26 აპრილი, პარასკევი, 2024

როგორ განხორციელდება საგაკვეთილო განრიგის შევსება/ცვლილება 2021-2022 სასწავლო წლის მეორე სემესტრის შესაბამისად

spot_img
ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (eSchool) განხორციელდა სემესტრის ცვლილება, შესაბამისად, ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ უნდა უზრუნველყოს საგაკვეთილო განრიგის შევსება/ცვლილება, 2021-2022 სასწავლო წლის მეორე სემესტრის შესაბამისად, 2022 წლის 14 იანვრის ჩათვლით. გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული ვადის დაცვა აუცილებელია Microsoft Teams-ისა და ელექტრონული ჟურნალის მიზნებისათვის.
აქვე გაცნობებთ, რომ იმ საგანს/საგნებს, რომელიც/რომლებიც არ ისწავლება 2021-2022 სასწავლო წლის მეორე სემესტრში, ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (eSchool) უნდა მოენიშნოს „გაუქმება“ და არა „წაშლა“.

♦ გაკვეთილის გაუქმების თარიღად კი, მითითებული უნდა იქნეს 2022 წლის მეორე სემესტრის დაწყებამდე პერიოდი, ხოლო ისეთი საგნისა და გაკვეთილის დამატების შემთხვევაში, რომელიც არ ისწავლებოდა 2021-2022 სასწავლო წლის პირველ სემესტრში, მაგრამ ისწავლება მეორე სემესტრის დაწყებისთანავე, გაკვეთილის დაწყების თარიღად მითითებული უნდა იქნეს აღნიშნული ინფორმაციის ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (eSchool) ასახვის თარიღი. ხოლო ისეთი საგნის არსებობის შემთხვევაში, რომელიც შესაძლოა ისწავლებოდეს მეორე სემესტრის შუა რიცხვებიდან (არა სემესტრის დაწყებისთანავე), მათი ასახვა ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (eSchool) უნდა განხორციელდეს თარიღების სიზუსტით;

როგორც თქვენთვის ცნობილია, ელექტრონულ ჟურნალს ინფორმაცია მიეწოდება ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან (eSchool), რომელსაც ასახავს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება.

♦ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ასახული თარიღის მიუხედავად, ელექტრონული ჟურნალისათვის გაკვეთილის დაწყების თარიღი იქნება 2021-2022 სასწავლო წლის მეორე სემესტრის დაწყების თარიღი – 2022 წლის 17 იანვარი ან მომდევნო, ის დღე და რიცხვი, როდესაც აღნიშნული გაკვეთილი გადანაწილებული იქნება საგაკვეთილო განრიგში (მაგ: თუ პირველი უცხოური ენა – ინგლისური ენა – საგაკვეთილო განრიგში გადანაწილებულია ხუთშაბათ დღეს, მიუხედავად იმისა, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ აღნიშნული საგნის დაწყების თარიღად მიუთითა, პირობითად, 2022 წლის 13 იანვარი, ელექტრონული ჟურნალი აღნიშნული გაკვეთილის დაწყების თარიღად მიუთითებს 2022 წლის 20 იანვარს);

♦ წარმოგიდგენთ 2021-2022 სასწავლო წლის პირველი სემესტრის განმავლობაში გამოვლენილი ხარვეზების შესახებ ინფორმაციას, რომელმაც შემდეგ, ელექტრონული ჟურნალის წარმოების დროს, გარკვეული ხარვეზები გამოიწვია:

◊ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (eSchool) არასწორად ხორციელდებოდა საგნების დამატება, რაც ელექტრონულ ჟურნალში იწვევდა განსხვავებული შეფასების ტიპის გააქტიურებას. კერძოდ, არჩევითი საგნების დამატება ხორციელდებოდა ძირითად/სავალდებულო საგნებად, შესაბამისად, მათ ელექტრონულ ჟურნალში ჰქონდათ განმსაზღვრელი შეფასება. არჩევითი საგნების დამატების სურვილის შემთხვევაში, არჩეული უნდა იქნეს ისეთი საგანი, რომელსაც დასახელებაში მითითებული ექნება „არჩევითი“. რაც შეეხება სავალდებულო დამატებით საგანმანათლებლო მომსახურებას, აღნიშნული საგანი დამატებული უნდა იქნეს სახელწოდებით – „დამატებითი მომსახურება“. იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი არჩევითი საგანი, რომლის დამატებაც სურს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას, არ იძებნება ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (eSchool) საგნების ჩამონათვალში, აღნიშნულის შესახებ წერილობით უნდა აცნობოს სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას და თან დაურთოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობა (ეროვნული სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელი არჩევითი საგნების შემთხვევაში). ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სავალდებულო დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურების შესაბამისი საგანი არ იძებნება ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (eSchool) – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ ასევე წერილობით უნდა მიმართოს სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას და აცნობოს აღნიშნული საგნის ზუსტი დასახელება და შეფასების ტიპი (განმავითარებელი/განმსაზღვრელი/ჩათვლა) კლასების მიხედვით. მიზანშეწონილია, ასახული ინფორმაციის სისწორე სასწავლო სემესტრის დაწყებისთანავე გადაამოწმოს მასწავლებელმა, რათა შესაძლებელი იყოს აღნიშნული ხარვეზის დროულად გამოსწორება სკოლის ადმინისტრაციის მიერ;

♦ ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (eSchool) დროულად უნდა იქნეს შექმნილი განაყოფები და სწორად გადანაწილებული მოსწავლეები. როგორც თქვენთვის ცნობილია, აღნიშნულ ინფორმაციასაც ელექტრონული ჟურნალი იღებს ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან (eSchool). ასახული ინფორმაციის სისწორის გადამოწმება ელექტრონულ ჟურნალში, მასწავლებლის მხრიდან, უნდა განხორციელდეს სასწავლო სემესტრის დაწყებისთანავე, რათა შესაძლებელი იყოს აღნიშნული ხარვეზის დროულად გამოსწორება სკოლის ადმინისტრაციის მიერ;

♦ ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (eSchool) საგაკვეთილო განრიგიდან დროულად ამოღებული უნდა იქნეს ის მოსწავლე/სსსმ მოსწავლე, რომელსაც არ ეკუთვნის აღნიშნულ გაკვეთილზე დასწრება. ასევე, დროულად უნდა იქნეს დამატებული ზემოხსენებული მოსწავლე/სსსმ მოსწავლე არსებული გარემოებების შეცვლის შემთხვევაში. აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმების შესაძლებლობაც აქვს მასწავლებელს, შესაბამისად, მიზანშეწონილია, მასწავლებელმა დროულად გადაამოწმოს მოსწავლეთა სია, რათა შესაძლებელი იყოს აღნიშნული ხარვეზის მყისიერი გამოსწორება სკოლის ადმინისტრაციის მიერ;

♦ ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (eSchool) გაკვეთილის წაშლა უნდა განხორციელდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გაკვეთილი არასწორად იქნა დამატებული საგაკვეთილო განრიგში. იმ შემთხვევაში, თუ დამატებული გაკვეთილი იყო სწორი, თუმცა აღნიშნულ გაკვეთილზე ხორციელდება რაიმე სახის ცვლილება (იცვლება მასწავლებელი, პერიოდი, რიგითობა და ა.შ.), უნდა განხორციელდეს აღნიშნული გაკვეთილის გაუქმება (არავითარ შემთხვევაში წაშლა, ვინაიდან წაშლა იწვევს ელექტრონულ ჟურნალში ასახული ინფორმაციის წაშლასაც და იგი აღდგენას აღარ ექვემდებარება). აღნიშნული ეხება ონლაინ ჯგუფებსაც (იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც აღარ არსებობს ონლაინ ჯგუფი, უკვე ჩატარებული გაკვეთილები არ უნდა წაიშალოს, ამ შემთხვევაშიც უნდა განხორციელდეს გაკვეთილების გაუქმება);

♦ ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (eSchool) აქტიური უნდა იყოს სწავლების ის ტიპი, რომელზეც იმყოფება შესაბამისი კლასი/პარალელი. აღნიშნული ინფორმაციის დროული ასახვა, საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და სკოლის ადმინისტრაციის მიერ, კრიტიკულად მნიშვნელოვანია შემდეგში ელექტრონული ჟურნალის წარმოების მიზნებისათვის. მასწავლებელი როგორც კი აღმოაჩენს, რომ ელექტრონულ ჟურნალში განსხვავებული საგაკვეთილო ცხრილია აქტიური (მაგ. დასწრებული სწავლების ნაცვლად, ფიქსირდება დისტანციური ან ჰიბრიდული სწავლების ცხრილი), აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს სკოლის ადმინისტრაციას ხარვეზის გამოსწორების მიზნით;

⇒ ონლაინ სწავლებაზე დარეგისტრირებული მოსწავლეები უნდა დარჩნენ ონლაინ ჯგუფებში, გარდა იმ შემთხვევისა, თუ 2022 წლის 13 იანვარს განხორციელდება მათი რეგისტრაციის გაუქმება. ამასთან, ხსენებულ თარიღში დარეგისტრირებული მოსწავლეები დაუყოვნებლივ უნდა იქნენ გადანაწილებული შესაბამის ონლაინ ჯგუფებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული წესის შესაბამისად. შეგახსენებთ, რომ ონლაინ ჯგუფების შექმნა, მოსწავლეთა და მასწავლებელთა დროული გადანაწილება კრიტიკულად მნიშვნელოვანია მასწავლებლის დანამატის დათვლის მიზნებისთვისაც.

ხაზგასმით კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ საგაკვეთილო განრიგში ნებისმიერი სახის ცვლილების განხორციელებისათვის, უნდა მიმართოთ გაკვეთილის გაუქმებისა და არა წაშლის ფუნქციას, წინააღმდეგ შემთხვევაში, წაშლილ გაკვეთილზე მასწავლებლის დანამატის დათვლა ვერ განხორციელდება.

სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები