ამ სახელწოდებით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, მასწავლებელთა მეექვსე ეროვნულ კონფერენციას, ორი დღის განმავლობაში მასპინძლობდა. კონფერენციის მიზანი მასწავლებელთა საუკეთესო გამოცდილებისა და პრაქტიკის გაზიარება და ფორმალური და არაფორმალური განათლების მიმართულებით ცნობიერების ამაღლება იყო. მონაწილეებმა ისაუბრეს თემებზე: როგორ დაიცვან ბავშვები ციფრულ სამყაროში, რა ღონისძიებების გატარება შეიძლება ბულინგისა და ჩაგვრის წინააღმდეგ, როგორ უნდა გამოიყენოს მასწავლებელმა თანამედროვე ტექნოლოგიები საინტერესო გაკვეთილისთვის და ა.შ.
„თქვენ, მასწავლებლები, ყველაზე მნიშვნელოვანი და დასაფასებელი ადამიანები ხართ მთელ საგანმანათლებლო სისტემაში და მინდა, მადლობა გადაგიხადოთ იმისათვის, რომ უანგაროდ ემსახურებით ყველაზე მნიშვნელოვანს — ჩვენს ბავშვებს და მათ მომავალს. — განაცხადა კონფერენციის გახსნისას მიხეილ ბატიაშვილმა. – ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მეექვსე კონფერენცია „დემოკრატიული კულტურის კომპეტენციებს“ ეძღვნება და ამ კუთხით მასწავლებლები საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარებას შეძლებენ, ამასთან, მასშტაბები გაიზარდა, რადგან კონფერენციაში საერთაშორისო ექსპერტებიც მონაწილეობენ. თემატიკა მნიშვნელოვანია და პრობლემურ მიმართულებებს მოიცავს — ეხება ბულინგის პრობლემების გადაწყვეტას, ინტერნეტსივრცეში ბავშვების უსაფრთხოებას და ა.შ. ყველა ეს პრობლემა როგორც თბილისის, ისე რეგიონების პედაგოგებისთვის, იქნება უმნიშვნელოვანესი, რადგან საუკეთესო გამოცდილების მაგალითებს მოისმენენ და იფიქრებენ პრობლემების გადაჭრის გზებზე. დღევანდელი დღე იმითაც არის განსაკუთრებული, რომ ჩვენი პედაგოგი ლადო აფხაზავა, გლობალური ჯილდოს მიერ შერჩეულ საუკეთესო 50 მასწავლებელს შორის მოხვდა. ეს უზარმაზარი წარმატებაა, ვულოცავ ლადოსაც და ყველას ამ საერთაშორისო აღიარებას.
დაანონსებული რეფორმის ფარგლებში, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სასკოლო ცხოვრება უფრო საინტერესო, კიდევ უფრო ეფექტური გახდეს და თქვენი პროფესია მეტად იყოს დაფასებული. ვფიქრობ, ჩვენს პედაგოგებს კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა ექნებათ, რომ რაც შეიძლება საუკეთესო პირობები შევუქმნათ და ყველაფერი მიმართული იყოს სკოლებში სწავლების ხარისხის განვითარებაზე.“ — აღნიშნა მინისტრმა.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის, ბერიკა შუკაკიძის აზრით: „რაც უფრო ადრე დავიწყებთ ბავშვებთან დემოკრატიულ კულტურაზე საუბარს, რა თქმა უნდა, მით უფრო ეფექტიანი იქნება როგორც სკოლისთვის, ისე მთლიანად საზოგადოებისთვის დემოკრატიული კომპეტენციების კულტურის დანერგვა სწავლა-სწავლების პროცესში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კომპეტენციების ჩარჩო ფოკუსირებულია არაძალადობრივ და არადისკრიმინაციულ სასკოლო გარემოზე. ყველას გვახსოვს გასული წლის ტრაგიკული მოვლენები მოზარდთა ბულინგის შესახებ და ამიტომ რაც უფრო ადრეული ასაკიდან დავიწყებთ სკოლაში ამ საკითხებზე აქცენტების გაკეთებას, მით უფრო შევუწყობთ ხელს ბულინგის, განსაკუთრებით გავრცელებული კიბერბულინგის, შემცირებას. რესურსები, რომლებიც ამ პროექტის ფარგლებში შეიქმნა, ფოკუსირებულია სწორედ მსგავსი პრობლემების მოგვარებაზე. ჩვენ მთელი ქვეყნის მასშტაბით დავიწყებთ მასწავლებელთა ფართომასშტაბიან გადამზადებას ამ მიმართულებით, შევეცდებით, წავახალისოთ პედაგოგები, რათა უფრო აქტიურად ჩაერთონ პროექტის დანერგვაში.“
დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების ჩარჩო გულისხმობს ღირებულებებისა და დამოკიდებულებების ჩამოყალიბებას — ადამიანის ღირსებებისა და უფლებების, კულტურული მრავალფეროვნების, დემოკრატიის, სამართლიანობის, კეთილსინდისიერების, თანასწორობისა და კანონის უზენაესობის დაფასებას, რომელმაც უნდა ჩამოაყალიბოს კულტურული განსხვავებულობისა და სხვა რწმენებისადმი, მსოფლმხედველობებისადმი, შეხედულებებისა თუ პრაქტიკისადმი შემწყნარებლური დამოკიდებულებებისათვის მზაობა, პატივისცემა, მოქალაქეობრივი აზროვნება, პასუხისმგებლობა, თავდაჯერებულობა, განსხავავებულისადმი შემწყნარებლური დამოკიდებულება. ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ტურბიონ იაგლანდი ამბობს, რომ „კომპეტენციათა ჩარჩო საშუალებას აძლევს წევრ სახელმწიფოებს, მოარგონ ისინი საკუთარ საჭიროებებს და მხოლოდ მათი საზოგადოებებისათვის დამახასიათებელ კულტურულ კონტურებს.
ამ ჩარჩოს საშუალებით, მასწავლებლები შეძლებენ, შთაუნერგონ მოსწავლეებს ისეთი ღირებულებები, როგორიცაა შემწყნარებლობა და სხვების პატივისცემა, რათა ჩამოუყალიბდეთ როგორც საკუთარი უფლებების, ასევე სხვათა მიმართ პასუხისმგებლობების აღქმა“.
კონფერენციის ფარგლებში მოეწყო „დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების ჩარჩოს“ დანერგვის ხელშემწყობი სახელმძღვანელოების, ევროპის საბჭოს მიერ მომზადებული სამტომეულის ქართული თარგმანების პრეზენტაცია.
დემოკრატიული კულტურისა და ადამიანის უფლებების სწავლების პროგრამის მენეჯერმა, ნათია ნაცვლიშვილმა დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების დანერგვასა და სწავლა-სწავლებასთან დაკავშირებულ ძირითად თემებზე ისაუბრა და კონფერენციის მონაწილეებს გააცნო ევროპის საბჭოს ახალი საგანმანათლებლო კამპანია „Free to Speak, Safe to lern“.
„მიუხედავად იმისა, რომ მთავარი სამიზნე განათლების სისტემაა, მარტო მოსწავლესა და მასწავლებელზე არ გადადის პასუხისმგებლობა, კვლევებში გამოკვეთილია ყველა ის აქტორი, ვინც ერთად ან ცალ-ცალკე უნდა ზრუნავდეს ჩარჩოს დანერგვაზე.“ — ამბობს პროგრამის მენეჯერი და კონფერენციის შემაჯამებელ ინფორმაციად მასწავლებლების აქტიურობის ხარისხს ასახელებს.
ნათია ნაცვლიშვილი: „ძალიან ბევრმა მასწავლებელმა მიიღო მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლებიდან. კონფერენციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ამ მიმართულებით აქტიურად მხოლოდ სამოქალაქო განათლების მასწავლებელი უნდა მუშაობდეს, არ არის მაინცდამაინც სწორი მიდგომა — დემოკრატიული კულტურის განვითარებაზე უნდა ზრუნავდეს ყველა საფეხურის და საგნის პედაგოგი. შესაბამისად, კონფერენციაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა საგნის პედაგოგები და წარმოდგენილი იყო ძალიან კარგი გამოცდილება როგორც კერძო, ისე საჯარო სკოლებიდან. მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებლებს ჰქონდათ საშუალება, დისკუსიის ფორმატში, დაეზუსტებინათ, რა ხდება მათი კოლეგის გაკვეთილზე. ფაქტობრივად, კონფერენციაზე პედაგოგებმა ბევრი სიახლე გაიგეს, რომლებსაც პრაქტიკაში დანერგავენ.
როცა მსგავს ღონისძიებებს ვატარებთ, გვაინტერესებს შემდგომი ეტაპი — ამით ხომ არ დასრულდა. პრაქტიკულად, ჩვენ ახალ საქმიანობას ვუყრით საფუძველს და ამიტომ მასწავლებლებს კიდევ უფრო დიდ მხარდაჭერას ვუცხადებთ, იქნება ეს დამხმარე რესურსი, კონსულტაციები ან გარკვეული დროის შემდეგ მათი გამოცდილების ხელახლა წარმოდგენა უკვე სხვა კოლეგებისთვის თუ სხვა აქტივობები. ეს არის თანამშრომლობის პროცესი, რაც, საბოლოო ჯამში, მოგვიტანს დემოკრატიულ კულტურას.
კონფერენციაზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ მოხდა — პირველად გავაჟღერეთ ინფორმაცია ევროპის საბჭოს ახალი კამპანიის შესახებ, რომელიც 4 წლის განმავლობაში გაგრძელდება და ხელს შეუწყობს სკოლების ქსელის შექმნას არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების ფარგლებში. ჩვენ მათ ზოგადი ინფორმაცია მივაწოდეთ, უახლოეს მომავალში უფრო დაწვრილებით ინფორმაციას მიიღებენ. სკოლებს საშუალება ექნებათ, კამპანიის ფარგლებში, გამოკვეთილ თემებზე (ბულინგი, ძალადობის პრევენცია, ფეიკნიუსისგან თავის დაცვის პრევენცია, სკოლებში კეთილდღეობა, თანასწორობაზე ორიენტირებული გარემოს შექმნა და ა.შ.) ესაუბრონ ქსელში ჩართულ სკოლებს ევროპის მასშტაბით, გაიზიარონ ერმანეთის გამოცდილება, ისწავლონ ერთმანეთისგან, მოიფიქრონ გაცვლითი პროგრამები. ყველა სასარგებლო ინიციატივას ხელს შევუწყობთ, მეტიც, ევროპის საბჭო ჰპირდება წელს სკოლებს, რომ ინიციატივები მხარდაჭერილი იქნება როგორც რეკომენდაციებით, ისე ფინანსურად. თუმცა, აუცილებლად აღსანიშნავია, რომ ამ ფინანსურ მხარდაჭერას მოიპოვებს არა რომელიმე მნიშვნელოვანი რგოლი, არამედ სკოლა — მასწავლებელი/დირექტორი/ მოსწავლეთა თვითმმართველობა.“
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სტანდარტების განვითარებისა და დანერგვის სამსახურის უფროსი მარიკა სიხარულიძე, კონფერენციაზე, პედაგოგებს ციფრულ მოქალაქეობაზე ესაუბრა — როგორ დაიცვან ბავშვთა უფლებები ციფრულ სამყაროში. „ციფრული მოქალაქეობა შედარებით ახალი მიმართულება გახლავთ, აქამდე ამ საკითხების მიმოხილვა განათლებაში მსოფლიო მოქალაქეობის ქუდქვეშ მიმდინარეობდა. ახლა დადგინდა ტერმინი „ციფრული მოქალაქეობა“, რომლის პოლიტიკაზე, ძირითადად, ევროსაბჭოს განათლების დეპარტამენტი მუშაობს, რომელთანაც ჩვენი ქვეყანა ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობს. ევროსაბჭოს შემუშავებული აქვს ორი მსხვილი დოკუმენტი, რომლის დანერგვის ნაწილი, ბუნებრივია, ჩვენც უნდა გავხდეთ. ზოგადად, დარგი ძალიან საინტერესო და აქტუალურია. ეს არის არა მხოლოდ საფრთხეებზე საუბარი, რომელზედაც აქცენტი ჩემს თემაში გავაკეთე, არამედ ზოგადად ციფრულ სამყაროში ქცევითი ეთიკის, ტოლერანტობის, ადამიანების სწორი დამოკიდებულების და ა.შ. შესახებ. შესაბამისად, ჩვენ, მასწავლებლებმა, სკოლამ, საზოგადოებამ, ყველამ ერთად და ბუნებრივია, სახელმწიფომ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ბავშვებმა, რომლებიც ციფრულ სამყაროში ცხოვრობენ და დღევანდელი რეალობა არ შეესაბამება მომავლისას, მაქსიმალურად შეძლონ კორექტულად, ეთიკურად, უფლებების დაცვით, მედიაწიგნიერების მაღალი უნარებით, რესურსების სწორად გამოყენებით ამ ყველაფერთან გამკლავება. ეს მიმართულებაც ამას ემსახურება.
აქტუალურია საკითხი, როგორ დავიცვათ ბავშვები ციფრული საფრთხეებისგან იმიტომ, რომ ეს სამყარო სრულიად ღიაა. ამ პროცესში ძალიან ბევრი მსხვილი მიმართულება იკვეთება, რომელიც რეალურად ემპირიულ დონეზე ვიცით. მაგალითად, უმწვავესი პრობლემაა კიბერბულინგი. სამწუხაროდ, კიბერბულინგს მსხვერპლიც ჰყავს, თუმცა, შეიძლება ბევრად მეტია მსხვერპლთა რაოდენობა, ვიდრე ჩვენ ამის შესახებ ვიცით. ჯერჯერობით შესაბამისი კვლევები არ არსებობს, არც მეცნიერულადაა გამყარებული ეს მიმართულება. ახლა დაიწყეს მასზე ფიქრი მეცნიერებმაც და განათლების სპეციალისტებმაც. მაგრამ რაღაცნაირად ფეხდაფეხ უნდა მივყვეთ და მაქსიმალურად ვეცადოთ გავაძლიეროთ ყველა კომპონენტი, მათ შორის, დაცვის ფილტრები, ტექნოლოგიების მიმართულებით, სკოლებში, მასწავლებლებსა და მშობლებში; ვასწავლოთ მათ, როგორ დაიცვან ბავშვები სხვადასხვა უარყოფითი ზეწოლისგან, რა შეიძლება მოჰყვეს ამ ყველაფერს. გარდა ამისა, მოვამზადოთ თვითონ ბავშვები და გავაძლიეროთ საქმიანობა მედიაწიგნიერებისა და ციფრული წიგნიერების მიმართულებით.
მოგეხსენებათ, ეროვნული სასწავლო გეგმა გადამუშავების პროცესშია და აქედან გამომდინარე, მასში ასახული არ არის ეს მიმართულება, არც მასწავლებლის სტანდარტშია ასახული, რადგან ეს დოკუმენტი სასწავლო გეგმის შემდეგ იწერება. მარტივად რომ ვთქვათ, ამ საკითხზე პოლიტიკის დონეზე მსჯელობა არ დაწყებულა. ჩემი მოხსენებაც, რომელიც კონფერენციაზე წარვადგინე, კვლევაა, რომელსაც როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი ვახორციელებ. თუმცა, ჩვენ მაინც ძალიან ინტენსიურად ვმუშაობთ მსოფლიო მოქალაქეობის დანერგვაზე და აქტიურად ვთანამშრომლობთ იუნესკოს შესაბამის სამსახურებთან.
ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების მიმართულებით, წლებია, აქტიურად ვმუშაობთ ევროსაბჭოსთან და ლიდერი სახელმწიფოც კი ვართ. ჩვენი თაოსნობით არაერთი პროექტი განხორციელდა ქვეყნის დონეზე. ჩვენი ეროვნული კონფერენცია ადამიანის უფლებების გამოცხადების 60 წლისთავს მივუძღვენით, რომელიც 10 დეკემბერს აღინიშნა და მასში მასწავლებლები ქვეყნის მასშტაბით ჩაერთვნენ. დიდია ინტერესი ამ კონფერენციისადმი მათი მხრიდან. ვფიქრობ, მართლაც ძალიან საინტერესო გამოვიდა, უცხოელი ექსპერტებიც გვყავდა მოწვეული და მათაც გაგვაცნეს თავიანთი გამოცდილება, მერწმუნეთ, ჩვენი ქვეყნიდანაც ბევრი წაიღეს. უცხოელმა ექსპერტებმა აღნიშნეს კიდეც, თვალნათლივ ჩანს, რომ ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიული კომპეტენციების დანერგვა განსაკუთრებული მიმართულებაა და კონფერენციაზე ეს საინტერესო ჭრილში იყო გამოტანილი.
ზოგადად, კონფერენცია დადებითად შემიძლია შევაფასო არა იმიტომ, რომ ჩვენ განვახორციელეთ, არამედ იმიტომ, რომ დეტალურად განვიხილეთ ეს საკითხი ორი დღის განმავლობაში სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, სქემის კომპონენტის ჩათვლით. კონფერენციის მეორე დღის ერთი სესია მთლიანად მას მიეძღვნა, არ დარჩენილა არც ერთი მსურველი საგნობრივი ჯგუფი ან საგნის პედაგოგი, ვისაც არ მიეცა საშუალება, ესაუბრა მისთვის საინტერესო თემაზე. ბევრი კარგი გამოცდილება გაგვიზიარეს მასწავლებლებმა. რაც მთავარია, ეს არ იყო მხოლოდ სკოლის დონეზე, აქტიურად იყვნენ ჩართულები უმაღლესებიც — მასწავლებლის მომზადების პროგრამების წარმომადგენლები, რომლებმაც საუნივერსიტეტო დონეზე ისაუბრეს, საშუალება მიეცათ განეხილათ იმ პროექტების დანერგვა, რომლებსაც სწორედ ჩვენთან თანამშრომლობით ახორციელებენ.“
განათლების ექსპერტის, მარსელო ტრაველის აზრით, მნიშვნელოვანია კონფერენციას ყოველწლიური სახე რომ აქვს. „კონფერენციაზე პედაგოგებს საშუალება ეძლევათ ერთმანეთს საუეთესო გამოცდილება გაუზიარონ, მეც ამ მიზნით ჩამოვედი ჩილედან. ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ განათლება უფრო მეტად მიმზიდველი გავხადოთ მოსწავლისთვის“.
ცენტრის დირექტორმა, ბერიკა შუკაკიძემ მასწავლებლის პროფესიის კიდევ უფრო წახალისება დააანონსა და განაცხადა, რომ: „ვეცდებით, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა შემოვიყვანოთ პროფესიაში, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საზოგადოება მეტად ენდოს სკოლას, როგორც ინსტიტუციას და მასწავლებელს, როგორც ამ ინსტიტუციის ქვაკუთხედს“.
ლალი ჯელაძე