5 სექტემბერს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტები დასახელდნენ. საუკეთესო ხუთეულიდან კი, გამარჯვებული, ტრადიციულად, მასწავლებლის მსოფლიო დღეს, 5 ოქტომბერს, გამოვლინდება. 2021 წლის გამარჯვებულისთვის დაწესებული ჯილდო წელსაც უცვლელია და მას გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი 10 ათას ლარს გადასცემს.
გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის დირექტორი ზურაბ კერვალიშვილი ამბობს, რომ „მასწავლებლის ეროვნულ ჯილდო“ ერთ-ერთი პირველი და წარმატებული პროექტია ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტებიდან: „კონკურსის ხიბლი კი იმაშია, რომ ყოველწლიურად ძალიან საინტერესო, თავის საქმეზე და მოსწავლეებზე უზომოდ შეყვარებულ პროფესიონალებს ვეცნობით და გვაქვს საშუალება, ვუთხრათ მოკრძალებული მადლობა, ასე კარგად შესრულებული სამუშაოსათვის. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც არ ჩერდებიან, ვითარდებიან და ზრდიან მომავალ წარმატებულ მოქალაქეებს. კონკურსში მონაწილეობით და გამარჯვებით, ისინი საუკეთესო მაგალითები ხდებიან სხვა პედაგოგებისთვის და არა მხოლოდ კოლეგებისთვის, არამედ მომავალი პედაგოგებისთვისაც, ვინც ახლა ეუფლება ამ პროფესიას ან ხვალ დადგება პროფესიული არჩევნის წინაშე. სასიხარულოა, რომ წლევანდელი ფინალისტებიც ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან არიან წარმოდგენილი. მათ ძალისხმევა არ დაიშურეს, თავი გაერთვათ პანდემიით გამოწვეული სირთულეებისთვის და პროექტშიც წარედგინათ საკუთარი მიღწევები.
განვლილმა პერიოდმა და განსაკუთრებით, არსებულმა გამოწვევებმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მასწავლებლის როლს განათლებული მომავლის აღზრდაში.
ფონდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჯილდოს მხარდაჭერით ჩვენი წვლილი შეგვაქვს ეროვნულ საქმეში.“
როგორ წარიმართა წლევანდელი კონკურსის კამპანია პანდემიის პირობებში და იყო თუ არა სიახლეები, ამის შესახებ განათლების კოალიციის თავმჯდომარე გიორგი ჭანტურია ამბობს, რომ დასაწყისში პანდემიას დიდად არ შეუშლია ხელი, თუმცა გარკვეულმა პრობლემებმა იჩინა თავი კამპანიის წარმოებაში: „წლევანდელი ჯილდოს გახსნის ღონისძიება ონლაინ რეჟიმში გავაკეთეთ, პირისპირ შეხვედრები კი, ბუნებრივია, არ გვქონია. თუმცა, კონტაქტი გვქონდა დისტანციურად და კამპანია, ძირითადად, სოციალური მედიის საშუალებით ვაწარმოეთ. რაოდენობის მხრივ, ცვლილება არც გვქონია, როგორც დანარჩენ წლებში, წლევანდელ კონკურსზეც ასზე მეტი აპლიკაცია იყო წარმოდგენილი; ნომინაცია კი – 700-ზე მეტი, რაც საზოგადოების ჩართულობის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია – მასწავლებლები, სკოლები, ადამიანები იმ პედაგოგებს ასახელებდნენ, ვისაც რეკომენდაციას უწევდნენ, რომ მონაწილეობა მიეღოთ. რაც მთავარია, შევინარჩუნეთ მაღალი ხარისხი და წლევანდელ კონკურსსაც საუკეთესო კანდიდატები ჰყავს. ბევრ მათგანზე დაგვწყდა გული, რომ ათეულში ვერ მოხვდნენ. გაგიმხელთ იმასაც, რომ, ალბათ, გაგვიჭირდება საუკეთესო ხუთეულიდან გამარჯვებულის დასახელებაც, მართლა ძალიან საინტერესო ფინალისტები გვყავს.“
რაც შეეხება ცვლილებებს, წელს, სააპლიკაციო ფორმაში იყო ცვლილება და პანდემიიდან გამომდინარე, დაემატა კითხვები – დისტანციური სწავლების მიმართულებით, ვინ რა გააკეთა, როგორ გამოიყენეს ტექნოლოგიები და ა.შ. თავისთავად, აპლიკანტები ამ მხრივაც შეფასდნენ, რადგან შეფასების კრიტერიუმებში ეს მიმართულებაც ჩაიდო.
