26 აპრილი, პარასკევი, 2024

მიმღებლობასთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ ძალიან გრძელი გზა გვაქვს გასავლელი

spot_img

2007 წლის 18 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2 აპრილი აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღედ გამოაცხადა. ამ ინიციატივას ბევრი ქვეყანა შეუერთდა, მათ შორისაა საქართველოც. ბუნებრივია, გადაწყვეტილება, თავის დროზე, განპირობებული იყო აუტიზმის შემთხვევათა მზარდი მაჩვენებლით და პრობლემა მნიშვნელოვან გამოწვევად შეფასდა.

ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ ჩატარებული ბოლო კვლევების მიხედვით, 2020 წელს შეფასებულ 8 წლამდე ბავშვებში, ყოველი 36-იდან ერთს აუტიზმის სპექტრის დარღვევა აქვს და ბიჭებში ისევ 4-ჯერ უფრო ხშირია გოგონებთან შედარებით. ამ საგანგაშო მაჩვენებლების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ხელშემწყობ ფაქტორად კოვიდ პანდემიაც სახელდება, რადგან ლოკდაუნებმა, სახლში ჩაკეტვამ, ვითარება გარკვეული მიმართულებებით გაამწვავა.რა არის მთავარი, რაც აუტიზმის სპექტრის პირველი ნიშნების აღმოჩენის შემდეგ უნდა გაითვალისწინოს მშობელმა, როგორ გამოიცნოს რა არის მისი შვილის საჭიროება? ამ თემებზე გვესაუბრება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თინათინ ჭინჭარაული.

ქალბატონო თინათინ, რა არის პირველი დამაფიქრებელი, საგულისხმო და შესამჩნევი ნიშანი, რაც მშობელს ბავშვის ადრეული განვითარების პერიოდში არ უნდა გამოეპაროს?

– აუტიზმის სპექტრის შესახებ საუბრისას, პირველი, რაც აუცილებლად გასათვალისწინებელია, ბავშვის სოციალური და კომუნიკაციური უნარებია. რას ვგულისხმობთ ამაში? ნებისმიერი მშობლისთვის, ოჯახის წევრისთვის, ან მასწავლებლისა თუ აღმზრდელისთვის – ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ბავშვთან ახლო კონტაქტშია, პირველი შესამჩნევი ნიშანი ბავშვის მხრიდან კომუნიკაციური და ემოციური პასუხის ნაკლებობაა, თითქოს ის მათ ნაკლებ ყურადღებას აქცევს იმასთან შედარებით, რასაც მისგან ასაკობრივად მოელიან ან რასაც სხვა ბავშვების შემთხვევაში ხედავენ. მაგალითად, ნაკლებად პასუხობს სახელით მიმართვას, ნაკლებია ე.წ. თვალებში ყურების გამოცდილება, ჟესტების და/ან სიტყვების საშუალებით კომუნიკაცია, საინტერესო სათამაშოს შემთხვევაში თავისი კმაყოფილების გაზიარება – შეხედა სათამაშოს, გაიღიმა, შეხედა მშობელს, გაუღიმა და შემდეგ მზერა ისევ სათამაშოზე გადაიტანა. რა თქმა უნდა იშვიათია, რომ წლის ან წლინახევრის ბავშვი სიტყვებით გველაპარაკებოდეს, მაგრამ, როგორც წესი, მიმიკით ან სახეზე ემოციებით, მზერით ან ჟესტებით, პირველი მარტივი სიტყვებით ისინი მუდმივად კომუნიკაციაში არიან თავის გარშემომყოფებთან. სოციალურ-კომუნიკაციური უნარების სირთულეზე ეჭვი უნდა გაჩნდეს, როდესაც სწორედ ინფორმაციის გაცვლის გამოცდილების ნაკლებობაა ბავშვსა და მის გარემოს შორის. არის გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც ბავშვი, რაღაც ეტაპზე, ტიპურად ვითარდება და შემდეგ თითქოს უკუგანვითარებას აქვს ადგილი. მშობელი აღწერს, რომ ექვსი-რვა თვის ასაკში ძალიან აქტიურად ეთამაშებოდა, ეკონტაქტებოდა ბგერებით, მარცვლებით, ღუღუნებდა, მარცვლებს – მა-მა, ბე-ბე – იმეორებდა და ათი თვიდან თუ წლისა და თვეების ასაკიდან, შეიცვალა – მარცვლები, რომელსაც აქტიურად იყენებდა, ღიმილი, რომელსაც საპასუხოდ უბრუნებდა, თვალებში შეხედვა, რომლითაც მშობელს ბევრ რამეს ეუბნებოდა, თანდათან შემცირდა. ზოგიერთი მშობელი იმასაც ამბობს, რომ ბავშვი, ერთი წლის ასაკში, რაღაც სიტყვებსაც ამბობდა – დედა, მამა, მომე და ახლა, წლინახევრის ასაკში, აღარ ამბობს.

კიდევ უფრო დამაფიქრებელია ხოლმე, როდესაც სიტყვები ჩნდება და ქრება – პატარა იწყებს რაღაც სიტყვების გამოყენებას, ერთი-ორჯერ იტყვის და მორჩა, მერე აღარ იყენებს. მშობლები სპეციალისტთან, ძირითადად, ამ ჩივილით მიდიან, რომ ბავშვი, წლინახევრის ან ორი წლის ასაკში, არ ლაპარაკობს, ან ერთ-ორ სიტყვას იტყვის, მაგრამ ეს სიტყვებიც იმდენად იშვიათია, რომ დღეში შეიძლება ერთხელ გაიგო და თან არ არის გამოყენებული მათთან კომუნიკაციისთვის, დედას კი არ ეუბნება – ბურთი (დედა, ბურთი მეთამაშე – ამ მნიშვნელობით), უბრალოდ, შეიძლება თავისთვის თამაშობდეს და დედამ გაიგონოს როგორ წარმოთქვა სიტყვა „ბურთი“, არა მიზანმიმართულად, უფრო ჟღერადობიდან გამომდინარე, ან სადღაც გაიგონა, მოეწონა და ავტომატურად გაიმეორა. ფაქტობრივად, პირველი, რასაც ყურადღებას ვაქცევთ ხოლმე – როგორ იყენებს ბავშვი ადრეულ სოციალურ, კომუნიკაციურ და მეტყველების უნარებს. ბუნებრივია, ყველა ასაკს თავისი მოთხოვნები და მოლოდინები აქვს.

