როგორც ცნობილია, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთა მშობლებს შესაძლებლობა მისცა, დასწრებით სწავლებასა და დისტანციური სწავლების ფორმას შორის, არჩევანი გაეკეთებინათ. დისტანციური სწავლების მსურველებს რეგისტრაცია უნდა გაევლოთ სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ შექმნილ ვებგვერდზე –https://online.emis.ge
📌🔴განათლების მართვის საინფორმაციო სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის, ონლაინ რეგისტრაცია გაიარა 23994-მა მოსწავლემ, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ რაოდენობის მოსწავლე ირჩევს დისტანციური სწავლების რეჟიმს.
შეგასენებთ, რომ ონლაინ სწავლებაზე განაცხადის შევსება/რეგისტრაციის გაუქმება შესაძლებელი იქნება ყოველ ხუთშაბათს, 00:00–18:00 საათის შუალედში.
ვინაიდან, უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, 4 ოქტომბრიდან, სასწავლო პროცესი სასკოლო სივრცეში გაგრძელდება, გამონაკლისის სახით, გასულ კვირას, რეგისტრაციის გავლა შესაძლებელი იყო 30 სექტემბრიდან პირველი ოქტომბრის ჩათვლით, 00:00-23:59 საათის შუალედში.
სწავლის დისტანციური ფორმატის არჩევის შესაძლებლობით სარგებლობა შეუძლია საქართველოს ყველა საჯარო სკოლის მოსწავლეს.
სამინისტროს გადაწყვეტილებით, ის მასწავლებლები, რომლებსაც მოუწევთ დისტანციური გაკვეთილების დამატებით ჩატარება, შესაბამის დანამატს მიიღებენ.