თბილისის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო წლის დაწყება 12 ოქტომბრიდან იგეგმება. აღსანიშნავია, რომ სკოლამდელ დაწესებულებებში სააღმზრდელო წლის დაწყების ვადების შესახებ გადაწყვეტილებას უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო იღებს. ახალი რეგულაციების შესრულება, რაც კორონავირუსის პანდემიამ განაპირობა, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს 5 მილიონ ლარზე მეტი დაუჯდება.
აღსანიშნავია, რომ თბილისის მე-4 და 55-ე საბავშვო ბაღებს სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდათ. ოქტომბერში დედაქალაქს ორი ახალი — №102 (გლდანის მე-8 მ/რ) და №93 (ჭიაურელის ქუჩა, დიდუბის რაიონი) — საბავშვო ბაღი შეემატება; ნოემბრის ბოლოს კი, კიდევ ორი ბაღი — №164 (ვარკეთილის ზემო პლატო) და №101 (გლდანის მე-6 მ/რ) დაიწყებს ფუნქციონირებას.
სააგენტოს ინფორმაციით, ახალი რეგულაციებით, ეპიდემიოლოგების ყველა მითითება და მოთხოვნა ზედმიწევნით უნდა შესრულდეს. რასაკვირველია, სააგენტოს და ბაღს მჭიდრო ურთიერთობა ექნება. ბაღების მართვის სააგენტო, ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით, რეაგირებას თითოეულ შემთხვევასთან დაკავშირებით მოახდენს. ბაღებში, ყოველდღიურად, განხორციელდება თერმოსკრინინგი, სიცხის დაფიქსირების შემთხვევაში, აღსაზრდელს საიზოლაციო ოთახში გადაიყვანენ. ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინებენ მშობელს, რომელიც ვალდებულია, დროულად წაიყვანოს ბავშვი საბავშვო ბაღიდან და მიმართოს ექიმს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბაღი 112-ს დაუკავშირდება.
თუ აღსაზრდელს სეზონური გრიპი ან სხვა ვირუსი დაუფიქსირდება, ჯგუფი, გეგმიური სადეზინფექციო სამუშაოების განხორციელების შემდეგ, აღადგენს ფუნქციონირებას. კორონავირუსის დადასტურების შემთხვევაში, რისკ ჯგუფების მოკვლევას ჯანდაცვის უწყების ეპიდემიოლოგები განახორციელებენ და ზედმიწევნით შესრულდება მათი მითითებები. ამ შემთხვევაში, საკითხის მართვა ჯანდაცვის უწყების კომპეტენციაში გადავა.
აღსანიშნავია, რომ საერთო საგნების მოხმარების მაქსიმალურად შეზღუდვის მიზნით, საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს ბაღში ინდივიდუალური ჩანთები დაურიგდებათ, რომლებშიც პერსონალური ნივთები და სხვადასხვა მეთოდური მასალა (ფანქრები, მაკრატელი, პასტელები და სხვა) იქნება მოთავსებული. კატეგორიულად იკრძალება სახლიდან წაღებული ნივთების ბაღში შეტანა, ბაღის კუთვნილი სათამაშოების დეზინფექცია კი, დღის განმავლობაში, რამდენჯერმე მოხდება.
უსაფრთხოების ზომების გაძლიერების მიზნით, საბავშვო ბაღის შენობაში მშობლები არ დაიშვებიან. აღსაზრდელებს, შენობის შესასვლელთან, ეკიპირებული თანამშრომელი დახვდება, რომელიც მათ ჯგუფებამდე და აღმზრდელებამდე მიაცილებს. ბავშვები, თავიანთ ჯგუფებში, დაიყოფიან ქვეჯგუფებად, რომლებსაც ერთმანეთთან მინიმალური შეხება ექნებათ, იმავე პრინციპით წარიმართება კვების პროცესი. საბავშვო ბაღის პერსონალი აღჭურვილი იქნება ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით.
აიკრძალა მაშტაბური ღონისძიებების, ზეიმების, ფესტივალების ჩატარება. ასევე, აკრძალულია სხვადასხვა ჯგუფის აღსაზრდელების შერევა როგორც საგანმანათლებლო აქტივობების, ისე კვების დროს. მზიან ამინდში შესაძლებელია სააღმზრდელო პროცესის ეზოში წარმართვა.
მკაცრდება თეთრეულის რეცხვის წესი და საბავშვო ბაღებს, რეგულაციით გაწერილი წესების ზედმიწევნით დაცვით, კომპანია მოემსახურება. სამზარეულოებში ჭურჭელი სამგანყოფილებიან ნიჟარაში, 65 გრადუს ცელსიუსის ტემპერატურის წყალში გაირეცხება, ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენება მოუწევთ დისტრიბუტორებსაც. მშობლები ბავშვების გაყვანას მხოლოდ მათთვის განსაზღვრულ დროის მონაკვეთში შეძლებენ.