25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ინტერვიუ მარიამ მდივანთან „ქალები საკუთრების უფლებისთვის“

spot_img

„კავშირი ფრეიას“ კამპანიის „ქალები საკუთრების უფლებისთვის“ ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ“-ის მხარდაჭერითა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების აქტორები, როგორც ცვლილების ინიციატორები სამხრეთ კავკასიასა და მოლდოვაში“ ფარგლებში, მომზადდა ბლოგების სერია. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია „კავშირი ფრეია“ და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.

მარიამ მდივანი პროფესიონალი იურისტია. აქვს არასამთავრობო სექტორში და საჯარო უწყებებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2016 წლიდან მუშაობს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, და პარალელურად აქტიურადაა ჩართული ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებთან დაკავშირებული პრობლემების აღმოფხვრასა და მოგვარებაში.

საჯარო რეესტრის ოფიციალური მონაცემებით,  საქართველოში ქალები საკუთრების რეგისტრაციის რაოდენობით თითქმის ყველა რეგიონში ჩამორჩებიან კაცებს. ზოგიერთ მუნიციპალიტეტში ამ მაჩვენებელს კრიტიკულიც კი შეგვიძლია ვუწოდოთ. როგორ ფიქრობთ, რა განსაზღვრავს მონაცემთა დისბალანსს?

სამწუხაროდ, სიმართლეა, რომ საქართველოს ზოგიერთ რეგიონში ქალთა ჩართულობა საკუთრების რეგისტრაციის მიმართულებით კრიტიკულად დაბალია (ბოლნისი – 29,0%, დმანისი – 34,0%, დედოფლისწყარო – 34,1%, მარნეული – 35,6%, თიანეთი – 35,6%, დუშეთი – 36,3%, გურჯაანი – 37,4%, ონი – 38,5%, ლაგოდეხი – 39,8%, საგარეჯო – 39,8%).

დისბალანსის გამომწვევ მიზეზებში აღვნიშნავდი ინფორმაციის ნაკლებობას, როგორც საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით, ასევე ზოგადად ადამიანის უფლებებთან მიმართებაში. დიდი ფაქტორია მანკიერი ტრადიციული შეხედულებები, რადგან ხშირად ქალები მიიჩნევენ, რომ ქონების მესაკუთრეები მამაკაცები უნდა იყვნენ და უარს აცხადებენ თავიანი წილის რეგისტრაციაზე მამრობითი სქესის ნათესავების სასარგებლოდ. ასევე აღსანიშნავია იძულება, რომელიც არც ისე გავრცელებულია პირველ ორთან შედარებით, თუმცა მაინც გვხვდება ცალკეული შემთხვევები – როდესაც ფსიქოლოგიური ან ფინანსური ზეწოლა აიძულებს ქალს უარი თქვას კუთვნილ ქონებაზე.

რა რეალობაა დღეს საქართველოში ქალთა საკუთრების უფლების დაცვის მხრივ?

ქართული კანონმდებლობა არ არის დისკრიმინაციული საკუთრების საკითხში. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოშიც ხორციელდება სხვადასხვა პროექტი მოწყვლადი ჯგუფების საკუთრების უფლების დაცვისათვის.

მიუხედავად ამისა, პრობლემები თვალსაჩინოა, ვინაიდან მოსახლეობის უდიდესი ნაწილი კანონმდებლობის ნაცვლად ტრადიციებითა და ადათ-წესებით ხელმძღვანელობს. პრობლემაზე მუშაობისას, პირველ რიგში, გვიწევს ქალბატონებს სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ – მათ თავიანთი საკუთრების უფლებების შესახებ უბრალოდ არ იციან.

როგორ არეგულირებს საქართველოს კანონმდებლობა მემკვიდრეობის მიღების დროს ქონების განაწილებას?  თამაშობს თუ არა სქესი როლს?

