შეკითხვების „დასტა“
„მე და საზოგადოების“ სწავლების საკითხების გასააზრებლად
ელენე ჯელაძე
სსიპ თბილისის 147-ე საჯარო სკოლის
დაწყებითი კლასის წამყვანი პედაგოგი
2018-2019 სასწავლო წელს, სკოლებში (III-IV კლასებში), ახალი საგნის — „მე და საზოგადოება“ — სწავლება დაინერგა, კვირაში ორსაათიანი დატვირთვით. საგანი მოსწავლეებს აცნობს სოციალურ გარემოს, სხვადასხვა ყოფით თემებს, როგორებიცაა: ოჯახი, წინაპრები, მეგობარი, სკოლა, უფლებები, მოვალეობები და ასე შემდეგ.
მე, როგორც ამ საგნის ერთ-ერთ პედაგოგს, გამიჩნდა სურვილი, გაგიზიაროთ ჩემი შეხედულებები და გამოცდილება ახალი საგნის შესახებ. დავიწყებ იმით, რომ საზოგადოებაში ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია ახალი საგნის შემოღებამ. მაშინ აზრადაც არ მომსვლია, რომ ამ საქმის შესრულება მეც მომიწევდა. ამიტომ არ ვიყავი ისეთი დაინტერესებული, რომ მუდმივად მედევნებინა თვალყური, მაგრამ როგორც პედაგოგი მაინც ვინტერესდებოდი გამეგო, რა მოსაზრებები გამოითქმოდა საგნის ირგვლივ. ზაფხულში, როცა ტრენინგზე დაგვიძახეს, სიმართლე გითხრათ, ცოტა სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი. ტრენინგი სახელმძღვანელოს გარეშე გავიარეთ. ტრენერის მიერ დასახელებული თემები, ერთი შეხედვით, ძალიან ჰგავდა სამოქალაქო განათლებისა და ბუნებისმეტყველების საკითხებს. მეც, ისევე როგორც სხვა პედაგოგებს, გამიჩნდა კითხვა — ამას ხომ ისედაც ვასწავლით?
ახლა კი, როცა მაქვს საგნის სწავლების გარკვეული გამოცდილება, მინდა შევაჯამო პირველი სემესტრი. „მე და საზოგადოების“ თავისებურება ის არის, რომ შინაარსის სწავლება არ მოითხოვს სპეციალურ საგნობრივ ცოდნას. სკოლაზე, ოჯახზე, ჯანსაღი ცხოვრების წესზე მსჯელობა არც მოსწავლეებისთვის წარმოადგენს განსაკუთრებულ სირთულეს. მუშაობის მომენტში ბევრი საინტერესო სადისკუსიო თემა გამოვლინდა, რაც ხელს უწყობს მოსწავლეებში არგუმენტირებული მსჯელობის, პრეზენტაციის, აღმოჩენების გაკეთების უნარების ჩამოყალიბებას. ჩემი გამოცდილებით აღვნიშნავ საგნის რამდენიმე ძლიერ მხარეს. დანერგვისას აქტიურად განიხილებოდა, ვის უნდა ესწავლებინა საგანი. მოგვიანებით გადაწყდა, რომ ეს უნდა ყოფილიყო დაწყებითი კლასის მასწავლებელი ან დამრიგებელი. ყოველი გაკვეთილის შემდეგ ვრწმუნდები, რომ ეს ზუსტი და სწორი მიგნება იყო სამინისტროს მხრიდან. საგნის სტანდარტი იმგვარადაა აგებული, რომ პედაგოგი გვერდს ვერ აუვლის კითხვას — რა უნდა გავაკეთო, რომელი აქტივობით უნდა ჩავანაცვლო ესა თუ ის თემა, რომ დასახული მიზნის მისაღწევად გამოვიყენო. ასევე ძლიერი მხარეა ის, რომ პედაგოგი არ არის შეზღუდული, მას უფლება აქვს გაკვეთილი ისე დაგეგმოს, როგორც სურს. პირველ სემესტრში გავლილი საკითხებიდან გვერდს თითქმის ვერც ერთს ვერ ავუვლი.
ჩემი ოჯახი — ამ საკითხის განხილვისას მოსწავლეებს ისეთი პრეზენტაციები ჰქონდათ, პირველ გაკვეთილზევე ვიგრძენი საგნის სწავლების აუცილებლობა და მაშინვე გამიქარწყლდა კითხვა — ამას ისედაც ხომ ვასწავლიდით? მივხვდი, რომ რომელიმე გაკვეთილზე ამ საკითხებისთვის დათმობილი ხუთი წუთი არასაკმარისია. ბევრს გაუჭირდა წინაპრების სახელისა და გვარის გახსენება, დააზუსტეს მშობლებთან, თავი მოუყარეს ინფორმაციას და ისე მოამზადეს პრეზენტაციები.
როგორც ვიცით, საკლასო გარემოზე, მეგობრებზე, თანატოლებზე, კონფლიქტების მოგვარებაზე მსჯელობა მოსწავლეებს უყალიბებს ღირებულებათა სისტემას და სამოქალაქო პასუხისმგებლობას. პასუხების განხილვისას, ბევრჯერ დამაფიქრა მოსწავლეების მსჯელობამ. თვალნათლივ დავინახე თაობათა ცვლა. როგორ გაზრდილან III-IV-კლასელები და ვერ ვამჩნევდით ამას ბუნების, ქართულისა და მათემატიკის გაკვეთილებზე. დავფიქრდი კიდევ ერთ საკითხზე — ხომ შეიძლება, მორცხვ, გაუბედავ მოსწავლეს, ერთხელ, თავისი სახლის ბინადრებზე სურდა საუბარი და ვერ ბედავდა ან ფიქრობდა, რომ ამდენ დროს ვერ დავუთმობდით და ვერ მოვუსმენდით. ახლა მას რამდენიმე გაკვეთილი ჰქონდა იმისთვის, რომ გაგვეცნო მისი გარემო, საყვარელი ადამიანები თუ საგნები, თუნდაც ყვავილი, რომელზეც ის ზრუნავს.
რა თქმა უნდა, საგნის სწავლებას, გარკვეული თვალსაზრისით, ასევე საფრთხეებიც ახლავს. მისი სწავლებისას ვიგრძენი დიდი პასუხისმგებლობა, რომელიც დამეკისრა. მთელი სემესტრის განმავლობაში მქონდა განცდა, რომ გაკვეთილის დაწყების წინ, კართან დამხვდებოდა მშობელი კითხვების „დასტით“ — შესაძლოა რაიმე საკითხი საეჭვოდ მოსჩვენებოდა.
იყო შემთხვევა, როდესაც ჩემი კოლეგა, რომელიც დაწყებით კლსებში სხვადასხვა საგნის პედაგოგია, დაინტერესდა, როგორ ვასწავლიდი მოსწავლეებს მათ უფლებებს. მომიყვა ამბავი, რომ წინა ღამით, დაახლოებით, 23.00 საათზე მისმა მესამეკლასელმა შვილმა ვახშმის მირთმევა ისურვა. რა თქმა უნდა, დედა შეეწინააღმდეგა, მაგრამ ბავშვისგან პასუხად მიიღო, რომ მას აქვს ჭამის უფლება. კოლეგამ მთხოვა რჩევა — კონკრეტულ სიტუაციაში რა შეიძლება უპასუხოს ბავშვს. ძალიან დამაფიქრა ამ საკითხმა. მშობელს ავუხსენი, რომ უფლებების შემდეგ მოდის გაკვეთილის თემა — მოსწავლის მოვალეობები. თუმცა, მოსწავლემ ძალიან კარგად „ისარგებლა“ თავისი უფლებების მოთხოვნით, სანამ გაეცნობოდა საკუთარ მოვალეობებს. ამ შემთხვევამ გადამაწყვეტინა, სწავლების პროცესში, უფლება-მოვალეობები გამეერთიანებინა, დამეთმო ორი-სამი საათი და „უფლება“ „მოვალეობასთან“ ერთად მესწავლებინა. მაგალითად, როდესაც ვისწავლეთ, რომ მოსწავლეს აქვს ჭამის უფლება, აქვე განვიხილეთ დღის რეჟიმის დაცვის ვალდებულებაც. როდესაც მოსწავლემ გაიგო, რომ მას აქვს უფლება, იყოს ოჯახის სრულფასოვანი წევრი და მის აზრს პატივი უნდა სცენ, აქვე გავიაზრეთ, რომ თვითონაც ვალდებულია, შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობები: ისწავლოს, პატივი სცეს უფროსებს და დაიცვას ოჯახის ღირსება. ზემოთ ხსენებული ამბავი, რომელიც კოლეგისგან მოვისმინე, ვაქციე სიტუაციად და განვიხილეთ გაკვეთილზე. მოსწავლეებმა დაასკვნეს — ჩვენი უფლებების გაცნობა არ ნიშავს იმას, რომ დავივიწყოთ მოვალეობები.
ამრიგად, ჩემი აზრით, „მე და საზოგადოების“ სწავლებისას მოსწავლეები შეიძენენ სოციალიზაციისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს, ყოველდღიურად ხდება მათი პიროვნული განვითარება და, რაც მთავარია, ადრეული ასაკიდან ეჩვევიან თავისუფალ აზროვნებას. რეკომენდაციის სახით კი, კარგი იქნება, თუ წიგნის ავტორი პედაგოგების გამოცდილებას გაითვალისწინებს, თუნდაც ზემოთ ხსენებული ჩემ მიერ გამოყენებული მეთოდის მაგალითზე (უფლებებისა და მოვალეობების ერთად მიწოდება). ვფიქრობ, მუშაობის პროცესში კიდევ წამოიჭრება არაერთი საკითხი, ამიტომ მიზანშეწონილად მიმაჩნია ერთმანეთისთვის აზრის გაზიარება, კომუნიკაცია მშობლებთან, თუნდაც რომელიმე საგანმანათლებლო გაზეთში (ჟურნალში) პერიოდული რუბრიკის გამოყოფა ამ ახალდანერგილი საგნის საკითხებზე მსჯელობისათვის.