საკითხის სწავლების გეგმა
კლასი: III
თემა: 4-ის გამრავლება
დრო: ერთი გაკვეთილი
მიზანი: მოსწავლემ გაიაზროს 4-ის რიცხვზე გამრავლების არსი, შეძლოს გამრავლების მოქმედების დაკავშირება შეკრების მოქმედებასთან და ნამრავლი წარმოადგინოს ტოლ შესაკრებთა ჯამის სახით.
საჭირო წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები: მოსწავლეს შეუძლია რიცხვის 2-ზე და 3-ზე გამრავლებისა და 2-ის და 3-ის რიცხვზე გამრავლების დემონსტრირება მრავალჯერადი შეკრებით; შეუძლია ვითარების ამსახველი ამოცანის პირობის მიხედვით მარტივი სქემის შექმნა და შესაბამისი რიცხვითი გამოსახულების ჩაწერა.
მოსწავლეთა დაჯგუფების ფორმები: საერთო საკლასო, წყვილები
სასწავლო მასალა: დანართები, ფლიპჩარტი, პროექტორი, მარკერები, დაფა, ცარცი, რვეული, კალამი
საკითხის სწავლების ფაზები:
I – წინასწარ
აქტივობა №1
მასწავლებელი საშინაო დავალებას (დანართი №1) ამოწმებს კლასის შემოვლით. მასწავლებელი შემთხვევითი შერჩევის წესით ირჩევს მოსწავლეებს, სთხოვს, გავიდნენ დაფასთან და ახსნან, როგორ შეასრულეს საშინაო დავალების ესა თუ ის ამოცანა. სხვა მოსწავლეები დაფაზე ამოხსნილ ამოცანას ადარებენ თავიანთ ნამუშევარს. იმ მოსწავლეებს, ვინც არასწორი პასუხი მიიღო ან საერთოდ ვერ გაართვა თავი ამოცანას, მასწავლებელი ეხმარება სასწავლო ხარაჩოებით. ამ დროს სხვებს (ვინც სწორად შეასრულა დავალება) აძლევს მსგავს სავარჯიშოს სახელმძღვანელოდან. შემდეგ ინტერესდება მათ მიერ მიღებული პასუხებით.
ასეთი ინტერაქციით გაირჩევა შემამზადებელი საშინაო დავალების თითოეული ამოცანა. შედეგად, მოსწავლეებს უაქტიურდებათ არსებული წინარე ცოდნა; მათ მსჯელობას მასწავლებლის მიერ გეზი ეძლევა ისე, რომ მომდევნო ფაზაზე თვითონ ააგონ ახალი ცოდნა.
II – განმავლობაში
აქტივობა №2
მასწავლებელი მიმართავს მოსწავლეებს: დამისახელეთ ატრაქციონები. რომელი ატრაქციონები იცით? ეშმაკის ბორბალზე ყოფილხართ? როგორია ეშმაკის ბორბალი? რამდენი სკამი იყო ეშმაკის ბორბლის ერთ კაბინაში?
შემდეგ მასწავლებელი აჩვენებს პროექტორზე ეშმაკის ბორბალს, არსებობის შემთხვევაში; სხვა შემთხვევაში, აჩვენებს ფოტოს და ეკითხება:
⇒ რამდენი კაბინა აქვს მოცემულ ეშმაკის ბორბალს?
⇒ წარმოიდგინეთ, რომ თითოეულ კაბინაში არის მხოლოდ 4 სკამი. რამდენი ადამიანით შეგვიძლია შევავსოთ 2 კაბინა?
⇒ შეგიძლიათ ჩაწეროთ ეს რაოდენობა ტოლ შესკრებთა ჯამის სახით? ნამრავლის სახით? {რომელიმე მოსწავლე გამოდის დაფასთან და წერს: 4 + 4 = 8, 4•2 = 8}
შემდეგ მასწავლებელი სვამს კითხვებს:
⇒ რამდენი ადამიანი დაეტევა ეშმაკის ბორბლის 3 კაბინაში? 4 კაბინაში?…
მოსწავლეები ანალოგიურად წერენ შესაბამის ტოლობებს, ჯერ ტოლ შესაკრებთა ჯამისა და შემდეგ ნამრავლის სახით და ასე აგრძელებენ 10 კაბინის ჩათვლით.
ბოლოს მასწავლებელი მოსწავლეებს აუხსნის, რომ დღეს მათ შექმნეს 4-ის რიცხვზე გამრავლების ცხრილი.
ეს ცხრილი დაფაზე რჩება შემდეგი აქტივობებისთვის.
მასწავლებელი იყენებს განმავითარებელი შეფასების რომელიმე ადვილ ხერხს და ამოწმებს მოსწავლეთა მიერ საკითხის ათვისებას; საჭიროების შემთხვევაში, მოსწავლეებს უსვამს დამაზუსტებელ შეკითხვებს და აწვდის კონსტრუქციულ უკუკავშირს; ცდილობს გაითვალისწინოს მოსწავლეთა გამოვლენილი საჭიროებანი და შესაფერისი რეაგირება მოახდინოს მათზე სწავლებაში ცვლილებების შეტანის გზით.
აქტივობა №3
მასწავლებელი მოსწავლეებს აჩვენებს ქვემოთ მოცემულ რიცხვით ღერძს პროექტორის საშუალებით ან ფლიპჩარტის დახმარებით, რომელიც წინასწარ აქვს მომზადებული.
მასწავლებელი მიმართავს მოსწავლეებს: ბავშვებო, ნინიკომ გადაწყვიტა, რიცხვით ღერძზე დაეთვალა 4-ის ბიჯით. სამწუხაროდ, რამდენიმე რიცხვი წაიშალა რიცხვითი ღერძიდან, შეგიძლიათ შეავსოთ? რა რიცხვები წერია რიცხვით ღერძზე? როგორ მიიღო ნინიკომ 0-დან 4? 8 როგორ მიიღება 0-დან? ეს ჯამი ნამრავლის სახით როგორ ჩაიწერება? დაფაზე არსებული ტოლობებიდან რომელი გამოხატავს ამ მოქმედებას? შემდეგი რიცხვი რა იქნება? 12 როგორ მიიღება 0-დან? როგორ ჩავწეროთ ეს ჯამი ტოლი შესაკრებებით? ნამრავლით?.. მოსწავლეები ამგვარად გაივლიან 4-ის რიცხვზე გამრავლებას რიცხვითი ღერძის დახმარებით და დააკავშირებენ მიღებულ ცოდნას დაფაზე ჩაწერილ ტოლობებთან.
აქტივობა №4
მასწავლებელი დაფაზე ხაზავს კვადრატს და მიმართავს მოსწავლეებს:
⇒ რამდენი გვერდი აქვს კვადრატს? რამდენი წვერო აქვს?
შემდეგ ხაზავს მეორე კვადრატს:
⇒ ორ კვადრატს რამდენი წვერო/გვერდი ექნება? რა მოქმედებით შეიძლება გამოვხატოთ ორი კვადრატის წვეროების რაოდენობა, თუკი ტოლობის სახით ჩავწერდით მას? დაფაზე ვის შეუძლია იპოვოს ეს ტოლობა?
მასწავლებელი კვლავ ხაზავს დამატებით კვადრატებს და მოსწავლეები კიდევ ერთხელ გაივლიან 4-ის რიცხვზე გამრავლების ცხრილს.
III – შემდეგ
აქტივობა №5
მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს დანართს №2. მოსწავლეები მოცემულ დავალებებზე მუშაობენ წყვილებში. მათ მასწავლებელმა უნდა მისცეს უფლება გამოიყენონ დაფაზე მოცემული 4-ის რიცხვზე გამრავლების ცხრილი, საჭიროების შემთხვევაში.
როდესაც ყველა დაასრულებს მუშაობას, პირველი დავალების პასუხებს ამოწმებენ, „დიახ“-„არა“ ბარათების გამოყენებით. მეორე დავალებისთვის რამდენიმე მოსწავლე კითხულობს მათ მიერ დასმულ კითხვებს და თანაკლასელები ცდილობენ უპასუხონ მათ
აქტივობა №6. ამოცანების ამოხსნა
მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს ამოცანებს. მოსწავლეები კვლავ წყვილებში განაგრძობენ მუშაობას.
როდესაც წყვილები დაასრულებენ მუშაობას, ორივე ამოცანას იხილავენ დაფასთან.
მასწავლებელი იყენებს განმავითარებელი შეფასების რომელიმე ადვილ ხერხს და ამოწმებს მოსწავლეთა მიერ საკითხის ათვისებას; საჭიროების შემთხვევაში, მოსწავლეებს უსვამს დამაზუსტებელ შეკითხვებს და აწვდის კონსტრუქციულ უკუკავშირს; ცდილობს გაითვალისწინოს მოსწავლეთა გამოვლენილი საჭიროებანი და შესაფერისი რეაგირება მოახდინოს მათზე სწავლებაში ცვლილებების შეტანის გზით.
დამატებითი რესურსი:
დანართი 1
საშინაო დავალება
- ჩაწერე წიგნების, ვაზებში ყვავილების და ბანანების რაოდენობა ტოლ შესაკრებთა მრავალჯერადი შეკრებისა და გამრავლების სახით.
2. შეადარეთ
7•28•2 3 + 3 + 33•4 3•98•3
3•55•3 2•6 + 22•7 5•25 + 5
- ნათიას ჰყავს ერთი ძაღლი და სამი კატა.
ა) ნათია ძაღლისთვის კვირაში 2 კილოგრამ საკვებს ყიდულობს. რამდენ კილოგრამ საკვებს იყიდდა ნათია რვა კვირის განმავლობაში?
ბ) ნათია თითო კატისთვის, კვირაში, 1 კილოგრამ საკვებს ყიდულობს. რამდენ კილოგრამ საკვებს იყიდდა ნათია სამივე კატისთვის 3 კვირის განმავლობაში?
დანართი 2
ცხრილში ღიმილებით მოცემულია სკოლის ოთხ კლუბში გაერთიანებული მოსწავლეების რაოდენობები.
უპასუხეთ შეკითხვებს:
ა) რამდენი მოსწავლეა გაერთიანებული ლიტერატურის კლუბში?
ბ) რამდენი მოსწავლეა გაერთიანებული სპორტისა და ხატვის კლუბში?
გ) რამდენი მოსწავლეა გაერთიანებული ცეკვის კლუბში?
დ) რამდენი მოსწავლეა გაერთიანებული ხატვისა და ლიტერატურის კლუბში?
- დასვი ერთი შეკითხვა ცხრილის მიხედვით და უპასუხე.
მასლა ვებპორტალიდან WWW.chemiskola.emis.ge
USAID საბაზისო განათლების პროგრამა (emis.ge)