პრემიერ-მინისტრის ახალი ინიციატივის ფარგლებში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სოციალურად დაუცველი სტუდენტებისათვის სწავლის საფასურის დაფინანსების წესი განისაზღვრა (იხ. დადგენილება 536). აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა და მათთან პროგრამის ადმინისტრირების დეტალები განიხილა. მინისტრის მოადგილემ უნივერსიტეტების წარმომადგენლებს მოუწოდა, უზრუნველყონ 150 000 ან ნაკლები ქულის მქონე სოციალურად დაუცველი სტუდენტების ინფორმირება პროგრამის შესახებ, რათა 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ისინი შეუფერხებლად ჩაერთონ სასწავლო პროცესში.
სოციალური დახმარებით ისარგებლებენ უმაღლესი განათლების ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო, ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები, რომლებიც რეგისტრირებული არიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და რომელთა სარეიტინგო ქულა 2020 წლის პირველი სექტემბრის მდგომარეობით ტოლია ან ნაკლებია 150 000 ქულაზე. პროგრამა გულისხმობს:
⇒ 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასურის ანაზღაურებას;
⇒ 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის დავალიანების დაფარვას.
შეჩერებული სტატუსის აღსადგენად და პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, აღნიშნული კატეგორიის სტუდენტებმა უნდა მიმართონ შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას.
სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის საფასურის ანაზღაურების ოდენობა შეადგენს ერთი სემესტრის სწავლის მაქსიმალურ ღირებულებას – 1125 ლარს, სახელმწიფოს მიერ გაცემული სასწავლო გრანტის ოდენობის შესაბამისად.