ლიკა წულაია
სსიპ ირაკლი აბაშიძის სახელობის ქალაქ ხონის №3 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე
თამაზ ბიბილურის „დამშვიდობება“
ზოგჯერ ახალ თაობას ძალიან უჭირს წინა თაობის გაგება და მისი გამოცდილების გაზიარება.
თაობათა ცვლა და შემდგომ, ახალ თაობასთან ადაპტირება, არცთუ ისე მარტივი პროცესია. ამ პროცესს, განვითარებასთან ერთად, უამრავი სირთულე ახლავს თან. თაობათა შორის ურთიერთობა ყოველთვის გარკვეულ სირთულეებს შეიცავდა, რადგან უფროსებს ჰგონიათ, რომ მათ აქვთ ცხოვრებისეული გამოცდილება და უკეთ იციან, რა უნდა აკეთონ შვილებმა. შვილებს მიაჩნიათ, რომ მათ თვითონ უნდა განსაზღვრონ თავიანთი ყოფა და, პირიქით, ბევრ რამეს უწუნებენ მშობლებს. თაობათა ურთიერთობა მანამდე იქნება პრობლემური, ვიდრე ორივე მხარე ერთმანეთში არ დაინახავს იმ უმნიშვნელოვანესს, რაც პირადად მათ აკლიათ და რაც შეიძლება და აუცილებელიცაა, ისწავლონ ერთმანეთისგან. ის, რომ მშობლებს და ასაკოვან ადამიანებს ბევრი რამ უნახავთ და, ადამიანური ურთიერთობების მხრივ, მეტი ცოდნა აქვთ, ბუნებრივია, მაგრამ ახალგაზრდები რომ უფრო გაბედულები, ზოგჯერ რადიკალურებიც არიან, ამასთან, აქვთ ახალი იდეები, ახალი ხედვა და მისწრაფებები, ესეც ფაქტია. უფროსების ვალია, მათი შემოთავაზებებიდან სწორი არჩევანი გააკეთონ, დაინახონ მათში რეალური სასიკეთო შედეგები და დაეხმარონ გზის გაკაფვაში. „რამდენადაც არ უნდა მოგვწონდეს ახალი თაობა, უნდა ვენდოთ მას. ისინი არიან ჩვენი მომავალნი, არიან ჩვენი დანატოვარი და რარიგ დიდი წარსულიც არ უნდა ჰქონდეს ხალხს, ის მაინც მომავლით უნდა ცხოვრობდეს“. ეს ნებისმიერი ქვეყნის ნორმალური განვითარებისთვის აუცილებელი პირობაა.
თამაზ ბიბილურის მოთხრობაში „დამშვიდობება“ ვხედავთ, რომ „წარსულს თურმე დაბრუნებაც შეუძლია და განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ იმ წარსულს ჩვენ თვითონაც არ ვშორდებით“. დედაბერი, მაგდანა, ნაცნობ ბერიკაცს, მიხოს, „ბიჭოთი“ მიმართავს. გულახდილად უშლიან გულს ერთმანეთს, თავიანთ გულისტკივილზე საუბრობენ. მათი შემყურე პატარა ბიჭი კი ხითხითებს. მას არ ესმის ამ მოხუცების გულუბრყვილო და უბრალო საუბრის. შეიძლება ითქვას, რომ თაობებს შორის დიდი უფსკრულია. მათ ხშირად აქვთ აზრთა სხვადასხვაობა. ეს ურთიერთობა რთული ფენომენია და ბევრ ისეთ პრობლემას მოიაზრებს, რომლის გამოც თაობათა შორის ხიდი ტყდება. მოხუცებს გული შესტკივათ თავიანთი ოჯახის წევრებზე, თუმცა იგრძნობა, რომ ოჯახთანაც არსებობს გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა. ძველი და ახალი თაობის შეხედულებები, ინტერესები, გემოვნება, მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან. ეს არც არის გასაკვირი, თაობათა ურთიერთობის საკითხი ნებისმიერი ეპოქისთვის მტკივნეულია.
მახსენდება ნიკო ლორთქიფანიძის ნოველა „თავსაფრიანი დედაკაცი“. მასში გადმოცემულია იმ ქართველი ქალის ცხოვრება, რომელმაც იმაზე უკეთ აღზარდა შვილები, ვიდრე შეეძლო. თავსაფრიანი დედაკაცი ნაადრევად დაქვრივდა, რის გამოც სრულიად მარტოს უწევდა ოჯახის რჩენა. მას შესთავაზეს კვლავ დაქორწინება, მაგრამ ქალმა უარი განაცხადა, რადგანაც გათხოვება შვილების ღალატად მიიჩნია. ტექსტში აღნიშნულია, რომ ყოველი მისი კეთილი ქმედება საკუთარ შესაძლებლობებს ბევრად აღემატებოდა. ამან განაპირობა ის, რომ შვილებმა წარმატებებს მიაღწიეს. თავსაფრიანი დედაკაცი უსაზღვროდაა შვილებზე შეყვარებული. ამ ყველაფრის მიუხედავად, სულ მცირე ინციდენტიც კი იქცა თავსაფრიანი დედაკაცის სახლიდან წასვლის საბაბად. ისიც აღსანიშნავია, რომ წყენის შემდეგ მას შვილებისადმი სიყვარული ოდნავადაც კი არ განელებია. იგი ამის შემდეგაც შვილების ავტორიტეტს უფრთხილდებოდა და ამიტომაც გადაწყვიტა წერილის მიწერა, რაც, რა თქმა უნდა, წარმოადგენდა ერთგვარ საბუთს შვილების გამართლებისა. თუმცა, შვილებმა დედა მაინც ვერ დააფასეს სათანადოდ. რაოდენ უსაზღვროც არ უნდა იყოს გაწეული ამაგი, მაინც შესაძლებელია მისი დაუფასებლობა.
მახსენდება გურამ რჩეულიშვილის მოთხრობა „ბათარეკა ჭინჭარაული“. ბათარეკა თოვლმა კოშკში გამოკეტა, უმოქმედობამ გააბოროტა და აღარ იცის, როგორ გადმოანთხიოს დაგროვებული ენერგია და ღონე. ერთ მშვენიერ დღეს ბათარეკა შეამჩნევს, რომ მისი შვილი არაფერს აკეთებს სახლში, თუმცა მამის გაბრაზებას მზია აგებებს პოეზიას და რაღაც უცნაურ სინათლეს, რომელიც მისი თვალებიდან იფრქვევა. გაბრაზება მზიასთვის უცხოა, რადგან წარმოუდგენელია მისთვის ჩვეულებრივი საზრუნავი, რაც ყოფით ყოველდღიურობაშია. ბათარეკა თითქოს გრძნობს, რომ შვილმა აჯობა სიმართლეში, „რომ არაფერი იყო სახლში გასაკეთებელი და უცებ დაიმორცხვა ოჯახის საქმით ანთებულმა მზიას წინ“, მაგრამ მზიამ მოაშორა თუ არა თვალები, ბათარეკა გონს მოეგო და ბრაზის გადმონთხევის საშუალებაც მიეცა. უცებ ინსტინქტით იგრძნო იმ უფსკრულის სიღრმე, მას რომ თავისი ქალიშვილისგან ყოფდა და თითქოს რაღაცის წინააღმდეგ ამხედრდაო და „სილის გაკვრით დაანთხია ქალიშვილს ყველაფერი და კიბეებზე დაეშვა ბუბუნით“. მამა თითქოს თავიდან იშორებს შვილს. მზია, რა თქმა უნდა, გრძნობს დიდ სულიერ ტკივილს და ზეციდან მიწაზე ჩამოვარდნის სიმწარეს. მამა მზიასგან მოითხოვს იმას, რაც გოგონასთვის ერთფეროვნებასთან, უღიმღამო ყოფასთანაა დაკავშირებული. ეს ყოველივე კი, გამოწვეულია თაობათა შორის აზრთა სხვადასხვაობით.
მახსენდება მეცხრამეტე საუკუნის, მამათა და შვილთა, ლიტერატურულ-იდეური ბრძოლა. პირველ რიგში, კარგად უნდა გავიაზროთ, რომ თაობათა ცვლა არ ნიშნავს იმას, რომ ერთი თაობა ერთბაშად გადის ცხოვრების ასპარეზიდან და მის ნაცვლად, „ცარიელ სცენაზე“, შემოდის ახალი თაობა. ჩვენ, რამდენიმე თაობას, ერთდროულად გვიწევს ცხოვრება და მოღვაწეობა ამა თუ იმ სფეროში. ეს ძალიან ბუნებრივია და რაც ბუნებრივია, კარგია. შვილთა თაობას მამათა თაობისთვის სრულიად უცხო იდეალები და ღირებულებები ჰქონდათ, მათი მისია მდგომარეობდა იმაში, რომ ამოეღოთ არქაიზმები და ორთოგრაფიული სიძველეები, მწერლობა დაეახლოებინათ ადამიანთან, ფართო პუბლიკისთვის გაეხადათ ხელმისაწვდომი უმაღლესი განათლება. მათთვის ტრადიციები არ წარმოადგენდა პრიორიტეტს. მამათა თაობა ამ მისიებს თუ მათი განხორციელების ფორმას მხარს არ უჭერდა, მათ შორის საზოგადო დამოკიდებულება ქმნიდა დაძაბულობას და ანგრევდა კეთილ განწყობილებას.
ეს პრობლემა დღესაც აქტუალურია. თაობათა შორის დაპირისპირება ყოველთვის იქნება, სანამ კაცობრიობა არ შეწყვეტს განვითარებას. დროსთან ერთად იცვლება ყველაფერი: გემოვნება, სტილი, ღირებულებები, რესურსები, ტრადიციებიც კი. ამას თაობები არ უნდა შევხვდეთ სიძულვილითა და უსარგებლო კრიტიკით. თუ ახალგაზრდები განსხვავებულ მუსიკას უსმენენ, უფროსებისთვის უცნობ ავტორებს კითხულობენ თუ ფილმებს უყურებენ, რადიკალურად განსხვავებულ აზრს გაბედულად გამოხატავენ და აფიქსირებენ, უფროსებმა, გაღიზიანებისა და ირონიულად ზემოდან გადმოხედვის ნაცვლად, როგორც თანასწორებს, ისე უნდა ეკამათონ და მოუსმინონ. ასეთ შემთხვევაში, ისინი მეგობრებად იგულებენ მათ, რჩევასაც შეეკითხებიან და არ აღიქვამენ ჭკუისდამრიგებელ, მოსაწყენ, საქმეგამოლეულ უფროსებად.
ასე რომ, ზოგჯერ ახალ თაობას ძალიან უჭირს წინა თაობის გაგება და მისი გამოცდილების გაზიარება.
მარიამ სანოძე
ირაკლი აბაშიძის სახელობის ქალაქ ხონის №3 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე
ჭეშმარიტი ხელოვნება თავგანწირვას მოითხოვს
ჭეშმარიტი ხელოვნება თავგანწირვას მოითხოვს. იმსჯელეთ, როგორაა წარმოჩენილი მოცემულ ტექსტში ეს პრობლემა და რამდენად აქტუალურია იგი დღეს.
ხელოვნება ნიჭიერი ადამიანის მიერ სამყაროს შემოქმედებითი აღქმაა. ამ აღქმის ნაყოფი ეკუთვნის არა მხოლოდ მის შემქმნელს, არამედ ნებისმიერ ადამიანს. ხელოვნება საყოველთაოა, არ გააჩნია საზღვრები, დრო… სუნთქვა გეკვრის, როდესაც ცდილობ, გონებით ჩასწვდე ყველაფერს – გენიოსების მიერ შექმნილს, შენახულსა და გაგრძელებულს. შემოქმედი ყველა ვერ იქნება, მაგრამ უნდა ეცადო შეაღწიო შემოქმედების არსში, მიუახლოვდე მშვენიერების შეცნობას, ეს ჩვენს ძალებშია. ხელოვნება იმითაცაა მშვენიერი და განსაკუთრებული, რომ იქმნება რჩეულების მიერ და ეკუთვნის მილიონებს. უდიდესი ბედნიერებაა, როდესაც შეგიძლია ბუნების სურათები შეიგრძნო და შთამბეჭდავად შექმნა შედევრი, მაგრამ ამასთანავე უდიდესი ტვირთიცაა, რომლის გამოც გიწევს ყველაფრის დათმობა და თავის გაწირვაც, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელოვნის ცხოვრება აზრს კარავს.
იშვიათად, ათასობით ადამიანში, გაჩნდება ერთადერთი, რომელსაც ღვთისაგან დაჰყება უდიდესი ნიჭი, სამყაროს შემოქმედებითი აღქმა, რაც უდიდესი პასუხისმგებლობაცაა. მის შენარჩუნებასა და გამოყენებას უდიდესი შრომა, ტანჯვა, ენერგია და ზოგჯერ თავგანწირვაც, მნიშვნელოვნის დათმობაც ესაჭიროება. ჭეშმარიტ ხელოვანზე მოგვითხრობს დიდებული იაპონელი მწერალი რიუნოსკე აკუტაგავა მოთხრობით „ჯოჯოხეთის სურათები“. ნამდვილ მხატვარს, ესიხიდეს, არ შეუძლია იმის დახატვა, რაც არ უნახავს, ამიტომ მისმა ბრწყინვალებამ დაწვა სეფექალი ეტლში და ამით მას უდიდესი გამოცდა მოუწყო. ეტლში ესიხიდეს ქალიშვილი იჯდა. ექსტრემალურ სიტუაციაში მას გაორება ეწყება, როგორც მამას და როგორც მხატვარს. წარმოუდგენელია მშობლის შვილისადმი სიყვარულის სრულყოფილად და იდეალურად აღწერა, მშობელი ყველაფერს თმობს და იბრძვის შვილის ბედნიერებისთვის, მაგრამ ამ შემთხვევაში, ეს გრძნობა ხელოვნებამ გადაძალა – „მთელი საშინელება, განწირულობა, შიში რიგ-რიგობით ეუფლებოდა ესიხიდეს გონებას“. თითქოს დაბადებულია იმისთვის, რომ მხატვრობას მიუძღვნას თავი და ამისთვის მაცოცხლებელი ძალა და სიყვარული დათმოს. „ესიხიდეს თავისი ქვასავით მტკიცე გადაწყვეტილება სურათის დახატვისა არ შეუცვლია და ერთი თვის შემდეგ ჯოჯოხეთის სურათებით მოხატული თეჯირი უკვე მზად იყო“ – კრიტიკულ სიტუაციაში მან ზებუნებრივი ძალა გამოიჩინა, როდესაც სასწორის ერთ მხარეს შვილის სიცოცხლე იყო, ხოლო მეორე მხარეს, როგორც გამოიკვეთა, შვილზე მეტად საყვარელი საქმიანობა, მან გაწირა შვილი, შექმნა შეუდარებელი სურათი, მაგრამ სიცოცხლეს ფასი დააკარგვინა. შეიძლება ჩაითვალოს, რომ საკმაოდ სწორი გადაწყვეტილება მიიღო და თავი ჩამოიხრჩო. როგორც კი მხატვრის როლი შეასრულა და საკუთარ საქციელს ჩაუღრმავდა, მიხვდა თუ რამხელა მსხვერპლი გაიღო, მაგრამ სხვაგვარად მოქცევა არ შეეძლო, რადგან სურათის შექმნის იდეით გატაცებულმა დათმო შვილი და თავის რეალურ სახეს გაუსვა ხაზი, ჭეშმარიტი ხელოვანი დაგვანახა. ხოლო ის ადგილი, სადაც ესიხიდე დაასაფლავეს, „ისე დაიფარა ხავსით, რომ ახლა აღარავინ უწყის, ვინ მარხია იქ“. ცხოვრების მწარე რეალობის მსხვერპლი გახდა ესიხიდე, ისტორიას დარჩა მის მიერ მოხატული თეჯირი, მაგრამ თვითონ საუკუნო დავიწყების მსხვერპლი გახდა.
ხელოვნებას შეუძლია როგორც სიცოცხლის ჩუქება, ისე მისი წართმევაც. ო‘ჰენრის მოთხრობაში „უკანასკნელი ფოთოლი“ თითქოს ერთი უბრალო, ჩვეულებრივი მხატვრის, მოხუცი ბერმანის სახეა მოცემულია, მაგრამ მან ჩაიდინა გმირობა და იდეალურად გაართვა თავი უდიდეს პასუხისმგებლობას. დახატა უსურვაზის ფოთოლი, გადაარჩინა ახალგაზრდა მხატვარი, მაგრამ შეეწირა თავად. მან დათმო უმნიშვნელოვანესი რამ, სიცოცხლე, მაგრამ შექმნა თავისი საუკეთესო ნამუშევარი, სიცოცხლის გადამრჩენელი დიდებული შედევრი.