ასევე, ძალიან თვალსაჩინოა ხოლმე, როდესაც ტიპური განვითარებისა და რისკჯგუფის ბავშვების შედარებას ვახდენთ, ემოციების გაზიარება, გაცვლა. ყველას აქვს პატარა ბავშვთან, რომელიც ჯერ არ მეტყველებს, სასიამოვნოდ გატარებული დროის გამოცდილება იმიტომ, რომ დიალოგი შეიძლება იყოს მზერითი, სიცილით, მარცვლების გაცვლა-გამოცვლით ან თამაშით, მაგალითად, ჭიტა-დამალობანა – ყველაზე ფართოდ გავრცელებული და ცნობილი. დავიმალეთ – „ჭიტა“ და ამაზე ბავშვი იცინის, ითხოვს გამეორებას. ამ თამაშს ბევრი მახასიათებელი აქვს, ერთ-ერთი – ემოციურად დადებითია და ორივე მოთამაშე იღებს სიამოვნებას. როდესაც ბავშვის „რეპერტუარში“ მსგავსი თამაშები არ არის, მის განვითარებასთან ერთად, ამასაც აუცილებლად ვაქცევთ ყურადღებას.

თანატოლებისადმი დამოკიდებულება და ინტერესი – ესეც მნიშვნელოვანია, რადგან ბავშვები ძალიან ბევრს სწავლობენ მიბაძვით. პროფესიულ საზოგადოებაში ტერმინ „იმიტაციასაც“ ვიყენებთ ხოლმე, რაც ნიშნავს – შევხედე და გავიმეორე. როდესაც ეჭვი გვაქვს აუტიზმზე, ერთ-ერთი ნიშანია, როდესაც ბავშვი ნაკლებად ავლენს სხვისი მიბაძვით ათვისებულ თამაშებსა და ქცევებს. მაგალითად, არავინ ელის წლის ან ორი წლის ბავშვებისგან, რომ ერთ თამაშს ერთად ითამაშებენ. შეიძლება, ერთ სივრცეში ორი, სამი, ოთხი ბავშვი იყოს, რაღაც მომენტში იკვეთებიან კიდეც ერთმანეთთან, მაგრამ ამას არ შეიძლება დავარქვათ ერთად თამაში, უფრო – ერთმა რაღაც გააკეთა, მეორემ შეხედა, მოეწონა და გაიმეორა. ასეთი დაკვირვებები სხვაზე და გამეორებები ნაკლებად ახასიათებთ აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებს. მიბაძვასთან დაკავშირებული სირთულე ხელის შემშლელი ფაქტორი ხდება ხოლმე უნარების განვითარებაში. ადრეული ჩარევის პროგრამების ერთ-ერთი მთავარი სამიზნეც ეს არის – როგორ დავეხმარო ბავშვს, ისწავლოს სხვაზე დაკვირვებით, არა პირდაპირ – შემომხედე, გაიმეორე, ისწავლე, არამედ ბუნებრივად გამოუმუშავდეს უნარი – შეხედოს და გაიმეოროს. მიბაძვით დასწავლა თანაბრად დამახასიათებელია როგორც გოგონებისთვის, ასევე ბიჭებისთვისაც, ეს არის ჩვენი განვითარების ერთ-ერთი მამოძრავებელი.

– როცა აუტისტური სპექტრის ბავშვი დიაგნოსტირებულია, რა სერვისებს სთავაზობს მას სახელმწიფო? პირველ რიგში, რა ნაბიჯები უნდა გადადგას მშობელმა?  თქვენი რჩევები

 დადებითი მომენტია ის, რომ ზოგადად ძალიან შემცირდა ადრეული იდენტიფიკაციის ასაკი, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ადრე პირველი მომართვიანობა უფრო 4 წლის ასაკში (საშუალო ასაკი რომ ავიღოთ) იყო, ახლა უკვე წლის და წლინახევრის ასაკშიც კი იწყებენ მშობლები კითხვების დასმას, თუ რამე არ მოსწონთ, მაგალითად: ბავშვი თვალებში არ მიყურებს; ერთი და იმავეს თამაშობს; დაძახებაზე არ რეაგირებს, ვეძახი და არ მაქცევს ყურადღებას, მაგრამ საკმარისია კანფეტის ქაღალდის ჭრაჭუნი გაიგონოს (რომელიც უყვარს), მაშინვე გამორბის ან რეკლამის ხმა თუ მოესმა, რომელიც მოსწონს, გამოიქცევა; არ მეთამაშება, სულ მარტო უნდა თამაში და ა.შ. ამ ყველაფერმა გამოიწვია ის, რომ გაიზარდა ადრეულ ასაკში მომართვიანობა, რაც ძალიან კარგია. რაც უფრო ადრე დავიწყებთ მოქმედებას, შეიძლება აუტიზმის დიაგნოზი არც იყოს დასმული. წლინახევრის ან ორი წლის ასაკში იშვიათად ისმევა ხოლმე დიაგნოზი, ეს ძალიან რთულია. რისკ ჯგუფს როდესაც ვამბობთ, ეს ნიშნავს, რომ ბავშვი, რაღაც ნიშნებით, განსხვავდება ტიპური განვითარების თანატოლებისგან და სჭირდება ბიძგის მიცემა, განვითარებაში ხელშეწყობა, რომ დავინახოთ როგორ წავა ეს პროცესი.

რა უნდა გააკეთოს მშობელმა? საბედნიეროდ, ჩვენს ქვეყანაში უკვე არსებობს ადრეულ ასაკში დახმარების, დროული დიაგნოსტირების შესაძლებლობა. ერთი, რომ პედიატრები კარგად არიან ინფორმირებულები განვითარებასთან დაკავშირებული სხვადასხვა ტიპის მდგომარეობის შესახებ და მნიშვნელოვანია, მშობელმა პედიატრს კითხვა დაუსვას არა მხოლოდ ბავშვის ფიზიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, არამედ გონებრივ განვითარებაზეც. პედიატრებისა და პირველადი ჯანდაცვის ექიმების უმრავლესობას აქვს სპეციალური კითხვარი, რომელიც ყურადღების განვითარებისთვის კრიტიკული ნიშნულების გადალახვაზეა აგებული. მაგალითად, რა ასაკში უნდა დაჯდეს ბავშვი, როდის დაიწყოს სიარული, წარმოთქვას პირველი სიტყვები, შეძლოს ისეთი მარტივი მითითებების შესრულება, როგორიცაა: აანთე შუქი, გააღე კარი და ა.შ. ფაქტობრივად, აქ უკვე შეიძლება გაჩნდეს ის საგანგაშო ნიშნები, რომელიც უბიძგებს მშობელს, დაიწყოს გამოკვლევები.

რამდენადაც ვიცი, არსებობს სახელმწიფო დაფინანსებაზე დაფუძნებული შეფასებაზე ორიენტირებული პროგრამები, მაგალითად, წლიდან 6 წლამდე ასაკის განვითარების სირთულეების სადიაგნოსტიკო პროგრამა. სახელმწიფო აფინანსებს განვითარების პირველად სკრინინგ შეფასებას – ნევროლოგი და ფსიქოლოგი აფასებენ ბავშვს, განვითარების თვალსაზრისით, რა დროსაც ძალიან კარგად ჩანს, სჭირდება თუ არა ბავშვს შემდგომი შეფასება, უკვე ჩაღრმავებული აუტიზმის სპექტრის ან უფრო სპეციფიკური ინტელექტუალური დარღვევის მიმართულებით.

როგორც კი ბავშვი შეფასდება, ჩარევის დასაწყებად, ისევ და ისევ, ადრეული ასაკია კარგი იმით, რომ სახელმწიფოს მხარდაჭერა, ამ ასაკში, გაცილებით უფრო დიდია, პროგრამების თვალსაზრისით. მაგალითად, 7 წლამდე ასაკისთვის ფუნქციონირებს ადრეული ინტერვენციის პროგრამა, რომელიც, თავისი შინაარსით, ოჯახის გაძლიერებაზეა ორიენტირებული. ეს ნიშნავს, რომ, ერთი მხრივ, სპეციალისტი (ადრეული ინტერვენციის) ასწავლის მშობლებს, ბავშვის უახლოეს წრეს, როგორ ეთამაშონ და დაეხმარონ მისთვის მნიშვნელოვანი უნარების განვითარებაში; მეორე მხრივ, ცენტრებში სთავაზობენ აბილიტაციის, ანუ ჩარევის პროგრამებს, სადაც ბავშვთან მიზანმიმართულად მუშაობს შესაბამისი სპეციალისტი, რომელმაც იცის როგორ მისცეს ბავშვს ბიძგი განვითარებაში.

თუ აუტიზმის დიაგნოსტირება მოხდა, კიდევ უფრო დიდია მხარდაჭერა. ადრეული ინტერვენციის შემთხვევებში, ეს არის, საშუალოდ, თვეში რვა ვიზიტი, ვაუჩერული დაფინანსება (და ეს რვა ვიზიტი არის, როგორც გითხარით 7 წლის ასაკამდე). შემდეგ, ასაკის მატებასთან ერთად, ვიზიტების რაოდენობა კლებულობს. აუტიზმის შემთხვევაში, დიდი მუნიციპალიტეტების უმრავლესობაში, მაგალითად, თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, გორში, ბათუმში (თუ არ ვცდები, უკვე თელავშიც და ახალციხეშიც), ამ მიმართულებით პროგრესია – სახელმწიფო, საშუალოდ, თვეში 15-დან 20-მდე ვიზიტს აფინანსებს  – თვითონ მუნიციპალიტეტები ზრუნავენ ამაზე. რეალურად, ეს იმას ნიშნავს, რომ 2 წლის ასაკიდან 18 წლამდე, საჭიროებიდან გამომდინარე, თუ დიაგნოსტირებულია აუტიზმის სპექტრის დარღვევა, ბავშვი/მოზარდი მისთვის ძალიან მნიშვნელოვან დახმარებას იღებს და ამ 20 სესიის ძირითადი ბირთვია, ქცევის გამოყენებით ანალიზზე დაფუძნებული, ქცევითი თერაპია, ამას ემატება სხვა თერაპიები, მაგალითად, ოკუპაციური, ენისა და მეტყველების; სასკოლო ასაკის ბავშვების შემთხვევაში – აკადემიური უნარების, რაც, რეალურად, ბაზისური აკადემიური უნარების ხელშემწყობი სესიებია, რომელსაც შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტები ატარებენ. ამიტომ, ამ მხრივ, ადრეულ და სასკოლო ასაკში, გარკვეული მხარდაჭერის მიღების შესაძლებლობა არსებობს. მერე უკვე პრობლემაა – 18 წლის ზემოთ იწყება სირთულეები. აუტიზმის მქონე ზრდასრულებისთვის ძირითადად, ხელმისაწვდომია პროფესიული კოლეჯები. სამწუხაროდ, კოლეჯის დასრულების შემდეგ, უკვე დასაქმება წარმოადგენს პრობლემას. ზოგადად, 18 წლის ზემოთ, აუტიზმის სპექტრის მქონე ზრდასრულებისთვის, მცირეა მათი საჭიროებების შესაბამისი მხარდაჭერის მიღების შესაძლებლობა. დღის ცენტრებიც ძალიან ცოტაა და, სპეციფიკურად, ნეიროგანვითარების დარღვევების მქონე ზრდასრულების საჭიროებებს ბოლომდე ვერ აკმაყოფილებს. ასე რომ, აქ გვაქვს გარკვეული სირთულეები.

რას ურჩევდით ყველაზე მკაფიოდ გამოხატული ენობრივი და მეტყველების უნარების განვითარების პრობლემის მქონე ბავშვის მშობლებს. მაგალითად, საგანგაშოა თუ არა, როდესაც ბავშვს, სამი წლის ასაკში, უჭირს მეტყველება, გადაბმულად ვერ ამბობს წინადადებას; ან როგორ მოიქცეს მშობელი, რომლის 7-8 წლის შვილი არ ლაპარაკობს?

– 3 წლის ასაკის ბავშვის მშობლის საყურადღებოდ: თუკი მისი შვილი არ საუბრობს, აუცილებლად ადრეული ინტერვენციის პროგრამა უნდა დაიწყონ იმიტომ, რომ სამი წლის ასაკისთვის, ყველა მონაცემისა და პროტოკოლის მიხედვით, ბავშვს უნდა ჰქონდეს მეტყველებაში წინადადებები, სულ მცირე, ორსიტყვიანი მაინც, თუმცა, სამი წლის ასაკში ბავშვები ბევრად უფრო რთულ წინადადებებსაც ამბობენ.

რაც შეეხება, 7-8 წლის ბავშვების მშობლებს, ვეტყვი, რომ პირველი, აუცილებელია შეფასება – რა ტიპის სირთულეა. რადგან ამ ასაკის ბავშვი უკვე სკოლის მოსწავლეა, მათ შეუძლიათ მოითხოვონ (და დარწმუნებული ვარ, ეს მოთხოვნილიც ექნებათ), განათლების სამინისტროს ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინური გუნდის შეფასების საფუძველზე, სკოლაში ინდივიდუალური სასწავლო გეგმა, რომელშიც გაწერილი უნდა იყოს სპეციალური მასწავლებლის ჩართულობა და, ზოგიერთ შემთხვევაში, პირადი ასისტენტის მონაწილეობაც.

აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვების შემთხვევაშიც, განვითარება ინდივიდუალურია. შეიძლება, ერთი ბავშვის შემთხვევაში, შემეცნებითი და ენობრივი უნარების თვალსაზრისით, სრულიად ტიპური განვითარება იყოს და, ამ მიმართულებით, არანაირი სირთულე არ ჰქონდეს. მისი მთავარი სირთულე შეიძლება იყოს, მაგალითად, გარემოსთან მოქნილი ურთიერთობა – შევიდა კაფეში და ვერ ხვდება, ვის და როგორ მიმართოს შეკვეთის გასაფორმებლად; ქუჩაში ვიღაცამ გვერდით გაუარა და მხარი გაჰკრა, რა რეაქცია უნდა ჰქონდეს ამაზე; მოეწონა ადამიანი, როგორ გამოხატოს მოწონება და ა.შ. ასეთ სოციალურ სიტუაციებში ვლინდება სირთულე, სხვა სირთულე ასე მკვეთრად არ არის გამოხატული, მაგრამ ამ კონტინიუმის მეორე ბოლოში არიან ადამიანები, რომელთა ენობრივი განვითარება, მიუხედავად მათი, მათი ოჯახის თუ სპეციალისტების დიდი შრომისა, არ ხდება, ისინი არ იწყებენ ლაპარაკს ჩვენთვის გასაგებ, ვოკალურ ენაზე. ამ შემთხვევაშიც, ძალიან მნიშვნელოვანია კომუნიკაციის ალტერნატიული ფორმების (ალტერნატიული და აუგმენტური კომუნიკაციის) დროულად დაწყება. რა იგულისხმება ამაში? თუ ადრეულ ასაკში, მაგალითად, სამი წლის ბავშვი ხმას არ იღებს, არაფერს ამბობს, ჟესტებსაც კი არ იყენებს თავისი სურვილების გამოსახატად, თუნდაც მარტივ ჟესტს, როგორიცაა თითით მინიშნება და მშობელი მხოლოდ მისი ტირილიდან ან სიბრაზიდან გამომდინარე ხვდება, რომ რაღაც უნდა და იწყებს შეთავაზებებს. ბავშვი, შეთავაზებულიდან, რაღაცას მოიწონებს და ამით დამშვიდდება. სწორედ ასეთ შემთხვევაში, ამ ასაკიდანვე, აუცილებელია კომუნიკაციისთვის დამხმარე სხვა სისტემების განვითარებაზე მუშაობის დაწყება. ეს შეიძლება იყოს სურათებზე დაფუძნებული კომუნიკაცია – სურათზე გაჩვენე რა მინდა და მოვისმინე შესაბამისი სიტყვა; შეიძლება ჟესტზე დაფუძნებული კომუნიკაცია, მაგალითად, ერთია, როცა ბავშვი ტირის და მშობელი საათის განრიგის მიხედვით ხვდება, რომ ალბათ შია და მეორეა, როცა ბავშვი პირზე თითის მიდებით ანიშნებს, რომ შია და ამისთვის ტირილი არ სჭირდება, ჟესტის საშუალებით აგებინებს. ეს ყველაზე მარტივი ფორმაა. არის უფრო რთული ფორმები, მაგრამ მთავარია, რომ არასწორად ითვლება, თითქოს ალტერნატიული ფორმების გამოყენება აფერხებს ჩვენთვის ჩვეულ ენობრივ განვითარებას. კვლევებით დამტკიცებულია, რომ პირიქით, ხელს უწყობს. რა არის სიტყვა? სიმბოლო. მაგალითად, „ხე“ სიტყვა და ფიზიკურად ხე სრულიად განსხვავდება ერთმანეთისგან, მაგრამ იმის გამო, რომ ჩვენ შეთანხმებული ვართ, რომ ეს ჟღერადობა, ბგერების კომბინაცია აღნიშნავს ხეს, შესაბამისად, როცა ადამიანს მინდა ვუთხრა – ხესთან მიმიყვანე, ვამბობ – ხე და მისთვის გასაგებია. ეს სიმბოლურია და შესაბამისად, კომუნიკაციის ყველა მსგავსი დამატებითი ალტერნატიული ფორმა ამ სიმბოლიზმზეა დაფუძნებული. როდესაც ბავშვი რაღაც ტიპის სიმბოლოს გამოყენებას სწავლობს, ეს მის ტვინში შესაბამისი პროცესების გააქტიურების შედეგად ხდება. ამას თან ერთვის ისიც, რომ უფროსი ადამიანი ამატებს ჩვენთვის ჩვეულ ენას. ერთია, რომ ბავშვმა ჟესტით აჩვენა ხე და მეორე, მშობელი სიტყვით იმეორებს – ხე? გამოდის, რომ ბავშვი ძალიან მარტივად აგებინებს, რა უნდა, იმის გამო, რომ უკვე სიმბოლოების საშუალებით იწყებენ ურთიერთობას. უმეტეს შემთხვევაში, ალტერნატიული ფორმის გამოყენებას ენობრივი განვითარებაც მოჰყვება ხოლმე.

არის ჯგუფი ბავშვებისა და ზრდასრულების, ვის შემთხვევაშიც არ ხდება ჩვეულებრივი ზეპირი ენის ათვისება და მეტყველების განვითარება და მათ, რეალურად, რჩებათ კომუნიკაციის უკვე კარგად ჩამოყალიბებული ალტერნატიული სისტემა, რომელსაც აქტიურად იყენებენ გარემოსთან ურთიერთობისთვის. მათ აღარ სჭირდებათ რთული ქცევა იმისთვის, რომ სამყაროს თავიანთი საჭიროებები გააგებინონ – სტკივათ, სწყურიათ, ბრაზობენ, მეგობართან წასვლა ან გარეთ გასვლა სურთ. მათ ამაში შეთანხმებული სისტემა ეხმარება. მეტყველების თერაპევტის შეფასების საფუძველზე, ერთობლივად, მიიღება გადაწყვეტილება, ჩვეული თერაპიის პარალელურად, რომელი ალტერნატიული და აუგმენტური კომუნიკაციის ფორმა მისცემს ბავშვს მხარდამჭერ განვითარებაში ბიძგს. ენა ადამიანისთვის უბრალოდ კომუნიკაციის საშუალება არ არის, ინფორმაციის გასაცვლელად ჩვენ რაღაც სიმბოლოებს ვიყენებთ და ეს ხელს უწყობს ჩვენი ყურადღების, მეხსიერების, აზროვნების, სოციალური უნარების განვითარებას. ეს ყველაფერი ურთიერთკავშირშია. როცა ბავშვს პირველადი საჭიროებების მარტივად გადმოცემა/გაგებინება შეუძლია გარე სამყაროსთვის, მეტი დრო და რესურსი რჩება იმისთვის, რომ სხვა რამ ისწავლოს.

– როგორია აუტიზმის უახლესი სტატისტიკა?

– ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ ჩატარებული ბოლო კვლევის თანახმად (ორ წელიწადში ერთხელ ქვეყნდება, ამერიკის მასშტაბით, აუტიზმის გავრცელებასთან დაკავშირებული ეპიდემიოლოგიური მონაცემები), 2020 წელს შეფასებულ 8 წლამდე ბავშვებში, 36-იდან ერთს აუტიზმის სპექტრის დარღვევის დიაგნოზი დაესვა, რაც უფრო მაღალი მაჩვენებელია, ვიდრე აქამდე იყო. აუცილებელია ხაზი გაესვას, რომ აუტიზმის დიაგნოზი არ არის დამოკიდებული არც ეთნიკურ ჯგუფზე, არც ოჯახის სოციალურ-ეკონომიკურ სტატუსზე. ახალი მონაცემების თანახმად, შეფასებული ბავშვების (აუტიზმის მქონე) 1/3-ს დამატებით ინტელექტუალური დარღვევაც აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი კოგნიტური უნარების განვითარება ასაკის შესაბამისი არ არის. ე.ი. 2/3-ის, ანუ უმრავლესობის შემთხვევაში, დიდი ალბათობით, ტიპური კოგნიტური განვითარებაა. დიაგნოსტირებული ინტელექტუალური დარღვევით ის ბაშვები არიან, ვისი ინტელექტის კოეფიციენტი და ადაპტური ქცევა, ანუ თვითმომსახურების უნარები ასაკის შესაბამისი არ არის.

