2020 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს მფლობელი 32 წლის ინდოელი მასწავლებელი გახდა

2362

ინდოელი რანჯიტსინგჰ დისეილი მასწავლებლის გლობალური ჯილდოს 2020 წლის გამარჯვებული გახდა  და მიიღო პრიზი – 1 მილიონი დოლარი. თანხის ნახევარი მან იმ ცხრა მასწავლებელს გაუნაწილა, ვინც, მასთან ერთად, 2020 წლის გლობალური ჯილდოს ფინალში გავიდა. მისი თქმით, პედაგოგებმა კარგად იციან, რომ ყველაფერს უნდა გასცემდე და უზიარებდე გვერდზე მყოფ ადამიანებს. ასეთი რამ გლობალური ჯილდოს ისტორიაში პირველად მოხდა.

რანჯიტსინგჰს სურდა აიტი ინჟინერი ყოფილიყო, მაგრამ საინჟინრო კოლეჯმა მისი მოლოდინი ვერ გაამართლა. ალტერნატივად მამამ მასწავლებეთა ტრენინგის გავლა შესთავაზა. თავიდან ყოყმანობდა, მაგრამ ტრენინგმა მისი ცხოვრება სრულად შეცვალა, დაინახა, რომ მასწავლებლებს შეუძლიათ მსოფლიოში რეალური ცვლილებების განხორციელება, ამიტომ, გადაწყვიტა ერთ-ერთი მათგანი გამხდარიყო.

დისეილი მაჰარაშტრას შტატის სოფელ პარიტევადის ქალთა სკოლაში ასწავლის. თავდაპირველად, დანგრეული სკოლის შენობაში ასწავლიდა, რომელიც საქონლის სადგომსა და ფარდულს შორის იყო მოქცეული. ამ სოფელში გოგონების განათლება არ იყო პრიორიტეტული, თინეიჯერთა ქორწინება კი ჩვეულებრივ მოვლენად მიიჩნეოდა. კონკურსის ჟიურის აზრით, მან მკვეთრად შეცვალა ადგილობრივი ბავშვების განათლების პირობები – უზრუნველყო, რომ ინდური ოჯახების გოგონებს შეძლებოდათ სკოლაში სიარული, განათლების მიღება, განვითარება და იმასაც მიაღწია, რომ ისინი აღარ გამხდარიყვნენ ადრეული ქორწინების მსხვერპლი.

„ამ რთულ დროში პედაგოგები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ თითოეულ მოსწავლეს ჰქონდეს საკუთარი უფლების – კარგი განათლების მიღების – რეალიზების შესაძლებლობა.“ – ამბობს ოცდათორმეტი წლის მასწავლებელი.

რანჯიტსინგჰის ძალისხმევის შედეგად, სკოლამ, სადაც ის ასწავლის, 2016 წელს, საუკეთესოს ჯილდო მიიღო. მოსწავლეთა 98%-მა სწავლის შედეგებს სასწავლო წლის დასრულებამდე მიაღწია. ინდოეთის მთავრობამ რანჯიტსინგჰ დისეილი 2018 წლის ინოვატორ მკვლევრად დაასახელა და მან ეროვნული ინოვატორის ჯილდო მოიპოვა. 2019 წლის 5 სექტემბერს, მასწავლებლის დღის აღსანიშნავად, BBC News-მა მათზე სიუჟეტიც კი მოამზადა.

დღეს რანჯიტსინგჰის მოსწავლეები თავისუფლად აზროვნებენ, მსჯელობენ, განიხილავენ სხვადასხვა საკითხებს, ფლობენ კომუნიკაციის, კრეატიულ და მსოფლიოს პრობლემების რეალურად გადაჭრის უნარ-ჩვევებს.

რაც შეეხება მასწავლებლის გლობალურ ჯილდოს, წელს ჟიურიმ, მსოფლიოს მასწავლებლებს შორის, ასევე, გამოავლინა Covid-გმირი. ამ ნომინაციაში გაიმარჯვა ინგლისელმა მათემატიკის მასწავლებელმა, ჯეიმი ფროსტმა, რომელმაც შექმნა პლატფორმა იზოლაციის პირობებში მყოფი მოსწავლეების ონლაინ სწავლებისთვის.

დატოვეთ კომენტარი