26 ნოემბერი, შაბათი, 2022

2022 წლის პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს კონკურსის გამარჯვებულები მალე გამოვლინდებიან

spot_img

ათასწლეულის ფონდი პროფესიული განათლების პროგრამების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას და მისი მნიშვნელობისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობას აგრძელებს. ამ მიზანს ემსახურება ტრადიციული კონკურსი – პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო, რომელიც წელს უკვე მეხუთედ გამოცხადდა.

2022 წლის პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს კონკურსზე განაცხადების მიღება უკვე დასრულდა. კონკურსში მონაწილეობა 50-ზე მეტმა კანდიდატმა მიიღო და მეორე ეტაპზე, დამოუკიდებელი ჟიურის შეფასებით, 11 კანდიდატი გადავიდა, რომლებთანაც პირისპირ გასაუბრება გაიმართა. ჟიურის შემადგენლობაში შედიან ბიზნეს ასოციაციების, სავაჭრო პალატის, საერთაშორისო ორგანიზაციების, მედიის წარმომადგენლები და დარგობრივი ექსპერტები.

√ კონკურსის შედეგად საბოლოო გამარჯვებულები შემდეგ კატეგორიებში გამოვლინდებიან:

წლის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა;

წლის პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამა;

  წლის პროფესიული განათლების მასწავლებელი;

  წლის პროფესიული განათლების სტუდენტი;

  წლის პროფესიული განათლების ბიზნეს პარტნიორი.

„საზოგადოებამ უკვე გაითავისა, რომ პროფესიული განათლება ყველაზე უფრო სწრაფი გზაა დასაქმებისკენ, რადგანაც ძალიან მალე შეგიძლია დაეუფლო შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამის პროფესიას. პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს ერთერთი მიზანი არის ის, რომ დავანახოთ საზოგადოებას, რომ პროფესიული განათლების მეშვეობით საქართველოშიც შესაძლებელია წარმატებით დასაქმდე და იპოვო ღირსეული საქმე,“ – განაცხადა მაგდა მაღრაძემ, ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა.

კონკურსს, რომლის მიზანია დარგში მომუშავე წარმატებული ორგანიზაციებისა და ადამიანების წარმოჩენა, 2017 წლიდან გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი უჭერს მხარს.

„ჩვენ უკვე ხუთი წელია მხარს ვუჭერთ პროფესიული განათლების ეროვნულ ჯილდოს. მნიშვნელოვანია, რომ ყოველ წელს იზრდება მონაწილეთა რაოდენობა და ასევე გამორჩეული და საინტერესო ისტორიების მქონე კონკურსანტები ეუფლებიან ჯილდოს. ეს ის ადამიანები არიან, რომელებიც ამსხვრევენ სტერეოტიპებს და პროფესიულ განათლებას კიდევ უფრო მისაბაძს ხდიან. ამაზე მეტყველებს კოლეჯებისა და სხვა ორგანიზაციების გაზრდილი ინტერესიც. ასევე იმ ახალი ორგანიზაციების მხარდაჭერაც, რომლებიც წელს შემოუერთდნენ  პროექტს. მიგვაჩნია, რომ სწორედ კერძო და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, სხვადასხვა ბიზნეს კომპანიების, სახელმწიფო ორგანიზაციების ჩართულობით შევძლებთ, რომ სწორად მოვახდინოთ ინვესტიცია ადამიანურ კაპიტალში, გავხადეთ პროფესიული განათლება კიდევ უფრო ღირებული და ამით ხელი შევუწყოთ ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას. ჩვენ კი კვლავ გავაგრძელებს ჩვენს ფილატროპოულ საქმიანობას პროფესიული განათლების და ზოგადად განათლების კუთხით და ამით ჩვენს მოკრძალებულ წვლილს შევიტანთ ქვეყნის განვითარებაში,“ – განაცხადა ზურაბ კერვალიშვილმა, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის დირექტორმა.

♦ კონკურსის გამარჯვებულები გალა დაჯილდოებაზე გამოვლინდებიან, რომელიც 2022 წლის შემოდგომაზე გაიმართება და სპეციალურ პრიზებით დასაჩუქრდებიან.

♦ დამატებით, წელს ორი სპეციალური ჯილდო გაიცემა საქართველოს პარლამენტისა და პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ.

 

ბლოგი

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

პროფესიული

მსგავსი სიახლეები