2025 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი დასახელდა. მათგან ერთ-ერთი, 30 სექტემბერს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდება. გამარჯვებულს კონკურსის გენერალური სპონსორისგან — „გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდისგან“ 15 000 ლარი გადაეცემა, ფინალისტებს კი 2025 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მთავარი მხარდამჭერი საქართველოს ბანკი დააჯილდოებს.
წლევანდელი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტები გახდნენ:
◊ ელენე ბეთლემიშვილი, გორის N3 და N8 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი;
◊ ნესტან კუბლაშვილი, თბილისის N172 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
◊ მაია ლაპიაშვილი, დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლის გეოგრაფიის და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი;
◊ შალვა მინდაძე, თბილისის N70 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი;
◊ ჟანა ხაჩატურიანი, ილია ჭავჭავაძის სახელობის, ახალქალაქის N3 საჯარო სკოლის მე და საზოგადოების, სამოქალაქო განათლებისა და მოქალაქეობის მასწავლებელი.
წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს შესარჩევ კონკურსში 142 მასწავლებელი ჩაერთო, მათგან საუკეთესო ათეული განათლების სფეროსა და საზოგადოების წარმომადგენლებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ შეარჩია.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდო საქართველოში 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. ინიციატივა გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“-ის ნაწილს წარმოადგენს. ჯილდო მიზნად ისახავს საქართველოში პროფესიის პოპულარიზაციას, პედაგოგების პრესტიჟის ზრდას, წარმატებული მასწავლებლების გამოვლენასა და საზოგადოებისათვის მათ წარდგენას.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მხარდამჭერები არიან:
⇒ გენერალური სპონსორი – გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი;
⇒ მთავარი მხარდამჭერი – საქართველოს ბანკი;
⇒ ოქროს სპონსორი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
⇒ მხარდამჭერი და სპონსორი –კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC);
⇒ მხარდამჭერები – EPAM Georgia და ალტე უნივერსიტეტი.