ქართული კანონმდებლობა სამკვიდრო ქონების მიღების დროს მნიშვნელობას არ ანიჭებს მემკვიდრის სქესს, მაგრამ ქალები ყველაზე მეტ პრობლემას სწორედ სამკვიდრო ქონების მიღების დროს აწყდებიან. ქალებს ხშირად სთხოვენ კუთვნილი ქონება დათმონ კაცი მემკვიდრეების სასარგებლოდ ადათ-წესებისა და ტრადიციების სახელით, და ცოტა თუ ბედავს წინააღმდეგობის გაწევას. მნიშვნელოვანია ქალბატონებმა გააცნობიერონ, რომ მზითვის მიღება უძრავი ქონების საპირწონე არაა.

გარდა ამისა, სამკვიდრო მოწმობის მიღება გარკვეულ პროცედურებთან და ვადებთანაა დაკავშირებული. თუ ეს ვადები დაირღვა, სამკვიდრო მოწმობის გახსნისთვის საჭირო ხდება ფაქტობრივი მფლობელობის დადასტურება. ბევრმა ამ პროცედურის არსებობის შესახებ არც კი იცის.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით საკუთრების უფლებას სქესი არ განსაზღვავს, პრაქტიკაში სიტუაციაა გაცილებით რთულია. რა სახის წინააღმდეგობებს აწყდებიან ქალები?

საქართველოში განსაკუთრებით პრობლემურია დამკვიდრებულ ადათ-წესებთან დაპირისპირება. ხშირ შემთხვევებში ქალები აცნობიერებენ რომ პრობლემა არსებობს, მაგრამ არ სურთ ოჯახის წევრებთან დაპირისპირება და ურთიერთობის გაფუჭება. შედეგად უარს ამბობენ საკუთარი უფლებებისათვის ბრძოლაზე, რადგან მათთვის ოჯახთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნება უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ქონება.

ქართული კანონმდებლობით მსგავსი საკითხი ისეა მოწესრიგებული, რომ ქალის წილ ქონებას ავტომატურად სხვა პიროვნება ვერ დაირეგისტრირებს. მაგალითად, სამკვიდრო მოწმობას მშობლების ქონებაზე მხოლოდ  ვაჟიშვილი ვერ გახსნის, თუ ნოტარიუსი დაადგენს რომ მას და ჰყავს. ამიტომ ხშირია თაღლითური გარიგებები ქალის კუთვნილი ქონების მისათვისებლად.

საინტერესო შემთხვევები დაფიქსირდა კომლის წევრების ქონების რეგისტრაციის დროს. კანონმდებლობა კომლის თითოეული წევრის საკუთრებას იცავს და თითოეული მათგანი რეგისტრირდება საჯარო რეესტრში როგორც ქონების თანამესაკუთრე. იყო შემთხვევები როდესაც ბანკის თანამშრომლებმა იპოთეკის ხელშეკრულების დადებისათვის მოითხოვეს ქონება კომლის ერთ წევრზე გადაფორმებულიყო, რათა უფრო მარტივად მომხდარიყო იპოთეკის დადება, წინააღმდეგ შემთხვევაში უარს ამბობდნენ ხელშეკრულების გაფორმებაზე. ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ქონების დათმობის ამგვარი იძულება კანონმდებლობით ისჯება.

ასევე პრობლემური საკითხი იყო გათხოვების შემდგომ კომლიდან წასვლის ფაქტის დაფიქსირება საკომლო წიგნის სამუდამოდ წასულთა გრაფაში. საკომლო წიგნში მათი დაბრუნების შესახებ ჩანაწერის გარეშე კი დაკარგეს საკუთრების უფლება იმ კომლში, რომლის დოვლათის შექმნისთვისაც წლობით შრომობდნენ.

როგორ არეგულირებს საქართველოს კანონმდებლობა ოჯახური დავების არსებობის შემთხვევაში ქონების გადანაწილების საკითხს ქალსა და მამაკაცს შორის? რა რეალობას ვხვდებით პრაქტიკაში?

საკანონმდებლო დათქმები უპირატესობას არ ანიჭებს რომელიმე სქესის წარმომადგენელს. თუმცა, პრაქტიკაში ხშირია დავები თანაცხოვრების დროს შეძენილი ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებით. ქართული კანონმდებლობით შესაბამისად მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

მნიშვნელოვანია, მეუღლეები საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირდნენ ქონების თანამესაკუთრეებად. თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაზე მეუღლეებს აქვთ თანაბარი უფლებები. ამ ქონების ფლობა, სარგებლობა და განკარგვა ხორციელდება მათი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. ქალბატონებმა უნდა იცოდნენ, იმისთვის, რომ მოითხოვონ წილი თანაცხოვრების დროს შეძენილი ქონებიდან, აუცილებელი არ არის ფინანსური მონაწილეობის მიღება ქონების შეძენის პროცესში.

არსებული რეალობიდან გამომდინარე, საქართველოში ქალთა ქონებრივი უფლებების დაცვის სურათი საკმაოდ არასახარბიელოა. რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ  არსებული დისბალანსი მინიმუმამდე იქნას დაყვანილი?

პირველ რიგში, აუცილებელია ცნობიერების ამაღლება. უნდა უკუიგდოს ის მავნე მენტალიტეტი, რომელიც ქალებს ქონებისთვის ბრძოლას უკრძალავს. საჭიროა მუშაობა როგორც თავად ქალებთან, ასევე მამაკაცებთანაც, რათა კანონმდებლობა სწორად აღიქვან.

მნიშვნელოვანია ქალებმა გადადგან ქმედითი ნაბიჯები საკუთარი უფლებების დაცვისათვის, მიმართონ შესაბამის ორგანოებს, რომლებიც მათ საკუთრების უფლებას დაიცავენ.

რომელ სტრუქტურებს ევალებათ ამ პრობლემების მოგვარება? როგორც ვიცი, იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ახორციელებს ფართომასშტაბიან საინფორმაციო კამპანიას, რომელიც საზოგადოების ინფორმირებას ისახავს მიზნად.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საკუთრების უფლების მარეგისტრირებელ ორგანოს წარმოადგენს, და, შესაბამისად საკუთრების უფლების დაცვასთან დაკავშირებით გარკვეული მოვალეობებიც აკისრია. მიწის რეგისტრაციის პროექტები, რომლებიც სააგენტოს მიერ ხორციელდება ითვალისწინებს სპეციალურ მიდგომებს სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფებისთვის – და მათ შორის ქალებისთვისაც.

უპირველეს ყოვლისა ეს არის წვდომა ინფორმაციაზე – მოქალაქეებს აქვთ საშუალება მიიღონ უახლესი ინფორმაცია საკუთრების უფლების რეგისტრაციებთან დაკავშირებით მრავალი წყაროდან: იუსტიციის სახლებში, მომსახურების სააგენტოებში, სააგენტოს ცხელი ხაზისა და ონლაინ პლატფორმების საშუალებით.

მინდა ქალებს მოვუწოდო კარგად გაეცნონ საკუთარ უფლებებს. დღესდღეობით საქართველოში ბევრი ორგანიზაციაა რომელსაც შეუძლია დაეხმაროს ქალს, რომლის საკუთრების უფლებები ირღვევა, მაგრამ ამისთვის საჭიროა ქალებმა მათ მიმართონ.

თავის მხრივ სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებმა კი მეტი ყურადღება უნდა დაუთმონ საკუთრების უფლების საკითხებს. მათი ჩართულობა და ძალისხმევა აუცილებელია რომ მეტ ქალს მივწვდეთ დახმარების გასაწევად.

რაც შეეხება სახელმწიფო უწყებებს, ვფიქრობ, მუშაობის გაძლიერებაა საჭირო კანონის ეფექტურობის გასაზრდელად. ასევე სხვადასხვა პლატფორმის, მათ შორის, სოციალური ქსელების და ტელევიზიების, უფრო აქტიურად გამოყენება საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით სწორი ინფორმაციის გასავრცელებლად.

#PINGeorgia
#EU4Georgia
#PINSupportsCSOs

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები