27 ივლისი, შაბათი, 2024

ეფექტური კომუნიკაციისთვის კითხვათა ტიპები და კითხვის დასმის ტექნიკები

spot_img

მაკა გელაშვილი

სსიპ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქემფრის საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი

 

აინშტაინი წერდა: „ყველაზე მნიშვნელოვანია არასოდეს შეწყვიტო კითხვების დასმა“. ეს არა მხოლოდ მეცნიერებას, არამედ ნებისმიერ ადამიანურ სფეროს შეეხება. სწავლებისას კი კითხვების დასმა უმნიშვნელოვანესია.

პედაგოგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა ისიცაა, ასწავლოს ბავშვებს კითხვების დასმა. ამ თვალსაზრისით, არაერთი მეთოდი და სტრატეგიაა დამუშავებული, თუმცა, ყოველ ჯერზე, მასწავლებელმა თვითონ უნდა შეძლოს არსებულ ტექნოლოგიათა იმგვარი მოდიფიცირება, რომ გამოყენებულმა სასწავლო ხერხმა შედეგი მოიტანოს.

კითხვების დასმა მოსწავლეებში კრიტიკულ აზროვნებას ავითარებს, რომელიც მათ შესაძლებლობას აძლევს, ლოგიკურად გააანალიზონ ინფორმაცია, გამოიტანონ დასკვნები, მიღებული შედეგები კი გამოიყენონ როგორც სტანდარტული, ჩვეულებრივი, ნაცნობი სიტუაციების, აგრეთვე, უცნობი ვითარების გასაანალიზებლად. გარკვეულ ტექნოლოგიათა გამოყენებით, მასწავლებელმა მოსწავლეები უნდა მიაჩვიოს იმას, რომ არ შეეშინდეთ სხვადასხვა ხასიათის კითხვების დასმა.

კომუნიკაციაში ყველზე მეტად გამოიყენება ღია და დახურული კითხვები. კითხვები აუცილებელია ეფექტური ურთიერთქმედების დასადგენად. ისინი ცივილიზაციის საკომუნიკაციო ბაზის ნაწილია და მუდმივია ყველა ტიპის ენაში. ეს არის ენობრივი გამონათქვამები, რომლებსაც ადამიანები იყენებენ ინფორმაციის, ცოდნის მოსაძიებლად. კითხვების ძირითად კლასიფიცირებისას, ფორმის მიხედვით, გამოყოფენ ღია და დახურულ კითხვებს.

დახურული კითხვები – გამოიყენება დაუყოვნებლივი ინფორმაციის მისაღებად ან გადამოწმების მიზნით. ამ ტიპის კითხვები გარკვეულ მახასიათებლებს აკმაყოფილებს. ისინი აწვდიან ფაქტებს, მათზე პასუხის გაცემა მარტივია, ხოლო კითხვის ადრესატს საშუალებას აძლევს, გააკონტროლოს საუბარი. ისინი, ასევე, ცნობილია, როგორც „დიახ“ და „არა“ კითხვები. ამ ტიპის კითხვები საკმაოდ ხშირად გვხვდება გასაუბრების ან იურიდიული დაკითხვის დროს. ეს კითხვები სიმართლის პოვნის უმარტივესი მეთოდია. დახურულ შეკითხვაზე პასუხს დიდი დრო არ სჭირდება, ჩვეულებრივ, დახურული შეკითხვის დროს, მოსწავლეს უხდება პასუხის შერჩევა და არა შექმნა.

ღია კითხვები – დახურული შეკითხვებისაგან განსხვავებით, ითხოვს ბევრად უფრო ხანგრძლივ და შემოქმედებით პასუხებს. მასზე არ შეიძლება მარტივი „არა“ ან „დიახ“ პასუხის გაცემა, რადგან ფორმულირება მოითხოვს უფრო მეტ დახვეწას, როგორიცაა: „რატომ არ შეასრულეთ სამუშაო?“ მათ იყენებენ ახალი აზრებისა და იდეების დასაკითხად. ისინი მუშაობენ საუბრის განვითარებაზე. მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ, ღიად გამოხატონ მოსაზრებები, მაგალითად, „რა გინდა რომ იცოდე?“ ღია შეკითხვა შეიძლება მოსწავლეს სხვადასხვა მიზნით დაუსვა, როგორიცაა პასუხის დაკონკრეტება, პასუხის კიდევ უფრო გავრცობა, ახსნა-განმარტებების მიცემა და ა.შ.

სასწავლო კითხვები – გამოიყენება სიღრმისეული გაგებისთვის, ინტერესების გასააზრებლად და მონაწილეობის გასაზრდელად.

გამოსაცდელი კითხვები – უფრო ხშირად გამოიყენება გაგების შესამოწმებლად და ცოდნის გასაკონტროლებლად.

არსებობს სხვადასხვა ტიპის შეკითხვები, რომელთა გამოყენებაც რეკომენდებულია სხვადასხვა კონტექსტში:

  1. ალტერნატიული შეკითხვა;
  2. კონტრშეკითხვა;
  3. დაბრუნებული შეკითხვა;
  4. რიტორიკული შეკითხვა;
  5. შთამაგონებელი შეკითხვა.

♦ კონტრშეკითხვა – მსმენელს პასუხის გაცემისკენ უბიძგებს. ამგვარი ზეწოლის თავიდან ასაცილებლად, შეიძლება გამოვიყენოთ ერთ-ერთი მეთოდი – შეკითხვის არეკვლა, ანუ შეკითხვაზე შეკითხვით პასუხი. უმეტეს შემთხვევაში, კონტრშეკითხვას ვიყენებთ მოსწავლეებში, რომ დამატებითი გარემოებები დავაზუსტოდ და ამის შემდეგ გავცეთ პასუხი. შესაბამისად, კითხვის ამგვარი ფორმა რეკომენდებულია მაშინ, როდესაც გვჭირდება დამატებითი ინფორმაცია მოსაუბრის კითხვაზე საპასუხოდ.

♦ შებრუნებული შეკითხვა – ეს არ არის შეკითხვის დამოუკიდებელი ფორმა, შეკითხვაზე რეაგირების სპეციფიკური სახეა. ამ დროს შეკითხვას მისსავე ავტორს უბრუნებენ. მაგ., თქვენ თვითონ რას ფიქრობთ ამ საკითხზე?

♦ ალტერნატიული შეკითხვა – შეკითხვაში, ასარჩევად, შეთავაზებულია ორი ან მეტი ალტერნატივა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეს არის შეკითხვა, რომელშიც ასარჩევადაა მოცემული პასუხის რამდენიმე ვარიანტი. ალტერნატიული კითხვის დროს მოსწავლეებს არჩევანის გაკეთებას ვთავაზობთ ჩვენ მიერ შერჩეულ ალტერნატივებს შორის. ალტერნატიული კითხვის დასმას რამდენიმე დადებითი მხარე აქვს. პირველ რიგში, ჩვენ ვაძლევთ მოსწავლეს არჩევნის საშუალებას და მეორე, ვთავაზობთ ალტერნატივებს, რომელიც მოგვეპოვება, ანუ მოსწავლეს არჩევნის ერთგვარ ჩარჩოში ვაქცევთ.

♦ მანიპულაციური შეკითხვა – იგივე სუგესტიური შეკითხვაა და ამგვარი შეკითხვით, მანიპულაციით, ხდება პარტნიორისგან თანხმობის მიღება. მაგ., დარწმუნებული ვარ, როგორც ამ საკითხის მცოდნე, დამეთანხმებით, რომ…

კითხვის საინტერესო ფორმაა შთამაგონებელი ტიპის შეკითხვა. მას აქვს მეტი ფუნქცია, ვიდრე უბრალო კითხვას და მისი მიზანია მოსაუბრის თანხმობის მოპოვება. კითხვის ეს ტიპი ორი ნაწილისგან შედგება. პირველ ნაწილში ხდება მოსაუბრის (მოსწავლის) შთაგონება, ხოლო მეორე ნაწილში დაისმის კითხვა, რომელზე პასუხადაც თანხმობის მოსმენა გვსურს.

♦ რიტორიკული შეკითხვა – უკვე შეიცავს პასუხს. ეს არის შეკითხვის ფორმა, რომელიც სწორ პასუხს თავისთავად გულისხმობს. რიტორიკული კითხვა არის კითხვა, რომელიც არ საჭიროებს პასუხს, ან იმიტომ, რომ პასუხი აშკარაა, ან იმიტომ, რომ მოსწავლემ უკვე იცის პასუხი. რიტორიკული კითხვები, ზოგადად, გამოიყენება კონტრასტის მოსაზიდად, აუდიტორიის დასაჯერებლად, მსმენელის დასაფიქრებლად ან მკითხველის ყურადღების მისაპყრობად მნიშვნელოვანი თემისკენ.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები