26 აპრილი, პარასკევი, 2024

***

spot_img

5 ივნისი… ცივი, ნისლიანი, ბრიტანული ამინდი ვეილსის ეწვია, როგორც წლების წინ ნახევარ მსოფლიოს. მართლაც რომ გიჟური დრო იყო. თითქმის მთელი მსოფლიო ბრიტანეთის ხელში აღმოჩნდა. დიდება დედოფალს! დიდება ინგლისს!

ბრიტანეთი მსოფლიოს მბრძანებელია, მაგრამ დრო გადის და ყველა იმპერია ერთი მეორის მიყოლებით ქვიშასავით იფანტება… მოდით, ახლა დავუბრუნდეთ ვეილსის, რომლის ქალაქ წმინდა დავითში ცხოვრობს ერთი საინტერესო პიროვნება – 20 წლის უნიჭო მუსიკოსი, უნიჭო მწერალი. ინსტიტუტიდან გარიცხეს, რადგან ლექტორი სახაზავით დაჭრა. დედა მკვდარი, მამა მკვდარი. ერთი ძაღლი ჰყავს და ისიც ინვალიდი. სულ სამ ადგილას მუშაობს, მეოთხესაც მივამატებ, თუ ჯიბის ქურდობას პროფესიად ჩავთლით. ფულს ქირაში, საჭმელში, წამლებსა და დამამშვიდებლებში ხარჯავს. თავისუფალ დროს მუსიკას, ბუნებასა და კალამს უთმობს. ინდოეთში მოგზაურობა მისი ბავშობის სურვილი იყო, ამიტომაც ცალკე ფულს აგროვებს.

დღეს ძალიან გადაიღალა. დიდი დოზა, ექიმის დანიშნული, წამალი მიიღო, გადაბრუნდა და დაიძინა.

6 ივნისი, დილის 6 საათი. წყნარი ამინდი იყო. იდუმალი აურა, არც ციოდა, არც ცხელოდა. ჩვენი სებასტიანი რაღაც მელოდიამ გააღვიძა. საკრავი იცნო. ეს იყო ფლეიტა. მუსიკა ისეთი ლამაზი იყო, რომ ვერაფრით ვერ „დააიგნორა“. თავისი სუსტი ხელებით კარები გააღო და გარეთ გავიდა, თითქოს ხმა ტყიდან მოდიოდა. გარშემო ჩუმი, სასიამოვნო აურა იგრძნობოდა. ცაზე ერთი ღრუბელიც არ იყო. პირდაპირ ჩანდა გალაქტიკის მუქი ლურჯი იასამნისფერი ხედი, თავისი ვარსკვლავებით, რა თქმა უნდა. მინდორი მწვანედ ბიბინებს, ყვავილები და სოკოები თითქოს მღერიან. თან ზედ იშრობენ წვიმის წვეთებს. სებასტიანი ტყეში შევიდა და მელოდიის ხმა უფრო საგრძნობი გახდა. ტყე შიგნიდან ცისფრად ანათებდა, ბევრი ხე იყო, რომლებსაც თითქოს ადამიანის სახეები ჰქონდათ. უცბად მელოდიაც შეწყდა. წუთიერმა სიჩუმემ დაისადგურა…

ვინ არის მანდ? სიზმარია? – იკითხა სებასტიანმა და ამ დროს უკნიდან თავში რკო მწარედ მოხვდა.

სიზმარში რომ იყოს, ამას ვერ იგრძნობდი! – მოესმა ხმა უკნიდან.

სებასტიანი შებრუნდა და დაინახა წვერებიანი, გრძელთმიანი ბომჟი (ის ადამიანი, ერთი შეხედვით, სწორედ ასეთი ჩანდა), რომელსაც ხელში ფლეიტა ეჭირა.

–  არა, არა, ნუ გეშინია, მე ტყის მუსიკოსი ვარ, ჩემი ლაპარაკი შენთვის ჩურჩულია, ხოლო შენი სიმუნჯე ჩემთვის – ყვირილი, შემიძლია გაგრძნობინო, მაგრამ ვერ დაგაფიქრებ. ვიცი, ახლა თავში ბევრი რამ გიტრიალებს, მაგრამ გულის სიღრმეში მაინც შენს საცოდავ ცხოვრებაზე ფიქრობ, ფიქრობ შენს წყეულ სამსახურებსა და იმ სოროზე, რომელშიც იძინებ და იღვიძებ. შენი ყოველივე დღე ტანჯვაა, არც არაფრის ნიჭი გაქვს! არარაობა ხარ, რომელიც თავის თავსაც იწვალებს და დედამიწის ჟანგბადსაც ტყუილად ხარჯავს! შენს ადგილას ნორმალური თავს მოიკლავდა, მაგრამ გაგიმართლა, მე რომ შემხვდი! მე შემიძლია თავი კარგად გაგრძნობინო და ყოველი მწარე ტკბილად გიქციო.

კაცმა მას შემდეგ ფლეიტა გაუწოდა, რომელიც მთვარის შუქზე ვერცხლისფრად ბრწყინავდა. ფლეიტა კოსმოსიდან ჩამოვარდნილი ასტეროიდისგან იყო, რომელიც შემდგომ თვით ტყემ გამოძერწა, შემდეგ ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს. მუსიკოსი ადგილიდან ტყის სიღრმეში გაუჩინარდა საუბრის დროს. ირგვლივ გარემო თითქოს მკვდარი იყო, ხოლო ტყიდან გამოსვლის შემდეგ ყველაფერი ნორმას დაუბრუნდა. უკვე ჩიტების ჭიკჭიკის ხმა ისმოდა. სებასტიანმა ფლეიტაზე დაუკრა. ბუნება ირგვლივ გაჩერდა. ჩიტებმა ჭიკჭიკი შეწყვიტეს, ირმები ერთ ადგილას გაქვავდნენ, ქარი ამოვარდა, ხეები ქაოსურად ირხეოდნენ, მაგრამ არაფერი ხელს არ უშლიდა ფლეიტის სასწაულ მელოდიას. პირიქით, მას  ბუნება რიტმულად ჰყვებოდა, ჰარმონიებს აძლევდა და ერთ დიდ მუსიკას ქმნიდა. ხეებზე სოკოები ამოვიდა, რომლებიც გნომებად გადაიქცნენ. კურდღლებმა, მელიებმა და სხვა გაურკვეველმა ტყის ბინადრებმა თავი ერთად მოიყარეს, ცა ფერადი გახდა, ხის ფოთლებმა კი ფერი იცვალეს, მწვანიდან ვარდისფერში. ამ ყველაფერს ერთად კი ფლეიტა კრავდა, საკრავზე ჩვენი სებასტიანი უკრავდა, რომელიც ამ საოცარ მუსიკალურ ქაოსთან ერთად კოსმოსში აორთქლდა.

დავით უგლავა

ქუთაისის №7 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები