27 ივლისი, შაბათი, 2024

2021 წლის გამოცდების განრიგი დამტკიცდა

spot_img

2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები პირველ ივლისს დაიწყება, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით, 14 ივლისიდან კი გამოცდებში მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველი პირები ჩაერთვებიან.

28 ივლისს სტუდენტთა საგრანტო კონკურსი ჩატარდება, ხოლო საერთო სამაგისტრო გამოცდას მაგისტრანტობის კანდიდატები 27-30 ივლისს ჩააბარებენ.

წელს პირველად, 27 ივლისს, გამოცდას ჩააბარებენ სპეციალური მასწავლებლები.

მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურება განრიგი 

4 ივნისს, საგამოცდო განრიგის დამტკიცებასთან დაკავშირებით, ბრიფინგი გამართა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, სოფო გორგოძემ და მედიას ჯერ მხოლოდ ის დეტალები გააცნო, რაც ამ დროისთვისაა დაზუსტებული.

სოფო გორგოძის განცხადებით, საგამოცდო ცენტრებში მზადების პროცესი მიმდინარეობს. წელს აპლიკანტებს 1-ით მეტი, 25 საგამოცდო ცენტრი მოემსახურება, აქედან 11 თბილისსში გაიხსნება, 3 – ბათუმში, 3 – ქუთასიში და დანარჩენი სხვა ლოკაციებზე განთავსდება.

ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, გამოცდები წელსაც კოვიდპანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების დაცვით ჩატარდება, თუმცა, როგორც ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა, საბოლოო დეტალების დასაზუსტებლად, ჯანდაცვის სამინისტროსთან კონსულტაციები ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

სოფო გორგოძე: ცხადია, დიდია ინტერესი, თუ როგორი რეგულაციებით ჩავატარებთ გამოცდებს. ამ ეტაპზე, რეგულაციები იგივეა, რაც შარშან იყო, თუმცა, შესაძლებელია, გარკვეული ცვლილებები შევიდეს. დაგეგმილი გვაქვს კიდევ ერთი შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროსთან, რომლის შემდეგაც საბოლოოდ დაზუსტება ყველა რეგულაცია და, ვფიქრობ, დაახლოებით ორ კვირაში, კიდევ ერთხელ გვექნება ასეთი საინფორმაციო კამპანია, სადაც უკვე კოვიდთან დაკავშირებულ საკითხებს გავივლით, მაგალითად, როგორ ხდება კოვიდინფიცირებული აბიტურიენტების მართვა, რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ გამოცდაზე მისულ აბიტურიენტს ტემპერატურა დაუფიქსირდა და .. როგორც გითხარით, ამ საკითხებზე, მიმდინარეობს მსჯელობა, შეიძლება ითქვას, რომ დასკვნით ეტაპზე ვართ და საბოლოო ინფორმაციას საზოგადოებას ჯანდაცვის სპეციალისტებთან ერთად გავაცნობთ, რადგან ეს მათი კომპეტენციაც არის. კოვიდთან დაკავშირებული რეგულაციები კი, თავისთავად, თანაბრად შეეხება როგორც აბიტურიენტებს, ისე მასწავლებლებს დაანარჩენ აპლიკანტებს.“

შეფასებისა და გამოცდების ცენტრის დირექტორი თხოვნით მიმართავს აბიტურიენტებს, რომ ყურადღებით ადევნონ თვალი ცენტრის ვებგვერდს, სადაც ყველა სიახლე ქვეყნდება. აპლიკანტებს ურჩევს, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ საგამოცდო ბარათზე დატანილ ინფორმაციას, რომელიც აპლიკანტებისთვის 20 ივნისის შემდეგ იქნება ხელმისაწვდომი: „განრიგი, რომელიც ჩვენ ს ვებგვერდზე განთავსდა, მაინც ზოგადია, ამიტომ, აუცილებლად უნდა დაელოდოთ საგამოცდო ბარათს (მოსაწვევს), სადაც უკვე კონკრეტულად იქნება მითითებული – რომელ საგამოცდო ცენტრში, რომელ სესიაზე უნდა გამოცხადდეთ. 20 ივნისის შემდეგ ეს ინფორმაცია ელექტრონულად იქნება ხელმისაწვდომი იმ გვერდზე, სადაც დარეგისტრირდით (თქვენს პირად გვერდზე). ამიტომ, ვთხოვ ყველა აბიტურიენტს, რომ ამ პერიოდიდან ყურადღებით იყოთ და დროულად ნახოთ თქვენი საგამოცდო ბარათი, ამობეჭდოთ და დეტალურად გაეცნოთ მასზე დატანილ ინფორმაციას, რომ თავიდან აიცილოთ გაუგებრობა – სად, რომელ საგამოცდო ცენტრში და რომელ საათზე უნდა მიხვიდეთ გამოცდაზე. ასევე, ყურადღებით ადევნეთ თვალი კოვიდთან დაკავშირებული რეგულაციების შესახებ ინფორმაციას, რომელსაც, დაახლოებით, ორ კვირაში შემოგთავაზებთ.“

