დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის მხარდასაჭერად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და გაეროს ბავშვთა ფონდის ორგანიზებით, სოციალური მუშაკებისთვის 2-დღიანი სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრის ძირითადი აქცენტი გაკეთდა დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის შესახებ ერთიანი ხედვის და სამოქმედო გეგმის შემუშავების მნიშვნელობაზე, ასევე, დეინსტიტუციონალიზაციის პროცესში სოციალური მუშაობის გაძლიერებაზე.
სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ: მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია, სახელმწიფო ზრუნვის და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ხელმძღვანელი მერი მაღლაფერიძე და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში ღასან ხალილი. შეხვედრაში მონაწილეობდნენ: საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია, მულტიდისციპლინური გუნდის სოციალური მუშაკები და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სოციალური მუშაკები სხვადასხვა რეგიონიდან.
„ჩვენ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ ვისაუბროთ დიდი ზომის ინსტიტუციებიდან, განსაკუთრებით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების გამოყვანასთან დაკავშირებით. გაეროს ბავშვთა ფონდისა და სოციალურ მუშაკთა ასოციაციის მხარდაჭერით და უშუალოდ სოციალური მუშაკების აქტიური ჩართულობით, ვაპირებთ, 2022 წელი გარდამტეხი წელი გახდეს დეინსტიტუციონალიზაციის პროცესში. ამ პერიოდში ვგეგმავთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა ორი დაწესებულების დახურვას, ხოლო დანარჩენი დიდი ზომის ინსტიტუციების დახურვასთან დაკავშირებით – მკაფიო გეგმის ჩამოყალიბებას, სადაც თითოეული უწყებისა და სპეციალისტის როლი გაიწერება“, – განაცხადა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ბარკალაიამ.
სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ხელმძღვანელი მერი მაღლაფერიძე მიიჩნევს, რომ ამ პროცესებში განსაკუთრებული როლი სოციალურ მუშაკებს აკისრიათ, განსაკუთრებით, მოწყვლადი ჯგუფების გაძლიერებისთვის. მისივე განცხადებით, „სააგენტოს მთავარი მიზანია,სოციალური მუშაობა დაინერგოს როგორც სერვისი – ადამიანების დახმარების ყველაზე მნიშნელოვანი და ეფექტური შესაძლებლობა. ეს არის ჩვენი მთავარი ვექტორი, რომლითაც მივდივართ და საბოლოო მიზნის მიღწევაში არაერთი ორგანიზაცია გვეხმარება.“
დიდი ზომის სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებიდან ბავშვის ოჯახურ გარემოში დაბრუნების პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის. ოჯახური გარემო ხელს უწყობს ბავშვების გონებრივი, ფიზიკური და სოციალურ-ემოციური უნარების უკეთ განვითარებას. ამ უმნიშვნელოვანეს პროცესში სოციალური მუშაკის განსაკუთრებულ როლსა და პასუხისმგებლობაზე საუბრობს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის დირექტორი ქეთევან გიგინეიშვილიც და ამბობს, რომ მათი როლი გადამწყვეტია, რადგან სწორედ სოციალურმა მუშაკმა უნდა შეაფასოს ბავშვის საჭიროებები: „ამ მიზნით, ასოციაცია, უკვე მრავალი წელია, არა მხოლოდ ამ მიმართულებით, არამედ, ზოგადად, სოციალური მუშაობის გაძლიერებაზე ზრუნავს, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსთან და სხვა უწყებებთან ერთად“. ამ ეტაპზე კი, ასოციაცია გაეროს ბავშვთა ფონდის დახმარებით, სოციალური მუშაკების პროფესიულ განვითარებას და ეფექტური ჩარევის მექნიზმების გაძლიერებას გეგმავს.
გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა, ღასან ხალილმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ მოუწოდა დეინსტიტუციონალიზაციის პროცესში ჩართულ უწყებებსა და პარტნიორებს თანამშრომლობისკენ, რომ დროულად მოხდეს ქვეყანაში დარჩენილი დიდი ზომის დაწესებულებების დახურვა და ბავშვებმა ოჯახურ გარემოში ცხოვრება და განვითარება შეძლონ – „ყველა ბავშვს აქვს უფლება, იზრდებოდეს ოჯახში, სწორედ ამიტომ ვუჭერთ მხარს დეინსტიტუციონალიზაციის პროცესს.“- განაცხადა ღასან ხალილმა.