არიან მსახიობები, რომლებიც თავიანთი ნიჭიერებითა და უმაღლესი სამსახიობო ოსტატობით წარუშლელ კვალს ტოვებენ კინოსა და თეატრში. ქართულ ხელოვნებაში ასეთია უკიდეგანოდ ნიჭიერი სესილია თაყაიშვილი. მას ბევრი რამის დათმობა შეეძლო როლის გამო. „მე, ბებია, ილიკო და ილარიონში“ ოლღა ბებიას როლის მოსარგებად, მან საღი კბილები ამოიღო და ამით დაემსგავსა ბებიას. მართლაც, რაოდენ გაჟღენთილი უნდა იყო მსახიობობით და, ზოგადად, ხელოვნების სიყვარულით, რომ ამხელა დათმობაზე შეძლო წასვლა?!
კაცობრიობის მრავალათასწლოვანი ისტორიიდან გამომდინარე შეიძლება ვთქვათ, რომ დღესდღეობით ეს პრობლემა აღარაა აქტუალური. მატერიალიზმზე გადაგებული საზოგადოებისთვის ხელოვნებამ დაკარგა სიდიადე. მხატვართა უმეტესობას უჭირს რაიმეს დათმობა და თავგანწირვა, ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა. ნამუშევრებს ასრულებენ მხოლოდ გასამრჯელოს მისაღებად და ავიწყდებათ, რომ თუ ნამუშევარი მთელი სულით და გულით არ შეიგრძენი, მას სათანადოდ ვერ შესრულებ. ასევე საყურადღებოა მნახველთა განწყობა და შესაბამისი რეაქცია. ისინი ვერ სწვდებიან ჭეშმარიტებას და ყალბის ბრწყინვალებას ემონებიან. მათთვის მთავარია ის, რასაც მატერიალური შედეგი მოჰყვება და ფიქრობენ, რომ რითაც ვერ შეიმოსები, ვერ დანაყრდები, საინტერესო არაა, ამით კი ხაზს უსვამენ განვითარების დაბალ დონეს. ჩვენი პრობლემა ყოველთვის იყო და არის ფიზიკური თვითგადარჩენა და არა თავისუფალი სულის ნავარდი.
დასკვნის სახით შეიძლება ვთქვათ, რომ ხელოვნება სულიერი საზრდოა. ის ხელოვანში გაიდგამს ფესვებს და ვერაფერი ჩაანაცვლებს, ამის ცოცხალი მაგალითია არსაკიძე. თვით სიყვარულმაც ვერ გადაწონა მისი ხელოვნებაზე დამოკიდებულება, რადგან ხვდებოდა, რომ სვეტიცხოველი იყო ის, რისთვისაც სულდგმულობდა, სინათლისა და სიცოცხლის მიმნიჭებელი. და მაინც, რა არის ხელოვნება? ამ შეკითხვაზე საუკეთესო პასუხი კონსტანტინე გამსახურდიას ფრაზაა – „ხელოვნებაა თავად უკვდავება“.
ნინო მეშველიანი
სსიპ მოსე ხონელის სახელობის ხონის №1 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე
ნებისმიერი ფანატიზმი პიროვნული სიკვდილის ტოლფასია
ფანატიზმი უკიდურესობამდე მისული ერთგულება და რწმენაა. იგი რაღაცისადმი ან ვიღაცისადმი უპირობო თავგანწირვას გულისხმობს. ფანატიკოსებს დაკარგული აქვთ განსჯისა და გაანალიზების უნარი და დაბალი თვითშეფასებით გამოირჩევიან. ფანატიზმი საკმაოდ სახიფათოა, რადგან ადამიანები აღმერთებენ რამეს ან ვინმეს და არ გააჩნიათ კრიტიკული აზროვნება, შესაბამისად, ვერ ამჩნევენ მათთვის ღმერთის ტოლფასი ადამიანის ცუდ თვისებებს. ამგვარმა გაკერპებამ შეიძლება ადამიანს ყველაფერი დააკარგვინოს, მათ შორის: სიყვარული, ბედნიერება და ფსიქიკური ჯანმრთელობაც კი.
ფანატიკოსი შეიძლება ვუწოდოთ ნ. ლორთქიფანიძის „ქორწილის“ გმირს, ქეთოს, რომელსაც თავისი ქმარი იმდენად უყვარს, რომ მის გარდა ვერაფერს ხედავს და არაფერი აინტერესებს, ყველაზე მეტად მას აფასებს. უყვარს ისე, როგორც ადამიანს — სიცოცხლე. მიუხედავად იმისა, რომ ბესო ქეთოს მიმართ სიყვარულითა და მზრუნველობით არ გამოირჩევა, პირიქით, „სახლში ნახევარჯერ არ არის. შია ქეთოს თუ სწყურია არ იცის…“, ქეთოს მაინც თავდავიწყებით უყვარს ის და ყოველთვის ამართლებს. მისი თავდადებული სიყვარული ჩანს მონაკვეთში, სადაც ბესო დაჭრეს. ამ დროს ქეთო ისე ცუდად გახდა, რომ ექიმმა იქ მყოფებს ურჩია, არა ბესოზე, არამედ ქეთოზე ეზრუნათ განსაკუთრებულად. ქეთო ფანატიზმმა ცუდ შედეგამდე მიიყვანა. ქორწილიდან ორი წლის შემდეგ, ავტორმა იგი ცაცხვის ძირში დაბმული ნახა, „ფეხშიშველი… შემოხეული, უსახელო კაბა… შეკრეჭილი თმა ფერმკრთალი, დანაოჭებული სახე… გამომშრალი თვალები“. წინ და უკან დადიოდა და თან ბუტბუტებდა: „პირუტყვი, პირუტყვი, პირუტყვი…“, „ჩემია, ჩემია, ჩემია…“ ამ სურათს უფრო მეტად ტრაგიკულს ხდის ფაქტი, რომ ამ დროს ბესო, თავის ახალ ცოლთან ერთად, მოსალხენად იყო წასული. ეს მოთხრობა იმის დასტურია, რომ ნებისმიერი ფანატიზმი პიროვნული სიკვდილის ტოლფასია.
მახსენდება კნუტ ჰამსუნის „სიყვარულის მონები“. ამ მოთხრობაში ორ ცალმხრივ სიყვარულს ვხვდებით, ორივე მონური და ფანატიკურია. მიმტან გოგონას უყვარდა კაცი, ვლადიმერი, ვლადიმერს კი უყვარდა ცირკის მსახიობი, ყვითელი ქალბატონი. გოგონა, სიყვარულის გამო, ვლადიმერის მონად იყო ქცეული და ვლადიმერიც მას მიმართავდა სიტყვით – „მონა“, მაგრამ გოგონას ეს სულ არ აწუხებდა, პირიქით, სხვებსაც ეუბნებოდა „მისი მონა ვარო“. კაცი გოგონას გრძნობებით სარგებლობდა და ყოველდღიურად ფულს ართმევდა, რომელსაც შემდგომ ყვითელი ქალბატონის მოსახიბლად იყენებდა, მაგრამ გოგონას ფულს უკან ვეღარ უბრუნებდა. ერთ დღესაც, მისწერა წერილი, რომ გროშიც აღარ ჰქონდა, რადგან ყვითელი ქალბატონის კვალს გაჰყოლია, წერილის ბოლოში კი ეწერა: „მე ყვითელი ქალბატონის მონა ვარ“. მართლაც ასე იყო, ორივენი სიყვარულის მონები იყვნენ და როგორც სხვა ყველა ასეთი ადამიანი, ისინიც ამ ფანატიზმს ემსხვერპლნენ და დაკარგეს საკუთარი თავი.
თანამედროვეობაშიც არსებობს ფანატიზმი და ფანატიკოსები. ფანატიზმით ცნობილია ჩრდილოეთ კორეა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ჩაკეტილი და ინფორმაციულ ვაკუუმში მყოფი სახელმწიფოა. 2011 წელს მათი ლიდერი – კიმ ჩენ ინი მატარებელში გარდაიცვალა. კორეელებმა ეს მსოფლიოს აღსასრულად მიიჩნიეს, ისინი არა მხოლოდ გლოვობდნენ და მოთქვამდნენ, ლამის თავსაც ისახიჩრებდნენ ამ, მათი აზრით, გამოუსწორებელი უბედურების გამო. ასევე ფანატიზმი იყო, როდესაც საბჭოთა თაობამ დაიჯერა, რომ სტალინის სიკვდილს მოჰყვებოდა რაღაც საშინელება, წარღვნა, მეორედ მოსვლა, ქვეყანა დაიღუპებოდა, საბჭოთა კავშირში მოსავალი არ მოვიდოდა და ა.შ
ასე რომ, ფანატიზმმა შესაძლოა ადამიანს საკუთრი თავი დააკარგვინოს. ნებისმიერი სახის ფანატიზმი ადამიანის პიროვნული სიკვდილის ტოლფასია.