2 თებერვალი, ხუთშაბათი, 2023

2022 წლის პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ

spot_img

ათასწლეულის ფონდის ორგანიზებით, პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს კონკურსის 2022 წლის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. ტრადიციული დაჯილდოება წელს მეხუთედ გაიმართა და, ხუთი ძირითადი საკონკურსო კატეგორიის გარდა, სპეციალური პრიზები საქართველოს პარლამენტმა და პროფესიული უნარების სააგენტომაც დააწესა.

პროფესიული განათლების 2022 წლის სტუდენტი კოლეჯის „იკაროსი“ სტუდენტი აკაკი ცანკაშვილი გახდა, რომელიც წარმატებულად დაეუფლა კონდიტერის პროფესიას და დღეს კოლეჯში, მასწავლებლის სტატუსით, უზიარებს საკუთარ ცოდნას მოსწავლეებს. აკაკი, რომელიც სპეციალური საგანანმანათლებლო საჭიროების მქონეა (სმენადაქვეითებულია), იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება, ვინც ყოველდღიურად ამტკიცებს, რომ შესაძლებლობები უსაზღვროა.

2022 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის სტატუსი სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის პედაგოგმა, გრიგოლ ფრანგიშვილმა მოიპოვა. 2022 წლის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამის ნომინაციაში გამარჯვებული გახდა კოლეჯი „იკაროსი“, პროგრამით – კულინარიის ხელოვნება, ხოლო წლის პროფესიული მომზადების/გადამზადების კატეგორიაში გამარჯვებულად გამოცხადდა კოლეჯი „ახალი ტალღა“, პროგრამით – კერძების მომზადების ტექნოლოგია. წლის საუკეთესო ბიზნეს პარტნიორად კი „პსპ ფარმა“ დასახელდა.

წელს, ძირითადი საკონკურსო კატეგორიების გარდა, სპეციალური ჯილდო დააწესეს კონკურსის პარტნიორებმა: საქართველოს პარლამენტმა და პროფესიული უნარების სააგენტომ. საქართველოს პარლამენტის სპეციალური პრიზი – ინკლუზიური პროფესიული განათლების ხელშეწყობის კატეგორიაში, გადაეცა კოლეჯს „მოდუსი“.

უნარების სააგენტოს სპეციალური პრიზი კი რამდენიმე ქვე-კატეგორიაში გადაეცათ: რუსთავის მუნიციპალიტეტს (წლის რეგიონული მხარდამჭერი), საქართველოს ბიზნესის აკადემიას – SBA (წლის საერთაშორისო ინიციატივა), თსუ-ს მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯს (წლის საიმიჯო კამპანია) და ქეთევან სუჯაშვილს, ილია წინამძღვრიშვილის კოლეჯიდან (წლის სასწავლო საწარმოს ინსტრუქტორი).

ღონისძიების მონაწილეებს მიესალმნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, საქართველოში ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი, საქართველოს პარლამენტის განათლების და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ამილახვარი, პროფესიული უნარების სააგენტოს დირექტორი თამარ ქიტიაშვილი და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის დირექტორი ზურაბ კერვალიშვილი.

„მოხარული ვარ, რომ ტრადიციის ერთგულები ვრჩებით და კონკურსზე, რომელსაც საფუძველი ხუთი წლის წინ ჩავუყარეთ, სულ უფრო იზრდება როგორც მონაწილეთა რაოდენობა, ასევე პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერა. დარგში წარმატებული მაგალითების და პრაქტიკის წარმოჩენით, ხელს ვუწყობთ პროფესიული განათლების პოპულარიზაციას და ამ სფეროში კერძო-საჯარო პარტნიორობის გაძლიერებას. სწორედ ეს წარმოადგენს ჩვენი ფონდის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას, რადგანაც პროფესიული განათლების სექტორის განვითარება ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას უწყობს ხელს,“ – აღნიშნა ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაგდა მაღრაძემ.

„ჩვენი ფონდი, უკვე მეხუთე წელია, აქტიურად უჭერს მხარს პროფესიული განათლების ეროვნულ ჯილდოს. გვიხარია, რომ ათასწლეულის ფონდთან ჩვენი საქმიანობით და განათლების სექტორში თანხების ინვესტირებით, შევქმენით პარტნიორობის წარმატებული მოდელი, რომელიც საუკეთესო მაგალითია იმისა თუ როგორ შეიძლება ერთობლივი ძალისხმევით ხელი შეეწყოს განათლების სექტორს და პროფესიული განათლება ქვეყანაში პოპულარული გახდეს,“ – განაცხადა ზურაბ კერვალიშვილმა, ჯილდოს გენერალური სპონსორის გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის დირექტორმა.

პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს“ ყოველწლიური კონკური წელს მეხუთედ ჩატარდა, ათასწლეულის ფონდის ორგანიზებით. კონკურსის მიზანია პროფესიული განათლების, როგორც ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების მნიშვნელოვანი კომპონენტის, განვითარება და პოპულარიზაცია. ჯილდოს გენერალური სპონსორია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი. კონკურსის მხარდამჭერია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

ბლოგი

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

პროფესიული

მსგავსი სიახლეები