9 ოქტომბერი, ოთხშაბათი, 2024

17-25 აპრილის კოვიდსტატისტიკა სკოლებში

spot_img

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში გამკაცრდა ჰიგიენის ნორმების დაცვაზე კონტროლი, რათა სააღდგომო არდადეგების დაწყებამდე ვირუსის გავრცელება მაქსიმალურად იყოს თავიდან აცილებული.

სამინისტროს რეკომენდაციით, სკოლებში მკაცრად კონტროლდება მშობელთა და სხვა პირთა სკოლის ტერიტორიაზე მიმოსვლა, ხოლო ვირუსის დაფიქსირების შემთხვევაში – სადეზინფექციო სამუშაოების დროული ჩატარება.

გასული კვირის, 17-25 აპრილის, მონაცემებით, მონიტორინგისა და სავალდებულო ტესტირების შედეგად, ქვეყნის მასშტაბით, ვირუსი მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 0,3%-ს და მოსწავლეთა 0,01%-ს დაუდასტურდა.

მშობელთა თხოვნით, ასევე, ვირუსის დადასტურების მიზეზით, ქვეყნის მასშტაბით, ამ ეტაპზე, სრულ დისტანციურ სწავლებაზე 74 სკოლა და 191 ცალკეული კლასი იმყოფება.

გაზრდილია რისკის ჯგუფში მყოფი იმ მასწავლებლების რაოდენობაც, რომელთაც დისტანციური სწავლების თხოვნაზე შეღავათი გაეწიათ. ამ ეტაპზე, დისტანციური სწავლების ფორმატში, ქვეყნის მასშტაბით, 123  მასწავლებელი იმყოფება.

ეკატერინე დგებუაძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე:

„ეპიდსიტუაციის მდგომარეობა სკოლებში, წინა კვირასთან შედარებით, გაუარესებული არ არის. თუმცა, ეს არ გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ მოვდუნდეთ და ყველა ის წესი და რეგულაცია, რაც არის დადგენილი განათლების სამინისტროსა და ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან, არ დავიცვათ.

მაქსიმალურად ცდილობენ სკოლები და სკოლის ადმინისტრაციები, მიყვნენ დადგენილ წესებს, პარალელურად, მიმდინარეობს მონიტორინგი. კიდევ ერთხელ მივმართავთ საზოგადოებას თხოვნით, დავიცვათ რეგულაცია, წესები იმისთვის, რომ საკლასო ოთახებში გაგრძელდეს სასწავლო პროცესი.“

თბილისსა და რეგიონებში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, შეუფერხებლად გრძელდება მასწავლებელთა სისტემური სავალდებულო ტესტირება. ინფექციური საავადმყოფოს წარმომადგენლებმა ტესტირება, ამჯერად, თბილისის 32-ე საჯარო სკოლაში ჩაატარეს.

ტესტირების პროცესი სკოლაში უკვე მეხუთედ ჩატარდა, რის შედეგადაც კოვიდინფექცია მხოლოდ ერთ პედაგოგს დაუდასტურდა. სკოლამ დროულად შეძლო რეაგირება, დისტანციურ სწავლებაზე გადაიყვანა ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი კლასები, რის შედეგადაც თავიდან იქნა აცილებული Covid-19-ის შიდა გავრცელება.

თბილისის 32-ე საჯარო სკოლაში, სადაც 2000-მდე მოსწავლე იღებს განათლებას, მთელი სასკოლო საზოგადოების – სკოლის ადმინისტრაციის, მასწავლებლების, მოსწავლეების, მშობლების – ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ მაქსიმალურად დაიცვან ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები და სასწავლო სემესტრის სასკოლო სივრცეში დასრულება შეძლონ.

ნინო კაშია, 32-ე საჯარო სკოლის დირექტორი:

„მასწავლებელთა ტესტირება ორ კვირაში ერთხელ ტარდება. მაქსიმალურად ვიცავთ თერმოსკრინინგს, ხელების დამუშავებას სპეციალური სითხეებით.  თუ დილით რომელიმე მოსწავლეს  ტემპერატურა აღენიშნება, ველოდებით მშობელს საიზოლაციო ოთახში. სურვილი გვაქვს და მშობელთა უდიდესი მოთხოვნაც არის, რომ დასწრებული ფორმით დავასრულოთ მიმდინარე სემესტრი.“

სასკოლო საზოგადოების ყველა წევრის ჩართულობა მიმართულია იქითკენ, რომ დასწრებული სწავლა სემესტრის ბოლომდე იყოს შენარჩუნებული.

ვირუსის გამოვლენის შემთხვევებში, სკოლებზე კვლავ წერტილოვანი შეზღუდვები  გავრცელდება.

 

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები