17 დეკემბერს, პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე, ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტი წარადგინა და იმ ძირითად მონაცემებსა და მიმართულებებზე ისაუბრა, რომელიც მომდევნო წლის ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული, მათ შორის განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით.
როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, მომავალი წლის ბიუჯეტში განათლებისა და მეცნიერების დაფინანსების 370 მილიონი ლარით ზრდა იგეგმება, შესაბამისად, მისი ბიუჯეტი 2 მილიარდ 550 მილიონ ლარს შეადგენს.
მისივე განმარტებით, გაზრდილი ბიუჯეტი ასე გადანაწილდება:
სკოლამდელი განათლების დაფინანსება შეადგენს 490 მილიონ ლარს; გათვალისწინებულია საბავშვო ბაღის პერსონალის ხელფასების ზრდა 100 ლარით.
ზოგადი განათლების დაფინანსება შეადგენს 1 მილიარდ 655 მილიონ ლარს, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება: სტატუსის მქონე მასწავლებელთა, ასევე სპეცმასწავლებელთა დანამატის ზრდა 125 ლარით; სკოლების ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ხელფასების ზრდა 10%-ის ოდენობით, სკოლის მანდატურის ხელფასების – 125 ლარით, სკოლის ფსიქოლოგებისა და სოციალური მუშაკების – 10%-იანი ზრდა.
მნიშვნელოვანი სიახლე იქნება სკოლის მასწავლებელთა დეკრეტული შვებულების დაფინანსების მიმართულებით – 2023 წლიდან მასწავლებლის დეკრეტული შვებულების ანაზრაურება 6 თვის ხელფასის ოდენობას გაუტოლდება (აქამდე, მათ მხოლოდ 1000 ლარის მიღების შესაძლებლობა ჰქონდათ). აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვისა და განათლების კომიტეტებთან კონსულტაციის შედეგად იქნა მიღებული.
მომავალი წლიდან იწყეება 500 სკოლის მშენებლობა და რეაბილიტაცია, რისთვისაც 2023 წელს გათვალისწინებულია 300 მილიონი ლარი.
პროფესიული განათლების დაფინანსება 155 მილიონ ლარს შეადგენს. გათვალისწინებულია მასწავლებელთა საათობრივი ანაზღაურების ზრდა, 15-იდან 18 ლარამდე. ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მიიმართება 55 მილიონ ლარზე მეტი.
უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების დაფინანსებაზე 250 მილიონ ლარზე მეტი მიემართება.
ფინანსთა მინისტრმა, ბიუჯეტის კანონპროექტის წარდგენისას, აღნიშნა, რომ ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და განათლების მიმართულებით დაგეგმილი რეფორმებისთვის, საქართველომ, მიმდინარე წელს, მსოფლიო ბანკთან და საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან ერთად, ადამიანური კაპიტალის განვითარების უპრეცედენტო, ყოვლისმომცველი პროგრამა დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, ამ სამი მიმართულებით არსებული გრძელვადიანი გამოწვევების საპასუხო პირობებია გათვალისწინებული. ჯამში, აღნიშნულ პროექტზე, მსოფლიო ბანკიდან 400 მილიონი აშშ დოლარი გამოიყოფა, ხოლო საფრანგეთის განვითარების სააგენტოდან – 100 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსება. პროექტი, დაახლოებით, 500 მილიონ აშშ დოლარის დაფინანსებას მოიცავს.