🔃 ლილი ექსეულიძე
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირულის საჯარო სკოლის უცხო ენების წამყვანი პედაგოგი, რუსული და ინგლისური ენები
თანამედროვე სკოლა და პედაგოგები დღეს მრავალი გამოწვევის წინაშე დგანან. ფორმალური განათლების დასრულებამდე მოსწავლეების მიერ შეძენილი ფაქტობრივი ცოდნა და ზოგადი უნარები აღარ არის საკმარისი იმ კომპლექსური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, რომელსაც დღევანდელი სოციალური გარემო გვიყენებს კონკურენტული გლობალური ეკონომიკის პირობებში. მზარდ ციფრულ მსოფლიოში ფუნქციური უნარების განვითარებაზე ორიენტირებული განათლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. განათლების კვლევა, როგორიც არის ჯონ დიუის სოციალური პერსპექტივა სწავლისა და კონსტრუქტივისტული სწავლის თეორიაზე, ასევე, ხაზს უსვამს კომპეტენციების განვითარების მნიშვნელობას სოციალური სწავლის პროცესში, სადაც მოსწავლეები ჩართულები არიან აქტიურ სწავლაში რეალური ცხოვრებისეული სიტუაციების გამოყენებით. აქედან გამომდინარე, საგნის სწავლება აღარ არის მოქცეული ვიწრო ჩარჩოში, არამედ უფრო ფართო და გლობალურ თემებს მოიცავს, რომელთა ჩაშენება უნდა მოხდეს თითოეული საგნის სასწავლო კურიკულუმში. ეროვნულ სასწავლო გეგმაში მითითებულია ის პრიორიტეტული თემები, რომელთა არჩევა საჭიროების მიხედვით და სასწავლო პროცესში დანერგვა თავად სკოლებს შეუძლიათ:
ა) კულტურული მემკვიდრეობის დაცვა;
ბ) გარემოს დაცვა;
გ) ჯანსაღი ცხოვრება;
დ) სამოქალაქო უსაფრთხოება;
ე) კონფლიქტების მართვა;
ვ) ფინანსური წიგნიერება;
ზ) კულტურული მრავალფეროვნება;
თ) ადამიანის უფლებები.
სწორედ ამ პრიორიტეტული თემების ფარგლებში, მომდინარეობს იმ გლობალური ფუნქციური უნარების სწავლება, რომლებიც ყველა ადამიანს სჭირდება საკუთარი პიროვნების გახსნისა და განვითარების, დასაქმებადობის, სოციალური ჩართულობის, ცხოვრების მდგრადი წესის, მშვიდობიან საზოგადოებაში წარმატებული ცხოვრების, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და აქტიური მოქალაქეობისათვის.
ოცდამეერთე საუკუნის უნარები თორმეტ კომპონენტს მოიცავს, რომლებიც სამ მიმართულებად იყოფა: სწავლის, წიგნიერების და ცხოვრებისეული უნარები.
სწავლის უნარები მოიცავს კრიტიკულ აზროვნებას, კრეატიულობას, თანამშრომლობას და კომუნიკაციას. ეს უნარები აცნობს მოსწავლეებს პროცესებს, რომლებიც საჭიროა თანამედროვე სამუშაო გარემოში სწრაფი ადაპტაციისთვის.
წიგნიერების უნარები მოიცავს ინფორმაციულ წიგნიერებას, მედიაწიგნიერებას და ტექნოლოგიურ წიგნიერებას. ჩამოთვლილი სამი უნარი მოსწავლეებს ეხმარება, ამოიცნონ სანდო წყარო, გამოყონ სარწმუნო ფაქტობრივი მასალა იმ დეზინფორმაციიდან, რომლითაც სავსეა ინტერნეტი და თავად იყვნენ მედიაპროდუქტის აქტიური შემქმნელები.
ცხოვრებისეული უნარები მოიცავს მოქნილობას, ლიდერობას, ინიციატივას, პროდუქტიულობას და სოციალურ უნარებს. ეს უნარები მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, ყოველდღიურ ცხოვრებაში კონცენტრირდნენ პიროვნულ და პროფესიულ თვისებებზე, აადვილებს საზოგადოებაში დამკვიდრებას.
მოსწავლის 21-ე საუკუნის ფუნქციური უნარების გასავითარებლად განსაკუთრებით კარგი მეთოდია პროექტზე დაფუძნებული სწავლება, რომლის საშუალებით შესაძლებელია, ერთდროულად, რამდენიმე კომპეტენციის განვითარება. პროექტზე დაფუძნებული სწავლება ახალისებს მოსწავლეებს, იყვნენ აქტიურები და პასუხისმგებლები საკუთარი თავის სწავლებაზე, თუმცა, ამავდროულად, აქტივობები, საჭიროების შემთხვევაში, უნდა უზრუნველვყოთ სათანადო პლატფორმით.
ერთ-ერთ ასეთ პლატფორმას წარმოადგენს eTwinning, რომელიც შეიქმნა ევროკომისიის ინიციატივით და ხელს უწყობს ევროპის ყველა სკოლას თანამშრომლობითი პარტნიორობის ჩამოყალიბებაში, სხვადასხვა საკომუნიკაციო ტექნოლოგიის გამოყენებით.
ითვინინგის პროგრამა ასევე მოიცავს სწავლებას, სწავლების ახალი მეთოდების, ტექნოლოგიების გამოყენებას და ტრადიციული დავალებების შესრულების ახლებურ გზებს.
იმ მასწავლებელთა გამოცდილება, რომლებმაც განახორციელეს ითვინინგის პროექტები, ცხადყოფს, რომ მათი გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერი საკითხის თუ საგნის სწავლების დროს. უფრო და უფრო მეტი მასწავლებელი ერთვება ევროპულ პროექტებში, ითვინინგის პროგრამის ფარგლებში, რომელთა მიზანია მისცენ თავიანთ მოსწავლეებს სხვა ევროპელ ახალგაზრდებთან უშუალო კონტაქტის გამოცდილება, გაეცნონ მათ იდეებს და გაცვალონ შეხედულებები იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც ახალგაზრდებს ყველგან აინტერესებთ. თავად მასწავლებლები კი განივითარებენ პედაგოგიურ უნარებს, უცხოელ კოლეგებთან თანამშრომლობითა და გამოცდილების გაზიარების გზით. ითვინინგი მათ განვითარების სხვადასხვა გზას სთავაზობს: შესაძლებლობა აქვთ დაესწრონ ითვინინგის ყოველწლიურ კონფერენციას, ტრენინგებს ან პროფესიული განვითარების ვორკშოფებს, სხვა ევროპელ მასწავლებლებთან ერთად.
სკოლებს შეუძლიათ შეიტანოთ პროექტი ყოველწლიური ჯილდოს ან ხარისხის ნიშნის მოსაპოვებლად, რომელიც ადასტურებს, რომ მათი ნამუშევარი არის მაღალი პროფესიული დონის. ასევე, მასწავლებლებს შეუძლიათ, გაერთიანდნენ სხვადასხვა პროფესიულ ინტერესთა ჯგუფში, მონაწილეობა მიიღონ დისკუსიებში.
ყოველივე ეს, შესაძლებლობას აძლევს როგორც მოსწავლეებს, ასევე მასწავლებლებს, მიიღონ საერთაშორისო გამოცდილება, გაეცნონ ევროპულ ღირებულებებს და გააზიარონ თავიანთი ქვეყნის კულტურა და ტრადიციები საკუთარი საკლასო ოთახებიდან.
ითვინინგის პლატფორმაზე სხვადასხვა სახის პროექტის წარმოებაა შესაძლებელი: მარტივი თუ უფრო კომპლექსური, საგნობრივი თუ ინტეგრირებული. პროექტების სამუშაო ენად შეიძლება გამოვიყენოთ როგორც მშობლიური (ეროვნულ დონეზე), ასევე სხვა ევროპული ენები. საერთაშორისო პროექტების ენა, ძირითადად, ინგლისურია. ითვინინგის აქტივობების მორგება შესაძლებელია ყველა ასაკისა და შესაძლებლობების მოსწავლეებზე. რაც მთავარია, ითვინინგის პლატფორმა საშუალებას აძლევს მასწავლებელს, მოსწავლეებში ის გლობალური უნარები განავითაროს, რომლებიც მათ ევროპული საზოგადოების ღირსეულ წევრებად ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.
eTwinning-ის პროექტებში, ჩემს მოსწავლეებთან ერთად, 2013 წლიდან ვმონაწილეობ. წელს მომეცა საშუალება, საერთაშორისო პროექტის დამფუძნებელი გავმხდარიყავი. პროექტს, სახელწოდებით „ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია“ ქართველ, თურქ და რუმინელ კოლეგებთან ერთად ვახორციელებ. ამ პროექტის მიზანია: ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია თინეიჯერებში; ინგლისური ენის უნარების პრაქტიკული გამოყენება web2:0 ინსტრუმენტების დახმარებით; მოსწავლეებში გუნდური და თანამშრომლობითი უნარების განვითარება, ამასთანავე, ჯანსაღი კონკურენციის წახალისება; საკუთარი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობის გაანალიზება და სხვა ქვეყნების კულტურული თვითმყოფადობის მიმართ ტოლერანტული დამოკიდებულების ჩამოყალიბება.
პროექტის ფარგლებში, მოსწავლეები მოიძიებენ, გამოიკვლევენ და, პოსტერების ონლაინ გამოფენის მეშვეობით, წარმოადგენენ ინფორმაციას ჯანმრთელობისთვის საშიშ, მავნე ჩვევებზე და მათ დამღუპველ ზემოქმედებაზე თინეიჯერთა სოციალურ, ემოციურ და აკადემიურ უნარებზე. ეს აქტივობა ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობაში ცნობადობის ამაღლებას, ჯანმრთელობაზე ზრუნვის აუცილებლობის შესახებ. ამავდროულად, მოსწავლეები ერთმანეთს გაუზიარებენ საკუთარი ქვეყნების ტრადიციულ ჯანსაღ კერძებს და მოამზადებენ ონლაინ რეცეპტების წიგნს, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის ონლაინ სივრცეში.
მე და ჩემს მოსწავლეებს ყოველი ახალი პროექტი ახალ უნარებს, ცოდნასა და გამოცდილებას გვძენს, eTwinning-ის პროექტები საშუალებას გვაძლევს გამოვიყენოთ სკოლაში მიღებული ცოდნა რეალურ სიტუაციებში, გავიცნოთ და შევიძინოთ ახალი მეგობრები, პარტნიორები და თანაგუნდელები. ჩვენ ვამაყობთ, რომ ითვინინგელები ვართ!
გამოყენებული ლიტერატურა:
◊ ეროვნული სასწავლო გეგმა 2018-2024;
◊ მასწავლებლის წიგნი – გამჭოლი კომპეტენციები, მ. რატიანი, მ. სეხნიაშვილი. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი. 2015წ;
◊ სწავლა ითვინინგის პროგრამით, სახელმძღვანელო მასწავლებლებისთვის. დაბეჭდილია 2007 წლის აპრილში, ითვინინგ-პროგრამის მხარდაჭერის ცენტრალური სამსახურის მიერ, ევროპული სკოლის ქსელი;
◊ მოსწავლეთა კომპეტენციების განვითარება ითვინინგის მეშვეობით. გამომცემლობა eTwinning-ის ცენტრალური მხარდაჭერის სამსახური;
◊ ოცდამეერთე საუკუნის უნარები და განათლება, თემურ სუყაშვილი.