გიორგი ჭანტურია ამბობს, რომ წელს ერთი სასიხარულო ცვლილებაც აქვთ: „ლიბერთი ბანკმა“ ათეულთა საპრიზო ფონდი გააორმაგა და ოთხი ფინალისტი, 1000 ლარის ნაცვლად, 2 ათას ლარს მიიღებს, ხოლო ათეულის დანარჩენი ხუთი წევრი, 500-ის ნაცვლად, 1000 ლარს. რაც შეეხება გამარჯვებულს, ტრადიციულად, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მიერ დაწესებულ ჯილდოს – 10 ათას ლარს მიიღებს. აქვე გეტყვით იმასაც, რომ ფინალური ღონისძიების ჩატარების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიგვიღია, ჯერ ისევ ძიების პროცესში ვართ, თუმცა, ვიცით, რომ პანდემიიდან გამომდინარე, წლევანდელი დასკვნითი ღონისძიება უფრო მცირე მასშტაბის იქნება, მაგრამ გვინდა, ძალიან შთამბეჭდავი და საინტერესო გამოგვივიდეს. ამის ერთ-ერთი მიზეზი ჯილდოს საიუბილეო თარიღია – წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდო მეხუთედ ტარდება.“
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს წლევანდელი კონკურსი გამორჩეულია, საიუბილეო – ხუთი წლის წინ დაიწყო და, ამ ხნის განმავლობაში, საკმაოდ „მდიდარი ისტორია“ შექმნა – 50 საუკეთესო მასწავლებლით დაკომპლექტებული „ათეულთა კლუბი“ და მათ მიერ, ცალ-ცალკე თუ ერთობლივად, განხორციელებული აქტივობებითა და ინიციატივებით.
როგორც გიორგი გვიყვება, ხუთი წლის წინ, რეალურად, კონკურსი ძალიან მოკრძალებულად და ნაკლები ამბიციით დაიწყეს, მაგრამ მთავარი მიზანი მაშინაც მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზება და პრესტიჟის ზრდა იყო. ამბობს, რომ ეს პროფესია დღესაც არ არის ახალგაზრდებში სათანადოდ პოპულარული და ამას კიდევ ბევრი სხვა რამ სჭირდება, თუმცა, კონკურსმა ბევრი რამ უკეთესობისკენ შეცვალა.
გიორგი ჭანტურია: „ერთი, რომ გამოავლინა საინტერესო მასწავლებლები და ისინი საზოგადოებას გააცნო. ასეთი უკვე 50 მასწავლებელი გვყავს, რომლებსაც, რეალურად, გაცილებით მეტი გასაქანი მისცა კონკურსმა, თავიანთ პროფესიაში; მეორე – პროფესია უფრო პრესტიჟული გახადა და, რაც მთავარია, ამაში თავად ჯილდოს მასწავლებლები გვიწყობდნენ ხელს. არ იქნება სამართლიანი, არ ვთქვა ისიც, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელმაც დიდი როლი ითამაშა, იყო ლადო აფხაზავა. პირველივე ეროვნულ კონკურსში გამარჯვებული მასწავლებელი შემდეგ გლობალური კონკურსის ათეულში მოხვდა. ჩვენი რეპრეზენტატიული კვლევებით, მოსახლეობის ნახევარი იცნობს მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოს და თვლის, რომ ამ პროექტს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს პროფესიის განვითარებაში. დამეთანხმებით, ხუთი წლის თავზე ასეთი შედეგი ნამდვილად სერიოზული მაჩვენებელია, რომ პროექტი წარმატებულია. და კიდევ ერთი სიკეთე ეროვნული ჯილდოსი ის 50 მასწავლებელია (ათეულთა კლუბის წევრები), რომელიც ქსელურად გაერთიანდა და, ერთობლივად, ძალიან ბევრ კარგ ინიციატივას ახორციელებენ. ფაქტობრივად, ეს იქნება ერთგვარი ბირთვი შემდგომი პროფესიული განვითარებისთვის, ახალგაზრდების დაინტერესებისთვის და ა.შ.
ეს ყველაფერი, ჯამში, ძალიან კარგ შედეგს გვაძლევს. ერთი მხრივ, კარგია, რომ კონკურსი ჯერჯერობით ისევ აქტუალურია და არ გვიგრძვნია, რომ მან საკუთარი თავი ამოწურა, მაგრამ მეორე მხრივ, ვხედავთ, რომ ამ პროფესიის მიმართულებით, დღეს, უამრავი გამოწვევა გვაქვს, რასაც მხოლოდ ერთი კონკურსი ვერ მოაგვარებს, თუმცა, ერთ-ერთი მიზანი ესეც არის. ერთია, რომ პრესტიჟული უნდა გახდეს პროფესია, მაგრამ მეორეა, რის ხარჯზე უნდა გახდეს. შესაბამისად, მასწავლებლის პოლიტიკაში რაღაც უნდა შეიცვალოს. ფაქტობრივად, კონკურსი აძლევს მასწავლებლებს პლატფორმას ადვოკატირებისთვის, რომ თავიანთი თავი და პროფესია კიდევ უფრო მეტად წარმოაჩინონ და რისი ცვლილებაც სურთ, იმ მიმართულებით კიდევ უფრო გააქტიურდნენ.
დაბოლოს, რადგან პროექტს ერთგვარად ვაჯამებთ, აუცილებლად მინდა ვახსენო ათეულთა კლუბის დიდი დანაკარგი – ნინო აბულაძე და
კოლეგის დასახმარებლად გაერთიანებული კლუბის წევრები. რამდენიმე საქველმოქმედო ღონისძიება/კონფერენცია მოაწყვეს, თუმცა, სამწუხაროდ, ნინო მასწავლებელი კოვიდ-19-მა იმსხვერპლა. ეს დიდი დანაკარგია როგორც პროექტისთვის, ისე სრულიად საქართველოს პედაგოგიური საზოგადოებისთვის, მეტიც – განათლების სისტემისთვის. “
ფინალისტების ემოციები და მათი მოლოდინები
აზა ხანგოშვილი ⇒ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისის საჯარო სკოლის ფიზიკის, ბუნებისმეტყველების, მეწარმეობის საფუძვლების და სპორტის მასწავლებელი
როგორც კი დავინახე ჩემი თავი ხუთეულში, მაშინვე ჩემი პირველი სიტყვა შვილისთვის დაძახება იყო, ჯერ შვილებს ვახარე და შემდეგ დავიწყე გააზრება იმისა, თუ რა მოხდა. ბუნებრივია, შესანიშნავი ამბავია, ჩემი შვილებიც მოელოდნენ. ჩემთვის კი, ყველაზე სასიხარულო ის არის, რომ ამ ამბით მთელი ჩემი თემი და ხეობა ამაყობს. ჩემი ათეულის ყველა წევრი ჩემთვის უძვირფასესია, ერთმანეთთან სასწაული ურთიერთობა გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ მოსალოდნელი იყო, 5 მონაწილე რომ გამოეთიშებოდა, მაინც ძალიან დამწყდა მათზე გული, თუმცა ჩვენ ერთმანეთს არ დავკარგავთ. 5 ოქტომბრისთვის მოლოდინი და იმედი დიდი მაქვს. რაც არ უნდა გადაწყდეს, მინდა დანარჩენმა ყველამ იცოდეს, რომ ყველა ერთმანეთზე უკეთესნი არიან. მეუხერხულება კიდეც, ამ ადამიანებს კონკურენტები ვუწოდო, ეს ის სიტყვაა, რომელიც ყველაზე ნაკლებად შეეფერება მათ, ისინი არ არიან ჩემი კონკურენტები, არამედ ჩემთვის ძვირფასი ადამიანები არიან და უდიდესი მონაპოვარი. მიხარია, რომ მათ შევხვდი და გავიცანი, მადლობა ამ პროექტს, რომ მაჩუქა ეს საოცარი ადამიანები. მათ კი მინდა ვუთხრა, რომ ძალიან ვაფასებ თითოეულს, მათ შრომას უკეთესი მომავლისათვის. ჩვენ ვართ ადამიანები გაერთიანებულნი საერთო მიზნის ირგვლივ, ჩემთვის ეს არის მთავარი. ძალიან ვაფასებ მათ მხარდაჭერასა და თითოეულ სიტყვას, ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს.
სოფიო ბაჩილავა ⇒ თბილისის კერძო სკოლა ოპიზას მოქალაქეობის, სამოქალაქო განათლების და მე და საზოგადოების მასწავლებელი
როგორია თქვენი ემოცია – მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ხუთეულში ხართ, ანუ თქვენ ახლა ფინალისტი ხართ და ძალიან ახლოს ხართ მიზანთან, რა მოლოდინი გაქვთ 5 ოქტომბრისთვის? ყველაზე მეტად პასუხისმგებლობას ვგრძნობ, ვხვდები, რომ ის მოლოდინი, რომელიც ამ სტატუსის გამო ჩემ მიმართ შეიძლება არსებობდეს, უნდა გავამართლო. ამავდროულად, ბუნებრივია, მიხარია. ჩემ ირგვლივ ბევრმა ადამიანმა გაიზიარა ჩემი სიხარული და ბედნიერი ვარ, რომ ამ პანდემიის მძიმე პერიოდში, მათ ცხოვრებაში, თუნდაც მცირედი სიხარულის მიზეზი გავხდი. 5 ოქტომებრს კი, ჩემს ოთხივე კოლეგას მთელი გულით ვუსურვებ წარმატებას, ისეთი კანდიდატები არიან, რომ გამარჯვებული ნებისმიერ შემთხვევაში ღირსეული იქნება. რას ეტყვით თქვენს კონკურენტებს? მას შემდეგ, რაც ათეული გამოცხადდა, ათივე შევთანხმდით, რომ ერთმანეთის კონკურენტები არ ვართ. შეიძლება პათეტიკურად ჟღერს, მაგრამ მართლა ასე ვფიქრობ. ამ კონკურსის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ჩვენი პროფესიის პოპულარიზაციაა, ამაში ეროვნული ჯილდოს ამ წლის ათეულს და გნებავთ ხუთეულს, ჩვენს სხვა კოლეგებთან ერთად, უკვე შეგვაქვს ჩვენი წვლილი, დანარჩენი კი სტატუსებია. ჩემს კოლეგებს კი ვეტყვი, რომ მათ ვგულშემატკივრობ.
ლამარა ბოლქვაძე ⇒ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადისისა და კასუმლოს საჯარო სკოლების ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2021 წლის ათეულის წევრები უკვე გავიცანი. ისინი ძალიან კარგი მასწავლებლები და საუკეთესო ადამიანები არიან. ერთმანეთს ვეკონტაქტებით და გვახარებს თითოეულის წინსვლა. ისეთ სიხარულს განვიცდი მათი გაცნობით, რომ ხუთეულის გამოცხადებას მშვიდად ველოდი. მიუხედავად ამისა, ჩემმა მეგობარმა, ია ფუტკარაძემ რომ დამირეკა და მითხრა, შენ დაგასახელესო, ავღელდი და ემოციისგან ხმა ვერ ამოვიღე. 5 ოქტომბერს გამარჯვებული გამოცხადდება. გამარჯვებული ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება იყოს. ხუთეულის თითოეული წევრის საქმიანობას ვიცნობ და მგონია, რომ პირველ ადგილს ყველა იმსახურებს. ვთვლი, რომ გამარჯვება არაფერია , როცა დიდი ოჯახის წევრი ხდები, როცა საუკეთესო ათეულის წევრები შენი მეგობრები არიან და როცა იცი, რომ ნებისმიერი სირთულის გადალახვისას ისინი გვერდით გაჩნდებიან. მგონია, რომ 5 ოქტომბერი ჩვენს მეგობრობას კიდევ უფრო გააძლიერებს და გაამყარებს. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2021 წლის ფინალისტებს კონკურენტებად არ აღვიქვამ. მე გახარებული ვარ მათი აღმოჩენით. ვამაყობ ჩემი, დიახ, ჩემი ათეულით და ნებისმიერის გამარჯვება გულწრფელად გამახარებს. მინდა, რომ თითოეულს გამარჯვება, წინსვლა და ემოციებით სავსე დღეები ვუსურვო. კიდევ და კიდევ გავიმეორებ, რომ გამარჯვება არაფერია იმ დიდ სიხარულთან შედარებით, რომელიც 2021 წლის ათეულის წევრობამ და მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს „დიდი ოჯახის“ გაცნობამ მარგუნა წილად.
მადლობა მინდა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ერთ ჩვეულებრივ მასწავლებელს განსხვავებული და განსაკუთრებული დღეები მაჩუქა.
ხათუნა რაზმაძე ⇒ თბილისის წმ. გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი
საოცარი ემოციების ზღვა დამატყდა თავს! ერთმანეთში ირეოდა მადლიერების, სიხარულის, გამარჯვების, იმედის, რწმენის, ოცნებების ასრულების, მიზნის მიღწევის, ადამიანების სიყვარულის, ჩემი პროფესიის აღიარებისა და დაფასების, სიამაყის, თვითრწმენისა და კიდევ ბევრი ენით გამოუთქმელი განცდის „ტალღა“ ირეოდა ჩემს გონებაში.
ვგრძნობდი, როგორ დავცურავდი ბედნიერებითა და დადებითი ემოციებით აღსავსე ამ „ფერადოვან ზღვაში“.
„მოკვდავთა ენას არ ძალუძს უკვდავ გრძნობათა აღწერა.“
როგორც კი გავაცნობიერე, რომ მე მასწავლებლის საუკეთესო ხუთეულში ვარ, უსაზღვრო მადლიერების გრძნობით ავივსე ყველაფრისა და ყველას მიმართ!
მე მადლიერი ვარ ცხოვრების, რადგან ამ წარმატებით კიდევ უფრო მეტად შევძლებ ჩემი ორი მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული რგოლის, პროფესიულისა და ოჯახის ინტერესთა გაერთიანებას. ერთი მხრივ, ხელს შევუწყობ საყვარელი პროფესიის პოპულარიზაციას, მეორე მხრივ კი – ჩემი მეხუთე შვილის შესაძლებლობათა რეალიზებას. ხუთეულში მოხვედრით კიდევ უფრო მეტად მივუახლოვდი იმ ოცნებად ქცეულ, უმთავრეს და მნიშვნელოვან მიზანს, რაც ერთთავად სასიკეთოდ შეცვლის არა მარტო ჩემი შვილის ცხოვრებას, არამედ მნიშვნელოვანწილად შემოატრიალებს ყველა ყრუ და სმემანადაქვეითებული ადამიანის არსებობასა და თვითგანვითარებას. ახლა მოკლე მანძილი მაშორებს უმთავრეს მიზნამდე!
მეგობრებო, ჩემო სასახელო ადამიანებო, გილოცავთ ამ დიდებულ წარმატებას. მე მჯერა, რომ ყველა წარმატებული მასწავლებლის მიღმა ბევრი წარმატებული მოსწავლე დგას!
მე ვამაყობ თითოეული თქვენგანის გამარჯვებით.
ყოველი ახალი დღე გვაძლევს ახალ შესაძლებლობას, რომ ჩვენცგავხდეთ უფრო წარმატებულიდა გავხადოთ სამყარო უკეთესი, განათლებული, მცოდნე და მიზანდასახული. ჩვენ შეგვიძლია მივცეთ საუკეთესო განათლება ჩვენს მომავალ თაობას!
