27 ივლისი, შაბათი, 2024

15 მარტიდან 26 მარტის ჩათვლით, სკოლებში სსსმ მოსწავლეებს დაარეგისტრირებენ

spot_img

ხვალიდან პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი იწყება. უკვე მეოთხე წელია, პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი განკუთვნილია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისთვის და 15 მარტიდან 26 მარტის ჩათვლით, სკოლებში სსსმ მოსწავლეებს დაარეგისტრირებენ.

I ეტაპზე დასარეგისტრირებელი ბავშვების მშობლებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ საჯარო სკოლას. სკოლის ადმინისტრაცია ბავშვს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (EMIS) დაარეგისტრირებს. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების მიზნით, მშობელი სკოლაში შესაბამის მიმართვის ფორმას ავსებს, რის შემდეგაც მულტიდისციპლინური გუნდი აფასებს ბავშვს და ადგენს მის საგანმანათლებლო საჭიროებას. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების შემთხვევაში, სკოლა უზრუნველყოფს მოსწავლის ჩარიცხვას, შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე.

რეგისტრირებული ბავშვებისთვის დოკუმენტების წარდგენის პერიოდია 2022 წლის 29 მარტიდან 29 აპრილის ჩათვლით.

 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლედ შესაძლოა ჩაითვალოს ბავშვი, რომელსაც აქვს: ა) ფიზიკური შეზღუდვა; ბ) ინტელექტუალური განვითარების დარღვევა; გ) სწავლის უნარის დარღევა; დ) სენსორული განვითარების დარღვევა (სმენის და/ან მხედველობის); ე) მეტყველების განვითარების დარღვევა; ვ) ქცევითი და ემოციური დარღვევა; ზ) გრძელვადიანი ჰოსპიტალიზაციის საჭიროება; თ) სოციალური ფაქტორებით გამოწვეული სირთულეები სწავლაში, რის გამოც ვერ ძლევს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს; ი) აუტიზმის სპექტრი.

 იმ ბავშვების მშობლებს, რომლებსაც არ დაუდასტურდებათ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება, საშუალება ექნებათ, ბავშვების რეგისტრაცია მომდევნო ეტაპებზე განახორციელონ.

♦♦♦

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა რეგისტრაციის პროცედურებზე საუბრისას, განათლების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ინკლუზიური განვითარების სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი თამარ ჟღენტი ამბობს, რომ სსსმ მოსწავლეთა ცალკე ეტაპად რეგისტრაცია იმითაა გამოწვეული, რომ სკოლებს, სასწავლო წლის დაწყებამდე, წინასწარ ჰქონდეთ ინფორმაცია იმ მოსწავლეების შესახებ, რომლებიც ახალი სასწავლო წლიდან მივლენ სკოლებში, რათა მათთვის შესაბამისი პირობები შექმნან – ზაფხულის პერიოდი გამოიყენონ ბავშვებისთვის ისეთი სასწავლო გარემოს მოსამზადებლად, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს მათ საჭიროებებს. „რეგისტრაციის ფორმაში არაფერი შეცვლილა, მაგრამ ყოველწლიურად იცვლება მოთხოვნა – დინამიკაში თუ შევხედავთ, იზრდება – ყოველწლიურად, 100-ით მეტი რეგისტრირებული სსსმ.“

ბავშვის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადგენა მულტიდისციპლინური გუნდის მიერ სტანდარტული პროცედურაა, ისეთივე, როგორც ზოგადად სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადგენა. მულტიდისციპლინური გუნდი სხვადასხვა სპეციალისტებისგან შედგება: ფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი, სპეციალური მასწავლებელი და სხვ. მულტიდისციპლინური გუნდი სტანდარტიზებული ტესტის გამოყენებით აფასებს ბავშვის აკადემიურ და კოგნიტურ უნარებს, ხდება შეფასების შედეგების ინტერპრეტირება და თუ ბავშვს სპეციალური საჭიროება დაუდასტურდა, იწერება კონკრეტული რეკომენდაციები – რა საჭიროება აქვს, როგორ შეიძლება სკოლამ იმუშაოს მასთან, რომ სრულფასოვნად ჩართოს საგანმანათლებლო პროცესში ან საჭიროებს თუ არა ის დამატებითი სპეციალისტის დახმარებას და ა.შ.

რაც შეეხება გარკვეული დიაგნოზის მქონე მოსწავლეებს, მაგალითად, აუტისტური სპექტრის ან დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს, ქალბატონი თამარი ამბობს, რომ სოციალურ მოდელს მიჰყვებიან. ამ შემთხვევაში, დიაგნოზს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, იმ სირთულეების იდენტიფიცირება, რაც სპეციალურ საგანმანათლებლო საჭიროებას განაპირობებს. „შესაძლებელია, არსებობდეს რაიმე სამედიცინო დოკუმენტაცია, რომელსაც მშობელი, სურვილის შემთხვევაში, დაურთავს მომართვის ფორმას და მას ჩვენი გუნდი გაეცნობა. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება უფრო ფართო ცნებაა და, გარკვეულწილად, მოიცავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებსაც. როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენთვის ამოსავალი საგანმანათლებლო საჭიროებაა. შესაძლოა ბავშვი იყოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, მაგალითად, გადაადგილების შეზღუდვა ჰქონდეს, მაგრამ სასწავლო პროცესთან დაკავშირებული სირთულე და ინდივიდუალური სასწავლო გეგმით სწავლების საჭიროება არ ვლინდებოდეს.“

აქედან გამომდინარე, მულტიდისციპლინური გუნდის შეფასებაა პირველადი, რითაც განისაზღვრება აქვს თუ არა ბავშვს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება, კეთდება რეკომენდაციები, რაზე გაამახვილოს ყურადღება სკოლამ, რა მიმართულებით იმუშაონ სპეციალისტებმა. შემდეგ სკოლა ქმნის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ჯგუფს, რომელშიც შედიან სკოლის ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტები, საგნის მასწავლებელი, დამრიგებელი, მშობელი, შეიძლება დამატებითი სპეციალისტიც მოიწვიონ. სკოლის ისგ ჯგუფი უზრუნველყოფს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისათვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავებას და ხელს უწყობს მის განხორციელებას.

იმ შემთხვევაში, თუ მშობლის განცხადების საფუძველზე სკოლა ბავშვს არეგისტრირებს როგორც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლედ, მაგრამ მულტიდისციპლინური გუნდის შეფასების შედეგად არ დასტურდება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება, ამ დასკვნის საფუძველზე, რეგისტრაცია უქმდება. თავისთავად, შემდგომში, მშობელს შეუძლია, რეგისტრაციის სხვა ეტაპებზე დაარეგისტრიროს შვილი, ხოლო ეს ადგილი გამოყენებული იქნება იმ ბავშვისთვის, ვისაც ნამდვილად აქვს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება. არის შემთხვევები, როცა პირიქით ხდება – შემდეგ კლასებში ფასდება გუნდის მიერ მოსწავლე და ვლინდება ბავშვის სპეციალური საჭიროებები. შესაძლებელია, ნებისმიერ კლასში, სასწავლო პროცესში გამოვლინდეს სირთულეები. როცა მასწავლებელი ხედავს, რომ მოსწავლეს, თანატოლებთან შედარებით, სირთულე აქვს სასწავლო პროგრამის დაძლევის დროს, შეუძლია მშობელს მიაწოდოს ინფორმაცია და შემდეგ, შესაბამისი პროცედურების დაცვით, ჩვენც მოგვმართოს. მულტიდისციპლინური გუნდი შეაფასებს მოსწავლეს და სკოლა შედეგების შესაბამისად იმოქმედებს – ამბობს თამარ ჟღენტი.

რაც შეეხება სსსმ მოსწავლეს, რომელსაც გარკვეული ჩამორჩენა აქვს და ვერ მიჰყვება ინდივიდუალურ სასწავლო გეგემას, ამ შემთხვევაში, ისე უნდა შედგეს ინდივიდუალური სასწავლო გეგმა, რომ გათვალისწინებული იყოს ბავშვის შესაძლებლობები და უნარები: „შეიძლება, წლის დასაწყისში, მასწავლებელს ან სპეცმასწავლებელს ეგონოს, რომ რაღაც აქტივობებს დაგეგმავს და იმაზე იმუშავებს, მაგრამ შემდეგ აღმოაჩინოს, რომ ამ აქტივობებში რაღაც შესაცვლელია, რადგან მიზანს ვერ აღწევს. მათ არავინ ზღუდავს და ეროვნული სასწავლო გეგმაც ითავალისწინებს, რომ ინდივიდუალური სასწავლო გეგმა შეიძლება გადაიხედოს და მოდიფიცირდეს, საჭიროებებიდან გამომდინარე. ამის გარდა, თუ რთული შემთხვევაა, ალტერნატიული სასწავლო გეგმა უნდა გამოიყენონ, რომელიც, ძირითადად, ფუნქციური უნარების განვითარებაზეა მიმართული და ეროვნული სასწავლო გეგმის ნაწილია. ამის შესახებ მასწავლებლებმაც იციან და საჭიროების შემთხვევაში, იყენებენ კიდეც. ზოგადად, ძალიან რთული პროცესია იმიტომ, რომ ყველა ბავშვი ინდივიდუალურია და ინდივიდუალურად უნდა შედგეს მათთვის ეროვნული სასწავლო გეგმა, მაგრამ, თუ ხედავს მასწავლებელი, რომ ეს გეგმა არ სრულდება, ბავშვის უნარები არ იძლევა ამის საშუალებას, აუცილებლად უნდა მოახდინოს მოდიფიცირება, კონკრეტული ბავშვის უნარების გათვალისწინებით და დაგეგმილი აქტივობები შეცვალოს.“

⇒ სსსმ მოსწავლეს, ისგ-ს მიხედვით, საგნის მასწავლებელი ჩვეულებრივ აფასებს, რადგან თვითონ ქმნის ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას და თვითონვე მუშაობს ისგ-ს მიზნების მიღწევაზე. სპეცმასწავლებელი კი ეხმარება მას ინდივიდუალური გეგმის შედგენისას და აწვდის ინფორმაციას ბავშვის შესაძლებლობებისა და უნარების შესახებ, აძლევს გარკვეულ რეკომენდაციებს, რადგან ყველაზე უკეთ ის იცნობს ბავშვის საჭიროებებს.

ლალი ჯელაძე

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები