უცხო ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველებს საშუალება აქვთ რეგისტრაციის თაობაზე განცხადებით მომართონ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს 6 აგვისტოს 18:00 საათამდე.
განცხადება ივსება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის შენობაში (მისამართი: თბილისი, ე. მინდელის ქუჩა N9), ხოლო რეგიონებში – საგანმანათლებლო რესურსცენტრებში, რომლებიც შემდგომ უზრუნველყოფენ ცენტრში განცხადებების გადმოგზავნას მართვის ერთიანი ავტომატური სისტემის (eflow) გამოყენებით. განაცხადი ასევე მიიღება ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: gancxadebebi@naec.ge.
განცხადებას რეგისტრაციის თაობაზე აუცილებელია ერთვოდეს:
* გამოცდაში მონაწილეობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;
* პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
* იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი სხვა პირია, გარდა ზემოაღნიშნული დოკუმენტებისა, მან ასევე უნდა წარმოადგინოს წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გამოცდაში მონაწილეობის მიღება საქართველოს იმ მოქალაქეებს შეეძლებათ, რომლებიც სწავლობდნენ/სწავლობენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (სწავლის პერიოდში საზღვარგარეთ იმყოფებოდნენ ერთი სემესტრის განმავლობაში, არანაკლებ 75 დღისა).
გამოცდაში მონაწილეობის საფასურია 100 ლარი. იმ შემთხვევაში, თუ პირი რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე არ დარეგისტრირდა ან წერილობით მოითხოვა რეგისტრაციის გაუქმება 6 აგვისტომდე, აღნიშნული თანხა სრულად დაუბრუნდება.
გადახდის შესაძლო საშუალებები და საბანკო მომსახურების საკომისიო:
- ვებგვერდზეepay.ge – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
- “საქართველოს ბანკის” ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით –ibank.ge –საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
- „საქართველოს ბანკის” სერვისცენტრები – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
- „საქართველოს ბანკის” თვითმომსახურების ტერმინალით – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი.
გამოცდაში მონაწილე ვალდებულია რეგისტრაციის პროცესში მიუთითოს იმ სპეციალური საჭიროების თაობაზე (ფუნქციონალური დარღვევები, გადამდები ინფექციური დაავადებები და სხვ.), რომელიც ცენტრის მხრიდან მოითხოვს სპეციფიკური საგამოცდო გარემოს/პირობების შექმნას. ამისათვის მან უნდა წარმოადგინოს შესაბამისი სამედიცინო ცნობა (ფორმა №100) ცენტრში 6 აგვისტოს 18:00 საათამდე. თუკი დადგენილ ვადაში არ იქნება წარმოდგენილი სამედიცინო ცნობა, ცენტრი გამოცდის მიმდინარეობისას არ გაითვალისწინებს აპლიკანტის სპეციალურ საჭიროებებს, გარდა იმ გამონაკლისი შემთხვევისა, როცა აღნიშნული საჭიროება აპლიკანტს რეგისტრაციის ვადის ამოწურვის შემდგომ წარმოეშვება.
ტესტირების ხანგრძლივობაა 2 საათი და 30 წუთი.
ზოგადი უნარების ტესტის დავალებათა ნიმუშები
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ წარმოდგენილ ნიმუშში შეტანილია 7 დავალება ტესტის თითოეული ნაწილიდან:
* წაკითხულის გააზრება – 7 დავალება;
* ლოგიკური მსჯელობა – 7 დავალება;
* რაოდენობრივი მსჯელობა – 7 დავალება.
გამოცდაზე თითოეულ ნაწილში შესასრულებლად გექნებათ 15 დავალება.
გამოცდის წარმატებით ჩაბარება გულისხმობს ტესტისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 50%-ზე მეტის (მინიმუმ 23 ქულა) დაგროვებას.
საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელების მსურველთა რეგისტრაცია 15 ივლისს 10:00 საათზე დაიწყო. გამოცდის თარიღისა და ჩატარების ადგილის თაობაზე დეტალური ინფორმაცია რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდება ვებგვერდზე: www.naec.ge