გიტა თვალაბეიშვილი ⇒ თბილისის N168 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი
მოულოდნელობის პიკი, სხვაგვარად ვერ ვუწოდებ იმ მდგომარეობას, როგორშიც მე აღმოვჩნდი. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გვერდმა რამდენიმე დღით ადრე დააანონსა და ველოდი კიდეც 15:00 საათს, გონებაში მისალოცი ტექსტიც კი მქონდა მოფიქრებული, თუ როგორ მივულოცავდი ხუთეულს ამ წინსვლას. თუმცა ისე მოხდა, რომ, სამწუხაროდ, პირდაპირ ჩართვას რამდენიმე წუთით ავცდი და ეს ინფორმაცია შვილისგან გავიგე. ვერ ვიჯერებდი – „დაიცა, საკუთარი თვალით უნდა ვნახო-მეთქი“. მახსოვს, ერთი და იგივე კადრი სამჯერ დავაბრუნე, „ნამდვილად მე ვარ-მეთქი?“, რადგან ჩემს ათეულს იმდენად საინტერესო, მრავალფეროვანი, შემოქმედებითი და ენთუზიაზმით სავსე ადამიანები წარმოადგენენ, რომ ვერ წარმომედგინა ხუთეულში დასახელება, მაგრამ…
დაჯერებას მოჰყვა ცრემლები, ჩახუტება, დადებითი ემოციით სავსე ზარები, ზღვა წერილები, პოსტები, ახლობელი ადამიანების სტუმრობა და ა.შ.
მიუხედავად იმისა, რომ კონკურსის ფორმატი თავიდანვე ყველასთვის ცნობილია და მეც ვიცოდი, რომ ხუთეული უნდა გამოვლენილიყო, დასახელების შემდეგ მქონდა გარკვეული უხერხულობის შეგრძნება გუნდის დანარჩენ წევრებთან. თუმცა, საერთო მიმოწერაში იმდენად წრფელი და ემოციებით სავსე მოლოცვები იკითხებოდა, შეუძლებელია ითქვას, რომ ეს კონკურსია. მიხარია, რომ ჩვენ ერთი გუნდი ვართ – „ათეულთა კლუბი 2021“.
„ფინალისტი“ – ჯერ კიდევ მეხამუშება ეს სიტყვა. მოგატყუებთ თუ გეტყვით, რომ ჩემი მიზანი კონკურსის ბოლოში გასვლაა. კონკურსში მონაწილეობას თავიდან წარდგენის გამო დავთანხმდი და მიზანიც მაშინ გაჩნდა – საინტერესო ადამიანებისა და მათი საქმიანობის გაცნობა, რომლებისგანაც ბევრ მაგალითს მივიღებდი, ვისწავლიდი და გამოვიყენებდი ჩემი პრაქტიკისა და სწავლა/სწავლების გასაუმჯობესებლად, გასამრავალფეროვნებლად.
მოუთმენლად ველი 5 ოქტომბერს, რადგან, შედეგების მიუხედავად, კიდევ ერთი საინტერესო და სასიამოვნო დღე შეემატება ჩემს სათვალავს, რომელიც სკოლას და საყვარელ საქმიანობას უკავშირდება.
„კონკურენტები“ – ამ კონტექსტში ცოტა უცნაური სიტყვა მგონია, რადგან ვფიქრობ, ეს არ არის ძალების გამოვლენა, ეს არ არის რბოლა პირველობისთვის, ეს არის შეფასება იმ რამდენიმეწლიანი მუშაობისა, რომელსაც მასწავლებელი ახორციელებს მოსწავლეებისთვის, მათი სწორად სწავლებისთვის, ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოყალიბებისთვის. მათი საქმიანობის მიზანი, იმთავითვე, მოსწავლეთა შედეგები იყო და არა კონკურსში მონაწილეობა. კარგია, რომ ბოლო ხუთი წელია არსებობს ისეთი ინიციატივა, როგორიც „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოა“ და რომელიც ემსახურება საინტერესო პედაგოგების აღმოჩენას, საქმიანობის პოპულარიზებას. ჰოდა, მხოლოდ ოთხეულს არა, დანარჩენ ხუთსაც მინდა ვუთხრა, რომ თქვენ ჩემთვის (და ეჭვიც არ მეპარება, სრულიად საქართველოსთვის) აღმოჩენა ხართ. ყოველთვის თქვენი საქმის მზვერავი (კეთილი გაგებით) და წარმატების მოსურნე ვიქნები, რადგან ჩვენს საგანმანათლებლო სისტემას ნამდვილად სჭირდება ბევრი თქვენნაირი ადამიანი!
ლალი ჯელაძე