21 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024

2023 წლის პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები

spot_img

ათასწლეულის ფონდის ორგანიზებით, პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

ღონისძიებაზე პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს 2023 წლის გამარჯვებულები ოთხ საკონკურსო კატეგორიაში გამოვლინდნენ.

2023 წლის გამარჯვებულები არიან: 

➡️ 2023 წლის პროფესიული განათლების სტუდენტის კატეგორიაში გამარჯვებული გახდა ზებურ ბოლქვაძე, კოლეჯ ,,ბლექსის“ მეფუტკრეობის პროგრამის სტუდენტი.

➡️ 2023 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის სტატუსი კოლეჯ „ბლექსის“ საინფორმაციო ტექნოლოგიების პედაგოგმა, ვლადა ხიმენკომ მოიპოვა.

➡️ კოლეჯი „მერმისი“, პროგრამით – სამკერვალო წარმოება, 2023 წლის პროფესიული განათლების პროგრამად დასახელდა.

➡️ 2023 წლის პროფესიული განათლების ბიზნეს პარტნიორის სტატუსის მფლობელი წელს  კომპანია „ბკ ქონსთრაქშენი“ გახდა.

წელს, ძირითადი საკონკურსო კატეგორიების გარდა, სპეციალური პრიზები დააწესეს კონკურსის პარტნიორებმა: საქართველოს პარლამენტმა, პროფესიული უნარების სააგენტომ და ისრაელის საელჩომ საქართველოში.

🔘 საქართველოს პარლამენტმა ინკლუზიური პროფესიული განათლების ხელშეწყობისთვის სპეციალური პრიზით კოლეჯი „სპექტრი“ დააჯილდოვა.

🔘 ხათუნა აბულაძეს და კოლეჯ „ბლექსის“ კულინარიის პროგრამას უნარების სააგენტოს სპეციალური პრიზი გადაეცა.

🔘 ისრაელის საელჩომ კი კოლეჯ „ოპიზარის“ ვეტერინარიის პროგრამის სტუდენტი იშხან ვარდანიანი დააჯილდოვა.

გალა დაჯილდოების ცერემონიალს დაესწრნენ განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრი, მინისტრის მოადგილეები, პარლამენტის წევრები, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ამერიკისა და ისრაელის ელჩები და საელჩოს წარმომადგენლები, ათასწლეულის ფონდის, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, პროფესიული განათლების სექტორის და ბიზნესის წარმომადგენლები. მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას პროფესიული განათლების პოპულარიზაციის კუთხით კონკურსის ჩატარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება, ღონისძიების ორგანიზატორებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და გამარჯვებულებს მიღწეული წარმატება პირადად მიულოცა.

გიორგი ამილახვარი: „ჩვენი მთავრობისთვის, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, პრიორიტეტული მიმართულება არის პროფესიული განათლება და მისი კიდევ უფრო განვითარება, პოპულარიზაცია და ხელის შეწყობა.

სწორედ ამ მიზანს ემსახურება პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო, რომლის ფარგლებშიც ყოველწლიურად გამოვავლენთ საუკეთესო სტუდენტს, საუკეთესო მასწავლებელს, საუკეთესო პროგრამასა და ბიზნეს პარტნიორს.

ეს კონკურსი არის თვალსაჩინო მაგალითი იმისა, რომ ყველას აქვს ხარისხიანი განათლების მიღების და დასაქმების შესაძლებლობა. დღეს საუკეთესო სტუდენტის წოდება 63 წლის ადამიანმა მიიღო და ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ პროფესიულ განათლებას არ აქვს ასაკი.

მივესალმები მსგავსი ინიციატივების განხორციელებას. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო კიდევ უფრო მეტად დაუჭერს მხარს ასეთ ღონისძიებებს და მომავალშიც გააგრძელებს პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობას“.

პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს ყოველწლიური კონკურსი 2017 წლიდან იმართება და მისი მიზანია პროფესიული განათლების, როგორც ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების მნიშვნელოვანი კომპონენტის, განვითარება და პოპულარიზაცია. ჯილდოს გენერალური სპონსორია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი. კონკურსის მხარდამჭერია საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტრო.

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები