აბიტურიენტებისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს, 26 ივლისს, ფიზიკის გამოცდით დასრულდა. გამოცდა უკვე ჩააბარეს გრანტის გაუმჯობესებისათვის სტუდენტებმა; გარდა ამისა, ჩატარდა საგნის მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებიც. 2023 წლის გამოცდები 28 ივლისს საერთო სამაგისტრო გამოცდით დასრულდება.
♦ ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყო. 45 000-ზე მეტ რეგისტრირებულ აბიტურიენტთაგან, ამ დრომდე, გამოცდებზე გავიდა 94%-მდე გამოსაცდელი.
♦ მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა საგნის გამოცდებზე დარეგისტრირებულ 18 500-მდე აპლიკანტთაგან გამოცდებზე გავიდა 82%-ზე მეტი;
♦ სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე დარეგისტრირებულ 3000-ზე მეტ სტუდენტთაგან კი – 75% -ზე მეტი გამოსაცდელი.
2023 წელს გამოცდების ჩაბარების შესაძლებლობა გამოსაცდელებს ჰქონდათ თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავსა და ხულოში. წელს პირველად გამოცდებს აბარებდნენ ამბროლაურშიც, სადაც ახალი საგამოცდო ცენტრი იყო გახსნილი. მთელი საქართველოს მასშტაბით, სულ, ფუნქციონირებდა 24 საგამოცდო ცენტრი.
თითოეული გამოცდის პირველადი შედეგის გამოქვეყნება, გასწორების დასრულებისთანავე, ეტაპობრივად დაიწყება, რის შემდეგაც გამოსაცდელები საკუთარი შედეგების გასაჩივრებას შეძლებენ.
!! აბიტურიენტებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ აპელაციის შედეგების გამოქვეყნების მომდევნო დღის ჩათვლით მათ შესაძლებლობა აქვთ სურვილისამებრ შეცვალონ (წაშალონ ან დაამატონ) საგანმანათლებლო პროგრამები.