დღეს მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთა ტესტირებით დასრულდა 2025 წლის გამოცდები. გამოსაცდელებმა უცხოური ენების ლაპარაკის ნაწილის გამოცდები ჩააბარეს, რვა სესიად.
„დღეს, 17:00 საათზე 2025 წლის გამოცდები დასრულდება. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საგამოცდო პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით წარიმართა ყველა იმ სტანდარტის დაცვით, რომელიც კანონმდებლობით არის გაწერილი,“ – განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ გორის მე-3 საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში სტუმრობისას.
გორის საგამოცდო ცენტრში უცხოური ენების საუბრის ნაწილის გამოცდა ტარდებოდა მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისათვის.
მინისტრმა გამოცდების წინასწარი მონაცემები შეაჯამა, ორგანიზებაში ჩართულ ყველა უწყებას მადლობა გადაუხადა და გამოცდის მონაწილეებს კიდევ ერთხელ წარმატებები უსურვა: „მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებს, ისევე როგორც ყველა შესაბამის უწყებას, რომელიც ჩართული იყო ამ პროცესში, დიდი მადლობა გადავუხადო.
მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით იყო შესაძლებელი საგამოცდო პროცესში ასეთი მაღალი სტანდარტის, სანდოობისა და სამართლიანი გარემოს უზრუნველყოფა.
მიმდინარე პროცესში ათასობით თანამშრომელი მონაწილეობდა და მათი ძალიან დიდი ძალისხმევითა და მონდომებით პროცესი მაქსიმალურად სტაბილურად, ყოველგვარი ხარვეზების გარეშე წარიმართა“.
უკვე დაწყებულია ნაშრომების გასწორება და აგვისტოს დასაწყისში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე პირველადი შედეგები ეტაპობრივად აიტვირთება.
საგამოცდო პერიოდში გამოცდებზე გამოცხადდა 94%-მდე აბიტურიენტი. დაფიქსირდა 60-მდე დაგვიანება. გამოცდიდან მოიხსნა 9 გამოსაცდელი, დამხმარე მასალის გამოყენების მცდელობის გამო.
სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე 69%-მდე გრანტის მაძიებელი სტუდენტი გამოცხადდა, ხოლო მაგისტრანტობის კანდიდატების 80% – საერთო სამაგისტრო გამოცდაზე. დაახლოების 83%-ზე მეტია იმ პირთა რაოდენობა, რომლებიც მასწავლებლობის მაძიებლები არიან ან აბარებენ გამოცდას.
2025 წლის გამოცდები 3 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდებით დაიწყო. თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში, ხულოსა და ამბროლაურში. სულ 24 საგამოცდო ცენტრი ფუნქციონირებდა.