საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა 2023/2024 სასწავლო წლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მაჩვენებლები, რომლის მიხედვით, მიმდინარე სასწავლო წელს, წინა სასწავლო წელთან შედარებით, ქვეყანაში არსებული სკოლების რაოდენობა 6 ერთეულით შემცირდა. რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი სკოლა (17.1%) იმერეთში ფიქსირდება. საერთო ჯამში კი, 2023/2024 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოში 2 296 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება (სკოლა) ფუნქციონირებდა, მათ შორის 2 086 საჯარო, ხოლო 210 კერძო.
რაც შეეხება მოსწავლეთა რაოდენობას, მცირედით – 0.2 პროცენტით, გაზრდილია წინა სასწავლო წლის მაჩვენებელთან შედარებით და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სულ 634.3 ათასი მოსწავლე სწავლობდა – საჯარო სკოლებში მოსწავლეთა საერთო რიცხოვნობის 89.5 პროცენტი სწავლობს, ხოლო კერძო სკოლებში – 10.5 პროცენტი. მოსწავლეთა საერთო რიცხოვნობიდან 48.2 პროცენტი გოგოა, ხოლო 51.8 პროცენტი – ბიჭი.
რეგიონებს შორის კი, ყველაზე მეტი მოსწავლე (35.5%) თბილისში სწავლობს.
საქსტატის მიერ გამოქვეყნებული უახლესი ინფორმაციით, 2023 წელს საშუალო სკოლა დაასრულა 47 291 მოსწავლემ, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 4.1 პროცენტით აღემატება. დაწყებითი განათლება მიიღო 56.6 ათასმა მოსწავლემ, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 6.0 პროცენტით ნაკლებია, ხოლო საბაზო განათლება – 46.8 ათასმა მოსწავლემ, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 3.9 პროცენტით მეტია.
გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ასევე ყურადღება გამახვილებულია საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საგნების შესახებ და ვიგებთ, რომ 2023/2024 სასწავლო წელს, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საგნებს (აღნიშნული საგნები სავალდებულოდ ისწავლება I, V და VI კლასებში) 166.9 ათასი მოსწავლე სწავლობს, რაც წინა სასწავლო წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 3.1 პროცენტით ნაკლებია.
მიმდინარე სასწავლო წელს, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, უმნიშვნელოდ გაიზარდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულ მასწავლებელთა რაოდენობაც – 2.2 პროცენტით და 2023/2024 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, დასაქმებულ პედაგოგთა რიცხვმა 63.7 ათასს მიაღწია. მასწავლებელთა უმრავლესობას ქალები შეადგენენ, კერძოდ, პედაგოგების რიცხოვნობაში ქალების წილი 87.5 პროცენტი, ხოლო კაცების წილი 12.5 პროცენტია.