რაც შეეხება საქართველოში აუტიზმის გავრცელების რიცხვს, ზუსტი მონაცემები ამ წლის მანძილზე გახდება ცნობილი. პირველი ეპიდემიოლოგიური კვლევა, შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით, მაია გაბუნიას ჯგუფმა, განახორციელა 2018-2022 წლებში, 8 წლის ასაკის ბავშვებში, მთელი საქართველოს მასშტაბით. ეს მონაცემები ძალიან მნიშვნელოვანია შემდგომი მხარდაჭერის სისტემების დაგეგმვისა და განვითარებისთვის.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის  მაგალითზე კი შემიძლია გითხრათ, რომ მომართვიანობა ყოველწლიურად მატულობდა, მაგრამ კოვიდ პანდემიამ გამოიწვია ჩავარდნა და ახლა ძალიან განსხვავებულია მომართვიანობის მაჩვენებლები. აუცილებელია აღინიშნოს, რომ მომართვის ასაკი შემცირდა, რაც საზოგადოებაში ინფორმირებულობის ზრდაზე მიუთითებს.

საგულისხმოა, რომ გახშირდა ტიპური განვითარების მქონე ბავშვების მომართვიანობა, რომლებსაც სოციალურ-კომუნიკაციური სირთულეები აქვთ. მაგალითად, თანატოლებთან ჯგუფურ აქტივობებში მონაწილეობასთან დაკავშირებული სირთულეები, პირველკლასელების შემთხვევაში, გაკვეთილზე მშობლის გარეშე დარჩენის სიძნელე და ა.შ. რეალურად, ეს არ არის აუტიზმი, უბრალოდ სოციალურ-კომუნიკაციური სირთულეა, რომელიც კოვიდ პანდემიის პერიოდმა გამოიწვია – ლოკდაუნების გამო, ბავშვი, თანატოლებთან სოციალურ-კომუნიკაციურ აქტივობებს, მათ შორის, საბავშვო ბაღის გამოცდილებას მოკლებული აღმოჩნდა, რამაც შესაბამისი უნარების განვითარებაში ჩავარდნა გამოიწვია.

– ბოლო მონაცემები რეალურად საგანგაშოა. რა შეიძლება იყოს გამომწვევი მიზეზი?

– გაზრდილი მაჩვენებელი ძალიან საგანგაშოა და ამაზე ბევრს მსჯელობენ მეცნიერები. ადრეული ჩარევის მნიშვნელობა ხაზგასმულია და თანამედროვე სამყაროში ზუსტად ამაზე საუბრობენ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ადრეული დიაგნოსტირება. არსებობს მონაცემები, რომ ადრეულ ასაკში ჩარევით, შეიძლება, ეს დიაგნოზი მოიხსნას. ყველა ჩვენგანს ახასიათებს, რაღაც დოზით, აუტიზმის ნიშნები, ძალიან ბევრი ადამიანი აღმოაჩენს, რომ დიდად არ უყვარს მოულოდნელი ცვლილებები, თუ რაღაც აქვს დაგეგმილი და დღის განმავლობაში უცებ შეიცვლება, ეს ცუდ ხასიათზე აყენებს. აუტიზმის შემთხვევაში, ცვლილებებისადმი მგრძნობელობა უფრო აღმატებულ ხარისხშია. ბევრი ადამიანია, ვისაც არ უყვარს წვეულებაზე, ხალხმრავალ უცხო გარემოში წასვლა და ამის მიზეზი შეიძლება ის იყოს, რომ ვერ ხვდება როგორ შეიძლება მიიღოს სიამოვნება ასეთი ურთიერთობებისგან. აუტიზმის შემთხვევაში, ესეც უფრო აღმატებულ ხარისხში შეიძლება იყოს. შეიძლება ითქვას, რომ მსგავსი აუტისტური ნიშნები საზოგადოებაში საკმაოდ გავრცელებულია, უბრალოდ, აუტიზმის შემთხვევაში, დიაგნოსტირება იმიტომ ხდება, რომ ეს ნიშნები ისეთ ინტენსივობას აღწევს, რომ ხელს უშლის გარემოსთან ურთიერთობაში, ასევე სწავლაში, გარკევული უნარების განვითარებაში. აქედან გამომდინარე, ეს გაზრდილი მაჩვენებელიც გაუმჯობესებული იდენტიფიკაციის შედეგია. კონტინიუმის ის ზედა მხარე, რომელიც ტიპურად ვითარდება შემეცნებითი და ენობრივი უნარების თვალსაზრისით, ხშირად არაიდენტიფიცირებულები არიან. ზრდასრული ადამიანები, ბავშვის განვითარების პროცესში, სწორედ ამას უყურებენ – დროულად დაიწყო სიარული, ლაპარაკი, მივიდა საბავშვო ბაღში, წარმატებული იყო იქ, ლექსების ათვისებასა და კონკრეტული ტიპის აქტივობებში, ასევე წარმატებული იყო სკოლაში, აკადემიურ საგნებში. ფიქრობენ, რომ არაუშავს თუ კონფლიქტები ჰქონდა თანატოლებთან, ვის არ ჰქონია? მეგობრები არ ჰყავდა ან ერთი მეგობარი ჰყავდა? ყველას აქვს მსგავსი შემთხვევები და ა.შ. რეალურად, შემეცნებითი უნარების თვალსაზრისით, ტიპური განვითარება, ხშირ შემთხვევაში, მასკირებას უკეთებს აუტიზმისთვის დამახასიათებელ ნიშნებს იმიტომ, რომ აუტიზმის დიაგნოსტირებაში რა არის წამყვანი – არა შემეცნებითი განვითარება, არამედ სოციალური უნარების განვითარება და მათი კომუნიკაციის მიზნით გამოყენება. არა მარტო ეს, რადგან ენასთან დაკავშირებული სირთულეები ცალკე ჯგუფია, ასევე, სტერეოტიპული განმეორებადი ქცევები და შეზღუდული ინტერესები, ოღონდ, შეიძლება, ვთქვათ, ბავშვს არ ჰქონდეს მოტორული მანერიზმი – სპეციფიკური ბევრჯერ განმეორებადი მოძრაობა, მაგრამ გატაცებული იყოს პლანეტებით. მაგალითად, ბავშვი სამი წლისაა, ყველა პლანეტის სახელი იცის, დაინტერესებულია გალაქტიკებით და, უკვე 18 წლის ასაკში, უნივერსიტეტში ასტრონომიის მიმართულებით სწავლობს. არის ეს საგანგაშო, ერთი შეხედვით? არა, იმიტომ, რომ ადამიანს აქვს ინტერესი და გატაცებულია. გაუმჯობესებული დიაგნოსტირება იმას გულისხმობს, რომ ბავშვი, 8 წლის ასაკში, რომელიც კარგად სწავლობს, მაგრამ თანატოლებთან მუდმივად აქვს კონფლიქტი, ვერ იგებს რატომ უნდა თქვას გამარჯობა, ან რატომ არ უნდა უთხრას თანატოლს, რომელსაც დედა გარდაეცვალა, რომ მას მაინც არ მოსწონდა მისი დედა. ამ შემთხვევაში, ბოროტი განზრახვა კი არ ამოძრავებს, უბრალოდ, ვერ ხვდება სოციალურად ამ ტიპის ფრაზის მნიშვნელობას, რადგან მისი ტვინი სხვანაირად ამუშავებს ამ ტიპის ინფორმაციას. ახლა, ამ პროცესების უკეთ ცოდნამ გამოიწვია ის, რომ უფრო კარგად ხდება დიაგნოსტირება და იდენტიფიკაცია.

 – თქვენი მთავარი სათქმელი, რჩევა მშობლებისთვის, რომლებიც ამ პრობლემის წინაშე დგანან

– მთავარი, საბოლოო ჯამში, მაინც ბავშვების დანახვის უნარია. ძალიან მნიშვნელოვანია, უფროსებმა შეძლონ ბავშვებთან ერთად ყოფნა, თამაში. მათთვის, ყოველდღიური საჭიროებების კეთებაზე მეტად (კვება, ჩაცმა, დაბანა, ბაღში ან სკოლაში წაყვანა, მეცადინეობა), მნიშვნელოვანია, უფრო მეტად დააკვირდნენ ბავშვის ფრაზებს, ემოციებს, ქცევებს. დღეს ამის პრობლემა ჯერ კიდევ არსებობს – ყოველდღიური საჭიროებები და ვალდებულებები იმდენად დიდ დროსა და რესურსს მოითხოვს, რომ შეიძლება ძალა აღარ დარჩეს მშობელს, ცოტა ხნით მაინც, ბავშვთან ერთად, სცადოს თამაში. შეიძლება ეს იყოს მთავარი შეტყობინება მშობლებისთვის – დატვირთული დღის განრიგში, რომელშიც ბევრი მნიშვნელოვანი საქმე და აქტივობაა, გამოყონ 15 წუთი თამაშისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ერთად სასიამოვნოდ გატარებული დრო. ვითამაშოთ ბავშვთან ერთად, ვუყუროთ რას თამაშობს – მასთან ახლოს მივდივარ, მის დონეზე ვჯდები და ვცდილობ ავყვე, თუნდაც, 15 წუთი და ეს თამაში ძალიან ბევრ რამეს დაანახებთ. რეალურად, ეს იქნება კარგი საშუალება, რომ კითხვები გაუჩნდეთ ბავშვის განვითარებასთან დაკავშირებით, იმისთვისაც, რომ აღმზრდელსა და მასწავლებელს უთხრან რა არის მათი შვილის საჭიროება. მაგალითად, თუ პლანეტებზე დაელაპარაკებით, აუცილებლად გაგიღიმებთ და ეცდება, მაქსიმალურად ბევრი გელაპარაკოთ. იგივე ხდება მასწავლებლებისა და აღმზრდელების შემთხვევაშიც, უფროსებს იმდენად ბევრი ვალდებულებები და პასუხისმგებლობები აქვთ, იმდენად ბევრ რამეზე უწევთ ყურადღების გადანაწილება, უბრალოდ, ურთიერთობით სიამოვნების მიღებისთვის დრო აღარ რჩებათ. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ამ პროცესში არის ბავშვის გაცნობის შედეგად ბავშვის მიღება მისი ინტერესებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით და სწორი მოლოდინების ჩამოყალიბება.

– რადგან ჩვენ გარშემო ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ხმამაღლა ამბობენ, ჩემი შვილი იყო ჯანმრთელი, აცრა გაუკეთეს და აუტისტი გახდა ან ჩემი შვილი აუტისტია, მაგრამ განსაკუთრებულად ნიჭიერია… ეს მითია თუ რეალობა?

– აცრა ნამდვილად მითია იმიტომ, რომ აცრასთან დაკავშირებით უამრავი კვლევა ჩატარადა, იწვევს თუ არა აუტიზმს და ყველა კვლევა ადასტურებს, რომ არა, არანაირად არ არის ერთმანეთთან კავშირში აცრა და აუტიზმი. ვაქცინაციასთან მიმართებაში იმდენად დაიხვეწა მეთოდოლოგია, მით უმეტეს 21-ე საუკუნეში, რომ ძალიან ზუსტადაა განსაზღვრული რა შეიძლება გამოიწვიოს და რა არა კონკრეტულმა ვაქცინამ. უბრალოდ, დროში თანხვედრაა ხოლმე და ეს ხდება მშობლებისთვის ერთ-ერთი მიზეზი, რომ  აუტიზმის დიაგნოზი აცრას დაუკავშირონ. როცა პრობლემაზე იწყებ ფიქრს, ჩვენი მეხსიერება ყოველთვის რაღაც საყრდენებს ეძებს. გეგმიურ აცრებს რომ შევხედოთ, ბოლო აცრა, დაახლოებით, ერთი წლის ასაკისთვის უწევს ბავშვს. გავიხსენოთ, როდის იწყებენ მშობლები შეშფოთებას ბავშვის განვითარებასთან დაავშირებით, დაახლოებით წლინახევრის ასაკისთვის, როცა ამჩნევენ რომ გარკვეული უნარები არ ჩანს (არ ამბობს სიტყვებს, დაძახებაზე არ გაქცევს ყურადღებას და ა.შ.), ამიტომ თითქოს დროში თანხვედრა აკავშირებს აუტიზმს აცრასთან.

