ნამდვილად ფასდაუდებელი შრომა გასწია ბ-მა პაატა ბერიაშვილმა დოკუმენტურ წიგნზე „გავაზი“ მუშაობით, სადაც ლამის ამომწურავად არის გადმოცემული სოფლის წარსული ისტორია დღემდე. გავაზი მტაცებელი ფრინველია. ქართველი კაცის სიყვარული ბუნებისა და მისი შვილების მიმართ ადგილისთვის სახელწოდებების მინიჭებითაც კი ვლინდება. ასეა სოფელ წიწკანაანთსერის სახელწოდებაც, წიწკანა – ფრინველია.
ბატონ პაატას ნაშრომიდან ვიგებთ, რომ ქართულ წერილობით წყაროებში სოფელი გავაზი პირველად იხსენიება IX საუკუნეში. X საუკუნეში, კვირიკე ქორეპისკოპოსისა და კონსტანტინე აფხაზთა მეფის ჰერეთში ლაშქრობის შემდეგ, გავაზი და არიში კონსტანტინეს ერგო წილად. ძველი გავაზის ტაძრის სამხრეთ ფასადზე შემორჩენილი წარწერებით ირკვევა, რომ იმპერატორ ნიკოლოზ II-ის მეფობის დროს აშენდა ხელმეორედ განთქმული სოფელი გავაზი. არსებობს ვერსია, რომ თავდაპირველად გავაზელები დასახლდნენ სოფელ ბალღოჯიანის მიმდებარედ არსებულ წმ. თევდორეს ეკლესიის ირგვლივ, ხოლო სხვა წყაროები იმასაც იუწყება, რომ ისტორიული ქალაქი გავაზი მართლაც მდინარე ქვაწვერისა და ავანის შესართავთან, ძველი გავაზის თავწმინდა გიორგის ეკლესიის (IV-VI სს.) ირგვლივ, მდებარეობდა. შემდეგ პერიოდში მოხდა გავაზელების ჩამოსახლება დღევანდელი ახალსოფლის ტერიტორიაზე, ღვთისმშობლის ეკლესიის ირგვლივ. ერთ-ერთი მაცხოვრებლის გადმოცემით, თბილისის სახელმწიფო მუზეუმში ძველი რუკა უნახავთ, სადაც აღნიშნული ყოფილა ზემო გავაზი და ქვემო გავაზი. ზემო გავაზი დღევანდელი ახალსოფლის, ხოლო ქვემო გავაზი – წმ. თევდორეს სახ. ეკლესიის ირგვლივ მდებარე. ლეკიანობისა და დაავადებების გავრცელების გამო, ხშირი იყო ხალხის გადასახლება-გადმოსახლება. წიგნში ერთგან ნათქვამია, რომ ლეკიანობის შემდეგ ხელისუფლებამ გადაწყვიტა გავაზელთა დაბრუნება თავიანთ პირველ საცხოვრისზე – დღევანდელი ახალსოფლის ტერიტორიაზე და ამ მიზნით გაკეთდა სოფლის განაშენიანების ახალი პროექტი. გავაზელთა ნაწილი დაუბრუნდა ძველ ნასახლარებს, ხოლო გარკვეულმა ნაწილმა ცხოვრება ალაზნის პირას გაშენებულ ახალ გავაზში გააგრძელა.
1886 წლის 3 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა სტატია: „ახალ გავაზში ცხოვრობს სამასამდე კომლი გლეხობა… ახალ გავაზს აქამდინ შკოლა არ ქონია, მაგრამ ახლა გამართეს და შემოდგომიდან დაიწყობენ ყმაწვილები სიარულს…“
გადმოცემით, პირველი სკოლის პირველი დირექტორი გახლდათ ევგენი კვარაცხელია გურიიდან. პირველი აკადემიური სკოლა სოფ. გავაზში (თელავის მაზრა) 1911 წელს გაიხსნა. 1912 წელს კი დაიწყო ორკლასიანი სკოლის მშენებლობა.
თავად ავტორი იხსენებს, რომ ოროთახიანი დაბალი შენობა იდგა ეკლესიის ეზოში, რომელიც საკლასო ოთახებად გამოიყენებოდა. სასკოლო დოკუმენტაციაში მისი აშენების თარიღად 1898 წელია მითითებული. საბედნიეროდ, ამ შენობის ფოტო შემორჩენილია და გამოფენილია თანამედროვე სკოლის ეთნოგრაფიულ მუზეუმში, რომელიც დიდი რუდუნებით მოაწყო სკოლის დირექტორმა, ქ-მა ლია კაპანაძემ და დიდი ზარზეიმით გაიხსნა 2013 წელს. მან გაიხსენა, რომ ყვარლის ილია ჭავჭავაძის მუზეუმის დირექტორს, თამარ ზურიაშვილს აღუნიშნავს, რომ ასეთი მდიდარი ექსპონატებით თავად ყვარლის მუზეუმი არ არის განებივრებულიო. სასკოლო ეთნოგრაფიული მუზეუმი დღესაც თავმომწონეობს საქართველოს კულტურის ამსახველი ექსპოზიციით. აქ ბევრი ეპოქაა თავმოყრილი, მუზეუმს ამშვენებს კუთხე „შენი სოფლის ისტორია“, გამდიდრებული ფოტომასალითა და ლიტერატურით. აქ ვხედავთ გავაზელი ინდიკო ბუთიაშვილის წიგნებს, ფსევდონიმით – თედორე გავაზელი; დიდ ალბომს მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ქართველების ფოტოებით და სხვა. სხვადასხვა წლებში სასკოლო ეთნოგრაფიულ მუზეუმს დედაქალაქიდან სტუმრობდნენ პროფესორ-მეცნიერები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, რომლებიც შთაბეჭდილებების წიგნში გადმოსცემდნენ ემოციებსა და განცდებს.
დავუბრუნდეთ გავაზის სკოლის ისტორიას. ბ-ნი პაატა თავის წიგნში წერს: „არ შემიძლია არ გაგიზიაროთ ის ფაქტი, რომ 1909 წელს გავაზელმა მკვიდრმა პავლე კეწელაშვილმა მოაწყო ბავშვების სწავლება თავის ბინაზე. თითქმის ორ წელზე მეტხანს უფასოდ ასწავლიდა ოციოდე ბავშვს წერა-კითხვას დედა ენის მიხედვით და არითმეტიკიდან ძირითად ცნობებს. იგი სოფლის დიაკვანი გახლდათ, შემდეგ კომუნისტებმა ციმბირში გადაასახლეს ათი წლით და საყვარელ სოფლამდე ვეღარ მოაღწია“.
საინტერესო ფაქტები გაზეთ „ივერიაშიც“ დაიბეჭდა. პირველი სკოლა გავაზში 1886 წელს გახსნილა და 1909 წელს აქ მოღვაწე პედაგოგების სახელებიც კია ჩამოთვლილი.
სკოლის მშენებლობა 1914 წელს დასრულდა, იგი საუკეთესო შენობა იყო იმდროინდელ გავაზში. მასში განთავსებული იყო არა მხოლოდ სკოლა, არამედ კლუბიც. კედლებში ჩაშენებული იყო ბუხრები და გავაზის კლიმატის გათვალისწინებით, იატაკი მიწის ზედაპირიდან, დაახლოებით, ერთ მეტრზე იყო აწეული. მის გახსნაზე, საკურთხევლად, თელავიდან ჩამოუყვანიათ ეგზარხოსი. ეკლესიიდან ამ შენობამდე ხალიჩები დაუფენიათ და ეგზარხოსი და მოწვეული სტუმრები მასზე გაუტარებიათ. ბოლოს, რა თქმა უნდა, სოფელს სადღესასწაულო სუფრაც გაუმართავს.
ამ შენობის გარდა, ორი ოროთახიანი, აივნიანი შენობა აშენებულა ეკლესიის მარცხნივ, პირველი – 1898 წელს, ხოლო მეორე – 1954 წელს. იქ საკლასო ოთახები იყო განთავსებული, შემდეგში, 1938 წელს სამხედრო კაბინეტი და სასწავლო სახელოსნოები აშენებულა.
1895 წლიდან 1930 წლამდე, გავაზში, სკოლა იყო ორწლიანი; 1930 წლიდან 1947 წლამდე – 7-წლიანი; 1947-1966 წლებში – საშუალო (11-წლიანი); 1966-1988 – 10-წლიანი; 1988-2009 – 11-წლიანი; 2009 წლიდან დღემდე – 12-წლიანი.
წიგნში ჩამოთვლილია სკოლის დირექტორები. წიგნის ავტორი, პაატა ბერიაშვილი, სპეციალობით ფიზიკოსი, 1987-2011 წლებში თავადაც სკოლის დირექტორი იყო.
ქალბატონი ლია კაპანაძე, სპეციალობით ფილოლოგი, 2015 წლიდან უძღვება სკოლას და დიდი წარმატებითაც.
ევროსტანდარტების შესაბამისი ახლად აშენებული სკოლა, 2010 წლის 29 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტმა გახსნა. სამსართულიანი შენობა აღჭურვილია უახლესი ინვენტარით, ფუნქციონირებს აინშტაინის პროგრამით მოქმედი ლაბორატორიული კაბინეტები, კომპიუტერული კლასები, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი სამოქალაქო განათლებისა და თავდაცვის საკლასო ოთახები, სპორტდარბაზი, სკოლაში დამონტაჟებულია ლიფტი.
დღეს სკოლა აქტიურად აგრძელებს მუშაობას თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად, ახორციელებენ საინტერესო პროექტებს; აქვთ პარტნიორული ურთიერთობა კალიფორნიის შტატის სკოლასთან, სხვადასხვა ორგანიზაციასთან და სხვა.
მე წელს დავიწყე ამ სკოლაში მუშაობა და იმდენად დიდი სითბო დამხვდა დირექციის, კოლეგებისა და მოსწავლეების მხრიდან, რომ ამ წერილის დაწერა გადავწყვიტე. მსურდა, საზოგადოებისთვის გამეცნო სოფლის საინტერესო ისტორია, სკოლის უმნიშვნელოვანესი როლი მომავალი თაობის აღზრდა-განვითარებაში.
გაგაცნობთ ორ ახალგაზრდა გოგონას – ანი ვარადაშვილსა და ლილი მინდიაშვილს.
ანი ვარადაშვილი დამამთავრებელი კლასის მოსწავლეა. 2021 წელს მან მიიღო მონაწილეობა ლიტერატურულ კონკურსში „ნუშების თოვლი“ და სიგელით დაჯილდოვდა საქართველოს იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგთა კავშირის მიერ. ამ კავშირმა გამოსცა გამარჯვებულ მოსწავლეთა შემოქმედება წიგნად, ამავე სახელწოდებით – „ნუშების თოვლი“, სადაც შესულია მისი ლექსი „მე უბრალოდ ვწერ სიმწრით ამ ფურცელზე/გულის ტკივილები განა დამელია…“
ემოციურია მისი მცირე პოეტური ნაწერები, უფრო ზუსტად კი შტეფან ცვაიგის „უცნობი ქალის წერილების“ მიხედვით დაწერილი. ანის რომანტიკულ ბუნებასა და ლირიკაზე გავლენა მოახდინა უცნობი ქალის წერილმა. მისი ჯერაც გაუწრთვნელი პოეტური სული არაერთგზის განიცდის კლასიკური ნაწარმოებების გავლენას. ამის დასტურია თუნდაც მისი „სულით ბოროტი“ (ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსის ოცდამეერთე საუკუნის ვერსია), მისი პოეტური ამბები სასიყვარულოა, დრამატული და სევდიანი. მარტოობა და „გადაკარგვა“ კი მისი საწუხარია: „…გადავიკარგე, არავინ მეძებს/მხოლოდ ბნელი ცა, მხოლოდ ჯანღები/ისე მტკიოდა, მაგრამ მე ვდუმდი, შიგნიდან მჭამდა ჩუმი დარდები…//…გადააფარეს ჩემს სულს თითქოს თეთრი სუდარა/ახლა იქნებ და სადღეგრძელოც ხსოვნისა შესვან/აღარც სიტყვები, აღარც ზარები და თითქოს აღარც გულის ფეთქვაა…“
ანისგან განსხვავებულია ლილი მინდიაშვილის ლექსები. მეცხრე კლასის მოსწავლე ცხოვრებას უკვე ჭადრაკს ადარებს და მისი „ბავშვური“ ფილოსოფია და „განსწავლულობა“ ამით უკვე ვლინდება. ჭადრაკის სამყაროში მინიატურული სახით ადამიანთა ცხოვრებაა გადმოცებული, მისი გონების ძალა, ხასიათი, შორსმჭვრეტელობა. ლილი ამბობს: „ჭადრაკის დაფა ჩვენი გზა არის, ფიგურები კი ჩვენი სვლა არის/სანამ წინ წავალთ, უნდა დავფიქრდეთ/სწორია გზა თუ უკუ სვლა არის…“
თავის ნაწერებში ლილი ამბობს, რომ უკვირთ ადამიანებს მის თვალებში ჩამდგარი სევდა, ნაღველი. მათ საპასუხოდ თავად გამოხატავს გაოცებას და წერს, რომ ეს თავად ცხოვრებაა ასეთი, მას აქვს ლხინისა და სევდის ტალღები: „…რა ვქნა ცხოვრებაა ძნელი! ხან ქუჩაში ვხედავ ბავშვებს, მათ არა აქვთ წყალი, პური/ხან კი უდანაშაულ ბავშვს ეყინება სული/მტანჯავს უსამართლობა და მტანჯავს ხალხის საქციელი…“ ლილი პატრიოტულ მოტივებსაც ეხება, როდესაც ამბობს, რომ „…სურს იბრწყინოს ჩვენმა საქართველომ!“
ლილის ლექსები მძიმეა თავისი აზრობრივი დატვირთვით, დარდით, იმედგაცრუებით, გულგატეხილობით და ყველა უბედურებას ცხოვრებას მიაწერს, თუნდაც იმ ვნებას, „როცა ლოთები გულს აყოლებენ სმას“, ხოლო სათავეში აყენებს ამპარტავნების დამღუპველ გრძნობას.
მკაცრად ნუ განვსჯით და შევაფასებთ გოგონების თავისებურ ხედვას, დამოკიდებულებას, შთაგონებას. ისინი იმ ასაკში არიან, როდესაც ტკივილს აყურადებენ, გამომწვევ მიზეზებს იძიებენ, მათ ნამდვილად აქვთ პოტენციალი მომავალში შედგნენ, როგორც პოეტები. ამას დრო გამოავლენს. თუმცა, სასკოლო საზოგადოებისა და მოწვეული სტუმრების წინაშე ლიტერატურულ საღამოზე უკვე წარმოადგინეს საკუთარი შემოქმედება. სოფელმაც პირველმა აღიარა და შეიყვარა გოგონების შემოქმედება.
ეკატერინე ავაზაშვილი
პედაგოგი, საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი