ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი 2014 წლიდან ხორციელდება საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ათასწლეულის ფონდის მიერ.
ამ დროის მანძილზე 3300-ზე მეტმა საშუალო სკოლის მოსწავლემ წარმოადგინა ინოვაციური პროექტები საბუნებისმეტყველო და საინჟინრო (STEM) სფეროებში.
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებული გუნდები მონაწილეობენ მსოფლიოს წამყვან საზაფხულო სკოლებსა და ბანაკებში. პირველ ადგილზე გასული გუნდი კი მონაწილეობს ნასას კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის (ჰიუსტონი, ტეხასის შტატი) საზაფხულო პროგრამაში.
პროგრამაში მონაწილეობის შედეგად მოსწავლეები ეცნობიან აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოს (NASA) მუშაობას, ახალ პროექტებს, ათვალიერებენ ჰიუსტონის კოსმოსურ ცენტრს, ერთვებიან სხვადასხვა საინჟინრო ამოცანების გადაწყვეტაში, სიმულაციურ ექსპერიმენტებში, ხვდებიან ნასას ინჟინრებს და თანამშრომლებს.
2024 წლის აგვისტოში, ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის 2023 წლის პირველი პრიზის მფლობელი, გამარჯვებული გუნდი „Terra tech“ გაემგზავრა ჰიუსტონში და მონაწილეობდა ნასას კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის პროგრამაში. გუნდის წევრები გიგი გამსახურდია, ლუკა კუკავა, თამარ გამგებელი, საბა ხაბურძანია და დათო რუსია საქართველოს სხვადასხვა ქალაქის სკოლის მოსწავლეები იყვნენ და დღეს ისინი აშშ-ის, ევროპის და საქართველოს წამყვან უნივერსიტეტებში აგრძელებენ სწავლას.
ქართველმა მოსწავლეებმა დაათვალიერეს ნასას კოსმოსური ცენტრი, გაეცნენ ნასას ისტორიას, მონაწილეობდნენ სიმულაციურ სავარჯიშოებში, შეხვდნენ ამერიკელ კოსმონავტებს, ნასას ინჟინრებს და გაიარეს კოსმოსური ცენტრის საგანმანათლებლო პროგრამა.
⇒ გიგი გამსახურდია: „ამ ხუთმა დღემ ჩემი 18 წლიანი ოცნება რეალობად აქცია და ახლა მჯერა, რომ დავბრუნდები ნასაში და ჩემს ცოდნას მოვახმარ ჩემს ქვეყანას“;
⇒ თამარ გამგებელი: „ხუთი დღე საოცრებათა სამყაროში გავატარეთ, ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო ნასას დათვალიერება და ე.წ. ტრამვაის ტური“;
⇒ ლუკა კუკავა: „ამ ვიზიტმა კიდევ უფრო გამაძლიერა ჩემი მომავალი კარიერის არჩევანში, საოცარი იყო კოსმოსური ხომალდის The Apollo 11 ნახვა“;
⇒ საბა ხაბურზანია: „განსაკუთრებით მომეწონა კოსმოსური მისიების მართვის ოთახი“;
⇒ დათო რუსია: „ყველაფერი საინტერესო იყო, ერთს ვერ გამოვარჩევ. ეს იყო ფანტასტიური მოგზაურობა, რომელიც არასდროს დამავიწყდება“;
„Terra Tech-ის სახელით მადლობას ვუხდით ყველას, ვინც ჩვენი ოცნებები აასრულა. ჩვენ მონაწილეობა მივიღეთ ნასას საზაფხულო სკოლაში. ეს არ იყო მხოლოდ სასწავლო ვიზიტი, ეს იყო ხუთი დაუვიწყარი დღე და უდიდესი მოტივაცია ვისწავლოთ მეტი და ვემსახუროთ ჩვენს ქვეყანას“- ვკითხულობთ ახალგაზრდების მიერ გამოქვეყნებულ პოსტში სოციალურ მედიაში.
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი გრძელდება და 2024 წელს წარმოდგენილი იყო 395 მოსწავლის მიერ 92 პროექტი საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან. დამოუკიდებელმა ჟიურიმ 11 ფინალისტი გუნდი შეარჩია, რომელთაგან გამარჯვებულები 2024 წლის ბოლომდე გამოვლინდებიან.