ნიჭიერებასთან დაკავშირებით – აუტიზმის სპექტრის მქონე ადამიანებშიც ისევე არიან ნიჭიერიერები, როგორც, ზოგადად, პოპულაციაში და ის მომენტი, რომ აუტიზმის სპექტრისთვის დამახასიათებელია განსაკუთრებული ნიჭიერება, ამას ვერ ვიტყოდი. უბრალოდ, აქ, თვითონ აუტიზმის სპექტრიდან გამომდინარე, მისი ერთ-ერთი მახასიათებელი – შეზღუდული ინტერესი იჩენს თავს. შეზღუდული ინტერესი, ხშირ შემთხვევაში, საგნით მაქსიმალურ გატაცებას ნიშნავს, რაც გულისხმობს, რომ კონკრეტულ სფეროში, კონკრეტულ მეცნიერებაში აუტიზმის სპექტრის მქონე ადამიანს შეუძლია გახდეს ძალიან წარმატებული ზუსტად იმიტომ, რომ ის მთლიანად თავისი ინტერესით არის მოცული, მხოლოდ ერთ რამეზეა ფოკუსირებული და ძალიან კარგად გამოსდის. აქვე აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, რომ ისევე როგორც ზოგადად ადამიანები განვსხვავდებით ერთმანეთისგან, აუტიზმის მქონე ადამიანებიც ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან და აუტიზმი არ ნიშნავს, რომ აუტიზმის მქონე ყველა ადამიანი იდენტური უნარებით ხასიათდება.

– მეცნიერებამ გვითხრა რაიმე ახალი აუტიზმზე?

– ერთი ახალი, რაც გვითხრა არის ის, რომ აუტიზმის სპექტრი შეიძლება უფრო, როგორც ქოლგა ტერმინი, ისე განვიხილოთ, რაც იმას ნიშნავს, რომ აუტიზმის სპექტრით დიაგნოსტირებული ბავშვები ან ზრდასრულები ერთნაირები არ არიან, მაქსიმუმ, დაახლოებით, 15%-ია, ვისაც მსგავსი ეტიმოლოგიური ფაქტორები აქვს, ანუ გამომწვევი ცვლადების ერთობლიობა ახასიათებს, რაც პასუხისმგებელია აუტიზმისთვის დამახიასიათებელი ნიშნების გამოვლენაზე.

– მემკვიდრეობითობას აქვს თუ არა აუტიზმის დიაგნოსტირებაზე გავლენა?

– წინასწარგანწყობა, ესეც ერთ-ერთი კითხვის ნიშანია. გარკვეულ გენურ დონეზე ცვლილებების შესახებ ვარაუდი არსებობს, მაგრამ ის, რომ გენეტიკურად თაობებში გადადის, მსგავსი კვლევების რაოდენობა საკმაოდ მწირია. მემკვიდრეობითია თუ თანდაყოლილი, აუტიზმის შეთხვევაში შეიძლება ვთქვათ, რომ ეს არის თანდაყოლილი, რაც იმას ნიშნავს, რომ განაყოფიერების შემდეგ, როცა ემბრიონმა განვითარება დაიწყო, ანუ ემბრიონალური განვითარება მიმდინარეობდა, იქ მთელი რიგი პროცესებია პასუხისმგებელი, მაგალითად, თავის ტვინის ფორმირებაზე. აი, ამ დროს შეიძლება მოხდეს გარკვეული მექანიზმის აღრევა, რამაც შემდგომ განაპირობოს ის, რომ ერთი შეხედვით ტიპური ფიზიკური შესაძლებლობები და მონაცემებია, მაგრამ თავის ტვინი,  სოციალური კოგნიციის თვალსაზრისით, განსხვავებულად ახდენს ინფორმაციის მიღება-გადამუშავებას. თუ საუბარია კლასიკურად აუტიზმის სპექტრის დიაგნოზზე, ან იმავე აუტიზმი-კანერის სინდრომზე, ეს არის თანდაყოლილი. შეძენილს რასაც ეძახიან, შეიძლება რაღაც ტიპის დაავადებას, დარღვევას ახლდეს თან აუტიზმის მსგავსი ნიშნები, მაგრამ ეს არ არის აუტიზმი, არამედ სხვა მდგომარეობის გამოვლინებაა.

ყველაზე მნიშვნელოვანი, აუტიზმის შემთხვევაში, არის მიმღებლობა – მიმღებლობა იმ განსხვავებების, რაც მოცემული მდგომარეობისთვის არის დამახასიათებელი და ამის გათვალისწინებით განვითარება. საერთაშორისო ორგანიზაცია „Autism Europe” წლევანდელი ცნობადობის ამაღლების კამპანიის მთავარ მოწოდებად გვთავაზობს: „ტრანსფორმაცია: შევქმნათ ნეიროინკლუზიური სამყარო ყველასთვის“, რაც კარგად გამოხატავს საზოგადოების შემდგომი განვითარების მიმართულებას.

ესაუბრა ლალი ჯელაძე

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები