19 მაისი, ორშაბათი, 2025

2025 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოზე განაცხადების მიღება დაიწყო

spot_imgspot_img

2025 წლის 23 აპრილს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს წლევანდელი კამპანიის გახსნითი ღონისძიება გაიმართა. უკვე დღეიდან ყველა დაინტერესებული პირისთვის შესაძლებელია როგორც მასწავლებელთა ნომინირება, ასევე აპლიკაციების წარდგენაც. კონკურსი წელს მეცხრედ ტარედება და მიზნად ისახავს განათლების სფეროში საუკეთესო და გამორჩეული მასწავლებლების გამოვლენას და მათ დაფასებას.

„წელს, უკვე მეცხრედ ვიწყებთ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კამპანიას და განსაკუთრებული სიამაყით ვუყურებთ იმ გზას, რომელიც ამ წლების განმავლობაში გავიარეთ. მოხარულები ვართ, რომ ეროვნულმა ჯილდომ შეძლო ეჩვენებინა საზოგადოებისთვის, რამდენად მნიშვნელოვანია მასწავლებლის როლი ჩვენი ქვეყნის მომავალისთვის და რამდენად აუცილებელია მათი დაფასება და მხარდაჭერა. ამ დროის განმავლობაში არაერთი გამორჩეული პედაგოგი გავაცანით საზოგადოებას – ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად ცვლიან ჩვენი შვილების ცხოვრებას. ამიტომ, გვინდა მოვუწოდოთ ყველას – მოსწავლეებს, მშობლებს, ჩაერთონ ამ მნიშვნელოვან პროცესში და წარადგინონ თავიანთი რჩეული მასწავლებელი. ეს თითოეულ პედაგოგს დიდ მოტივაციას აძლევს და კიდევ უფრო უძლიერებს რწმენას, რომ მათი შრომა ფასდება. ერთად დავაფასოთ ისინი.“- განაცხადა „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ გამგეობის თავჯდომარემ, ირინა ხანთაძემ.

„გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი 2017 წლიდან პროექტის გენერალური სპონსორია. ამ წლების განმავლობაში ფონდმა თითქმის მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა, რათა მასწავლებლის პროფესია კიდევ უფრო პოპულარული, მისაბაძი და დაფასებული გამხდარიყო. მასწავლებლის ეროვნული ჯილდო ჩვენი მხრიდან მადლიერების ჟესტია ყველა იმ პედაგოგისთვის ვინც ასე უანგაროდ და ღირსეულად ემსახურება მოსწავლეების, მომავალი თაობების აღზრდას, ქვეყანას. გვახარებს წლების განმავლობაში მიღებული შედეგი – მასწავლებლის პროფესია დღეს პოპულარულია პედაგოგიურ საზოგადოებაში,  ახალგაზრდებში, კიდევ უფრო მეტი აბიტურიენტი ინტერესდება პროფესიაში შესვლით და სტუდენტებიც ძალისხმევას არ იშურებენ ისწავლონ, ჩაერთონ სხვადასხვა სამეცნიერო აქტივობებში, დანერგონ საკუთარი მიდგომები.

წელს უკვე მეცხრედ, კვლავაც ველით რომ კონკურსში ჩაერთვებიან  გამორჩეული მასწავლებლები, რომელთა პედაგოგიური პრაქტიკა საინტერესო და განსაკუთრებულია, ორიენტირებულია მოსწავლეების განათლებაზე, უნარების განვითარებაზე“ – განაცხადა გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის დირექტორმა, ზურაბ კერვალიშვილმა.

spot_imgspot_img
მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება