მიხეილ ჩხენკელი: უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე, ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციების საფუძველზე, უაღრესად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ, რომელიც ეხება სკოლებს, კერძოდ, რაც შეეხება თბილისს, რუსთავსა და ქუთაისს, ჩვენი გეგმის მიხედვით, იქ სასწავლო პროცესი დასწრებული ფორმით, ანუ საკლასო ოთახებში 1 მარტიდან გაგრძელდება. რასაკვირველია, ეს დამოკიდებულია ეპიდსიტუაციაზე.
აქვე მინდა დავძინო, რომ 15 თებერვალს მოხდება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეფასება კონკრეტული ეპიდსიტუაციის და თუ 7 დღის მაჩვენებელი ჩამოსული იქნება 4%-მდე, შესაბამისად, შემდგომი შემსუბუქების პროცედურები დაიწყება.
პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ რასაკვირველია ჩვენ გვინდა ყველგან, ყველა სკოლაში სასწავლო პროცესი იყოს ბუნებრივ გარემოში, საკლასო ოთახებში. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ასე მოხდეს. ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ ეს არის სწორედ ის ბუნებრივი გარემო, სადაც სასწავლო პროცესი უნდა მიმდინარეობდეს და აქედან გამომდინარეობს ჩვენი გეგმაც. რასაკვირველია, სასწორის მეორე მხარეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხი, ეს არის ბავშვების, ჩვენი შვილების ჯანმრთელობა. აი, სწორედ, ამ პრინციპების გათვალისწინებით არის ეს გადაწყვეტილებები მიღებული.
აქვე უნდა აღვნიშნო ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება, რომ იმ სკოლებში, სადაც უკვე დასწრებული ფორმით იქნება სასწავლო პროცესი განახლებული, მასწავლებლების ტესტირება იქნება რეგულარული, ყოველ ორ კვირაში ჩაუტარდებათ სისტემატური ტესტირება. ასევე, როგორც მოგეხსენებათ, სამინისტრო ყოველთვის იცავდა ამ პრინციპს და გააგრძელებს, რომ სკოლებში, ისევე როგორც სხვა სასწავლო დაწესებულებებში – პროფესიულ სასწავლებლებსა და უნივერსიტეტებში, სამედიცინო პროტოკოლი იქნება ზედმიწევნით დაცული. ეს საკითხი უმაღლეს დონეზე იქნება დაყენებული.
რაც შეეხება საბავშვო ბაღებს, პროფესიულ და უმაღლეს სასწავლებლებს, მოქმედი რეგულაციები ნარჩუნდება 1 მარტამდე. როგორც მოგახსენეთ, 15 თებერვალს, კიდევ ერთხელ შფასდება ეპიდსიტუაცია და კიდევ ერთხელ გავიმეორებთ ამ მნიშვნელოვან ფაქტორს, თუ 7 დღის მაჩვენებელი 4%-მდე დაიწევს, შემდგომი შემსუბუქებები განიხილება.