26 სექტემბერი, ორშაბათი, 2022

18 წლის სტუდენტი, რომელმაც საქართველო მსოფლიოს წამყვან ბლოგერებსა და მედიის წარმომადგენლებს გააცნო

spot_img

ანი ბოჭორიშვილი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მენეჯმენტის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტია. 18 წლის გოგონა ქუთაისში ცხოვრობს და, სწავლის გარდა, ბევრი საინტერესო საქმიანობითაა დაკავებული.

კადეტთა სკოლის წარმატებით დასრულების შემდეგ ანიმ გადაწყვიტა, მომავალი პროფესია ისეთი მიმართულებით აერჩია, სადაც საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას ბოლომდე შეძლებდა. გოგონას პატარა ასაკიდან უყვარდა მათემატიკა, ლიტერატურა, კითხვა, ენების შესწავლა, ხელოვნება, ცეკვა და სპორტული აქტივობები. სკოლის ასაკიდან დასახულ მიზნებს შრომით აღწევდა და არც დაბრკოლებებს უშინდებოდა. დროის სწორი გადანაწილება და სწავლისა და საყვარელი საქმიანობის შეთავსება გახდა მიზეზი, რომ უნივერსიტეტში  სწავლას ტურიზმის მიმართულებით საქმიანობაც დაუმატა.

დღეს ანი, დატვირთული სტუდენტური ცხოვრების გარდა, ერთ-ერთ ტურისტულ კომპანიაშიც მუშაობს. არდადეგების პერიოდში მან ბევრი საინტერესო მოგზაურიც გაიცნო. მისი გიდობით გაძღოლილ ტურებს სხვადასხვა ბლოგერისა თუ საქართველოში ვიზიტორის ვიდეოში აღმოაჩენთ. ახალგაზრდა გიდი ახლახან „GET LOST WIZZAIR/დაიკარგე Wizz Air-თან ერთად“ მონაწილეთა ფავორიტადაც კი დასახელდა. პროექტის ფარგლებში, ანიმ 200 ბლოგერსა და მედიის წარმომადგენელს, სხვა გიდებთან ერთად, იმერეთი გააცნო. თუმცა ყველაზე მეტად საკუთარ უნივერსიტეტში მასპინძლობა აღმოჩნდა სასიამოვნო.

„KIU-ში სხვადასხვა ქვეყნის ბლოგერსა და ინფლუენსერს ვუმასპინძლე. ეს ის უნიკალური სივრცეა, სადაც ჩვეულებრივ ტურისტსაც კი შეუძლია ბევრი ახალი აღმოაჩინოს. საუნივერსიტეტო ქალაქი შთამბეჭდავია თავისი სასწავლო და საცხოვრებელი კამპუსით, ეკოლოგიურად სუფთა გარემოთი და ტყის მწვანე მასივით. მსოფლიოს ცნობილი სტრიტ არტის ნამუშევრები კი ფაქტობრივად გამოფენაა ღია ცის ქვეშ. რაც მთავარია, KIU მეცნიერების ჰაბია, რომელიც განსაკუთრებულ შთაბეჭდულებას ახდენს ნებისმიერ ვიზიტორზე,– ამბობს ანი.

როგორც უნივერსიტეტის ელჩი, იგი სხვადასხვა პროექტშიცაა ჩართული, მენტორობის პროგრამის მონაწილეცაა. პროგრამა KIU-ს სტუდენტ გოგონებს პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაში, ასევე,  შესაძლებლობების რეალიზებაში ეხმარება. პროგრამაში ჩართვის შემდეგ, ანიმ უკეთ დაინახა საკუთარი რესურსებიც, მენტორთან მუშაობა კი ერთგვარი ბიძგიც  გახდა, აქტიური ნაბიჯები გადაედგა სხვადასხვა მიმართულებით. წარმატებულ სტუდენტს მიაჩნია, რომ ყოველთვის შესაძლებელია სწავლა, აქტიური საქმიანობა და საყვარელი საქმის კეთება ერთმანეთს ჰარმონიულად შეუთავსო.

„KIU- სტუდენტობა ნიშნავს გამოწვევებით და საინტერესო სიახლეებით დატვირთულ წლებს. თავიდან ცოტა რთული გეჩვენება ახალი გარემო, სწავლის დატვირთული რეჟიმი გაშინებს კიდეც. პირველკურსელებს ვურჩევდი, მაქსიმალურად გამოიყენონ ყველა შესაძლებლობა, რასაც უნივერსიტეტი გვთავაზობს, არ შეუშინდნენ გამოწვევებს, ჩაერთონ აქტივობებში და უბრალოდ დატკბნენ სტუდენტობით, – ურჩევს მათ, ვინც ახლა იწყებს საუნივერსიტეტო ცხოვრებას.

აქტიური ზაფხულის შემდეგ, ანის საინტერესო და ახალი გამოწვევებით სავსე მეორე წელი ელოდება KIU-ს კამპუსზე, რომელიც წელს უკვე მესამე ნაკადს უმასპინძლებს.

ბლოგი

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

პროფესიული

მსგავსი სიახლეები