მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისათვის რეგისტრაცია 11 მარტის 10:00 საათიდან დაიწყო და 2 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება.
რეგისტრაცია მიმდინარეობს მხოლოდ ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სარეგისტრაციო გვერდზე online.naec.ge
რეგისტრაციის ვიდეოინსტრუქცია
მსურველებს შეუძლიათ ჩააბარონ უფროსი სპეციალური მასწავლებლის, საბაზო პროფესიული უნარებისა და ერთ-ერთი საგნის გამოცდა შემდეგი ჩამონათვალიდან:
- ქართული ენა და ლიტერატურა (დაწყებითი საფეხური);
- მათემატიკა (დაწყებითი საფეხური);
- ბუნებისმეტყველება (დაწყებითი საფეხური);
- ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I – IV კლასები);
- აზერბაიჯანული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I-IV კლასები);
- რუსული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I-IV კლასები);
- სომხური ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I-IV კლასები);
- ქართული ენა და ლიტერატურა (საბაზო ან/და საშუალო საფეხური);
- ქართული ენა არაქართულენოვანი სკოლებისა და სექტორებისთვის (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური);
- მათემატიკა (საბაზო ან/და საშუალო საფეხური);
- საზოგადოებრივი მეცნიერებები (საბაზო ან/და საშუალო საფეხური): ისტორია, გეოგრაფია, სამოქალაქო განათლება;
- საბუნებისმეტყველო მეცნიერებები (საბაზო ან/და საშუალო საფეხური): ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია;
- უცხოური ენები (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური): ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული, იტალიური;
- ესთეტიკური აღზრდის საგნები: სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, მუსიკა,
- სპორტი;
- ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები/კომპიუტერული ტექნოლოგიები;
- სომხური ენის გამოცდა;
- აზერბაიჯანული ენის გამოცდა.
ითარგმნა უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე. ასევე პირველად ჩატარდება შემდეგი გამოცდები:
- აზერბაიჯანული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I-IV კლასები) – ტესტურ დავალებათა ნიმუშები და შეფასების სქემა;
- რუსული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I-IV კლასები) – ტესტურ დავალებათა ნიმუშები და შეფასების სქემა;
- სომხური ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I-IV კლასები) – ტესტურ დავალებათა ნიმუშები და შეფასების სქემა.
გაითვალისწინეთ, რომ ყველა მსურველს უფლება აქვს აირჩიოს მხოლოდ ერთი საგანი და ასევე, სურვილის შემთხვევაში, უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და საბაზო პროფესიული უნარების გამოცდები.
რეგისტრაციისას შესაბამისი გამოცდის არჩევა შესაძლებელია როგორც ქართულ, ისე აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე.
ტესტირებაში მონაწილეობის საფასურია 50 ლარი.
გადახდის შესაძლო საშუალებები და საბანკო მომსახურების საკომისიო:
• „საქართველოს ბანკის“ გადახდების პლატფორმით – bogpay.ge – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0.5 ლარი + 1,2%; იხილეთ დეტალური ინსტრუქცია;
• „საქართველოს ბანკის“ თვითმომსახურების ტერმინალით – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
• „საქართველოს ბანკის“ ინტერნეტ ბანკის საშუალებით – ibank.ge – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0.5 ლარი; იხილეთ დეტალური ინსტრუქცია;
• „საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაციით – mBank – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0.5 ლარი.
პრაქტიკოსი მასწავლებლების საყურადღებოდ:
პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსის მქონე პედაგოგებისათვის საგნის გამოცდაზე, ხოლო პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მქონე პედაგოგებისათვის უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე რეგისტრაცია უფასოა.
იმ შემთხვევაში, თუ გამოსაცდელები რეგისტრაციის საფასურს გადაიხდიან 2 აპრილის 18:00 საათამდე, მაგრამ რაიმე მიზეზით ვერ მიიყვანენ რეგისტრაციის პროცესს ბოლომდე, მათ შესაძლებლობა ექნებათ 10 აპრილის 18:00 საათამდე დაასრულონ რეგისტრაცია. ასევე, შეიტანონ ცვლილებები სარეგისტრაციო განაცხადში (შეცვალონ საგამოცდო ქალაქი ან გამოცდა). ამ ვადის ამოწურვის შემდეგ ცვლილებების განხორციელება შეუძლებელია.
გამოსაცდელებმა, რომლებსაც ესაჭიროებათ სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნა, რეგისტრაციის დროს უნდა მონიშნონ – „სპეციალური პირობები“ და შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მის.: თბილისი, ე. მინდელის N9), რეგიონებში კი ადგილობრივ საგანმანათლებლო რესურსცენტრში 10 აპრილის 18:00 საათამდე უნდა წარადგინონ შესაბამისი ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა N100).
თუ გამოსაცდელი არ აკმაყოფილებს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით მასწავლებლის განათლების მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს, იგი ტესტირებაში მიღებულ შედეგს ვერ გამოიყენებს მასწავლებლის საქმიანობის მიზნებისათვის.
საგამოცდო პროგრამები და კრებულები იხილეთ ბმულზე.