როგორც გადასახლებაში ჩამოყალიბებული ურთიერთდახმარების არაფორმალური მექანიზმების, მიმოწერისა და შეკრებების ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი. მას ხუთი წლით კრასნოიარსკის მხარეში გადასახლება მიუსაჯეს. თუმცა, მალევე კვლავ დააპატიმრეს – ამჯერად უკანასკნელად. საბჭოთა სასტიკმა რეჟიმმა მას დახვრეტა მიუსაჯა, რადგან საბჭოთა რეჟიმი ცოცხალ მებრძოლ ქალს ვერ მოერია.
1937 წლის 22 თებერვალს განაჩენი სისრულეში მოიყვანეს.