წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოსაცდელთა რეკორდული რაოდენობა – 45 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა. გამოცდები 3 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და 26 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდა. სწავლის გაგრძელების უფლება 34 800-ზე მეტმა გამოსაცდელმა მოიპოვა, რაც რეგისტრირებულ აბიტურიენტთა 77%-ს შეადგენს.
2023 წელს 12 000-ზე მეტი გამოსაცდელი დაფინანსდა. 6 540-ზე მეტმა სახელმწიფო გრანტი მოიპოვა, აქედან: 100%-იანი – 1 000-ზე მეტმა აპლიკანტმა, 70%-იანი – 1 450-ზე მეტმა, 50%-იანი გრანტი კი – 4 080-ზე მეტმა აბიტურიენტმა. სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე 5 500-ზე მეტი გამოსაცდელი ჩაირიცხა, ქართულ ენაში მომზადების პროგრამებზე სწავლას 1 550-მდე აპლიკანტი გააგრძელებს.
როგორი იყო პროგრამების არჩევანი პრიორიტეტების მიხედვით, რომელი მიმართულებაა უფრო მოთხოვნადი და პოპულარული წლევანდელ აბიტურიენტებს შორის. 10 უნივერსიტეტის მაგალითზე, წარმოგიდგენთ ძირითად მონაცემებს.
⇔ პროგრამების ჩამონათვალში, პირველ სამეულში, ლიდერობენ „ბიზნესის ადმინისტრირება“ (10 უნივერსიტეტიდან 6-ში პირველ ადგილზეა – ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელნწიფო უნივერსიტეტი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ) და „სამართალი“ (10-იდან 4-ში – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ალტე უნივერსიტეტი, საქართველოს უნივერსიტეტი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი – სეუ); შემდეგ მოდის „საერთაშორისო ურთიერთობები“, რომელიც სხვადასხვა უნივერსიტეტში მეორედან მეხუთე ადგილების შუალედში მონაცვლეობს (თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი – მე-2 ადგილი; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი – მე-3; საქართველოს უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, ალტე უნივერსიტეტი – მე-4; ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს უნივერსიტეტი – მე-5).
⇔ საინტერესოა, რომ სულ უფრო მეტი აბიტურიენტი ირჩევს „ფსიქოლოგიის“ მიმართულებას (10-იდან ორ უნივერსიტეტში – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს უნივერსიტეტი – მე-2 ადგილზეა პრიორიტეტულ მიმართულებათა ჩამონათვალში, ოთხ უნივერსიტეტში კი – საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი – სეუ, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ალტე უნივერსიტეტი – მე-3 ადგილზე); ასევე ნიშანდობლივია, რომ სულ უფრო პოპულარული ხდება „ისტორიის“ მიმართულება, რომელიც არაერთი უნივერსიტეტის პრიორიტეტული ჩამონათვალების ათეულში შედის.
⇔ კვლავ ინარჩუნებს პოპულარობას „საინფორმაციო ტექნოლოგიები“, „კომპიუტერული მეცნიერება“ და „ინფორმატიკა“, მაგრამ პირველი ადგილებიდან, რომელიც გასულ წლებში ეკავათ, ცოტა ქვევით გადაინაცვლეს – მეხუთე-მეექვსე, ზოგ შემთხვევაში უფრო დაბალ ადგილებზე (მაგალითად, საქართველოს უნივერსიტეტში „ინფორმატიკა“ მე-9 ადგილსაც კი იკავებს).
⇔ პოპულარულია, ასევე, მიმართულებები – „ტურიზმი“ და „ტურიზმის და მასპინძლობის მენეჯმენტი“. სხვადასხვა უნივერსიტეტში მეოთხე-მეექვსე ადგილებზე მონაცვლეობს (მაგალითად, მე-4 ადგილზეა „ტურიზმი“ ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და მე-6 ადგილზე – საქართველოს უნივერსიტეტში).
⇔ შეიმჩნევა ძალიან სასიხარულო ტენდენცია — რამდენიმე უნივერსიტეტის პროგრამების პირველ ათეულში შედის ქართულ ენაში მომზადების პროგრამა (აზერბაიჯანულენოვანთათვის), ერთ შემთხვევაში — სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი — მე-2 ადგილსაც კი იკავებს, რაც უდავოდ დადებითი ტენდენციის მაჩვენებელია.