რაც შეეხება სპეცმასწავლებლებს, რომლებიც წელს პირველად აბარებენ გამოცდას, მათთვის ცენტრი უახლოეს პერიოდში გეგმავს ღია კარის დღეებს, რომლის შესახებაც ინფორმაცია ცენტრის ვებგვერდზე განთავსდება. სოფო გორგოძე თხოვნით მიმართავს სპეცმასწალებლებს, გაეცნონ ვებგვერდზე განთავსებულ, მათთვის განკუთვნილ ინფორმაციას, რაც მისცემს მათ მიმართულებას, როგორ მოემზადონ გამოცდისთვის.

შეგახსენებთ 2021 წელს გამოცდებში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაციის სტატისტიკას:

⇒ ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია 38 400-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა;

⇒ სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 3 700-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა;

⇒ საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის 12 800-ზე მეტი მაგისტრანტობის კანდიდატი დარეგისტრირდა;

⇒ მასწავლებლის საგნის გამოცდაზე, უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე, ასევე, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად, რეგისტრაცია 28 700-ზე მეტმა მსურველმა გაიარა – ამ ჩამონათვალში არიან ის აპლიკანტებიც, რომლებიც 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირდნენ საგნობრივი ან/და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირებაზე.

გთავაზობთ 2021 წლის გამოცდების განრიგს

ერთიანი ეროვნული გამოცდები:

1 ივლისი, 2 ივლისი, 5 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ქართული ენა და ლიტერატურა;

1 ივლისი (პირველი სესია) – ოსური ენა;

1 ივლისი (პირველი სესია) – აფხაზური ენა;

6 ივლისი (პირველი სესია) – რუსული ენა;

6 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ინგლისური ენა;

6 ივლისი (მეორე სესია) – ფრანგული ენა;

7 ივლისი (პირველი სესია) – რუსული ენა;

7 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ინგლისური ენა;

8 ივლისი (პირველი სესია) – გერმანული ენა;

8 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ინგლისური ენა;

9 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – მათემატიკა;

12 -13 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ისტორია;

14 ივლისი (მეორე სესია) – ბიოლოგია;

15 ივლისი (მეორე სესია) – სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;

15 ივლისი (მეორე სესია) – ქიმია;

16 ივლისი (მეორე სესია) – გეოგრაფია;

19 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ზოგადი უნარები;

20 ივლისი (პირველი სესია) – ფიზიკა;

20 ივლისი (პირველი სესია) – ლიტერატურა;

20 ივლისი (მეორე სესია) – ზოგადი უნარები;

28 ივლისი (მეორე სესია) – სტუდენტთა საგრანტო კონკურსი.

2021 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩატარების განრიგი:

27 ივლისი (პირველი სესია) – წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა;

28 ივლისი (პირველი სესია) – ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა;

29 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა;

30 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა.

დეტალური ინფორმაცია გამოცდის თარიღის, გამოცდაზე გამოცხადების დროისა და საგამოცდო ცენტრის მისამართის შესახებ მითითებული იქნება სპეციალურ ბარათზე, რომლის ამობეჭდვასაც აპლოკანტები საკუთარი სარეგისტრაციო გვერდიდან შეძლებენ.

 

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები