საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, სოფო გოგოძემ გამოცდების ახალი მოდელი წარადგინეს. პრეზენტაციას, საზოგადოების მხრიდან, დიდი გამოხმაურება მოჰყვა, უმეტესობა, კატის გამოცდების გაუქმებას დადებითად შეხვდა, ეროვნულ გამოცდებში განხორციელებულ ცვლილებებს კი ჯერჯერობით ნაწილი „ეჭვის“ თვალით უყურებს და სვამს კითხვას: ეს კარგია თუ ცუდი, რამ განაპირობა ან რას დაეფუძნა საგამოცდო სისტემაში ასეთი რადიკალური ნაბიჯების გადადგმა? შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სოფო გორგოძის განცხადებით, ცვლილებები იმ კვლევის შედეგებს დაეფუძნა, რომელიც სამინისტრომ და ნაეკმა ამ ბოლო დროს ჩაატარა. კვლევის შედეგებმა კი ისეთი პრობლემები გამოავლინა, რომელიც ცვლილებებს აუცილებლად მოითხოვდა. ნომერ პირველ პრობლემად ცენტრის ხელმძღვანელი გამოცდების გაზრდილ რაოდენობას ასახელებს, რომელსაც შედეგზე ვერ გავყავართ. „12 გამოცდაა საჭირო იმისთვის, რომ აბიტურიენტმა შეძლოს უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელება, ეს არის მინიმუმი. თუმცა, იმისთვის რომ შანსები გაეზარდათ 17 გამოცდასაც კი აბარებდნენ — ეს არის ჯამური რაოდენობა როგორც საატესტატო, ისე ერთიანი ეროვნული გამოცდების. აქედან გამომდინარე, სასწავლო პროცესი სკოლებში (განსაკუთრებით დამამთავრებელ კლასებში), მთლიანად გადაერთო გამოცდებისთვის მომზადებაზე. სულ არ არის ეს არალოგიკური, რადგან, როცა ამდენი გამოცდაა წინ, რა თქმა უნდა, ყველა ფიქრობს იმაზე, რომ წარმატების ინდიკატორი გამოცდის ჩაბარებაა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერც ატესტატს მიიღებ და ვერც უმაღლესში ჩააბარებ. ამიტომ ამოტრიალდა სასწავლო პროცესი და მთლიანად გამოცდაზე ორიენტირებული გახდა“.
მისივე თქმით, ზოგიერთ სკოლაში სასწავლო პროცესი საერთოდ აღარ მიმდინარეობს და მან სკოლის გარეთ გადაინაცვლა. ბავშვები გაცდენების მაღალი დასაშვები პროცენტით სარგებლობენ და აღარც კი დადიან სკოლაში, რადგან ასე უფრო კომფორტულად გრძნობენ თავს — ემზადებიან კერძოდ, რეპეტიტორებთან. როგორც კვლევიდან გამოვლინდა, პასუხისმგებლობასაც მხოლოდ საკუთარ თავს კი არა, იმ ადამიანებსაც აკისრებენ, ვისთანაც ემზადებიან. „ამიტომ სკოლის როლი თანდათან დაკნინდა, მას პასუხს ვეღარც მშობელი სთხოვს და დირექტორიც იმას ამბობს, რომ ანგარიშვალდებულება მშობლების მიმართ ნაკლებად აქვს, რადგან, მოსწავლეები სკოლაში აღარ დადიან.“ — ამბობს სოფო გორგაძე.
ცვლილების ერთ-ერთ მიზეზად ცენტრის ხელმძღვანელი იმასაც ასახელებს, რომ აბიტურიენტები უნივერსიტეტში მოსახვედრად ისეთ საგნებსაც აბარებენ, რომელიც კონკრეტული პროგრამის სპეციფიკას არანაირად არ შეესაბამება. მაგალითად, არის შემთხევევა, როცა აბიტურიენტი ინჟინერიაზე აბარებს და არჩევით საგნად დარგისთვის ნაკლებად რელევანტურ გამოცდას — ისტორიას ან გეოგრაფიას ირჩევს: „როცა უნივერსიტეტებს ვკითხეთ ასე რატომ ხდება, გვითხრეს, რომ ისინი იძულებულნი არიან დაამატონ არა რელევანტური, არამედ აბიტურიენტისთვის უფრო იოლი გამოცდა. მაგალითად, ინჟინერიის ფაკულტეტზე თუ დაამატებენ ფიზიკას, უფრო რელევანტური იქნება, მაგრამ აბიტურიენტები ამ საგნის ჩაბარებას ერიდებიან, რადგან ფიქრობენ, შანსი ნაკლები აქვთ. ამიტომ ირჩევენ მათთვის შედარებით მარტივ საგნებს. შესაბამისად, უმაღლესი დაწესებულებაც იძულებულია არასწორი არჩევანი გააკეთოს საგანზე, მხოლოდ იმის გამო, რომ მსურველთა მოტივაცია არ შემცირდეს.“
ცვლილებების განხორციელების კიდევ ერთ მიზეზად ოჯახების დანახარჯების ზრდა დასახელდა. ამას კვლევაც არ სჭირდება, რადგან ვიცით, რომ დამამთავრებელი კლასების მოსწავლეთა დიდი პროცენტი საგნებში კერძო რეპეტიტორთან ემზადება. რეფორმის ჯგუფი აქ კიდევ ერთ პრობლემას — ხელმისაწვდომობასაც ხედავს — იმ ბავშვების 80-ზე მეტი პროცენტი ემზადება რეპეტიტორებთან, რომელთა ოჯახის შემოსავალი 1000 ლარზე მეტია, 400 ლარის ან ნაკლები შემოსავლის მქონე ოჯახებიდან კი მხოლოდ 30 პროცენტს შეუძლია შვილი კერძოდ მოამზადოს. სოფო გორგოძე ამბობს, რომ, ზოგადად, მშობლების დანახარჯი ძალიან დიდია, კვლევის შედეგად, მხოლოდ მე-12 კლასში, დაახლოებით, 40 მილიონამდე ადის.
სწორედ ამ მიზეზების გაანალიზებით მივიდნენ, მინიმუმ, 12 გამოცდიდან, მინიმუმ, 3 გამოცდამდე. თუ უნივერსიტეტს არ ექნება გამოცდის დამატების სურვილი, ეს მისთვის სავალდებულო არ იქნება, მაგრამ თუკი რომელიმე უმაღლესი სასწავლებელი ამის სურვილს გამოთქვამს ცენტრი მზადაა დაეხმაროს და მაქსიმალურად შეუწყოს ხელი დამატებითი კომპონენტების განხორციელებაში.
ახალი მოდელის მიხედვით, ჩარიცხვა ისევ ცენტრალიზებულად განხორციელდება, თუმცა, საგრანტო დაფინანსების წესთან დაკავშირებით, ჯერჯერობით კონკრეტული პასუხები არ აქვთ, რადგან, როგორც პრეზენტაციაზე განაცხადეს, ამ მიმართულებით ახლა მუშაობენ. ერთი რამ კი უდავოა — შეიცვლება გრანტის მოპოვების წესიც და ეს ცვლილება ლოგიკურიცაა, რადგან სავალდებულო საგნების ნუსხა იცვლება. სამინისტროში განაცხადეს, რომ გრანტის მიღების ახალი წესის ჩამოყალიბებისას მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული აბიტურიენტების ინტერესები.
სოფო გორგოძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მოდელი წარმოადგინეს, ის აუცილებლად კიდევ უფრო დაიხვეწება და ცენტრი ღიაა კონსულტაციებისთვის. ახალი მოდელის დანერგვამდე დარჩენილ წელიწადნახევარს სწორედ იმისთვის გამოიყენებენ, რომ უკეთ განსაზღვრონ რისკები და წუხილი, რომელიც შესაძლოა ამ მიმართულებით გაჩნდეს. „ვეცდებით, რომ ძალაში შევიდეს მაქსიმალურად დახვეწილი მოდელი, რომელიც, საბოლოო ჯამში, იმ შედეგის მომტანი გახდება, რისი მოლოდინიც გვაქვს.“ — გვითხრა სოფო გორგოძემ.
ამის გარდა, პრეზენტაციაზე განმარტება გაკეთდა ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლების პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც ქართული ენის მომზადების პროგრამაზე მათ ჩარიცხვას უზრუნველყოფს. სამინისტროში განაცხადეს, რომ აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი აბიტურიენტებისთვის ამ მიმართულებით არაფერი შეიცვლება და, კანონის თანახმად, იმავე ფორმატით გაგრძელდება მათი ჩარიცხვა აღნიშნულ პროგრამაზე. რაც შეეხება ოსურენოვან და აფხაზურენოვან აბიტურიენტებს, ზაფხულში მიღებული გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ისინი ოსური ან აფხაზური ენის ტესტს უნარების ტესტის მსგავსად ჩააბარებენ, წელსვე ამოქმედდება.
შეფასებისა და გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელი ახალი მოდელის დანერგვის მოსალოდნელ შედეგებს ასე განმარტავს: „ველოდებით სკოლის როლის თანდათან ზრდას, განათლების ხარისხზე მეტ ორიენტაციას, ფოკუსირებას რეალურ ცოდნაზე და არა გამოცდისთვის მომზადებაზე; გამოცდების დუბლირების აღმოფხვრას, რომელიც პირდაპირი და თვალსაჩინო შედეგი იქნება, რადგან ერთი და იმავე საგნის გამოცდის ჩაბარება ორჯერ აღარ მოუწევს მოსწავლეს. ასევე, მნიშვნელოვანი შედეგი იქნება მშობლების დანახარჯების შემცირება, რომელსაც ცვლილებებით ვვარაუდობთ და რომელიც ასევე ლოგიკური მეჩვენება. დაბოლოს — უნივერსიტეტების ავტონომიურობის ეტაპობრივად ზრდა.“
მიხეილ ბატიაშვილმა, კვლევით გამოკვეთილი პრობლემების გარდა, იმ ძირითად მოტივატორებზეც ისაუბრა, რაც გადაწყვეტილების მიღებას დაედო საფუძვლად. თუმცა, პირველ რიგში, მაინც გამოცდებზე ორიენტაციას ასახელებს: „ამას ადასტურებს ამ სფეროში ჩატარებული ნებისმიერი კვლევა და, ვფიქრობ, დაგვიმოწმებს ბევრი განათლების ექსპერტიც, რომ გამოცდებზე მაქსიმალური ორიენტაცია განათლებაში არანაირ გრძელვადიან შედეგს არ იძლევა. მით უმეტეს, მაშინ, როცა გამოცდების რაოდენობა 12-ზე მეტია. ხშირ შემთხვევაში, არის გადაფარვაც, დუბლირება. მაგალითად, ბავშვებს უწევთ ერთი და იმავე საგანში რამდენიმე გამოცდის ჩაბარება. სამწუხაროდ, სკოლის დამამთავრებელი კლასები საგამოცდო პერიოდად გადავაქციეთ, იმის ნაცვლად, რომ მთელი ორი წელი სკოლაში მაღალი ხარისხის განათლების მიწოდებასა და საგნების უფრო სიღრმისეულად შესწავლას მოვახმაროთ. რეალურად, სკოლას ფუნქცია დავაკარგვინეთ და მოსწავლეების და მშობლების ორიენტაცია მთლიანად საგამოცდო სისტემაზე მივმართეთ. დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები მთელ დროს (ეს კვლევებითაც დასტურდება) გამოცდებისთვის მზადებას უთმობენ, რომელშიც მშობლები დიდ ფინანსურ რესურსს დებენ. ეს არის დანახარჯი, რომელიც რეალურად არანაირ გრძელვადიან შედეგს არ იძლევა, რაც მთავარია, ცუდად აისახება საუნივერსიტეტო ნაწილშიც, რადგან ეს არ არის ცოდნა ცოდნის გამოყენებისთვის, ეს არის დროებითი, დაგროვებითი ცოდნა, უბრალოდ, გამოცდის გადასალახავად. აქედან გამომდინარე, ჩვენი პირველი რიგის ამოცანაა სკოლისთვის კუთვნილი ფუნქციის დაბრუნება და პედაგოგების, დირექციისა და მშობლებისთვის ძირითად საზრუნავად სკოლაში ბავშვის განათლებაზე ზრუნვა და არა რეპეტიტორიდან რეპეტიტორთან სირბილი გამოცდების ჩასაბარებლად. დამეთანხმებით, დაგროვებითი ცოდნა, ძალიან მძიმედ აისახება მოსწავლის/აბიტურიენტის განვითარებასა და მის მომავალ წარმატებაზე.
მეორე მნიშვნელოვანი ცვლილება კატის გამოცდების გაუქმებაა. როგორც უკვე აღვნიშნე, ხშირ შემთხვევაში, ხდებოდა გადაფარვა და აქაც ორიენტაცია გადატანილი იყო მხოლოდ საგამოცდო ნაწილზე. ამიტომ მივიღეთ მისი გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება. ძალიან მნიშვნელოვანი მიზანი, რაც ამ მიმართულებით გამოვკვეთეთ, არის, 2020 წლისთვის ეროვნული გამოცდების საკითხები დავუახლოვოთ სკოლის პროგრამას. არ შეიძლება ასეთი სხვაობა იყოს მისაღები გამოცდებისა და სკოლის გამოცდების პროგრამებს შორის, არ შეიძლება სკოლა ბავშვს აძლევდეს სხვა ცოდნას და რამდენიმე თვეში, ეროვნულ გამოცდებზე, საერთოდ სხვა ცოდნას ვთხოვდეთ. ამიტომ, ყველაფერს გავაკეთებთ ამ სხვაობის შესამცირებლად — რაღაც კომპონენტებით წელსაც ვეცდებით, მაგრამ 2020 წლისთვის ეროვნული გამოცდების პროგრამები მაქსიმალურად იქნება დაახლოებული სკოლის პროგრამასთან. ეს ნამდვილად მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ სკოლას თავისი ფუნქცია დავუბრუნოთ და ეროვნულ გამოცდებს — თავისი.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც რეფორმაში გამოიკვეთა, უნივერსიტეტების ავტონომიის ზრდაა. ბევრი უმაღლესი სასწავლებლისგან გვსმენია ჩივილი იმის შესახებ, რომ ის არ მონაწილეობს აბიტურიენტის შერჩევის პროცესში. კონსულტაციების შედეგად, მივედით დასკვნამდე, რომ, ალბათ, ყველაზე კარგი ფორმაა უნივერსიტეტებს მივცეთ შესაძლებლობა, თავად გადაწყვიტონ ამ პროცესს რა კომპონენტს დაამატებენ. ამის გაკეთებას ბევრი უნივერსიტეტი გვთხოვდა, მეტიც, ზოგიერთი ამბობდა, რომ უნდათ ერთი კი არა, რამდენიმე რელევანტური საგნის დამატება. ჩვენ მივცემთ ამის შესაძლებლობას და გამოიყენებს თუ არა უნივერსიტეტი ამ უფლებას, მისი გადასაწყვეტია.“
ლალი ჯელაძე